fbpx

ქართველი მთამსვლელები პაკისტანის ნანგა-პარბატზე – დაბრკოლებები, საფრთხეები და სიურპრიზები


გააზიარე სტატია


ცოტა ხნის წინ ქართველმა მთამსვლელებმა არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ  ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი ნანგა-პარბატი დალაშქრეს. პაკისტანში მდებარე მწვერვალის სიმაღლე 8,126 მეტრია და ის მსოფლიოში  მეცხრე მწვერვალია სიმაღლის მიხედვით. მე-20 საუკუნეში ნანგა-პარბატის დალაშქვრას არაერთი მთასვლელის სიცოცხლე შეეწირა, რის გამოც მას “მკვლელი მთა” შეარქვეს.

 

ეს  ქართველ ალპინისტთა  პირველი წარმატებული ასვლაა ნანგა-პარბატზე. ვინ იყვნენ თქვენი წინამორბედები და რატომ ვერ მიაღწიეს მათ მწვერვალამდე?

გიორგი ტეფნაძე: ეს ნანგა-პარბატზე ქართველ მთამსვლელთა ასვლის მეოთხე მცდელობაა, და  პირველი მათ შორის, რომელიც წარმატებით დასრულდა. პირველი ქართველი, რომელმაც ამ მთაზე ასვლა სცადა,  გია თორთლაძეა, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო მწვერვალამდე ვერ ავიდა. 

მეორე ექსპედიცია ბიძინა გუჯაბიძისა და აფი გიგანის მონაწილეობით საკმაოდ ტრაგიკულ ფაქტთანაა დაკავშირებული: 2013 წლის ივნისში მთამსვლელთა ბანაკს პაკისტანელ თალიბანთა დაჯგუფება დაესხა თავს და 11 ალპინისტი მოკლეს. ჩვენი მთამსვლელები სასწაულით გადარჩნენ, რადგან ცოტა ხნით ადრე დატოვეს პირველი ბანაკი და ტერორისტული აქტის დროს უკვე მთაზე იმყოფებოდნენ. 

ცხადია, ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო ყველა ექსპედიცია შეწყდა. მესამე მცდელობა  შარშან გვქონდა, თუმცა, ამინდის გაუარესების გამო ვერც ჩვენ შევძელით მწვერვალზე ასვლა და ბოლო ბანაკიდან დავტრიალდით.

 

სულ რამდენ ხანს დაყავით ექსპედიციაში?

არჩილ ბადრიაშვილი: ექსპედიციაში  სულ თვე-ნახევარი დავყავით. პირველი პერიოდი აკლიმატიზაციას, ბანაკების მომზადებას, თოკების დაკიდებას, მარშრუტის მომზადებას დაეთმო. ჩვენი  ექსპედიცია ამ სეზონზე პირველი იყო და ამ თვე-ნახევრის განმავლობაში პირველებმა გავკვალეთ გზა I, II, III ბანაკებამდე. გზის დამუშავებაში აქტიურად ვიყავით ჩართულები, დავგეგმეთ მარშრუტი,  დავკიდეთ და მოვამზადეთ მთლიანობაში 1,500 მეტრი თოკი, მათ შორის ვერტიკალურ კინსჰოფერის კედელზე და გზის ყველა რთულ მონაკვეთზე.

 

რამდენადაც ვიცი, თქვენ გარდა სხვა ექსპედიციებიც იყვნენ.

გიორგი ტეფნაძე: რადგან ეს კითხვა დასვით, გიპასუხებთ:  არჩილმა აღნიშნა, რომ ჩვენ პირველები ავედით საბაზო ბანაკში. სხვა ექსპედიციები მოგვიანებით შემოგვიერთდნენ,  სულ 5 ექსპედიცია იყო. 

როგორც აღინიშნა, ძალიან ბევრი და რთული სამუშაო იყო ჩასატარებელი და ჩვენდა გასაკვირად, ექსპედიციების წევრების უმრავლესობა ამ სამუშაოს თავს  არიდებდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, მხოლოდ ჩვენ და შერპებმა ვიმუშავეთ და ჩვენი გაკეთებული საქმით ყველამ ისარგებლა. წესით, მთამ უნდა შეკრას ადამიანები და ყველამ გუნდურად უნდა იმუშაოს.  ასეთ ხალხმრავალ ექსპედიციაში პირველად ვიყავით და ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით.

არჩილ ბადრიაშვილი: თუმცა, ისეთი არაფერი  გამოვლენილა, რაც ბარში არ გვხვდება… უპასუხისმგებლობა, ეგოიზმი, მიზნის მიღწევა სხვების ხარჯზე… ეს თვისებები, ზოგადად, ადამიანებს ახასიათებთ, თუმცა  საბედნიეროდ – ყველას არა. მაგალითად, შერპები, ძალიან გამოცდილი, ძლიერი მთამსვლელები, ამავდროულად, არაჩვეულებრივი ხალხია.

 

რამდენ დღეს მოუნდით მესამე ბანაკიდან მწვერვალამდე ასვლას?

გიორგი ტეფნაძე: საბაზო ბანაკიდან მწვერვალამდე  ოთხ დღეს მოვუნდით. სულ ექსპედიციიდან 9 ადამიანი ავედით ხელოვნური ჟანგბადის გამოყენების გარეშე, მათ შორის ჩვენ  პირველები ვიყავით.

არჩილ ბადრიაშვილი: იმდენად დაღლილი  ვიყავი, მეგონა, ასვლისას მძაფრი ემოცია არ მექნებოდა… მაგრამ ასვლისთანავე, 2-3 წუთში, გონს მოვედი, ამაღლებულ განწყობაზე დავდექით და ქართული ღვინოც შევსვით და ჩურჩხელაც გეახელით.

 

თქვენი შარშანწინდელი ასვლა ლარკიაზე „ოქროს წერაყინის“ სიაში მოხვდა, მოხვდება თუ არა ეს ასვლა მთამსვლელთათვის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ნუსხაში? 

ეს ასვლა არ შევა „ოქროს წერაყინის“  სიაში, რადგან ახალი მარშრუტით არ გაგვივლია, ვარიანტი, რომლითაც  ავედით, სულ ერთხელ ან ორჯერაა გავლილი. თუმცა, წელს, უკვე მეორედ, მოვხვდით „ოქროს წერაყინის“ ნუსხაში. გასული წლის პირველი ზამთრის გავლა სამხრეთ კედლისა საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარაზე, ალპური სტილით, საუკეთესო ასვლებს შორის დასახელდა. მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ ასვლებს შორის ორჯერ ზედიზედ მოხვედრა ძალიან დიდი პატივი და სტიმულია.  

 

ასეთი წარმატებული ასვლები სპონსორების მხრიდან თუ იწვევს შესაბამის ინტერესს?

არჩილ ბადრიაშვილი: ჩვენთან, სამწუხაროდ, სპორტის ეს სახეობა არ არის შესაბამისად  დაფასებული და სპონსორების ინტერესი ჩვენ მიმართ ნაკლებია, იმის მიუხედავად, რომ ძალიან საინტერესო შეთავაზებები და  სარეკლამო იდეები გვაქვს მოფიქრებული და გონიერი სპონსორი ამას ნამდვილად გამოიყენებდა.

გიორგი ტეფნაძე: ერთი მხრივ, ძალიან ბევრი სპორტსმენია, რომელსაც „არასწორი“ პასუხისმგებლობები აქვს აღებული და ვინაიდან თავს თვლის  სპონსორთან ანგარიშვალდებულად, ნებისმიერ ფასად ცდილობს მწვერვალზე აღწევას, რაც არასწორია. სპონსორი და ასევე სპორტსმენიც ძალიან კარგად უნდა ითვალისწინებდეს, რომ ეს სახეობა სიცოცხლის რისკთანაა დაკავშირებული და ვალდებულებები გონივრულ ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. 

ჩვენი ძირითადი და მუდმივი სპონსორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა, რომელიც მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მეშვეობით გვაფინანსებს, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით.

 

რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს ასვლა?

არჩილ ბადრიაშვილი: ასეთი  ექსპედიციები მუდმივად შეიცავს საფრთხეს. ამ შემთხვევაში ყველაზე ექსტრემალური მომენტი იყო, როდესაც 7100 მეტრზე  ღამისთევის ადგილი მოვაწყვეთ და დასაძინებლად ვემზადებოდით, არაპროგნოზირებული დიდი თოვლი წამოვიდა. 

იმდენად დიდი, რომ ყველაფერი თოვლით დაიფარა. პროგნოზის მიხედვით, შემდეგ დღეს, კიდევ უფრო დიდთოვლობა იყო მოსალოდნელი. გადაწყვეტილება მყისიერად უნდა მიგვეღო – ან იმავე  წუთს დავშვებულიყავით უკან, ან რამდენიმე დღე გავჭედილიყავით ფერდზე, ყინვასა და ურთულეს პირობებში, საკვების და საწვავის მარაგების გარეშე. რისკი დიდი იყო, თუმცა გავბედეთ და საკმაოდ გრძელ მონაკვეთზე დავეშვით. ახლად დადებულ ნახევარმეტრიან თოვლში  ეს ძალიან სახიფათო იყო, თუმცა, მთამ გამოგვიშვა და ბანაკამდე მშვიდობით ჩამოვედით.

 

მთამ გამოგვიშვაო, ახსენეთ. რამდენად რეალურია ის, რომ მთასთან გარკვეული „ურთიერთობები“ არსებობს?

არჩილ ბადრიაშვილი: მთასთან  ინტერაქცია მუდმივად მიმდინარეობს. როდესაც ამდენ ხანს დადიხარ მთაში, სწავლობ იმ უხილავი ნიშნების კითხვას, რომელსაც მთა გკარნახობს.

გიორგი ტეფნაძე: შესაძლოა რაღაც მომენტში მთა გამოცდასაც გიწყობდეს. შხარაზე ჩვენი ზამთრის ასვლა იყო ამის მაგალითი, რომელიც ჯამში  13 დღეს გაგრძელდა. დასაწყისში ამინდი ხელს გვიწყობდა და არც პრობლემები შეგვქმნია, თუმცა შუა პერიოდში მთამ სერიოზული გამოცდა მოგვიწყო.  ჩვენც ალბათ გავუძელით გამოცდას, სწორად გავიგეთ მისი მინიშნებები და დავემორჩილეთ. მთამ ეს დაგვიფასა, გაგვიშვა, მიგვიშვა მწვერვალამდე და მშვიდობით დაგვაბრუნა უკან.

 

პაკისტანმა  როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

პაკისტანი ძალიან გაჭირვებული და „მძიმე“  ქვეყანაა. განსაკუთრებით თვალშისაცემია, როგორ არაფრად აგდებენ ქალს. გოგო შვილი, ჩვეულებრივ დამატებით მუშა ხელად აღიქმება და თითქოს მას არანაირი „ფასი“ არა აქვს. ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ქალი  დანახვისთანავე გარბის… ეს პატარა ბავშვებშიც კი შესამჩნევია. თუმცა ბავშვებთან ურთიერთობა მაინც მოვახერხეთ და არავინ დაგვრჩა საჩუქრის (კანფეტის) გარეშე. ძალიან მძიმე აღსაქმელია, როდესაც პატარა გოგონას უყურებ და ზუსტად იცი, თუ რა მძიმე ცხოვრება ელის მას წინ. 

 

თუ არსებობს ისეთი მწვერვალი, რომელზე ასვლასაც ოცნებობთ და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

ბევრი მწვერვალია სხვადასხვა სიმაღლისა და სირთულის, კავკასიონზე თუ ჰიმალაებში, რომელზეც სიამოვნებით ავიდოდით. ალბათ ჩოგორი ის მწვერვალია, რომელზეც ყველა მთამსვლელი ოცნებობს და ის ყველა ალპინისტის  ფიქრებშია. რეალურად ჯერ არაფერი ვიცით, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი და ამაზე ვფიქრობთ. 


რეკომენდებული სტატიები
ქართული გზა ჰიმალაიზე

ქართული გზა ჰიმალაიზე

ქართული გზა ჰიმალაიზე
ლარკიას მწვერვალზე ექსპედიციისთვის ქართველი ალპინისტები საერთაშორისო ალპინისტურმა ორგანიზაციამ 2017 წლის საუკეთესო ასვლებში დაასახელა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.