შატილის სასტუმროები, ფასები და საინტერესო ადგილები
შატილი პირიქითა ხევსურეთის ერთ-ერთი გამორჩეული ციხე-სოფელია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ქვეყანას მტრის შემოსევებისგან.
შატილის კოშკები ქართული სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია, რომელიც თითქმის სრული სახით არის შემორჩენილი. ესაა მითებით, ლეგენდებით, ისტორიითა და ტრადიციებით სავსე ადგილი, რომელიც მუდმივი ინტერესის საგანია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.
გზა შატილისკენ დაახლოებით მაისის ბოლოს იხსნება ხოლმე, სწორედ ამ დროს იწყებენ სტუმრებიც იქ ასვლას.
2000-იანი წლების დასაწყისში შატილში რამდენიმე ჰოსტელი გაჩნდა, ზოგი სახლში გახსნილი და ზოგიც კოშკში. თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ კი ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც ტურისტების დაბინავებაა შესაძლებელი, უფრო და უფრო მატულობს.
გთავაზობთ შატილში არსებულ რამდენიმე საოჯახო სასტუმროს და ფასებს სხვადასხვა სერვისის მიხედვით.
“წინა ციხე”
ჰოსტელი “წინა ციხე” შატილის ერთ-ერთ კოშკში 2007 წელს გაიხსნა. ათ წელზე მეტია აქ ტურისტები ჩამოდიან ისრაელიდან, ამერიკიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, კორეიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
კოშკში ყველანაირი კომფორტია ღამის გასათევად. ისტორიულ გარემოსთან ჰარმონიულადაა შერწყმული 21-ე საუკუნის სიკეთეები – აბაზანა-ტუალეტი ცხელი წყლით კოშკის შიგნითაა განთავსებული. კოშკში ორადგილიან ნომერში ღამისთევა ერთი ადამიანისთვის 35 ლარი ღირს, საუზმე – 15, ხოლო ვახშამი 20 ლარი ჯდება.
კოშკში შეგიძლიათ ნახოთ ხელით დამზადებული კაცის ტალავარი და ქალის სადიაცო – ისტორიული ხევსურული ტანსაცმელი. ასევე, ძველებური ფარდაგები, დოქები და სხვა ძველი სამომხმარებლო ნივთები.
“მზიანი”
საოჯახო სასტუმრო “მზიანი” 2008 წელს გაიხსნა. რომელიც შატილის შედარებით ახალ უბანში მდებარეობს. აქ სახლები 80-იან წლებში ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის აშენდა.
აქაც ყველანაირი კომფორტია სტუმრებისთვის – პატარა ეზო, რომელსაც ცაცხვის ხე ჩრდილავს, გემრიელი, ცივი წყაროს წყალი, სტუმართმოყვარე მასპინძლები და კომფორტული საძინებლები საერთო აბაზანით და ცხელი წყლით.
აქ ღამის გათევა ერთი ადამიანისთვის 25 ლარი ღირს, ღამისთევა საუზმით – 40 ლარი, ორჯერადი კვებით 60 ლარი, ხოლო სამჯერადი კვებით 70 ლარი.
კოშკებამდე ჩასასვლელად 2 წუთიც კი არ დაგჭირდებათ.
სასტუმროს სტუმრობენ დამსვენებლები როგორც საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ლიეტუვადან, ინგლისიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან.
“მზიანი” სტუმრებს მაისიდან სექტემბრის ბოლომდე იღებს.
“სულფონი”
“სულფონმა” სტუმრების მიღება 2010 წელს დაიწყო. ქართველებთან ერთად ტურისტები ჩამოდიან პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კოშკების მოპირდაპირე მხარეს აშენებულ სახლში ღამის გათევას 20 ლარად შეძლებთ. საუზმე 15 ლარი დაგიჯდებათ, სადილის ფასი კი 20-დან 25 ლარამდე მერყეობს. ასევე, მასპინძლები გთავაზობენ როგორც ორჯერადი, ასევე სამჯერადი კვების პაკეტს და ლანჩ ბოქსების დამზადებას.
სტუმრების განკარგულებაშია როგორც სასტუმროსთან არსებული კაფეს შიდა სივრცე, ასევე გარეთ, ეზოს ტერიტორიაზე მოწყობილი ფანჩატური, საიდანაც შატილის კოშკების ულამაზესი ხედი იშლება.
“სულფონში” სტუმრებს ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით იღებენ.
“ჯალაბაური”
საოჯახო სასტუმრო “ჯალაბაური” სტუმრებს კოშკში იღებს. კოშკი 4-სართულიანია: პირველ სართულზე ფართო მისაღებია კერიით, დანარჩენ სართულებზე კი საძინებელი ოთახებია განთავსებული. ბოლო სართულზე არის ღია აივანი ხედით მდინარე არღუნზე. შენობის გარეთ და შიგნით შენარჩუნებულია ხევსურული სახლის ავთენტური წყობა.
სასტუმრო სახლში შესაძლებელია ერთდროულად 17 ადამიანი მოთავსდეს. არის ტუალეტი და აბაზანა ცხელი და ცივი წყლით.
კოშკში ღამის თევა 25 ლარი ღირს, ხოლო საუზმესთან და ვხშამთან ერთად – 60 ლარი.
ასევე, საოჯახო სასტუმრო “ჯალაბაური” გთავაზობთ ექსკურსიისა და ლაშქრობის ორგანიზებას ახლომდებარე ტერიტორიაზე.
თბილისიდან შატილში მოხვედრა სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ – კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს დილის ცხრა საათზე გადის დიდუბის ავტოსადგომიდან და მგზავრობა 20 ლარი ღირს.
თუ შატილში მოხვდებით, აუცილებლად უნდ მოინახულოთ ანატორის აკლდამები, რომელიც შატილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს. ანატორის ნასოფლარის შესახებ ადგილობრივები აუცილებლად მოგიყვებიან ისტორიას, რომელშიც ისეა არეული ერთმანეთთან დოკუმენტური თუ შეთხზული ფაქტები, რთულია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ სიყვარულის და თავგანწირვის ეს ისტორია გულგრილს არავის დაგტოვებთ.
ანატორიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მუცოს ციხე-კოშკებია. რომელიც შატილზე არანაკლებ მიმზიდველია.
გირჩევთ, ეს გზა მუცომდე ფეხით გაიაროთ და დატკბეთ ხევსურეთის ველური, ხელუხლებელი ბუნებით.