fbpx

ცნობილი ხელოვანების სახელოსნოები – მირო, ო’კიფი, მაგრიტი და სხვანი


გააზიარე სტატია

ცნობილი ხელოვანების, მხატვრებისა თუ მოქანდაკეების სამუშაო სივრცეები უდიდეს ინფორმაციას ინახავს მფლობელთა პიროვნებისა და მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შესაბამისად, სტუდიების რეაბილიტაციას უდიდესი ყურადღება ექცევა, უმეტესობა ან მოქმედ მუზეუმებადაა ქცეული, ან რომელიმე სახელოვნებო ფონდის განკარგულებაშია.  წარმოგიდგენთ რამდენიმე ხელოვანის იმ სამუშაო სივრცეებს, რომელთა მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

ჟოან მირო

სარესტავრაციო და სარემონტო პაუზის შემდეგ გაიხსნა კატალონიელი მხატვრის, მოქანდაკისა და გრაფიკოსის, ჟოან მიროს სტუდია ქალაქ პალმაში (კუნძული მალიორკა), სადაც 1956 წელს ბარსელონიდან გადმოვიდა. 

 

ეს ადგილი არა მხოლოდ იმიტომაა საინტერესო, რომ აქ შეიქმნა არტისტის შემოქმედების თითქმის მესამედი, არამედ საყურადღებოა, როგორც არქიტექტურული ობიექტი. შენობა მიროს მეგობარმა, არქიტექტორმა ჟოზეპ ლიუის სერტმა დააპროექტა. მისი მიზანი ხელოვანისთვის იდეალური სამუშაო სივრცის შექმნა იყო, რაც პროექტშიც აისახა: არქიტექტორმა არ გაითვალისწინა პანორამული ხედი სტუდიის სამხრეთით მდებარე ზღვაზე, შუქის წყარო კი გვერდითი კედლიდან და ჭერიდან განსაზღვრა. სერტის თქმით, ხედის გარეშე დარჩენილ ოთახში მიროს ყურადღება არ გაეფანტებოდა და სრულ კონცენტრაციას სამუშაოზე მოახდენდა. 

სტუდიაში არსებული გარემო სრულყოფილადაა შენარჩუნებული, თუმცა კედელზე გამოფენილი ნამუშევრები რეპროდუქციებითაა ჩანაცვლებული. ფონდ Fundació Miró Mallorca-ს კურატორმა პატრისია ვერკიერინიმ კი სტუდიაში სამხატვრო რეზიდენციის პროგრამაც აამუშავა.

 

ბარბარა ჰეპუორტი

ინგლისელი მოქანდაკე-აბსტრაქციონისტი ბარბარა ჰეპუორტი სენტ-აივსში (საპორტო დასახლება კორნუელის საგრაფოში) საცხოვრებლად 1939 წელს გადმოვიდა. ათი წლის თავზე მან სტუდია Trewyn შექმნა, სადაც მომდევნო 25 წელი მუშაობდა.  არტისტი 1975 წელს გარდაიცვალა, ანდერძში კი დაწერა, რომ მისი სამუშაო სივრცე ყოველთვის ღია უნდა ყოფილიყო მნახველებისთვის. 

ბარბარა ჰეპუორტი თავად ქმნიდა სენტ-აივსის სახლის ბაღს, გაჰყავდა ბილიკები, ზრდიდა და უვლიდა ახალ მცენარეებს და თავის ქანდაკებებსაც ჰარმონიულად ამ სივრცეში ათავსებდა.  

 

ამჟამად ბაღი „ლონდონის ტეიტის“ სამუზეუმო ჯგუფში შედის. მისი მდგომარეობა მაქსიმალურადაა შენარჩუნებული. მნახველებს შეუძლიათ  დაათვალიერონ ჰეპუორტის როგორც დასრულებული, ასევე დაუსრულებელი ნამუშევრებიც, რომელთაც სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქციებიც შეუთავსეს. 

 

ჯორჯია ო’კიფი 

1949 წელს ამერიკელი მხატვარი ჯორჯია ო’კიფი ნიუ-მექსიკოს შტატში, პატარა დასახლება Abiquiú-ში მდებარე სახლში გადავიდა საცხოვრებლად. არტისტი ბევრს სეირნობდა გაუდაბნოებულ გარემოში. 

 

Abiquiú-ის მკაცრი ლანდშაფტი მისი ინსპირაციის წყაროდ იქცა,  რომლის შედეგად შეიქმნა მხატვრის ცნობილი სერია კლდეების, მზით ამომწვარი მიწისა და ცხოველთა თავის ქალის ჩონჩხების თემებზე. სწორედ აქ შექმნა მან  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „ლოურენსის ხე“.

ჯორჯია ო’კიფის სტუდია-სახლს ამჟამად ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. მხატვრის მიერ შექმნილი სახლის ინტერიერი, მოხატული კედლები, საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცეები   ღიაა მნახველებისთვის.

რენე მაგრიტი

ბრიუსელში, მისამართზე 135 Rue Esseghem, რენე მაგრიტი ოჯახთან ერთად 1965 წელს დასახლდა, სადაც არტისტი პერიოდულად აწყობდა სალონურ საღამოებს ბელგიელი სიურეალისტებისათვის. სწორედ ამ სახლში შექმნა მან თავისი ცნობილი ნამუშევრების უმრავლესობა.

1967 წლიდან, მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, სახლმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. თუმცა, 1990-იან წლებში ბინა კერძო მფლობელისგან გამოისყიდეს და მუზეუმად ქცევის პროცესიც დაიწყო. ისტორიული დოკუმენტების, აუქციონის ჩანაწერების, ფოტოებისა და ინტერვიუების შესწავლის გზით, ბინა მაქსიმალურად  ისე აღადგინეს, როგორიც ის მხატვრის ცხოვრების პერიოდში იყო. 

სახლის მეორე სართულზე გამოფენილია მაგრიტის ნახატები და საარქივო მასალები, ასევე პერიოდულად ეწყობა სიურეალისტების გამოფენებიც. საინტერესოა ისიც, რომ მუზეუმი ფართოვდება – მეზობლად მდებარე შენობის შემოერთებით იგეგმება საგამოფენო სივრცის შექმნა, სადაც თანამედროვე ხელოვნების 650-მდე ნიმუშის ექსპონირება იქნება შესაძლებელი. 

 

პოლოკი-კრასნერი

ჯექსონ პოლოკი და ლენორ (ლი)  კრასნერი ერთმანეთს 1941 წელს შეხვდნენ, როცა ორივე არტისტი აბსტრაქციონისტი მხატვრების ჯგუფური გამოფენისთვის ემზადებოდა. 1945 წელს ისინი დაქორწინდნენ და ორი კვირის შემდეგ  საცხოვრებლად და სამუშაოდ ისტ-ჰემპტონში (ნიუ-იორკი) მდებარე სახლში გადავიდნენ. 

პოლოკმა ფარდული თავისი ხელით გადააკეთა სტუდიად. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ (1956)  სტუდიაში ლი კრასნერი მუშაობდა. ფარდულის მუზეუმად გადაკეთების პროცესში პოლოკის საღებავებით დასვრილი „სამუშაო იატაკის“ სრული კონსერვაცია მოხდა. 

ამჟამად პოლოკი-კრასნერის სტუდია ლი კრასნერის ანდერძის შესაბამისად ფუნქციონირებს. მხატვრის სურვილი მიხედვით, სივრცეს სამუზეუმო დანიშნულების გარდა, თანამედროვე ხელოვნების სტუდენტებისათვის სასწავლო-საგანმანათლებლო  ფუნქციაც აქვს. მნახველებისთვის სტუდია სეზონურად, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლითაა ღია. 

 


რეკომენდებული სტატიები
ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები

ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები

ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები
კრეატიულმა სააგენტო NeoMam-მა ცნობილი მხატვრების საცხოვრებელი ოთახებისა და სტუდიების კომპიუტერული მოდელები შექმნა. ნახეთ როგორ სივრცეებში მუშაობდნენ მსოფლიოს განთქმული ხელოვანები.
კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად

კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად

კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად
ყველას, ვინც პარიზში აპირებს გამგზავრებას ან უკვე იქ იმყოფება, ვურჩევთ ერთი დღით მოწყდეს მეგაპოლისს და დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 80 კილომეტრში მიწიერ სამოთხეში აღმოჩნდეს, რომელსაც სახელად ჟივერნი ჰქვია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.