fbpx

ჩემპიონთა ლიგა: „სამეფო კლუბის“ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერ ტურნირს გულშემატკივრებისთვის გარკვეული სიახლეები მოაქვს, ზოგიერთი რამ მეორდება ხოლმე, ხოლო თუკი სიურპრიზებიც მრავლად იქნება, ეს მით უფრო საინტერესოს ხდის ყურადღების ცენტრში მყოფ ამა თუ იმ მოვლენას. 

მოდით, დავიწყოთ „გარკვეული სიახლეებით“, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის არაერთმა მატჩმა შემოგვთავაზა ახალი სახეებითა თუ შედეგებით.

ლიგის პირველი ორი დაპირისპირება „ლიონს“ და „ზენიტს“ და მილანის „ინტერსა“ და პრაღის „სლავიას“ შორის შედგა. სწორედ ეს უკანასკნელია განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი, რადგან ჩეხეთის ჩემპიონი სტატისტის როლში რომ არ იქნება მიმდინარე ტურნირზე, უკვე მის მიერ „სან სიროზე“ კინაღამ მოგებულმა შეხვედრამ დაგვანახვა. 

შინ „სლავიასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „სიკვდილის ჯგუფიდან“ გასვლაში იტალიურ კლუბს პარალელურ შეხვედრაში „დორტმუნდსა“ და „ბარსელონას“ შორის დაფიქსირებული ფრეც შეუშლის ხელს, რადგან შემდგომში კატალონიური კლუბი დაკარგული ქულების ამოქაჩვას სწორედ რომ „ინტერთან“ ეცდება.

აქედან გამომდინარე, „ინტერს“ გერმანულ კლუბთან დადებითი ბალანსის მიღწევაც შეიძლება ვერ დაეხმაროს მერვედფინალში საასპარეზოდ და ამბიციური კლუბი ახალ მწვრთნელთან ერთად შარშანდელის მსგავსად, ჯგუფიდან ვერც გავიდეს.

პირველ სათამაშო დღეს „ინტერისგან“ განსხვავებით, ჩინებული სტარტი გამოუვიდა მეორე იტალიურ კლუბს – „ნაპოლის“.

კარლო ანჩელოტის გუნდმა „ლივერპულთან“ შინ მოგების ტრადიცია წლეულსაც შეინარჩუნა და თუკი თვე-ნახევრის წინ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა, ამჯერად ზუსტად იმ ანგარიშით მოუგო მეტოქეს, რომელიც შარშან ეყოფოდა ჯგუფიდან გასვლისთვის…

 

„ნაპოლი“ – „ლევერპული“. ინსინიეს და ჰენდერსონის ორთაბრძოლა

ამ ჯგუფის მთავარი სიურპრიზი კი ავსტრიის ჩემპიონი „ზალცბურგია“, რომელმაც ბელგიის „გენკი“ 6:2 გაანადგურა.

უცნაურია, მაგრამ ყველაზე დიდი – ოთხბურთიანი სხვაობით არა გრანდებმა, არამედ „ზალცბურგმა“ და ზაგრების „დინამომ“ მოიგეს, რომელმაც თავის მხრივ ტურნირის დებიუტანტი – ბერგამოს „ატალანტა“ 4:0 გაასწორა მიწასთან.

„ზალცბურგის“ გარდა ყურადღებას იპყრობს „რედ ბულის“ კიდევ ერთი პროექტი „ლაიპციგი“, რომელმაც გასვლაზე 2:1 დაამარცხა ლისაბონის „ბენფიკა“. გერმანული კლუბი აშკარად პროგრესირებს შარშანდელ სეზონთან შედარებით, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილების შეძენას დაუთმო. 

წლეულს კი სავსებით შესაძლებელია, რომ ამ მოგებით ჩემპიონთა ლიგის სავარაუდოდ ყველაზე თანაბარი ჯგუფიდან ტიმო ვერნერმა და მისმა თანაგუნდელებმა მერვედფინალში გასვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. 

გერმანელებს ხელს აძლევს პარალელურ მატჩში „ლიონსა“ და „ზენიტს“ შორის დაფიქსირებული ფრეც. თანაც „ბენფიკა“ ორი წლის წინანდელის მსგავსად, ჯგუფში ალბათ ექვსივე თამაშს აღარ წააგებს.  

დიდებული სტარტი გამოუვიდა მიუნხენის „ბაიერნს“, რომელმაც მისთვის ჩვეულ სტილში „დაბომბა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ მსგავსად, პირველი შეხვედრა ანგარიშით 3:0 მოიგო. 

ანალოგიური შედეგით „მანჩესტერ სიტიმ“ გასვლაზე „შახტარი“ დაამარცხა და ამით ზოგიერთ გულშემატკივარს გაუმყარა აზრი, რომ გვარდიოლას წლეულს „პრემიერლიგა აღარ აინტერესებს და ამიტომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს“… 

„ჩელსის“ შინაური მარცხი „ვალენსიასთან“ დიდ სენსაციად ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან ლონდონურმა კლუბმა შიდა პრობლემების მოგვარებამდე შეუძლებელია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული მიზნები დაისახოს.

პირველი ტურის უმთავრეს სენსაციად „ლევერკუზენის“ მარცხი იქცა საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“.

ასეთი შედეგი ბუნებრივია, რომ კიდევ უფრო გაურთულებს გერმანულ კლუბს ჯგუფის ფავორიტებთან – მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და ტურინის „იუვენტუსთან“ ჭიდილს.

ეს ორი გუნდი შარშან მერვედფინალშიც დაუპირისპირდა ერთმანეთს და „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, ბევრმა „იუვენტუსი“ ნაადრევად გამოასალმა ტურნირს. 

მაშინ რონალდუმ ისახელა თავი ჰეთ-თრიკით, ამჯერად კი კაუადრადოს და მატიუიდის გოლებით სტუმრები 65-ე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მადრიდის „ატლეტიკომ“ ყველაფერი გააკეთა მატჩის გადასარჩენად და დაძაბული სანახაობრივი მატჩი საბოლოოდ ფრედ – 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ კინაღამ ჰექტორ ერერას მიერ გატანილი ბოლო გოლის შემდეგ გამოიჩინა თავი შეხვედრის 94-ე წუთზე…

 

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელები ზეიმობენ მსაჯის დამატებულ წუთებზე „იუვენტუსთან“ მატჩის გადარჩენას

ანალოგიური სცენარით წარიმართა პირეოსის „ოლიმპიაკოსისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირება.

ბერძნულ კლუბს „ტოტენჰემთან“ შეხვედრამდე შინ ზედიზედ შვიდი თვის განმავლობაში არ ჰქონია წაგებული. 

„ოლიმპიაკოსმა“ მატჩი ტურნირის შარშანდელი ფინალისტის წინააღმდეგ ჩინებულად დაიწყო და ძელსაც გაარტყა ბურთი, მაგრამ ამის შემდეგ მალე მის კარში ჯერ ჰარი კეინმა გაიტანა თერთმეტმეტრიანი, შემდეგ კი ლუკას მოურამ ორამდე გაზარდა ანგარიში. 

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბოლომდე იბრძოლეს, აღადგინეს წონასწორობა და სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, რომ ეს მატჩი მოეგოთ კიდეც. 

ამგვარად, „ოლიმპიაკოსმა“ განაგრძო შინ წაუგებელი მატჩების სერია და პირველ ტურში პროგრამა-მინიმუმი შეასრულა, რაც „ცრვენა ზვეზდასგან“ განსხვავებით, ჯგუფის ფავორიტთან ქულის მოპოვებაში გამოიხატა.

პირველ ტურში კი ყველაზე დიდი ინტერესი, ბუნებრივია, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირებამ გამოიწვია.

„სამეფო კლუბში“ დაბრუნებულმა ზინედინ ზიდანმა მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გარეთ ბეილის წინააღმდეგ გაილაშქრა, მალევე შეცვალა პოზიცია, რადგან აშკარაა, რომ რონალდუს წასვლის შემდეგ, „რეალის“ მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ რომ უელსელი ლეგიონერია. 

მასთან ერთად ბევრს ცდილობდნენ აზარი და ბენზემაც. ვერ ვიტყვით, რომ მათ ცუდად ითამაშეს, მაგრამ ფაქტია, რომ „რეალის“ შეტევებს სიმწვავე აკლდა. ამის მიზეზი კი მასპინძელთა მცველების შესანიშნავი თამაში იყო, რომლებიც საშიშ ფორვარდებს საჯარიმო მოედანში შესვლის საშუალებას მაქსიმალურად უზღუდავდნენ. 

სამაგიეროდ სიმწვავით გამოირჩეოდა „პარი სენ ჟერმენის“ კონტრიერიშები.

მატჩის გმირად „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი ანხელ დი მარია იქცა, რომლის შეჩერებაც წარმოუდგენელი აღმოჩნდა სერხიო რამოსის გარეშე დარჩენილი „სამეფო კლუბის“ უნიათო დაცვითი ხაზისთვის.

დი მარიამ იმდენად იოლად გაიტანა ორივე ბურთი, რომ თითქოს მის წინააღმდეგ საფრანგეთის პირველი დივიზიონის რომელიმე საშუალო კლასის გუნდი ყოფილიყოს. 

მესამე გოლმა კი საბოლოოდ ცხადყო, რომ რონალდუს გარეშე დარჩენილ მადრიდის „რეალს“ ძალიან უნდა გაუჭირდეს მიმდინარე სეზონში მისთვის შესაფერის დონეზე ასპარეზობა. მეტიც, სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ „რეალს“ ლა ლიგაზეც დიდი პრობლემები შეექმნას, რისი შედეგიც არეულობაა ხოლმე ვარსკვლავურ გუნდებში.

 

ზიდანი გამარჯვებას ულოცავს ტუხელს

„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა ფრანგ სპეციალისტს პირად დუელში მოუგო, რადგან ნეიმარის და მბაპეს გარეშეც მისმა კლუბმა საკმაოდ იოლად დაამარცხა მრისხანე მეტოქე. 

მატჩის პირველი წუთებიდანვე აშკარა შეიქმნა, რომ „რეალის“ კარში გოლი აუცილებლად გავიდოდა,

მაგრამ თუკი ჩემპიონთა ლიგის პირველი საფეხბურთო საღამო „სამეფო კლუბისთვის“ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად იქცეოდა, ამას ტუხელთან ერთად, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის სამგზის ტრიუმფატორი ზინედინ ზიდანი თუ გრძნობდა…


რეკომენდებული სტატიები
სტარტზე ჩემპიონთა ლიგაა!

სტარტზე ჩემპიონთა ლიგაა!

სტარტზე ჩემპიონთა ლიგაა!
უეფას საათივით აწყობილი მექანიზმი, გასული კვირის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ხვალიდან კვლავ საკლუბო ფეხბურთზე გადაერთვება და გულშემატკივარიც ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩებს იხილავს. 
საფეხბურთო სპექტაკლი მფრინავ ჰოლანდიელთა შესრულებით

საფეხბურთო სპექტაკლი მფრინავ ჰოლანდიელთა შესრულებით

საფეხბურთო სპექტაკლი მფრინავ ჰოლანდიელთა შესრულებით
გერმანია-ჰოლანდია: გასულ კვირას ისტორიული დაპირისპირების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი ვიხილეთ უსაზღვრო სათამაშო ფანტაზიითა და ულამაზესი გოლებით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.