fbpx

The Beatles-ის ალბომი Abbey Road დღეს 50 წლის გახდა


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი კაკაბაძე

 

1969 წლის იანვარში “ბითლზმა” ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. ალბომის სამუშაო სახელწოდება Get Back მიანიშნებდა, რომ ჯგუფი საფუძვლებს უბრუნდებოდა. მისი იდეა იყო ახალი სიმღერების “ცოცხლად“ ჩაწერა და სტუდიურ ექსპერიმენტებზე უარის თქმა. სტუდიაში ჯგუფის მუშაობას კამერები აფიქსირებდნენ. ფილმთან ერთად “ბითლზი” 1966 წლის შემდეგ პირველად გეგმავდა კონცერტის ჩატარებას. თუმცა Get Back-ის პროექტი წარუმატებლად დასრულდა. კონფლიქტი ჯონ ლენონსა და პოლ მაკარტნის შორის კიდევ უფრო გაღრმავდა. მაკარტნის ახალ იდეებს ლენონი გულგრილად უყურებდა და მთელი ყურადღება იოკო ონოზე გადაჰქონდა. 

ალბომის ჩაწერის დროს დაიძაბა ურთიერთობა მაკარტნისა და ჰარისონს შორისაც. საბოლოოდ სრულფასოვანი კონცერტის ჩატარების ნაცვლად ჯგუფმა მოულოდნელად გადაწყვიტა ახალი სიმღერები ლონდონის ცენტრში, საკუთარი ოფისის სახურავზე დაეკრა. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის სესიის დროს “ბითლზმა” არაერთი შედევრი ჩაწერა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია Let It Be, The Long and Winding Road, Get Back და Don’t Let Me Down (ეს ორი კომპოზიცია სინგლის სახით მაინც გამოვიდა), ჩანაწერები გარკვეული დროით თაროზე შემოდეს.

1969 წლის თებერვალში პროდიუსერ ჯორჯ მარტინის ოფისში ტელეფონის ზარი გაისმა. პოლ მაკარტნი მარტინს ახალი ალბომის ჩაწერას სთავაზობდა. პროდიუსერის პირველი შეკითხვა იყო: „ჯონი თანახმაა? მაშინ, ეს ალბომი ისე ჩავწეროთ, როგორც ადრე ვმუშაობდით“. 

მარტინი იხსენებს, რომ ალბომზე, რომელსაც მოგვიანებით Abbey Road უწოდეს, ჯგუფის ყველა წევრი პრაქტიკულად იდეალურად მუშაობდა. „ალბათ იმიტომ, რომ ყველა გრძნობდა, რომ ეს ბოლო ჩანაწერი იყო“. მიუხედავად მარტინის ასეთი შეფასებისა, ცნობილია, რომ ლენონის და მაკარტნის ურთიერთობა ამ ალბომზე მუშაობის დროსაც  პერიოდულად იძაბებოდა. სტუდიაში ლენონის გვერდით იოკო ონოს ყოფნა კი, როგორც ყოველთვის, ჯგუფის დანარჩენი წევრების გაღიზიანებას იწვევდა. 

Abbey Road “ბითლზის” და მისი პროდიუსერის 6-წლიანი თანამშრომლობის ფინალურ ნამუშევრად იქცა. “ჩვენ რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა, ალბათ სწორედ ასეთ ალბომებს გამოვუშვებდით”. – ჯორჯ მარტინი. “ბითლზის” განუმეორებელ დისკოგრაფიაშიც კი ძნელია მოძებნო დისკი, სადაც ჯგუფის წევრების ვოკალური შესრულება ასეთი მრავალმხრივი და ჰარმონიულია. Abbey Road, ბევრის აზრით, ინსტრუმენტალური თვალსაზრისითაც “ბითლზის” საუკეთესო ალბომია. 

ალბომზე მუშაობა “ბითლზმა” სტუდიაში 1969 წლის 22 თებერვალს ჯონ ლენონის კომპოზიცია I Want You (She’s So Heavy)-ით დაიწყო, რომლის ჩაწერაშიც ამერიკელი პიანისტი და ორგანისტი ბილი პრესტონი მონაწილეობდა. Abbey Road-ზე მუშაობა 6 თვე გაგრძელდა და 20 აგვისტოს დასრულდა. 

Abbey Road-ში ჯორჯ ჰარისონი, როგორც კომპოზიტორი ლენონ-მაკარტნის გაუთანაბრდა. Something-ს ხშირად იხსენიებენ, როგორც “ბითლზის” გიტარისტის საუკეთესო კომპოზიციას. ჰარისონმა ფრაზა “Something In The Way She Moves” ჯეიმზ ტეილორის სადებიუტო ალბომიდან აიღო, რომელიც “ბითლზის” კომპანია Apple-მა წინა წელს გამოუშვა. საოცარ მელოდიას და დასამახსოვრებელ გიტარის სოლოს სიმფონიური ორკესტრი სიღრმეს და გრანდიოზულობას ანიჭებს. 

არანაკლებ შთამბეჭდავია ჯორჯ ჰარისონის მეორე კომპოზიცია Here Comes The Sun, რომელიც მუსიკოსმა მეგობრის, ერიკ კლეპტონის სახლში დაწერა. სიმღერა აკუსტიკურ გიტარაზე სრულდება, არანჟირების დროს კი გამოყენებულია სიმფონიური ორკესტრი და  მუგ სინთეზატორი (ეს ინსტრუმენტი ჯგუფმა კიდევ რამდენიმე კომპოზიციის ჩაწერის დროს გამოიყენა, როგორიცაა Maxvell’s Silver Hammer, I Want You (She’s So Heavy), Because). 

ალბომისთვის სიმღერა რინგო სტარმაც დაწერა. ჯგუფის დრამერმა Octopus’s Garden 1968 წელს, სარდინიაზე  ყოფნის დროს შექმნა. ჯერ კიდევ დაუმუშავებელი კომპოზიცია რინგომ Apple-ის სტუდიაში მიიტანა, სადაც ის ჯორჯ ჰარისონის დახმარებით დრამერის მიერ შექმნილ ყველაზე ცნობილ სიმღერად იქცა.

“ბითლზის” ნებისმიერი სტუდიური ალბომის საფუძველს გენიალური კომპოზიტორული ტანდემის: ლენონის და მაკარტნის კომპოზიციები ქმნიან.  გამონაკლისი არც Abbey Road-ია. ალბომი ჯონ ლენონის Come Together-თი იხსნება. სიმღერა მუსიკოსმა LSD-ს გურუს, ტიმოთი ლირის წინასაარჩევნო კამპანიისთვის შექმნა, თუმცა ლირი კალიფორნიის გუბერნატორობის ნაცვლად ციხეში აღმოჩნდა, Come Together კი “ბითლზის” ალბომში. 

I Want You (She’s So Heavy) “ბითლზის” დისკოგრაფიაში ყველაზე გრძელი სიმღერაა, რომელიც 7 წუთი და 47 წამი გრძელდება (გამონაკლისია ასევე ჯონ ლენონის Revolution 9, რომლის ხანგრძლივობაც 8 წუთს აღემატება, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ხმოვანი კოლაჟია, ვიდრე მუსიკალური კომპოზიცია). Come Together-ის მსგავსად, I Want You (She’s So Heavy)-ც მძიმე ჟღერადობით გამოირჩევა. კომპოზიცია ბლუზურ აკორდებზეა აგებული, მინიმალისტური ტექსტი კი იოკო ონოსადმია მიძღვნილი. ეს არის ალბათ ლენონის ყველაზე ემოციური ვოკალური შესრულება ამ ალბომზე.

Because  რადიკალურად განსხვავდება წინა ორი კომპოზიციისგან. მისი შექმნის იდეა ჯონ ლენონს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იოკოს ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“  „უკუღმა“ დაკვრა სთხოვა. სიმღერის ტექსტი პოეტური და რომანტიკულია, ლენონის, მაკარტნის და ჰარისონის ვოკალები კი განუმეორებელ ჰარმონიას ქმნიან.

პოლ მაკარტნი Sgt. Pepper-ის გამოსვლიდან ფაქტობრივად ჯგუფის მუსიკალურ ლიდერად იქცა. 1967 წლიდან მოყოლებული “ბითლზის” ნებისმიერ სტუდიურ ალბომში (გამონაკლისია The White Album, სადაც ლენონმა და მაკარტნიმ თანაბარი რაოდენობის კომპოზიციები შექმნეს) მაკარტნის უფრო მეტი კომპოზიციაა შესული, ვიდრე ლენონის. 

Abbey Road-შიც პოლმა არაერთი გამორჩეული სიმღერა შექმნა. ალბომის პირველ მხარეს მოხვდა Maxvell’s Silver Hammer – პაროდიული კომპოზიცია სერიულ მკვლელზე. ეს სიმღერა ჯონ ლენონს არ მოსწონდა განსხვავებით მაკარტნის შემდეგი კომპოზიციისგან – Oh! Darling. 

ყოველ დილით პოლი სტუდიაში ყველაზე ადრე მიდიოდა  (მაკარტნის სახლი ები როუდის სტუდიიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია) და ხრინწიანი ვოკალის პარტიის ჩაწერას ცდილობდა. ლენონი მიიჩნევდა, რომ სიმღერა მის სტილთან უფრო ახლოს იყო და ამიტომაც მას უნდა შეესრულებინა. თუმცა საბოლოოდ სიმღერის ავტორმა Oh! Darling ისე ჩაწერა, რომ მაკარტნის შთამბეჭდავ კარიერაშიც კი ეს ვოკალური პარტია ერთ-ერთი საუკეთესოა.

ალბომის მეორე მხარე თითქმის მთლიანად 16-წუთიან სიუიტას ეთმობა, სადაც ლენონ-მაკარტნის  სიმღერებია გაერთიანებული. ყველაფერი მაკარტნის You Never Give Me Your Money-ით იწყება, რომლის სახელწოდება გარკვეულწილად მიანიშნებს დაპირისპირებას, რომელიც ჯგუფის წევრებსა და მენეჯმენტს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა. 

სიმღერები, რომლებიც ლენონმა და მაკარტნიმ ალბომის ფინალური ნაწილისთვის შექმნეს, თითქოს ერთმანეთთან კავშირში არ  არის. მიუხედავად ამისა, მათი ერთიანობა საოცარ მუსიკალურ პალიტრას ქმნის. 

სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაწერილი გრანდიოზული ფინალი Golden Slumbers – Carry That Weight – The End პოლ მაკარტნის და ჯორჯ მარტინის მუსიკალური ხედვის თვალსაჩინო მაგალითია. 

Golden Slumbers-ის ტექსტი მაკარტნიმ თომას დეკერის მე-17 საუკუნის ძილისპირულიდან აიღო, მისი მუსიკა კი პირველად მოსმენის დროსაც  ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს ოდესღაც მოსმენილი გაქვს. Golden Slumbers Carry That Weight-ში გადადის, სადაც ისევ ჩნდება You Never Give Me Your Money-ის მელოდია. ამ შემთხვევაში ვოკალის პარტიას ტრადიციულ სამეულთან ერთად (ლენონი, მაკარტნი, ჰარისონი) რინგოც ასრულებს. ფინალი – The End მაკარტნის, ჰარისონის და  ლენონის გიტარის სოლოებით სრულდება, რინგო სტარი კი სტუდიაში პირველად უკრავს დასარტყამი ინსტრუმენტის სოლოს. 

ფრაზა “And in the end, the love you take is equal to the love you make”  ერთგვარად აჯამებს ლივერპულელი  ოთხეულის მთელ შემოქმედებას. ალბომის ბოლო ფრაგმენტი  17-წამიანი Her Majesty-ია, რომელიც ხმის ინჟინერმა მალკოლმ დევისმა დისკის ბოლოს მიაწერა. მაკარტნის ეს სიურპრიზი მოეწონა და მინი კომპოზიციის ამოღება აღარ უცდია.

1969 წლის 8 აგვისტოს, დილას, 11:35 საათზე ფოტოგრაფმა ლეინ მაკმილანმა გადაიღო ფოტო, რომელიც დღეს მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ალბომის გაფორმებად  მიიჩნევა. მას შემდეგ 50 წელი გავიდა და დღეს ები როუდის სტუდიის გვერდით მდებარე გადასასვლელს „კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის“ გამო განსაკუთრებული სტატუსი აქვს. ლონდონში ჩამოსული ნებისმიერი ბითლომანი აქ აუცილებლად მოდის და ფოტოს იღებს. ლონდონელი მძღოლები კი უკვე შეეგუენ, რომ ამ ადგილას შეფერხების გარეშე გავლა შეუძლებელია. 

Abbey Road  დიდ ბრიტანეთში 1969 წლის 26 სექტემბერს გამოვიდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 1 ოქტომბერს. ბრიტანეთში ალბომი მაშინვე პირველ ადგილზე მოხვდა და ამ პოზიციას 11 კვირა ინარჩუნებდა. შობამდე Abbey Road-მა ერთი კვირით პირველი ადგილი როლინგ სთოუნზის Let It Bleed-ს დაუთმო, თუმცა შემდეგ ექვსი კვირით ისევ პირველ პოზიციაზე დაბრუნდა. შეერთებულ შტატებში, ბილბორდის სათავეში ალბომი 11 კვირა იყოა. აშშ-ში Abbey Road-ის 12 მილიონზე მეტი დისკი გაიყიდა. 

ბითლომანებს შორის მუდმივი დავის საგანია,  რომელია ჯგუფის საუკეთესო ალბომი. ყველაზე ხშირად ამ სტატუსზე პრეტენზიას Rubber Soul, Revolver, Sgt. Pepper, The White Album და Abbey Road აცხადებენ. 2009 წელს გამოცემა Rolling Stone-ის მკითხველმა ბითლზის საუკეთესო ალბომად სწორედ Abbey Road დაასახელა.

ალბომის იუბილესთან დაკავშირებით პროდიუსერ ჯორჯ მარტინის შვილმა ჯაილზ მარტინმა, Sgt. Pepper-ის და The White Album-ის მსგავსად,  Abbey Road-ის რემასტირებული გამოცემა მოამზადა. ალბომის Super Deluxe Edition ოთხი დისკისგან შედგება. ორიგინალურ, რემასტირებულ ალბომთან ერთად დარჩენილ სამ დისკზე მსმენელი კომპოზიციების განსხვავებულ ვერსიებს მოისმენს.  ალბომის საიუბილეო ვერსია 27 სექტემბერს გამოვა. 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.