fbpx

ჩემპიონთა ლიგა: „ბაიერნი“ ბობოქრობს!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სულაც არაა გასაკვირი, რომ ჩემპიონთა ლიგის ამა თუ იმ მატჩმა ფეხბურთის მოყვარული მოხიბლოს. სულ სხვა საქმეა, როდესაც დაინახავ ახალ გუნდს, ახალ ძალას, რომლის წინაშეც შეუძლებელია, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა, თითოეულმა ფეხბურთელმა თუ გულშემატკივარმა ქედი არ მოიხაროს.

მიუნხენის „ბაიერნის“ ხორვატ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს ხშირად და დიდხანს უწინასწარმეტყველებდნენ გუნდიდან გაშვებას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ ფინალისტთან გასვლაზე 7:2 მოგებულმა მატჩმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანული ფეხბურთის განუმეორებელი ხელწერა, რომელმაც „ბაიერნის“ მიერ „ტოტენჰემის“ დარბევის მსგავსად, თავი უკანასკნელად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იჩინა, როდესაც ბუნდესნაკრებმა ბრაზილიელები ანგარიშით 7:1 გაანადგურა.

შემდეგ იყო 2016 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელმაც თითქოს შეუმჩნევლად მსოფლიო ფეხბურთს ახალი ტალანტი – 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი სერჟ გნაბრი შესძინა.

გნაბრიმ „ტოტენჰემს“ 4-ჯერ გაუტანა, თანაც ის პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პოკერი მეორე ტაიმში შეასრულა.

ამგვარად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ახალი გმირი გამოუჩნდა.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მის მიერ „მამლების“ კარში გატანილი მეხუთე გოლი იყო, როდესაც ალკანტარას უჩვეულო სიზუსტის გადაცემის შემდეგ ორი მცველის გარემოცვაში მყოფმა „ბაიერნის“ მარცხენა გარემარბმა ბურთი ისე მიიღო, დაიმორჩილა და ტემპის დაუკარგავად, მყისიერად, მეტოქის კარისკენ ისეთი სისწრაფით გაქანდა, რომ თვით მესის, რონალდუს და ნეიმარსაც კი შეშურდებოდათ ამ ილეთის დინამიკაში ასეთ დონეზე შესრულებისა…

დამაგვირგვინებელი დარტყმა კი ისეთივე აუღებელი აღმოჩნდა მასპინძელთა მსოფლიო ჩემპიონი მეკარისთვის, როგორც დანარჩენი 5 ბურთი. 

მატჩის გმირი გნაბრი

უგო ლორისის მოპირდაპირე მხარეს მდგომმა მსოფლიო ჩემპიონმა კარის დარაჯმა კი შარშან „ლივერპულთან“ დაშვებული შეცდომა გაიმეორა, მაგრამ თუკი მაშინ „ბაიერნი“ სადიო მანემ დასაჯა, ამჯერად ნოიერის უაზრო წინ გამოხტომა მცველს უყურადღებოდ არ დარჩენია და „ბაიერნი“ 1:1-ის დროს საკუთარ კარში გოლს გადაურჩა. დანარჩენ შემთხვევებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი მოწოდების სიმაღლეზე იყო და რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია.

აღსანიშნავია ლევანდოვსკის შესანიშნავი თამაში, რომლის შეჩერებაც წარმოუდგენელი აღმოჩნდა მაურიციო პოჩეტინოს მიერ აწყობილი დაცვითი ხაზისთვის. 

პოლონელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და გნაბრის მსგავსად, სავარაუდოდ მანაც კიდევ ერთხელ დააფიქრა მადრიდის „რეალის“ მესვეურები, რომ ფულს ცოტა არ იყოს დაუფიქრებლად ხარჯავენ „სამეფო კლუბის“ ახალწვეულებზე, რომლებიც გარეთ ბეილის გარეშე რას წარმოადგენენ, კარგად გამოაჩინა ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი ბიჭების მიერ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბრიუგესთან“ ნათამაშებმა 2:2-მა.

ისტორია განმეორდა და მადრიდის „რეალმა“ მესამე მატჩშიც ვერ დაამარცხა უხერხული მეტოქე.

„სამეფო კლუბი“ 1976 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ორჯერ დაეჯახა მაშინდელი ჩემპიონთა თასის ტურნირზე „ბრიუგეს“, რომელთანაც შინ 0:0 ითამაშა, გასვლაზე კი 0:2 დამარცხდა…

უკანასკნელ მატჩში კი სერხიო რამოსმა მას შემდეგ შეამცირა ანგარიში, რაც სტუმრებმა სასწაულებრივ ვერ გაიტანეს მესამე ბურთი. ამ შემთხვევაში მადრიდის „რეალს“ სავარაუდოდ ორი წაგებით მოუწევდა ტურნირის დაწყება. 

სენსაცია მეორე დღესაც მზადდებოდა, როდესაც „ენფილდზე“ „ლივერპულთან“ 0:3-ის დროს, „ზალცბურგის“ ფორვარდმა ჰი ჩენმა მეტოქის საჯარიმოში სისწრაფეზე ერთი ცრუმოძრაობით უკან ჩამოიტოვა ვირჯილ ვან დაიკი და მეკარე ადრიანისგან მარცხენა შორეულ კუთხეში აუღებელი ბურთი გაგზავნა.

მეორე ტაიმში ჩენმა უკვე საგოლე პასიც გააკეთა, ხოლო 3:3-ის დროს მას „ზალცბურგის“ დაწინაურებაც შეეძლო. ვირჯილ ვან დაიკის თაოსნობით „ლივერპულის“ დაცვითი ხაზის აშკარა ჩავარდნა მეკარე ადრიანსაც გადაედო, რომლის მიუტევებელი შეცდომა ერთ მომენტში სტუმართა ფორვარდმა დაკამ ვერ გამოიყენა. 

საბოლოოდ, მასპინძლებს სამი ქულა მოჰამედ სალაჰის მიერ მატჩის 68-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. „ზალცბურგის“ პირველ ორ ტურში ნაჩვენებმა შედეგმა კი დაგვანახვა, რომ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს ავსტრიის ჩემპიონის მერვედფინალში გასვლა.

სამაგიეროდ მეორე ტურში „რედ ბულის“ მეორე პროექტი – „ლაიპციგი“ ჩავარდა, რომელიც შინ ერთი შეხედვით მოულოდნელად დამარცხდა საფრანგეთის ჩემპიონატში საკმაოდ უღიმღამოდ მოასპარზე „ლიონთან“. 

მაგრამ, თუკი ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონის“ გამოცდილებას და ბრძოლისუნარიანობას გავითვალისწინებთ, შედეგი საკმაოდ ლოგიკური ჩანს. მით უმეტეს, რომ პირველ ტურში ფრანგებმა შინ „ზენიტი“ ვერ დაამარცხეს, რაც მათგან „ლაიპციგთან“ შეხვედრაში განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვდა.

მეორე სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო მატჩი კი „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის შედგა. ამ შეხვედრის ინტრიგას ცეცხლი შეუნთო ცოტა ხნით ადრე ამავე ჯგუფში დორტმუნდის „ბორუსიას“ მიერ გასვლაზე პრაღის „სლავიას“ დამარცხებამ. 

 

 აშრაფ ჰაკიმი – დორტმუნდელთა მხრიდან „სლავიასთან“ შეხვედრაში დუბლის ავტორი

ამგვარად, ჯგუფში გერმანული გუნდის გალიდერების შემდეგ, „კამპ ნოუზე“ მატჩის მოგებას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა.

შეხვედრა სტუმრებისთვის სასიკეთოდ დაიწყო, რადგან ლაუტარო მარტინესმა უკვე მეორე წუთზე შეძლო კატალონიელთა კარის დალაშქვრა.

ამ გოლის შემდეგ თითქოს „ბარსელონა“ უფრო მეტს უტევდა, მაგრამ გაცილებით მწვავედ „ინტერის“ კონტრიერიშები გამოიყურებოდა.

ტაიმი სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და პირველი 45 წუთის სცენარის მიხედვით, „ინტერის“ კატეგორიის გუნდს ასეთ თამაშში სულ მცირე, ქულის მოპოვება მაინც უნდა მოეხერხებინა. 

მაგრამ თურმე სრულიად სხვაგვარად ფიქრობდა ლუის სუარესი. „ბარსელონას“ ურუგვაელმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი „ჩამოწერა“ აშკარად ნაადრევია და ახალწვეულ გრიზმანთან შედარებით, გაცილებით საჭირო ფიგურაა გუნდში, რომელიც დღესდღეობით ვერ უჩვენებს თავის საუკეთესო ფეხბურთს.    

მიუხედავად იმისა, რომ სუარესი საგოლე გადაცემებით ჯერ არტურო ვიდალმა, ხოლო შემდეგ კი ლიონელ მესიმ მოამარაგა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის გარეშე „ბარსელონა“  „ინტერთან“ ნამდვილად ვერ მოიგებდა. 

მესი მოედანზე ნატკენი ფეხით გამოვიდა, ამ დროს კი გუნდის ლიდერობა სუარესმა იტვირთა, კიდევ ერთხელ შეახსენა რა ფეხბურთის მოყვარულებს ხასიათის სიმტკიცის და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების კარში შესრულებული უმნიშვნელოვანესი დუბლის შესახებ…

 

ლუის სუარესმა საუკეთესო წლები გაიხსენა

რა თქმა უნდა, „ინტერისთვის“ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, მაგრამ, თუკი იტალიური კლუბი 23 ოქტომბერს შინ მესამე ტურში „დორტმუნდთანაც“ ვერ მოიგებს, მას უკვე ძალიან გაუჭირდება მერვედფინალში გასვლა. თანაც, იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „იუვენტუსთან“ საკუთარ მოედანზე ასევე 1:2-ის წაგების და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ჩამოქვეითების შემდეგ ანტონიო კონტეს აუცილებლად გაახსენებენ, რომ სერია „A“-ს მწვრთნელთაგან ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ღებულობს. 

მეორე ტურში თავი ისახელა ამსტერდამის „აიაქსმა“, რომელმაც „ლილის“ შემდეგ, ანგარიშით 3:0 უკვე „ვალენსია“ დაამარცხა.

ჰოლანდიის ჩემპიონთან ერთად ქულების მაქსიმალური რაოდენობა ჯერჯერობით „პარი სენ ჟერმენს“, „ბაიერნს“  და „მანჩესტერ სიტის“ აქვთ დაგროვილი. თუმცა გერმანიის და ინგლისის ჩემპიონებმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებების შემდეგ, საკუთარ პირველობებზე ტურის  სენსაციები დააფიქსირეს, დამარცხდნენ რა შინ შესაბამისად – „ჰოფენჰაიმთან“ და „ვულვერჰემპტონთან“.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა: „სამეფო კლუბის“ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

ჩემპიონთა ლიგა: „სამეფო კლუბის“ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

ჩემპიონთა ლიგა: „სამეფო კლუბის“ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერ ტურნირს გულშემატკივრებისთვის გარკვეული სიახლეები მოაქვს. დავიწყოთ რამდენიმე მათგანით, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის არაერთმა მატჩმა შემოგვთავაზა ახალი სახეებითა თუ შედეგებით.
ფეხბურთი: მშვიდობიანი მადრიდული დერბი

ფეხბურთი: მშვიდობიანი მადრიდული დერბი

ფეხბურთი: მშვიდობიანი მადრიდული დერბი
გასული კვირა ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის პირველობებზე გუნდებს 3-3 მატჩის ჩატარება მოუწიათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.