რატომ ძალადობენ კაცები ქალებზე?
ავტორი: ნოამ სპენსერი
მთარგმნელი: ნიკა ბერიძე
„კაცებს ეშინიათ, რომ ქალები დასცინებენ, ქალები კი იმაზე შიშობენ, რომ კაცები მათ მოკლავენ“.
მარგარეტ ეტვუდი
ეს დებულება ყოველთვის ჭეშმარიტი იყო. ქალების ცხოვრება პირველივე დღიდან არაერთ რისკს შეიცავდა. ასე გრძელდება ახლაც. მათ შორის ისეთ სივრცეებშიც, რომლებიც ტოლერანტობის ბასტიონად ითვლებიან.
სამეცნიერო ექსპედიციაც კი, რომელიც, წესით, ქალებისთვის უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს, კვლევების თანახმად, ასეთი არ აღმოჩნდა. მეტიც, შეიარაღებულ ძალებშიც, სადაც რასობრივი ინტეგრაციის მიმართულებით არაერთ წარმატებას მიაღწიეს, სექსუალური ძალადობის პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა. რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, იმის შანსი უფრო მაღალია, რომ ქალი საკუთარი თანამებრძოლისგან გახდეს ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე მტრისგან.
მოძალადეების უმრავლესობა კაცია. მთავარი კითხვა კი ისაა, თუ რატომ ძალადობენ კაცები ქალებზე?
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ შეუძლიათ. გენეტიკურად განსაზღვრულია, რომ საშუალო სტატისტიკური კაცი ფიზიკურად უფრო ძლიერია საშუალო სტატისტიკურ ქალზე. როგორც ფროიდმა თქვა, ანატომია, ეს ბედისწერაა. ბედისწერაა ის, რომ თუ კაცი საკუთარი მიზნის მიღწევას გადაწყვეტს, მისთვის ფიზიკური ძალა ამ მიზნამდე მისვლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. იმავეს ვერ ვიტყვით ქალზე. ბიოლოგიური განსხვავება უსამართლოა, მაგრამ ბუნებაში სამართლიანობა არ არსებობს.
კიდევ ერთი მიზეზი სექსუალური ძალადობისა ისაა, რომ ჩვენს ცნობიერებაში სექსი და ძალადობა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია.
ვიქტორიანული ეპოქის გვიანდელ პერიოდში კაცის სექსუალური ენერგია ისეთ ფეთქებადად და ცხოველურად მოიაზრებოდა, რომ მიაჩნდათ, აღგზნებულ კაცს თავშეკავება არ შეეძლო (ქალს სექსით ამდენად დაინტერესებულ არსებად არ თვლიდნენ). სწორედ ამ არგუმენტით ხდებოდა კაცის ძალადობრივი ქცევის ახსნა და კონტროლი იმისა, თუ სად წავიდოდა, რას იტყოდა ან რას ჩაიცვამდა ქალი.
თუმცა კაცის ბიოლოგიური კონსტიტუცია მისი აგრესიული ქცევის მხოლოდ ერთ-ერთი განმსაზღვრელია და არა მთავარი.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი სოციალური გავლენაა. ხშირად ადამიანების ქცევას ჯგუფის წნეხი თუ სოციალური გარემო უფრო აფორმირებს, ვიდრე ბიოლოგიური იმპულსები. გარემო-ფაქტორები ხასიათსა და ღირებულებებსაც განსაზღვრავენ.
ცხადია, ადამიანებს აქვთ ბიოლოგიურად დეტერმინირებული ინდივიდუალური თვისებები, მაგრამ სად, როგორ და რას ჩაიდენენ, ეს დიდწილად სოციალური კონტექსტის შესაბამისად წყდება. გენეტიკა წყვეტს იმას, თუ რა შეგიძლია, რომ გააკეთო და არა იმას, თუ რა უნდა გააკეთო. ერთი ადამიანი რომ მეორეზე ძლიერია, არ ნიშნავს იმას, რომ მასზე უნდა იძალადოს. ბუნება გეუბნება, რომ შენ შეგიძლია, საზოგადოება კი გეუბნება, რომ ასე არ უნდა მოიქცე. ეს საკითხი სოციალური და კულტურული გარემოს მიერ წყდება და სწორედ ამ უკანასკნელს აქვს უნარი, ან გაზარდოს გენეტიკურად მოცემული შესაძლებლობის რეალიზაციის დონე, ან სულაც შეამციროს.
კარგი იქნება, თუ ვიკითხავთ, ვინ არიან ის კაცები, რომლებიც ქალებზე ძალადობენ?
მარტივია იმის თქმა, რომ ისინი უბრალოდ სასტიკები ან სოციოპათები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის შემთხვევაში მართლაც ასეა. თუმცაღა, კაცების უმრავლესობა, რომელიც ქალზე ძალადობს, სექსუალური დევიანტისა და სოციოპათის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. მოძალადეები, როგორც წესი, ნორმატიული ადამიანები არიან (ანუ მათი ქცევა და იდენტობა კულტურის მიერ ნორმად აღიქმება), რომლებიც ასეთ ფაქტებს კამპუსებსა და სამსახურში სჩადიან. ეს კი ზრდის იმის ცდუნებას, რომ ძალადობა აღქმული იქნას არა როგორც ძალადობა, არამედ როგორც ნორმალური აქტი.
აქედან მივდივართ კიდევ უფრო მნიშვნელოვან კითხვამდე, თუ რამდენი მოძალადე იქცევა სოციალური ნორმების საპირისპიროდ და თავიდან ბოლომდე საკუთარი სურვილების შესაბამისად?
მე ვიტყოდი, რომ ქალზე ძალადობა ხშირად არა ინდივიდუალური ფანტაზიისა თუ სპონტანურობის, არამედ იმ კულტურული ცნობიერების შედეგია, რომლებშიც მოძალადე ყალიბდება.
როგორც ფსიქოლოგმა ჰანს აიზენკმა აღნიშნა, ის, რაც ვიქტორიანულ ეპოქაში იყო სექსი, ჩვენთვის ძალადობაა. კაცები, რომლებიც ქალებზე ძალადობენ, უმეტესად მიჰყვებიან კარგად დასწავლილ სოციალურ სცენარს.
თუ რესტორნის ფუნქციონირების სცენარი ამბობს, რომ მომხმარებელმა უნდა დატოვოს ჩაი (Tip), განურჩევლად მომსახურების ხარისხისა, უმეტესობა ასეც მოიქცევა, თუნდაც მომსახურების ხარისხი არ მოეწონოს. თუ სექსუალური სცენარი ამბობს, რომ ფლირტი სექსით უნდა დასრულდეს, უმეტესობას არ მოუნდება მისი სექსის გარეშე დასრულება და ასეთ დროს ფრაზა „გაჩერდი“, შეიძლება აღქმული იქნას როგორც ამ სცენარის დარღვევის წინაპირობა, რომლის შემოქმედიც უნდა დაისაჯოს. თუ გვინდა, რომ ეს დინამიკა შევცვალოთ, უნდა შევცვალოთ თავად სცენარი.
დავუბრუნდეთ ჯგუფური წნეხის ან გავლენის ფემონენს. ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ხშირად დებენ ძალადობის მსხვერპლი, უგონოდ მყოფი ქალების ფოტოებს. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალური სექსუალური ფანტაზიის ნაყოფია და არა ჯგუფის გავლენის. ფსიქოლოგიური კვლევებიდან ვიცით, რომ როგორც კი ჯგუფი იქმნება, მის მიერ დაწერილ წესზე გაყოლის წნეხი აღემატება ამ ჯგუფის მიღმა გასვლის სურვილს. იმ ჯგუფური წნეხის პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ახალისებს კაცის მხრიდან ქალზე ძალადობას, აუცილებელია, რომ კონკრეტულ სივრცეში, კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული სოციალური ნორმები შეიცვალოს.
როგორ არის შესაძლებელი სოციალური ცვლილების მიღწევა? – ამისთვის ორი ძირითადი საშუალებაა.
პირველი გულისხმობს კანონისა და რეგულაციის ამოქმედებას. ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ იგი მყისიერად მიიღება და მას აქვს უნარი, შეცვალოს ადამიანის ქცევა. თავის მხრივ, ქცევის ტოტალურად შეცვლას აქვს უნარი, რომ შეარყიოს ნორმათა სისტემა. თუმცა ეს მიდგომა გარკვეულწილად შეზღუდულია. ხშირად კანონის შემოტანა უკურეაქციას იწვევს. ალკოჰოლზე დაწესებულმა შეზღუდვამ ახალი დანაშაულებრივი დაჯგუფებები გააჩინა.
მართლმსაჯულების სისტემა მიმართულია იმის დასჯაზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა იმის წახალისებაზე, ვინც კანონს ემორჩილება. ამერიკელი ფსიქოლოგის, ბერეს ფრედერიკ სკინერის ფსიქოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ დასჯა, რომელიც გეუბნება, თუ რა არ უნდა გააკეთო, არ არის საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, თუ რა უნდა გააკეთო. რეალურად ისე ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც დასჯის საფრთხის წინაშე დგებიან, სწავლობენ იმას, თუ როგორ აარიდონ თავი დასჯას და როგორ დაუძვრნენ კანონს.
გარდა ამისა, კანონს არ შეუძლია ბოლომდე შეაღწიოს ადამიანთა კომპლექსურ ურთიერთობაში. სექსუალური ურთიერთობა კი ნამდვილად ასეთია.
მაგალითად, როცა ვსაუბრობთ თანხმობის არსებობაზე, შესაძლოა, ყველა შევთანხმდეთ, რომ ნასვამ და არაფხიზელ ადამიანს არ შეუძლია, სრულფასოვანი თანხმობა გასცეს ერთღამიან ურთიერთობაზე, მაგრამ რა ხდება იმ წყვილის შემთხვევაში, რომლებსაც დიდი ხანია ურთიერთობა აქვთ და სექსი ნასვამ მდგომარეობაში ურჩევნიათ? ოფიციალურ ურთიერთობაში მსგავსი ინტიმური კავშირი ვერბალურ თანხმობამდე არც მიდის ხოლმე, რაც ბუნებრივია, რადგან ასეთი ურთიერთობა ხშირად არ შეიცავს ძალადობას, მაგრამ ხშირად შეიცავს კიდეც. პრობლემა ისაა, რომ პოსტფაქტუმ ამის დადგენა რთულდება ხოლმე.
სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ კანონის იმედად ყოფნა არასოდესაა ოპტიმალური გადაწყვეტილება.
აუცილებელია მიდგომა „ქვემოდან-ზემოთ“, როცა კონკრეტული ადამიანები, ოჯახები და საერთოდ საზოგადოება თავად ცდილობს ახალი საერთო ცნობიერებისთვის ახალი სცენარისა და მოლოდინების შექმნას. დღეს ამის ერთ-ერთ საშუალებას ონლაინ პლატფორმები წარმოადგენენ. მათი საშუალებით ადამიანთა ინფორმირება გაცილებით მარტივი გახდა, შესაბამისად, ეს ქსელები უფრო სწრაფად აღწევენ ყოველდღიურობამდე, ვიდრე ძალაუფლების ცენტრის მიერ წარმოებული იდეოლოგიები.
ერთ ძენბუდისტურ იგავში ოსტატი და შეგირდი მდელოზე სხედან. ამ დროს მათ სიახლოვეს ბუზი გაფრინდება. ოსტატი ხელის სწრაფი მოძრაობით ბუზს ჰაერშივე დაიჭერს.
როგორ ახერხებ ამის გაკეთებას? – იკითხა შეგირდმა.
შენ როგორ ვერ ახერხებ? – კითხვა დაუბრუნა ოსტატმა.
არც ისე დიდი ხნის წინ რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ქალები ინტელექტუალურ დისკუსიებში მონაწილეობას ან მეცნიერებაში კარიერის დაწყებას შეძლებდნენ. დღეს კი იმის წარმოდგენა უფრო რთულია, რომ შეიძლება სხვანაირადაც იყოს. ბევრი რამ, რაც აქამდე შეუძლებელი ჩანდა, კანონისა და კულტურული ცნობიერების შეცვლის შემდეგ თავისთავადი გახდა.
ზუსტად ასე – დღესაც რთულია ისეთი სამყაროს წარმოდგენა, რომელშიც ქალი ისეთი დაცული იქნება, როგორც კამპუსში მოსეირნე კაცი.
როგორ შეგვიძლია ასეთი სამყაროს არარსებობა გავამართლოთ?