fbpx

შემოდგომაზე წასაკითხი 7 რჩეული წიგნი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

მოვიდა შემოდგომა. დამთავრდა ზაფხული. აცივდა. ადამიანები დაბრუნდნენ შვებულებიდან და ჩვეულ რუტინაში გადაეშვნენ. ამ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანია დროის ღრიჭოს გამონახვა და გონების ლიტერატურით კვება. შემოდგომა კი ალბათ საუკეთესო დროა ლიტერატურისთვის – ცივი ამინდი ფანჯრის მიღმა, შიგნით, თბილ ოთახში კი ხელში მომარჯვებული კარგი წიგნი, რომელიც  საინტერესო მოგზაურობაში მიგათრევს. 

წელიწადის ყველა დროს თავისი სპეციფიკური ლიტერატურა სჭირდება – შემოდგომის საკითხავი კი, ამ სეზონის  თავისებურებიდან გამომდინარე, “სერიოზული” ლიტერატურაა, რომელიც მნიშვნელოვან ამბებზე გელაპარაკება, გაფიქრებს და ძალას გაძლევს ცხოვრებაში ჩაერთო. შესაბამისად, გთავაზობთ შემოდგომის საკითხავ რამდენიმე წიგნს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურობას მრავალფეროვნება შემატოთ. 

 

ანდრეი პლატონოვი – ქვაბული, ჯანი, ჩევენგური

გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ გამოცემული ანდრეი პლატონოვის წიგნი ავტორის სამი, უმნიშვნელოვანესი რომანისგან შედგება. მართალია, ავტორს  ტრილოგია არ ჰქონია ჩაფიქრებული, მაგრამ გამომცემლობამ ასე გადაწყვიტა.

ანდრეი პლატონოვი მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ავტორია, რომლის შემოქმედებაც საბჭოთა ცენზურას შეეწირა. მისი ნაწარმოებები რუსეთში 80-იან წლებამდე აკრძალული იყო, რადგან პლატონოვი თავისებური სისხარტით და მოქნილობით აღწერდა საბჭოთა კავშირის აბსურდულობას.  ევროპაში მისი წიგნების გამოცემა უფრო ადრე დაიწყეს – 70-იან წლებში მაგალითად იტალიაში გამოიცა. ამ ამბავს ეპოქალური რეჟისორის, პიერ პაოლო პაზოლინის მიერ დაწერილი რეცენზია მოწმობს, რომელიც პლატონოვის “ჩევენგურს” ეძღვნება.

მისი წიგნები აკრიტიკებს ტოტალიტარულ სისტემას – რომანში “ქვაბული” მთავარი გმირი ვოშჩევი სამსახურს ტოვებს, მას გამგებელი უბრაზდება, რადგან მუშაობის დროს შრომას წყვეტს და ფიქრს იწყებს, რათა საკუთარი არსებობის არსი იპოვოს. შემდეგ ის “საერთოპროლეტარული სახლის” მშენებლობაში ერთვება, რომლის მიზანიცაა მომავლის უტოპიური სისტემის ნაწილი გახდეს. საქმისგან არაფერი გამოდის, და ყველაფერი ქვაბულის მშენებლობით მთავრდება.

ზოგადად, პლატონოვის პერსონაჟები გაურბიან გარემოს, პოლიტიკურ დღის წესრიგს, რათა საკუთარ თავში ჩაიძირონ  და არსი იპოვონ, არსი საკუთარი არსებობისა, და რაღაც მხრივ  დონ კიხოტს ბაძავენ.

იოსიფ ბროდსკი მას მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ავტორად თვლიდა და  დიდი მწერლების – დოსტოევსკის, ჯოისის და კაფკას გვერდით აყენებდა. მართლაც, პლატონოვი გვიან აღმოჩენილი ავტორია, რომელსაც, ჩემი აზრით, ბოლომდე ჯერაც არ გაუშლია ფრთები და ლიტერატურულ სივრცეში საკუთარი მყარი ადგილი არ დაუკავებია. სწორედ ამიტომ, შემოდგომის რეკომენდაციას სტალინის საძულველი ავტორით, ანდრეი პლატონოვით ვიწყებთ. “ნიჭიერია, მაგრამ გარეწარი”, – უთქვამს პლატონოვის წაკითხვისას საბჭოთა ბელადს, სწორედ მისმა ნიჭიერებამ იხსნა მისი სიცოცხლე.

 

მარსელ პრუსტი – სოდომი და გომორი

​არის  წიგნები, რომლებსაც არ სჭირდება განსაკუთრებული განწყობა,  ყველგან და ყოველთვის იკითხება – შეგიძლია ნებისმიერ დროს გადაშალო და დაიწყო კითხვა, ჩაერთო სხვა სამყაროში, შემდეგ გადადო გვერდზე და ნებისმიერ დროს დაუბრუნდე, იკითხო ასე ნელა,  ინტერესით. სწორედ ასეთი წიგნების რიგს მიეკუთვნება დიდი მოდერნისტი მწერლის, მარსელ პრუსტის უკვდავი რომანი “სოდომი და გომორი”.

პრუსტი ბავშვობიდან  სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდა. არსებობს ცნობები, რომ ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, სახლიდან არასდროს გადიოდა. მიუხედავად ამისა,  ბრწყინვალედ ფლობდა თავისი დროის ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე ინფორმაციას, მეტიც, მისთვის გარკვეულწილად აზარტიც კი იყო ეწერა გარე სამყაროზე, ანუ იმაზე, რასაც ვერ ხედავდა, რასთანაც შეხება არ  ჰქონდა. 

ის მოგზაურია – ერთი ემოციიდან მეორეში გადადის, შეუძლია დაყნოსოს ჩაი, და  სუნმა ბავშვობაში წაიყვანოს, შემდეგ ჩახლართოს ამბები და ეძიოს სხვადასხვა სამყარო. პრუსტმა გარკვეულწილად შეცვალა კიდეც კაცობრიობა. ამ  რომანში კი ავტორი მაღალი საზოგადოების ზნეობრივი დაცემის თემას იკვლევს, რომლის ცენტრშიც ბარონი დე შარლიუ გვევლინება. პრუსტი სწავლობს ადამიანის ვნებებსა და მისწრაფებებს, მისი დიდი მწერლობა სწორედ მის დიდ კრიტიკოსობაზე გადის.

 

კნუტ ჰამსუნი – შიმშილი

შიმშილზე ბევრი წიგნი ვიცით, ასე თუ ისე ვიცნობთ ამ თემას (თუნდაც შალამოვის “კოლიმური მოთხრობები” რად ღირს), კითხულობ და შიმშილს, როგორც მეცნიერების დარგს ისე ითვისებ. თანაც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც თვე არ გავა, სახელმწიფოსგან უკმაყოფილო რომელიმე ჯგუფმა შიმშილობა არ გამოაცხადოს. გარდა ამისა, ქვეყანაში უამრავი ადამიანი  შიმშილისგან კვდება, ბოლო დროს მედიასივრცეში რამდენიმე ინფორმაციაც კი გაჩნდა შიმშილისგან დაუძლურებული ადამიანების თვითმკვლელობის ფაქტზე. . ამდენად ეს საშინელი მოვლენა ჩვენთვის ნაცნობია.

კნუტ ჰამსუნის ”შიმშილი” სხვა სიმაღლეა, კითხულობ წიგნს და მთელი არსებით მასში ხარ, პროტაგონისტის მდგომარეობა მთლიანად შენზე გადმოდის და მთელი კითხვის განმავლობაში შიმშილის გრძნობა გეუფლება. ეს დაუჯერებელი ლიტერატურული ოინია. 

წიგნის მთავარი გმირი ინტელექტუალური რესურსით შოულობს ფულს, ის სტატიებს წერს ჟურნალისთვის, თუმცა არის მომენტი, როცა არ აქვს განწყობა, არც იმდენი ანაზღაურება,  რომ კუჭი დაიკმაყოფილოს. 

ზოგჯერ ნაფოტს ლოღნის, ქვას წუწნის და თითიდან წამოსული სისხლით იკვებება. გასაყიდიც არაფერი აქვს დარჩენილი. გზაზე მიერეკება, მათხოვარი ხდება, როგორც კი რამე პატარა კაპიტალი მოუგროვდება,  სხვისკენ იშვერს – “შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისათვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო”, – ამბობს ის, და მაინც საკუთარი სიტყვების წინააღმდეგ მოქმედებს. 

ეს არის დიდი წიგნი, უდიდეს ადამიანურ მდგომარეობაზე, და რა თქმა უნდა, შიმშილზე. მშიერ ადამიანზე საშიში კი, ჟანრის კანონის თანახმად, არავინ და არაფერია. შემოდგომის ცივ ამინდებში რეკომენდებულია – თბილად მოკალათება და საზიზღარ უმწეობაში გადაშვება, ანუ კნუტ ჰამსუნის  “შიმშილი”.

 

ჟოზე სარამაგუ – იესოს სახარება

სარამაგუ უდიდესი მწერალია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი პოსტმოდერნისტი ავტორი, ვინც კი ჰყოლია ლიტერატურას. წერა გვიან,  51 წლისამ დაიწყო, ეს ამბავი კი ლიტერატურაში კარგად მოქმედებს, აგერ უმბერტო ეკოც გვყავს მაგალითად, რომელმაც უამრავი გამოცდილება მიიღო და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო წერა. 

იგივე ამბავია პორტუგალიელ ნობელიანტ სარამაგუსთანაც, რომელმაც ყველაფერი შეისწავლა, რაც სჭირდება ლიტერატურას – ლიტერატურათმცოდნეობის სიღრმეში ჩავიდა, ყველა ოინი აითვისა, კარგად შეისწავლა ბიბლია და სახარება, და სწორედ ამ თემებზე დაიწყო წერა. მისი “იესოს სახარება” კი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია, რაც სახარების ინტერპრეტაციით დაწერილა. 

ლიტერატურის გამოცდილი მკვლევრები ასე ამბობენ: ყველაფერი, რაც სახარების შემდეგ დაიწერა, სახარების გაგრძელებაა – არ ვიცი, რამდენად შეეფერება ეს სიტყვები ლიტერატურას, თუმცა  შესანიშნავად ესადაგება ჩვენს მთავარ გმირს – ჟოზე სარამაგუს, რომელმაც “იესოს სახარებაში” ახალი რეალობა გამოიგონა – წიგნი, ერთი მხრივ, რეალურ, სახარებისეულ სცენებს იმეორებს, მეორე მხრივ კი, ძირითადად,  საკუთარ გამოგონილ სამყაროს ქმნის, სადაც ბიბლიური პერსონაჟები, უბრალოდ პერსონაჟები არიან, და არავითარი საერთო არ აქვთ თავის საწყის მდგომარეობასთან. 

აქედან გამომდინარე, წიგნის წაკითხვა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სახარებას არ იცნობთ,   და თუ იცნობთ ამ დიდ წიგნს, ეს ორმაგი იარაღია თქვენთვის, რადგან სარამაგუსთან აღმოჩენილი დეტალები გაგახარებთ. 

ერთი სიტყვით, ჟოზეს ზოგჯერ ლამის ერთ გვერდზე გაწერილი წინადადებები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, და ამ ავტორს სამუდამოდ შეგაყვარებთ. ის ენობრივი მონსტრია, და ჩემი აზრით, სახარების ერთ-ერთი “ქვეთავის” ავტორის, იოანეს შემდეგ, მასზე დიდი ენობრივი უტოპია არავის შეუქმნია. იკითხეთ, ისიამოვნეთ და რაც მთავარია  შეიმეცნეთ.

 

ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო…

გენდერული ნიშნით ავტორების დალაგება მძაგს, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგი ლიტერატურაზეც გადმოდის,  და ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, მცირე გამონაკლისების გარდა, როცა წიგნის კითხვისას მარტივი გამოსაცნობია ავტორის გენდერი. ეს ამბავი კი სრულიად მეორეხარისხოვანი ხდება  სულ რამდენიმე დღის წინ ხელახლა გამოცემული უმნიშვნელოვანესი ქართული რომანის – “ვა, სოფელოს” კითხვისას, რომლის ავტორიც ზაირა არსენიშვილი გახლავთ. 

ფართო საზოგადოება არსენიშვილს მწერლად და კინოსცენარისტად იცნობს, მისი უმთავრესი რომანი 2003 წელს გამოიცა, მისი რეპრინტი კი სულ რამდენიმე კვირის წინ,  რაც ამ წიგნის თანამედროვეობაზე და იმაზე მეტყველებს, რომ ის მკითხველს უსამართლოდ გამორჩა. წიგნში ამბავი მეოცე საუკუნის 20-50-იან წლებში ვითარდება, კახეთში, კერძოდ კი თელავში, და სამი ქალის თავგადასავალზე  მოგვითხრობს, რომელთა ისტორიებიც მთლიანად აისახება და ერთგვარი ლუსტრაციაა იმდროინდელი საქართველოსი.

არსენიშვილს ბრწყინვალე თანმიმდევრობით აქვს აღწერილი დრო, რა ხდებოდა, ვთქვათ, 20-იან წლებში, და რა ხდებოდა 30-იანი წლების შემდეგ. წიგნი ენობრივი სიმდიდრითა და ზომიერად მხატვრული სტილით გამოირჩევა, ასევე ის სავსეა უამრავი სოციალური პრობლემით. 

 

ოსკარ უაილდი – ბროწეულის სახლი

ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, როცა  შემოდგომა მოდის, ყოველთვის ოსკარ უაილდის გენიალურ ზღაპარს, “ბროწეულს სახლს” ვკითხულობ. ზოგადად, უაილდი უხდება ამ სეზონს, თითქოს მისი ყველა ნაწარმოები შემოდგომის საკუთრებაა, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რომელიც არ არის სტანდარტული ზღაპარი,  ბავშვებისთვის განკუთვნილი. ეს სხვა ზღაპარია. უფრო სხვა ასაკისთვის და დროისთვის შესაფერისი, შესაბამისად, აქ მოთხრობილი საოცარი ამბავი, წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის ჰუმანიზმია, ამ ამბავში კი უაილდს ბადალი არ ჰყავს – მისი კითხვისას შეუძლებელია, ადამიანურ მდგომარეობას არ მიენდო და მოვლენებზე არ დაფიქრდე. უაილდი მორალის, ყალბი გრძნობების, ეგოიზმის და ანგარების მამხილებელი ავტორია, რომელიც შესანიშნავად ჩანს მის ბრწყინვალე ზღაპარში – “ბროწეულის სახლი”. 

შემოდგომა უაილდის გარეშე უინტერესოა –  გაიხსენეთ, ან თუ წაკითხული არ გაქვთ, წაიკითხეთ ეს ზღაპარი, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.

 

ზვიად რატიანი – ნეგატივი

დაბოლოს, რატომღაც პოეზია გადავწყვიტე, თან, თანამედროვეობაში პოეზიამ თითქოს გვერდზე მიიჩოჩა და მისთვის ადგილი აღარ დარჩა. გამოდის რომანები, მოთხრობების კრებულები, მკითხველები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს მოვლენებს, თუმცა, თითქმის ყოველთვის თვალს მიღმა რჩება პოეტური კრებულები, რაც გულდასაწყვეტი ამბავია. 

პოეზიის ადგილი ყოველთვის განსაკუთრებულია, განსაკუთრებით სწორედ შემოდგომაზე. ამიტომ, საქართველოს რესპუბლიკის დახმარებით, ემიგრაციაში გახიზნული პოეტის, ზვიად რატიანის, ჩემი აზრით, ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტური კრებული “ნეგატივი” უნდა გირჩიოთ. როგორც არსენიშვილის წიგნის, ასევე რატიანის წიგნის რეპრინტი  თავისთავად მნიშვნელოვანი ამბავია.

რატიანის ლექსების კრებულში ბევრი ადგილი უკავია შემოდგომას, სიყვარულს, ღალატს, ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაკვირვებას, და რაც მთავარია სამშობლოს – სწორედ ამ წიგნშია შესული ეპოქალური ლექსი “ნეგატივი 20 წლის შემდეგ”.

ცოტა ხნით გადადეთ საქმე, ან გამონახეთ ღრიჭო ცხოვრებაში, თავი მიანდეთ პოეზიას და ზოგადად, ლიტერატურას. ეს მთავარი რეკომენდაციაა.

 


რეკომენდებული სტატიები
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
წიგნები, რომლებიც ბავშვებს კითხვის პროცესს გაუმარტივებს

წიგნები, რომლებიც ბავშვებს კითხვის პროცესს გაუმარტივებს

წიგნები, რომლებიც ბავშვებს კითხვის პროცესს გაუმარტივებს
თუ თქვენს მცირეწლოვან ბავშვს წიგნის კითხვა ეზარება, შესთავაზეთ ისეთი წიგნები, რომლებიც დამწყებ მკითხველს გავარჯიშებაში დაეხმარება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.