fbpx

ჩემი გალაკტიონი ანუ მათემატიკის რვეულის საქმე


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი კეკელიძე

 

გალაკტიონ ტაბიძე დედაჩემის მათემატიკის სქელი რვეულია.  

,,უსიყვარულოდ, მზე არ სუფევს ცის კამარაზე’’

უკეთესები ლექსებიც აქვს? ვიცი. ვიცი. ბევრად უკეთესი. ისიც ვიცი, რაც ზეპირად გვახსოვს, უმეტესი მათგანი, ,,დაუზეპირებლებს’’ ბარემ ლურჯა ცხენების გაჭენების მანძილზე ჩამორჩება, მაგრამ მაინც. კითხვა რომ ვისწავლე, დედაჩემის გამოწერილი ლექსების რვეული იყო მათ შორის, რაც შემომაჩეჩეს. კი, ასეთი რვეულები არსებობდა მაშინ. რატომღაც მხოლოდ ქალებს ჰქონდათ. და იქ პირველი ეს ლექსი ეწერა, გამოყვანილი ასოებით და დიდი სიფრთხილით.  პოეტობა ეს არის და არა რაღაც ანთოლოგიებს დართულ მიმოხილვებში მოხვედრა. პოეტი უნდა შეგხვდეს ყველგან. წიგნებში, რვეულებში, მატარებელში.

კი, ვაგონში რომ ავაბიჯებ, პირველი გალაკტიონ ტაბიძე მხვდება:

  ,,მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი’’

მთებს რომ გავხედავ, კენწეროზე გაღიმებული გალაკტიონი ზის და მეკითხება:

,,გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?’’

მთებს კი არა, დომინოს რომ ვთამაშობ, ჩვეულებრივ დომინოს, სანამ ჩემი მეზობელი, მართლა ბუმბერაზი კაცი, შაში-პუსტა ღლონტი გამახსენდება, დედაჩემი რვეულის ძალით, ეს მაშინ გაუგებარი და ცოტა შემაშინებელი ლექსი მეჯახება, სულ, სულ სხვა დომინოზე, არაჩვეულებრივ დომინოზე დაწერილი:

„აქ ხშირად ვხედავდი საყვარელ აჩრდილებს:
უეცარი გახელა, საოცარი შენობა,
როგორ მოვანდომინო. მესმის უცხო სახელი,
მტანჯავს მე უშენობა, იდუმალო დომინო’’

იმიტომ, რომ პოეზია არის ანგელოზი,  მიწაზე მდგომი. მეტიც, ის ერთადერთი უფრთო ანგელოზია. აქ, ჩვენ შორის მოხეტიალე. მოსაწყენ ყოველდღიურობაში. ჭუჭყში, ტკივილში, შურში, ქარში, მაცივარში, კომპიუტერში მოხეტიალე. ოღონდ ანგელოზი.

,,მოდარაჯე კაცის თვალი ჭირდება’’

ჰოდა, რვეულიდან რომ წიგნებს მივაკითხე, ფოტოზე თავიდან ეს მოდარაჯე  კაცი აკაკი წერეთელში მეშლებოდა. კი გაუხარდებოდა ისე ეს გალაკტიონს. თავის დროზე წვერიც ამიტომ  მოუშვა, აკაკის დამსგავსებოდა. დაემსგავსა კი არა, შორსაც გაასწრო – ასეც და ისეც. თუმცა ეს სხვა საქმეა და აკაკის ვერ დააკნინებს. უბრალოდ გალაკტიონი იჯდა უცნაურ ცხენზე.  სხვანაირ ცხენზე. და თვითონაც სხვანაირი გახდა.

გალაკტიონს უყვარდა, გიჟი რომ ეგონათ. გიჟდებოდა ამ სიგიჟეზე. დედამისის ამბები. გატუნიობის დრო. და მერე უკვე დიდ გატუნია რომ ჩავიდა და მზის სხივებს რომ კოცნიდა. გიჟდებოდა ასეთ სიგიჟეზე. და მერე ამ ამბების მოყოლაზე. და იმაზე ხომ საერთოდ, ლოთი რომ ეგონათ.

არის ერთი სრულიად გენიალური ფოტო, როც გალაკტიონს მინერალური წყლის ბოთლი უჭირავს და ჰაერში ასხამს. ერთი შეხედვით, ყველას შემთვრალი კაცი ეგონება, ხელში ღვინით. უკან საგანგებოდ აქვს მიწერილი: ,, გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის, “ვარძიის” ბოთლით ხელში. როდესაც სურათი გადაუღიათ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან “სხვებს ღვინო ეგონობათო”. 1955 წლის ივლისი. ’’ 

ეს რომ გადაიღო, ხომ იცოდა, რომ ეგონებოდათ. რომ თხოვა, ისიც ხომ იცოდა, რომ მაინც დაბეჭდავდნენ. ადრე თუ გვიან. განა გალაკტიონი არ სვამდა. სვამდა. ღვინოსაც. მაგრამ ხომ ხვდებით ახლა რისი თქმაც მინდა. ამიტომაც არის დიდი.  უდიდესი მისტიფიკატორი. და ეს ფოტო, დედაჩემი რვეულის მერე, არის ჩემთვის გალაკტიონი.

მესამე გალაკტიონი ჩემთვის ეს ლექსია. დღეში ერთხელ ვამბობ ლოცვასავით. და ამ ლექსითვე დაგემშვიდობებით. დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.

,,ქარი დასცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
          ჩამავალ მზეს, ჩამავალს…
მე გიცქერი, როგორც ქარვას,
შორითშორად ფიქრი წარვალს,
თან გაატანს ქართა ქარვას
         ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
ო, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,
ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად,
რად მიყვებით ასე მკაცრად
         ჩამავალ მზეს, ჩამავალს’’

15,193 total views, 1 views today


რეკომენდებული სტატიები
გალაკტიონის ლექსები ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად

გალაკტიონის ლექსები ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად

გალაკტიონის ლექსები ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად
დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა. ჩვენ კი მის ცნობილ ლექსებს ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად წარმოგიდგენთ.
დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა

დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა

დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა
ვინ იცის როგორ იცავდა თავის ტერიტორიას? ყველგან ნაღმი დადო: საწერ მაგიდაზე თაიგულები, თაროზე ივლისისფერი ყინვის თასები,კართან ლურჯა ცხენები დააყენა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.