fbpx

ივლისის სახელოვნებო აფიშა – 2022


გააზიარე სტატია

 

სანამ ზაფხული მთელი ძალით დაგვატყდება თავს და აქტიური სახელოვნებო ცხოვრებაც შემოდგომამდე დაგვემშვიდობება, გთავაზობთ ივლისის აფიშას, ღონისძიებებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, არ უნდა გამოტოვოთ.

 

თბილისი – გიორგი ოტიაშვილი

“დედიკას გალერეაში” გიორგი ოტიაშვილის გამოფენა – “თბილისი” მიმდინარეობს. ექსპოზიცია შეიძლება მხატვრის რეტროსპექტიულ გამოფენადაც ჩაითვალოს, რომელიც 2019-2022 წლებში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს.

“სწორედ „თბილისი“ წარმოადგენს გამოფენის მთავარ ექსპოზიციას. ეს არის 2021 წლის ზაფხულში კორპუსის სახურავზე შექმნილი, გუაშში შესრულებული მცირე ზომის ეტიუდები, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა , როგორც ერთგვარი სავიზიტო ბარათების ალბომი. ასეთივე სიმბოლოებით სავსე მოგონებებად არის ქცეული კარგად ნაცნობი ტურბოს მარკები და ჩამავალი მზის ფონზე გატარებული ბავშვობაც”.

უფრო ვრცლად  გამოფენის შესახებ წაიკითხეთ  ჩვენს სტატიაში.

 

ზურა აფხაზი – ქვების ხმაური

12 ივლისს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ხათუნა ხაბულიანის კურატორობით, ზურა აფხაზის გამოფენა – “ქვების ხმაური” გაიხსნა. მულტიმედიური გამოფენა ზურა აფხაზის ბოლო წლების ნამუშევრებს აერთიანებს. მხატვრის შემოქმედებაზე გავლენა ახალი გერმანული ექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელმა ბრუტალურობამ, დიდმა ფორმატებმა და ტექსტურაზე აქცენტებმა მოახდინა, რაც ზურა აფხაზის შემოქმედებაში ორიგინალურ მრავალფეროვნებად განვითარდა. 

გამოფენის წარმდგენია “დედიკას გალერეა”, ვიდეო-ჩანართებზე ლექსო სოსელიამ და უჩა წოწერიამ იმუშავეს, ხოლო ხმოვანი ნაწილი დიმა დადიანს ეკუთვნის.

ზინკა ბარნოვი: სახეები და დეტალები

14 ივლისს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ზინკა ბარნოვის ფოტოების სოლო გამოფენა – “სახეები და დეტალები” გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც ხელოვანის შემოქმედების ერთგვარ კოლაჟს წარმოადგენს, თავმოყრილია  ცნობილი ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტები ქართული თუ მსოფლიო კულტურული სივრციდან. შავ-თეთრ და ფერად ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, გია ყანჩელი, მაია პლისეცკაია, ელისო ვირსალაძე, ოთარ იოსელიანი, ნანა ჯორჯაძე, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, კოკა იგნატოვი, ირაკლი ოჩიაური, ლიკა ქავჟარაძე, ნინო ქორიძე, ირაკლი ჩარკვიანი, რეი ჩარლზი.

გამოფენის კურატორია კონსტანტინე ბოლქვაძე. 

უფრო ვრცლად  გამოფენის შესახებ წაიკითხეთ  ჩვენს სტატიაში.

 

თეკლა კიღურაძე – დამალული ნაპერწკლები

The why not gallery-ში ხელოვან თეკლა კიღურაძის პირველი სოლო გამოფენა – დამალული ნაპერწკლები მიმდინარეობს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრის ფიქრებია ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლის შესახებ. საკუთარი თავის ძიება ამ მოგზაურობაში და  ბავშვობის მოგონებები ხელოვანისთვის სულ სხვა შინაარსს იძენს. 

“ეს გამოფენა თითქოს  აჯანყების აქტია დავიწყების წინააღმდეგ, ოდაა იმ ფარული ნაპერწკლებისადმი, რომლებიც გვინათებენ ცხოვრების გზას, ჩვენი მცველები არიან, როცა  სევდასთან ბრძოლა გვჭირდება და თავშესაფარს გვთავაზობენ, მაშინ როცა უიმედოდ ვეძებთ მას”.

უფრო მეტი გამოფენის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში

სერ სერპასი – Monakhos

გალერეა LC Queisser-ში სერ სერპასის გამოფენა – Monakhos  გაიხსნა. ამერიკელი ხელოვანი, პოეტი და აქტივისტი მუშაობს და ცხოვრობს პარიზში, Monakhos კი მისთვის მეორე შოუა თბილისში. გამოფენაზე წარმოდგენილია გადაუჭიმავ ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებული ნამუშევრები, რომელიც შინაარსობრივადაც ესადაგება გამოფენის სათაურს – “განმარტოებულს”. ნახატები ხელოვანის ნებაყოფლობითი იზოლაციისას, რელიგიური პოდკასტების და აუდიო-წიგნების მოსმენისას შეიქმნა.

უფრო მეტი გამოფენის შესახებ წაიკითხეთ  სტატიაში

Fabrika Ciné-Club: Vivre Sa Vie (1962)

19 ივლისს, საღამოს 9 საათზე ფაბრიკაში ჟან-ლუკ გოდარის 1962 წლის ფილმს – Vivre Sa Vie  კინო-კლუბში  აჩვენებენ. ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. 

მზიური – კინო მზიურში

21 ივლისს კაფე მზიურის პროექტის, “კინო მზიურში” ფარგლებში ქეთი მაჭავარიანის ფილმის – “მზიურის” ჩვენება გაიმართება.

“დოკუმენტური ფილმი “მზიური” გვიამბობს ქალზე, რომელიც ადამიანებს სახლში სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად სტუმრობს. სიუჟეტი მაყურებელს საშუალებას აძლევს თბილისის ბინებში შეიხედოს და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების მონაწილე გახდეს”.

ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.