„ძედავშინა“ და დიდი საპროტესტო მატერიკი
ავტორი: გური ზაქარეიშვილი
ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ შევძლებდი ამ ისტორიის გამომზეურებას. 2024-25 წლის აქციებში მონაწილეობის გამო ვიღაცები მეკითხებოდნენ, თუ რას ვაპროტესტებდი? მეც მარტივად ვუხსნიდი: “საბჭოთა კავშირში დაბრუნებას”. ზოგიერთის პასუხი იყო გამაოგნებელი: “გააჩნია, რომელი დროის საბჭოთა კავშირში…”
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ენატრება ის წლები და მიაჩნია, რომ რომელიმე მონაკვეთი იმ რეჟიმისა იყო კარგი, მოვყვები ამბავს საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე “კარგი” პერიოდის ორი წელიწადის შესახებ.
ასე რომ, გადავწყვიტე არ მარტო მათთვის ამ ისტორიის მოყოლა.
ოთხმოციანების დასაწყისში ასეთი წეს-კანონი მოქმედებდა, თუ უმაღლესში ჩავაბარებდი, ჯარში არ წავიდოდი, მაგრამ, მოულოდნელად იცვლება კანონი: პირველკურსელები მიჰყავთ ჯარში. მამაჩემმა პირობა მომცა, რომ მე ეს არ შემეხებოდა, მთავარი იყო სტუდენტი გავმხდარიყავი და მანქანასაც კი მიყიდდა. ჩემთვის მისი ნათქვამი აღმოჩნდა საკმარისი მოტივაცია და ორწლიანი მომზადების შემდეგ გავხდი “გეპეის” სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ გამოცდები აღმოჩნდა საკმაოდ რთული, ჩემზე ძლიერებიც ვერ გაუმკლავდნენ კონკურსს და დაბალი ნიშნები მიიღეს. მამაჩემს ვთხოვე, რომ მათემატიკის გამოცდა “ჩაეწყო”. დიდი ხნის მტკიცების შემდეგ მამამ მაინც ვერ დამარწმუნა, რომ მე თვითონ ჩავაბარებდი იოლად (ჩემგან განსხვავებით, მას ჩემი იმედი ჰქონდა). გამოცდის წინა დღეს გამაცნო ერთი პიროვნება და შევთანხმდით, რომ ის დამეხმარებოდა. მეორე დღეს ძალიან მშვიდად შევედი გამოცდაზე, რომელიც სამი საათი გრძელდებოდა, თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ მივხვდი, რომ დამხმარე აღარ გამოჩნდებოდა, თვალი გადადავავლე საგამოცდო ფურცელს, აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა საკითხის ამოხსნა შემეძლო, რისთვისაც სულ საათ-ნახევარი დამჭირდა. ამასობაში, შევნიშნე მტირალი გოგონა და მასაც შევეშველე. მე ოთხიანი, მან კიდევ სამი ქულა აიღო და ჩააბარა. მამაჩემმა მოგვიანებით აღიარა, რომ იმ პიროვნებას, რომელიც თითქოსდა უნდა დამხმარებოდა, გამოცდებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
და, რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად მამის დაპირებისა, წავედი ჯარში.
ჯარში ჩემს წასვლაზე მამაჩემი ფიქრობდა ჩემგან დამოუკიდებლად… განიხილებოდა ორი ვარიანტი: საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მსახურების შემთხვევაში, იყო ავღანეთში გაგზავნის საშიშროება, ხოლო ევროპის რომელიმე ქვეყანაში მსახურება ამცირებდა ავღანეთში გადაგზავნის რისკს. ასე აღმოვჩდი უნგრეთში, საბჭოთა საოკუპაციო ჯარში.
წასვლის წინ ბევრ ყოფილ ჯარისკაცს გავესაუბრე და გამოვიტანე დასკვნა: თუ არ იქნები “მგელი”, მაშინ ხარ “ცხვარი”. სხვა ვარიანტი არ არის.
წასვლამდე ოჯახმა დიდი სუფრა გაშალა, ასეთი გაცილება მომიწყვეს. ჩემი ძმაც სპეციალურად ჩამოფრინდა ყაზანიდან, სადაც ის სწავლობდა. თითქმის ყველა მეგობარს დავუძახე, თამადა, რა თქმა უნდა, თვითონ გახლდით. ტრადიციულ სადღეგრეძელოებს შორის ამაღლებული ეპითეტებით შევამკე ქართველები, რასაც ჩემმა ძმამ მოაყოლა, დამოუკიდებლობას კი მივიღებთ, იმედია, მაგრამ მერე უფრო გამოჩნდება, ქართველები როგორ მოექცევიან ერთმანეთსო… მისგან ეს ძალიან გამიკვირდა… 1982 წლის შემოდგომა იყო…
საბჭოთა ჯარში დიდი ხანია, არსებობს “ძედავშინა”, რომლის დაუწერელი წესები ასეთია: პირველი ნახევარი წელი არაფრის უფლება არ გაქვს (ამ ეტაპზე მყოფს ჰქვია “სალაგა”), ყველა “ვალდებულია” შენ დაგჩაგროს, შენც ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შეასრულო, ყველანაირი დამცირება აიტანო; ვალდებული ხარ ყველას მაგივრად იმუშაო, გარეცხო, გაურეცხო, დაალაგო, დაულაგო. ასეთებს ღამე, ფაქტობრივად, არ ეძინათ (ერთადერთი, ჯარში სექსუალური დამცირებების შესახებ არ მსმენია არაფერი). “ყველა” დანარჩენი რეალობაა. ვისაც ნამსახურები ჰქონდა ექვსი თვე, “სლონი” ერქვა, ერთი წელი რომ გადის – “ფაზანი” ხდება, წელიწად-ნახევარში – “ძედი”, ვინც ექვს თვეში მიდის სახლში – “დემბელი”. „ძედს“ უფლება აქვს ყველას დამცირების, “ფაზანი” ჩაგრავს ყველას, “ძედის” გარდა, ექვსი თვე ვისაც აქვს ნამსახურები, ის “სალაგას” ჩაგრავს. ოფიცერები ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ.
უნგრეთში განაწილების ცენტრიდან გამიშვეს სარაკეტო ბრიგადაში, ალბათ, ჩემი სტუდენტობის გამო. ეს იყო ქალაქ დამბოვარში. ვფიქრობ, გადამეტებულად ვცდილობდი ჩემში “მგლის” ხასიათის გაღვიძებას. სანამ სამხედრო ფიცს დავდებდი, რამდენიმე სერიოზული კონფლიქტის შესახებ გაიგო ბრიგადის ხელმძღვანელობამ. “ძედავშინის” წესების დაუმორჩილებლობის გამო ჯერ კომკავშირიდან გამრიცხეს (კომკავშირში შევედი მეათე კლასის ბოლოს, 1981 წლის გაზაფხულზე, დედაჩემის თხოვნით, მას ეშინოდა, რომ უმაღლესში საბუთებს არ მიიღებდნენ), შემდეგ გადაწყვიტეს ჩემი გამოშვება უკან, საბჭოთა კავშირში. აქ იწყება ჩემი და უკრაინელი ოფიცრების ურთიერთობა… უკრაინელმა მაიორმა, რომელსაც დაევალა ჩემი უკან გამოშვება, ჩემ შესახებ რაპორტი არ ჩაიტანა განაწილების ცენტრში, გადამაგზავნა სხვა ნაწილში და ამიხსნა, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემთხვევაში ციხე არ ამცდებოდა… აჯობებს, აქ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდანო.
ევროპაში და საერთოდ უცხოეთში პირველად ვიყავი, პირველივე კვირებში, ჩემი სამხედრო ნაწილიდან გაძევების გამო, მომიწია უნგრეთის დათვალიერება, და არა მარტო მატარებლიდან. ამ ქვეყნით ძალინ მოვიხიბლე, თავისი ქვეყნისადმი დამოკიდებულებით. მთელს უნგრეთში მატარებლიდან ჩანდა, დიდი ჯოხიანი კანფეტების მსგავსად სხვადასხვა ფერის ბურთები, აღმოჩდა წყლის რეზერუარები, რომლებიც იქაურობას ძალიან ალამაზებდა. მიუხედავათ სოციალისტური ქვეყნისა, იქ უფრო იგრძნობოდა თავისუფლების სურნელი. ოკუპანტების მიმართ დამოკიდებულება ჩანდა თითოელი უნგრელის გამოხედვაში. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ოცდაექვსი წელი იყო გასული 1956 წლის ცნობილი მოვლენებიდან.
სადაც მე ვმსახურობდი, დამბოვარი და შარბოგარდი, თავიდან მეგონა პატარა ქალაქები, შემდეგში აღმოჩდა სოფლები. ამ სოფლებში ყველაფერი ისეთი მოწესრიგებული იყო, მაგალითად ვერ ნახავდი გზაზე ორმოს, ვერ ნახავდი მეორე ხარისხოვან გზასაც კი, დახაზული რომ არ ყოფილიყო. ჩემი ყაზარმის ფანჯრიდან ვენახები მოჩანდა. ვენახის თითოეულ რტოს ლამაზი და გასაოცრად ერთნაირი ფორმა ჰქონდა, მიწა ისეთი მოწესრიგებული იყო, ხალიჩა გეგონებოდა, ვენახთან მიმართებაში ჩემი შთაბეჭდილება, მახარაშვილის არ იყოს – აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო… უნგრელების სამზარეულო ხომ ცნობილია, მაგრამ მე მანამდე არც ვიცოდი უნგრელებს კუპატიც თუ ჰქონდათ, ქართულისგან განსხვავებული სუნელებით და სახელით.
შემდეგი განაწილებით მოვხვდი უნგრეთის ქალაქ შარბოგარდში, სატანკო პოლკის საარტილერიო ბატალიონში. ჩაგვიყვანეს ახალწვეულები (“სალაგები”), შეგვიყვანეს ყაზარმაში, დაგვაწყვეს. ვინც დაგვხვდა, ყველა ცდილობდა ჩვენს დამცირებას. ჩემთან მოვიდა კავკასიური გარეგნობის ჯარისკაცი და ქართულად მომესალმა. გამიხარდა ქართულის გაგონება, აღმოჩდა ჩეჩენი, სახელად ბაშირი – “ფაზანი” (სულ მეგონა ბაშირი წინა ცხოვრებაში არწივი იყო), რომელმაც მითხრა, თუ რამე დაგჭირდება, მომმართეო.
“სალაგები”, ყველანი, დაემორჩილნენ დამცირებას, ჩემგან იგივე რომ ვერ მიიღეს, დამიპირისპირდნენ, რამდენიმე ადამიანმა გამოიწია კიდეც და ცოტა ხანში ატყდა დაუნდობელი ჩხუბი. “სალაგები” ზიზიღით მიყურებდნენ. ჩხუბი მორჩა, გავილახეთ ორივე მხარე, ამ დროს ბაშირი მომიახლოვდა და მეკითხება: რამე ხომ არ გჭირდება? ძალიან გაბრაზებულმა არაფერი ვუპასუხე, ვფიქრობდი, თუ დახმარება უნდოდა, ჩხუბში მომშველებოდა-მეთქი. ასე რამდენჯერმე გამეორდა: ბაშირი ყველა ჩხუბს ყურადღებით აკვირდებოდა და მხოლოდ შემდეგ მეკითხებოდა, რამე ხომ არ გინდაო. პასუხად ძალიან გაკვირვებული ვუყურებდი. ერთი ჩხუბის შემდეგ თავგატეხილი მოვხვდი “სანჩასტში”. ვხედავ, ბაშირი მოვიდა სანახავად. ხელი ჩამომართვა და მითხრა, ძმები ვართო. აღმოჩნდა, რომ ასე მცდიდა და მეც ის “გამოცდა” თურმე წარმატებით ჩამიბარებია. ამის შემდეგ ჩვენ ერთად ვიყავით. მისგან ბევრი ვისწავლე… პირველი, რაც მირჩია, სამხედრო საქმის კარგი შესწავლა იყო. არგუმენტად დამისახელა, რომ საქართველოს გამოადგები და ჯარშიც ეცოდინებათ შენი ფასიო. ორივე არგუმენტი სწორი აღმოჩნდა: აფხაზეთის ომში ჩემი პროფესიონალიზმი ქვეყანას გამოადგა. ჯარში ყოფნის დროს “ძედავშინისადმი” დაუმორჩილებლობის გამო 37-ჯერ დამაპატიმრეს სხვადასხვა ვადით, თუმცა ყოველთვის, როცა კი პოლკი მონაწილეობდა “უჩენიებში” (სამხედრო წვრთნები) მე გამოვყავდი “გაუბვახტიდან” და ვიღებდი მონაწილეობას ამ სამხედრო სწავლებაში. მაშინ ვგრძნობდი ჩემდამი პატივისცემას. ბაშირის რჩევა გამართლდა.
ჯარში წასვლამდე ავტომატიდან კარგად ვისროდი, “პრისიაგის”, ანუ ფიცის მიღებამდე, სროლაში გამოცდაზე კარგი მაჩვენებელი მქონდა, რაც ოფიცრებს ძალიან გაუკვირდათ. თავიდან მასროლინეს. უკეთესად რომ ვისროლე, ამის შემდეგ ჩემდამი ყურადღებას იჩენდნენ.
რამდენიმე თვე მქონდა ნამსახურები, როცა გავიგე პოლკში ქართველი ოფიცრის შესახებ. მერიდებოდა მისვლა და გაცნობა. ჩემმა მეგობარმა ჯარისკაცმა, ძალისელმა რამაზმა მითხრა, რომ უფროსმა ლეიტენანტმა გიამ მიკითხა. მეც გადავწყვიტე შემევლო მასთან. ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. თბილისიც გავიხსენეთ, უბანიც და სხვა მრავალი. გიასთან რომ მივედი, იეთიმ გურჯის ლექსები თან მქონდა, ეს რომ გაიგო, მთხოვა, ცოტა ხნით დამეტოვებინა მისთვის. წიგნს შტამპი ჰქონდა ჩემი ძმის სახელზე. რამდენიმე დღის შემდეგ შტაბში მიბარებენ. მიზეზი, რასაკვირველია, არ უთქვამთ. ერთ-ერთ კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, უფროსი ლეიტენანტი გია ზის. მეც ძალიან შინაურულად შევაბიჯე, მან კი საკმაოდ მკაცრად, რუსულად მომთხოვა, როგორც საბჭოთა ჯარშია მიღებული, ისე მიმემართა. დავემორჩილე და მიმართვის რიტუალი თავიდან შევასრულე. შემდეგ მიმითითა სკამისკენ. ოთახში კიდევ ორი ოფიცერი იყო. გია მეკითხება თბილისში საქმიანობის შესახებ. მოვახსენე, რომ ვმუშაობდი და თან ჩავაბარე “გეპეიში”. შეკითხვა უფრო დაამძიმა, თბილისში რა დააშავეო? ჩავფიქრდი, საბჭოთა კანონებით დაშავებული ნამდვილად მქონდა და ამიტომ ძალიან გამიკვირდა უცხოეთში ჯარში რომ გამიშვეს. ვიფიქრე, უშიშროებამ თუ იცის ყველაფერი, ჩემი მოყოლა რაღა საჭირო იყო და, გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა.
დაახლოებით ერთი წლით ადრე, დილით, სახლში დამირეკა მამიდაჩემმა, რუსთაველზე, მთავრობის სასახლის წინ, შენი მეგობრები რაღაცას აპროტესტებენო. მაშინვე მათკენ გავემართე. 1981 წელია, მთავრობის სასახლეში მწერალთა კავშირის ყრილობა მიმდინარეობდა, ხოლო შენობის წინ დაახლოებით 25 ახალგაზრდა ხელში ტრანსპარანტებით სკადირებდა აფხაზეთის პრობლემებზე, ინგილოების პრობლემებზე და სხვა მრავალზე. სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო, იმ პერიოდში რაღაცის გაპროტესტება საკმაოდ საშიში მოვლენა გახლდათ. პირველად ვნახე ვიდეოკამერები. გულმოდგინედ გვიღებდა უშიშროება, ვიღაცამ დაიძახა, შევარდნაძე მოდისო. არავის არ გვეგონა, მაგრამ ცოტა ხანში ჩვენ პირისპირ ედუარდ შევარდნაძე იდგა. პროტესტანტებმა საკმაოდ მძაფრად შეუტიეს. ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხი გასცა. აქციის ლიდერები საკმაოდ მომზადებულები იყვნენ, შევარდნაძემ რიგ საკითხებს ვერ უპასუხა და გარკვეული პაუზის შემდეგ თქვა: “ხალხნო, ღმერთი არ გწამთ?!” ჩამოვარდა სიჩუმე, ვერავინ წარმოიდგენდა მისგან ასეთ ფრაზას. შემდგომ შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, ბოლოს შეგვიპატიჟა მთავრობის სასახლეში. უმრავლესობამ უარი განაცხადა. მე მგონი, ვიღაც მაინც შეჰყვა. ამ ფაქტის შემდეგ ვფიქრობდი, უცხოეთში არ გამიშვებდნენ და ამიტომ ძალიან გამიკვირდა, უნგრეთში რომ აღმოვჩდი ჯარში.
ეს თემა იყო, რაზეც ვეჭვობდი უფროს ლეიტენანტ გიასთან შეხვედრისას, თუმცა ეს დაკითხვა ხუმრობა აღმოჩნდა. ცოტა ხანში მივხდი, გიას წამოსცდა, ყველაფერი ვიცი შენ შესახებ, ისიც ვიცი, პურის მაღაზიასთან რომ ცხოვრობდიო!!! მე ქართულად ვუპასუხე, რამე ინფორმაცია რომ გქონდეთ ჩემ შესახებ, პირდაპირ მისამართს გეტყოდნენ და არა მხოლოდ მინიშნებას პურის მაღაზიაზე-მეთქი.
აღმოჩდა, რომ გიას მეუღლე იყო ჩემი დის უახლოესი მეგობარი, რაც გაირკვა იეთიმ გურჯის კრებულზე ჩემი ძმის ბეჭდის ნახვის შემდეგ, ხოლო ამ ოთახში ვინც იყო, გიას მეგობარები, ელოდნენ “დაკითხვის” დამთავრებას და გიას სახლში პურმარილზე წასვლას. ეს შეხვედრა ნამდვილად დიდი ნუგეში აღმოჩნდა ჩემთვის. სამწუხაროდ, გია მალე გადაიყვანეს სხვა ნაწილში.
ჯერ ჭყინტი ჯარისკაცი ვიყავი, როდესაც დამეწყო თავის ტკივილები. ასეთი რამ გარდატეხის ასაკშიც მქონდა, მაგრამ ვერ დამიდგინეს მიზეზი. ჯარში კიდევ ძალიან ბევრს დავდიოდით მწყობრი ნაბიჯით. შესაძლებელია, ამის ბრალიც იყო. თავიდან არ სჯეროდათ, შემდეგ გამაგზავნეს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც კვლევებს მიტარებდნენ. იქაც დამხვდა სასტიკი “ძედავშინა” – იგივე დამოკიდებულება ახალწვეულების მიმართ, თუმცა კარგი მეგობრებიც შევიძინე. ერთხელაც ჩემს მეგობარ გოჩას ვესაუბრებოდი. ამ დროს ერთი “ძედი” დამადგა თავზე, უხეშად რაღაცები მიბრძანა. მე ვუპასუხე, რომ ხელს მიშლიდა. ის ისევ მეუხეშა… ჩემში მგელი გავაღვიძე და ვეუბნები: გამეცალე, თორემ გაიძულებ “კვერცხები” მოიჭრა შენი ხელით! შემდეგ გავაგრძელე საუბარი გოჩასთან. “ძედი” მომცილდა და მალევე აღარც მახსოვდა მისი არსებობა. გავიდა რამდენიმე საათი. გადავწყვიტე თმა შემეჭრა, მოვიძიე მაკრატელი, დალაქი მიმასწავლეს მესამე სართულზე. ღიღინით ავდივარ კიბეზე მაკრატლით ხელში. მეორეზე რომ ავედი, მესმის ისტერიული ყვირილი: მიშველეთ, მიშველეთ! მე ავაჩქარე ნაბიჯი ვიღაცის დასახმარებლად. თურმე იმ “ძედს” დავუნახივარ მაკრატლით ხელში, მოღიღინე და ჩათვალა, მასთან მივდიოდი მუქარის ასასრულებლად… დიდხანს ვერ დავარწმუნე, თმების შეჭრას რომ ვაპირებდი. აქ დაინგრა ლეგენდა, რომ “ძედები” ყოვლისშემძლეები იყვნენ.
პოლკს ჰყავდა კომენდატი, წარმოშობით მოლდავეთიდან, კაპიტანი ოპრია, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ოფიცერს. მისი ყველას ეშინოდა – ჯარისკაცებსაც და ოფიცრებსაც. მის დაქვემდებარებაში იყო ჰაუპტვახტი. მეც ვერიდებოდი მას. “გაუბვახტის” შესახებ ძალიან ცუდი რამ მსმენოდა. დეკემბრის სუსხიანი დღე იყო, მოვდიოდი პოლკში. ყაზარმას რომ გავცდი, იქ იდგა ეს კაპიტანი. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ვერ ავარიდებდი თავს. როგორც საბჭოთა ჯარში იყო მიღებული, მივესალმე. მან ირონიულად გამომხედა და თავისთან მიხმო საყვედურით, თითქოსდა, იქ “სვარკის” აპარატის კაბელს დავაბიჯე და დავაზიანე. ამის გამო მან მომისაჯა “გაუბვახტში” სამი “სუტკა”. მე ამ უსამართლობის გამო შევეპასუხე, მან მაშინვე გაზარდა სასჯელი შვიდ დღემდე. პირველად ასე აღმოვჩნდი დაპატიმრებული. დაახლოებით რვა კვადრატული საკანი ჩამტვრეული ფანჯრით, სავსე დაპატიმრებული ჯარისკაცებით. გათბობასა და კვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. დილით ადრე გამოგვიყვანეს გათოშილები, ყველა დაპატიმრებული დაგვაწყვეს. სიცივეზე მეტად უსამართლობით ვიყავი შეწუხებული და გამწარებული.
ოპრიამ ყველას გვიბრძანა, ჯიბეებიდან ყველაფერი ამოგვეღო და ჩვენ წინ ტალახში ჩაგვეყარა. ჯიბეში მქონდა დედაჩემის გამოგზავნილი წერილი და ჩემი ძმის გამოტანებული ჯიბის “ვეფხისტყაოსანი”. ტალახში ჩაგდებაზე უარი ვუთხარი, კაპიტანს შევთავაზე მისთვის გადამეცა. ამის შემდეგ ყველა, ჩემ გარდა, შეაბრუნეს “გაუბვახტში”. მე სამხედრო “კანვოის” მეთვალყურეობით დამტოვეს ეზოში. ცოტა ხანში ღობის გადაღმიდან ოპრია მბრძანებლური და დამცინავი ტონით მეძახის. ღობის ქვევიდან ღრიჭო იყო, გადავწყვიტე ზევიდან გადავმძვრალიყავი, მაგრამ ოპრიამ მომთხოვა ქვევიდან გაძრომა და, თუკი მე ამას შევასრულებდი, აღმოვჩნდებოდი მის ფეხებთან, მთლიანად ტალახში ამოსვრილი. ასე უნდოდა ჩემი დამცირება და დათრგუნვა. მაშინ ვუპასუხე, რომ ქვევიდან არ ვაპირებდი გაძრომას. გვერდზე მედგა ჯარისკაცი ყაზახეთიდან, სახელად ზაირი, “სალაგა”, რომელსაც დატენილი კალაშნიკოვი ჩემკენ ჰქონდა მომართული. მან კარგად იცოდა, პატიმარი საპყრობილიდან თუ გაიქცევა და სამხედრო “კანვოის” მითითება-ბრძანებას არ დაემორჩილება, მას სროლის უფლება აქვს ჯერ ჰაერში, მერე – პატიმრის მიმართულებით და ამ უკანასკნელის დაღუპვის შემთხვევაში, სამხედრო პატრულს, ფაქტობრივად, ასეთი ფორმით აჯილდოებენ: შვებულებით სახლში უშვებენ 40 დღით. მიუხედავად ამისა, გავიქეცი; მესმის უკნიდან ბრძანება: “სდექ!” მაინც ვაგრძელებ სირბილს, შემდეგ მესმის: “გაჩერდი, თუ არადა, გესვრი!” მე მივრბივარ და ველოდები, ზაირი როდის გაისვრის კალაშნიკოვიდან; ამის მაგივრად მესმის ოპრიას ყვირილი: “ესროლე, ესროლე, ესროლე!..” და გინება… გავაგრძელე სირბილი.
მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს გადავურჩი, ვიცოდი, დიდ შარში ვეხვეოდი. გამახსენდა იმ დღეს “კაპეზეზე” მორიგე თბილისელი ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი გია იყო. მასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი. გია, თავის მხრივ, კიდევ ორ თბილისელ ოფიცერს დაუკავშირდა – კაპიტან პაშას და უფროს ლეიტენანტ კოსტიას. სამივემ გადაწყვიტა კომენდატ ოპრასთვის შეეტყობინებინათ, რომ მე ნაწილი არ დამიტოვებია და ოფიცრებთან გამოვცხადდი. ოპრიას დროზე რომ არ გაეგო, დეზერტირად გამომაცხადებდა. მას სამივე ოფიცერზე მაღალი ჩინი ჰქონდა. ოპრიამ მოსვლისთანავე გინება დამიწყო. მე დამავიწყდა, ჯარში რომ ვიყავი, მუშტი მოვუქნიე ცხვირში და ის მიწაზე დაჯდა. თბილისელმა ოფიცრებმა თვალებზე ხელი აიფარეს და ქართულად ჩაიბუტბუტეს: “ეს რა ჩაიდინე?!” ოპრია გაოგნებული იჯდა ასფალტზე. კომენდატმა დამაბრუნა “გაუბვახტში”, სადაც ზაირთან ერთად ვიჯექი. ის ჩემ გამო დასაჯეს. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩდა. ჩვენ ერთი “პრიზივის” ვიყავით და ერთ ბატალიონში ვმსახურობდით. ამ ამბის შემდეგ ყველამ გაიგო, ზაირი ჩემი მეგობარი რომ იყო.
ერთხელაც არამზადებს ეგონათ, პოლკში არ ვიყავი. შევდივარ, ყაზარმაში დიდი ორომტრიალია: დაახლოებით ათი კაცი ზაირს სცემდა. ჩემს დანახვაზე ზოგიერთი გაიქცა, ვინც ვერ შემამჩნია, კარგი დღე არ დააგა. ზაირი ისე გაილახა, რამდენიმე კვირა საავადმყოფოში მკურნალობდა. ამის შემდეგ კი რეაბილიტაციისთვის შვებულებაში გაუშვეს. 40 დღეში ზაირი დაბრუნდა. მისი აზრით, სერიოზული საჩუქარი ჩამომიტანა, დაახლოებით ფორთოხლის ხელა თეთრი “გაშიში”, რომელიც მისმა ბაბუამ გამომიგზანა. ამ საჩუქარით ჩემი კავკასიელი მეგობრები ძალიან კმაყოფილები დამრჩნენ. ზაირმა რომ გაიგო მე არ ვეწევი, ეწყინა… ისე გამოვიდა, მისთვის კარგი ღვინო რომ გამოეგზავნათ და მას უარი ეთქვა.
პოლკის “გაუბვახტი” ჩემი მეორე ყაზარმა გახდა. ოფიცრებმა ხუმრობით ნარს ჩემი სახელი და გვარი დააწერეს. ჯარში ყველა ნივთზე ვიღაც არის პასუხისმგებელი. ჩემს პოლკში ოფიცრები კარგად მიცნობდნენ. ჩემი ძალისელი მეგობარი რამაზი და თბილისელი გია, რომელიც პოლკში მივლინებით ჩამოვიდა, “გაუბვახტში” ყოფნისას ფანჯრიდან ჩუმად მაწვდიდნენ სასუსნავებს, რომლებითაც იქ მყოფებს ვუმასპინძლდებოდი.
ოპრია აღარ ცდილობდა ჩემს დამცირებას, მაგრამ რასაც სხვების მიმართ სჩადიოდა, მისდამი ზიზღს იწვევდა. პოლკის ბოლოში იყო ტუალეტი, რომელიც ბეტონისგან იყო ჩამოსხმული, ყველაფერი შიგნით გროვდებოდა. ოპრიას ჰქონდა საზიდარი (“ტაჩკა”) რომელსაც ერთი ბორბალი რეზინის ჰქონდა, ხოლო მეორე – რკინისა. ზევიდან იდგა დიდი კასრი (მძღნერის “ბოჩკა”). ოპრიას, როცა ამ ტუალეტის ამოწმენდას გადაწყვეტდა, მიჰყავდა “გაუბვახტიდან” პატიმრები. რკინის “კრუშკით” ორ პატიმარს ურემზე მდგარ კასრს ავსებინებდა პირამდე, ამის შემდეგ დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე ისინი აწვებოდნენ ამ “ტაჩკას”, რომელიც ყანყალით მიდიოდა და პატიმრებს შიგთავსი სახეზე ესხმებოდათ. ამ საშინელ სანახაობას ოპრია, თავად “მძღნერის ბოჩკა”, თავმომწონედ უცქერდა. ასეთი რამ მარტო ამ პოლკში არ ხდებოდა.
“ვეფხისტყაოსანი“, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და იეთიმ გურჯის ლექსები მქონდა თან. ამ წიგნებით გავემგზავრე ჯარში. პირველ თვეებში ვერ ვახერხებდი წიგნებში ჩახედვასაც კი. ყაზარმაში სამშენებლო კიბეზე ვიდექი და კედელს ვღებავდი. დავაფიქსირე, რომ რუსულად ვფიქრობდი, ისე შევწუხდი, კიბიდან კინაღამ ჩამოვვარდი. იმ საღამოსვე დავიწყე “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” კითხვა. ყაზარმაში ისმოდა ჩემი ხარხარი, ყველას უკვირდა. ერთ ოფიცერს რომ ავუხსენი მიზეზი, თვითონაც გადაწყვიტა წაკითხვა. ჩემდა გასაკვირად, პოლკის ბიბლიოთეკაში აღმოჩდა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” რუსული თარგმანი. ოფიცერმა წაკითხვის შემდეგ დიდი აღფრთოვანება რომ არ გამოხატა, მეც გადავწყვიტე რუსულად წაკითხვა, ნამდვილად ვერ მოვიხიბლე.
უნგრელები თვლიან, რომ ქალაქ სეკეშფეხერვარის ცენტრი, ევროპის გეოგრაფიული ცენტრია.
ერთხელ მე მოვხვდი სეკეშფეხერვარის ავტობუსების კომპანიაში, სადაც მიმდინარეობდა “იკარუსების” აღდგენა, ხანდახან გვიშვებდნენ ხოლმე სამუშაოდ უნგრულ კომპანიებში. ერთმა თანამშრომელმა, რომ გაიგო ქართველი ვიყავი, თავისთან წამიყვანა საამქროში, ის აღმოჩდა “ვეფხისტყაოსნის” კარგი მცოდნე, უნგრულად ზეპირად მითხრა “ვეფხისტყაოსნის” რამოდენიმე სტრიქონი, მიუხედავად უნგრული ენისა, ნამდვილად სასიამოვნოდ ჟღერდა. შევპირდი მეორე დღეს ჩემს “ვეფხისტყაოსანს” ვაჩვენებდი, სამწუხაროდ მას მერე ამ კომპანიაში აღარ გამანაწილეს.
ჩვენი პოლკი “უჩენიებში” მონაწილეობდა, მეც მქონდა საშუალება ჩემი პროფესიონალიზმის განვითარებისა. ჩვენ ვცხოვრობდით საველე პირობებში. უცხო გარემო იყო და უცხო ოფიცრები. ერთ საღამოს პოლიგონის ტერიტორიაზე სამი რუსი უცხო ოფიცერი რატომღაც ამიშარდა. აღმოვჩდი უცხო “გაუბვახტში”. სამივე ოფიცერმა კარგად მცემა, მერე თოკით ხელებშეკრული შემაგდეს კამერაში, სადაც ბეტონის იატაკზე დაახლოებით 30 სანტიმეტრზე ესხა ქლორიანი წყალი, კედლები იყო ხორკლიანი, რომ ვერ მივყუდებოდი, ხოლო პატარა სარკმლის ქვევით კედელი იყო განავლით და შარდით “შეკაზმული”. ეგდო ასევე ხის ნარი, რომელიც წესით თოკით უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული კედელზე, რომ თავისი ფუნქცია შეესრულებინა და იყო ბეტონის ტუმბოც, რომელზეც შევდექი და გადავწყვიტე მაჯებზე შემოხვეული თოკების კედელზე ხახუნით გაჭრა. ხელებიდან სისხლი მდიოდა, მაგრამ მაინც მივაღწიე ჩემსას. მერე იმ თოკით ნარი ჩამოვკიდე და შევძელი წამოწოლა. “გაუბვახტის” “კანვოი” ქართველი ნამუსგარეცხილი ადამიანი იყო. რომ დაინახა, ნარზე წამოვკოტრიალდი, ოფიცრებს დაუძახა. ოფიცრები შემოდიან და ხედავენ, მე ჩამტვრეული კბილებით ვიღიმი და გაოგნებული მეკითხებიან, რა გაცინებსო…წარმოვიდგინე, მე ვდგავარ “კარაულში” კალაშნიკოვით ხელში, ტყვიებით სავსე ორი მჭიდით, ამ დროს თქვენ გამოჩდით… გავაგრძელო? ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინე და გამეცინა. სამივე ოფიცერი ცალ-ცალკე შემოვიდა და მეხვეწებოდნენ პატიებას, ერთი მუხლებზეც დამიდგა, ოღონდ სამაგიეროს გადახდაზე არ მეფიქრა.
როცა დაიწყო დაპირისპირებები “ძედავშინის” გამო, ჩემი პირობა იყო ასეთი, მე ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებ, სხვის გასაკეთებელს ნუ დამაძალებთ, თუ არადა, საერთოდ არაფერს არ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, არ დამეთანხმნენ. ასე დაიწყო დაპირისპირება სისტემის წინააღმდეგ. ერთ-ერთი წინააღმდეგობის შემდეგ აღმოვჩდი “გაუბვახტში”. პოლკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩემი დამცირება: გამომიყვანეს მოედანზე, “პლაცზე”, უხეიროდ გადაპარსული თავით, ახეული პაგონებით და მოხსნილი ქამრით. ჩემ წინ იდგა დაახლოებით 1500 სამხედრო. პოლკის უფროსმა პოლკოვნიკმა ყველას მოუყვა ჩემი და ჯარისკაცების დაპირისპირების შესახებ, აბსურდი უწოდა “ძედავშინის” არსებობას პოლკში და შვიდი “სუტკა” მომისაჯა. მთელი პოლკი ჩემზე იცინოდა. მაშინ 18 წლის ბიჭი ვიდექი ამდენი სამხედროს წინაშე და ჩემს თავს ვეკითხებოდი, შესაძლებელია ერთი ადამიანი ვიყო მართალი და ესენი ყველა მტყუანები?
მთელმა პოლკმა ჩემ წინ მწყობრი ნაბიჯით ჩაიარა. ტრიბუნიდან ჩამოვიდა პოლკის ხელმძღვანელი და მოვიდა ჩემთან ადიუტანთან ერთად. მე ველოდები ჩემი “გაუბვახტში” გაგზავნის მითითებას. მან ადიუტანტს დაავალა ჩემი აბანოში წაყვანა, ვარცხნილობის მოწესრიგება. ამასთან ერთად, ახალი ტანსაცმელი და ჩექმებიც უნდა მოეცათ და შემდგომ მასთან სახლშიც მივეყვანე. მე მეგონა, მეჩვენებოდა. მართლაც, ადიუტანტმა ყველაფერი შეასრულა და პოლკის უფროსთან სადარბაზოში შემიყვანა. ზარი დავრეკე და პოლკის უფროსის მეუღლემ გამიღო. “ქართველო, შემოდი!” – მითხრა და მეც შევედი ძალიან გაკვირვებული. უკრაინული ოჯახი დამხვდა. ცოტა ხანში გამოვიდა პოლკოვნიკი, კინაღამ ვერ ვიცანი “ადიდასის” სპორტულ ტანსაცმელში. პატარა მაგიდაზე ნარდი და არყის პატარა გრაფინი იდგა. ნარდის თამაშის არანაირი სურვილი არ მქონდა. პოლკოვნიკი მიხვდა, გაოგნებული რომ ვიყავი. არაყი ჩამოასხა და მომაწოდა. “ქართველო, როგორც ვფიქრობ, ისე იმ ბრბოს რომ მივმართო, პოლკი თავზე დაგვენგრევა. ისინი “ჩუმოშნიკები” არიან. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ქართველო!” ჩვენ ვისადილეთ და მე წამოვედი მისგან. მას არ უთქვამს, ამ ამბის შესახებ არავის უთხრაო, მაგრამ მე ეს მაშინ არავისთვის მომიყოლია.
ჩვენი პოლკი იყო “საჩვენებელი”(“პაკაზაწელნი”), “სოციალისტური შრომის ინიციატორი”. პირველი წლის განმავლობაში სამხედრო სწავლებასთან ერთად მიმდინარეობდა მისი აშენება-განახლება. ეტყობოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულისთვის ვემზადებოდებოდით. მწყობრ ნაბიჯს იმდენ ხანს ვმეცადინეობდით, ფეხის ზომა გაგვეზარდა. ძალიან ბევრი უძილო ღამე გვქონდა ყველას. მოვიდა ოფიციალური ინფორმაცია თავდაცვის მინისტრ უსტინოვის ჩამოსვლის შესახებ. საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი უსტინოვის, ჩამოსვლა ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ნებისმიერი სამხედრო ნაწილისთვის. ჩვენი ბატალიონის ხელმძღვანელი თბილისელი პაშა იყო. მთელი პოლკის მაშტაბით ყველგან ყაზარმების მთელი ავეჯი ახლით შეცვალეს, ჩვენი თეთრეული აიკრიფა, ახალი თეთრეული, ბალიშები, ლეიბები, საბნები შემოიტანეს, მოვამზადეთ, გავშალეთ. ტანსაცმელი, ჩექმები – ყველაფერი ახალი დაგვირიგეს. სამზარეულოში ისეთი კვება გვქონდა, ჯარისკაცები ნამდვილად სიხარულით ელოდნენ მინისტრის ჩამოსვლას. დილიდან მთელი პოლკი მოლოდინში ვიყავით. საღამოს გაირკვა, რომ უსტინოვი ავად გახდა და ამ ეტაპზე არ ჩამოდის. ჩვენი ბატალიონის უფროსმა ბრძანა ახალი თეთრეული აგველაგებინა, კარგად დაგვეკეცა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი შემდეგ ნაბიჯს…
კაპიტანმა პაშამ გადაწყვიტა შემოეტანა ჩვენი ნახმარი ჭუჭყიანი თეთრეული, რომელიც ერთ ფუთად იყო შეკრული და ისევ ის გაგვეშალა. ამის შემხედვარემ ჩუმად ქართულად ვუთხარი, მე გავალ, ჩემთვის ვიშოვი სუფთა თეთრეულს-მეთქი. კაპიტანმა პაშამ დააყენა მთელი ბატალიონი და მწყობრში რუსულად მიბრძანა, ფუთიდან ჭუჭყიანი “თეთრეულის” ამოღება. მე უარი ვუთხარი. მან ისევ გამიმეორა, ისევ უარი მიიღო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დიდ შარში ვეხვეოდი, რაც მხოლოდ “გაუბვახტით” არ შემოიფარგლებოდა. ქართულად ვკითხე, თბილისში აღარ აპირებ ჩამოსვლას-მეთქი? არ ვიცოდი, ჩემზე დიდ საქმეს რომ კერავდა. მე “გაუბვახტში” გავატარე შვიდი “სუტკა”. ეს ამ ნაწილში ჩემი ბოლო დატუსაღება იყო. მის ბატალიონში გადასვლა მე მოვინდომე. უფროსი ლეიტენანტი გია ჩემს ამ გადაწყვეტილებას კი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მე არ დავუჯერე. ამ ინციდენტიდან ძალიან მალე კაპიტანი პაშას ორგანიზებით გამაგზვნეს მივლინებაში. სამხედრო პოლიგონი მდებარეობდა ვულმაიორის ტერიტორიაზე. სუსხიანი ზამთარი იყო, ვცხოვრობდით საველე პირობებში.
ამ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებს ჰქონდათ ნაღმების, სხვადასხვა ბომბების გამოსაცდელი პოლიგონი. ეს იყო ძველი ტყე, მოჭრილი ხეების ჯირკვები, რომელთა ფესვებიც საკმაოდ ღრმად იყო მიწაში, ამ ფესვებში კი ჩამარხული იყო აუფეთქებელი სხვადასხვა ტიპის ნაღმები. ჩვენ გვევალებოდა ამ ბომბების ამოღება ფესვებიდან. საკმაოდ სახიფათო დავალება გახლდათ, შეიძლებოდა ერთგან გამოგვეწია ჯირკვი და ერთ მეტრში აფეთქებულიყო რამე ნაღმი მიწაში გატოტვილი ფესვის გამო. ამ საქმეს მხოლოდ “შტრაფნიკები” (ისინი, ვინც დაუმორჩილებლები ვიყავით) ვაკეთებდით. ამ საქმიანობას ოთხი ადამიანი შეეწირა. ჩემი მივლინება ერთი თვე გრძელდებოდა.
რამდენიმე თვეში პოლკის შტაბში დამიბარეს დივიზიის პროკურორთან შესახვედრად. ეს ძალიან ცუდის მანიშნებელი იყო. შევედი კაბინეტში და ვიცეპოლკოვნიკს მივმართე ისე, როგორც საბჭოთა ჯარში იყო მიღებული. მან ძალიან მშვიდად მიმითითა სკამისკენ. ის ეცნობოდა ჩემს საქმეს, საქაღალდე საკმაოდ დიდი იყო. გარკვეული დროის შემდეგ მკითხა, ყველაფერი შენ დააშავეო. კაპიტან პაშასგან 14 რაპორტი იყო. მე არ ვიცოდი, რა მეპასუხა. რაოდენობის მიხედვით მივხვდი, რომ “დიზბატში” მიშვებდნენ, იქიდან დაბრუნებული კი მე არავინ მინახავს, საშინელებები მესმოდა. კიდევ რაღაც დროის შემდეგ მეკითხება: “შენი უფროსი ხომ თბილისელია? ვუპასუხე – დიახ, – მერე, როგორც შენ იქცევი, ეს ხომ თბილისელი კაცისთვის ნორმალური საქციელია?! ქართველი ხარ და იცავ ღირსებას!” მე ნამდვილად არ ვიცოდი, რა მეპასუხა… ვიცეპოლკოვნიკმა საუბარში მითხრა, რომ ცოტა ხნით ადრე მასაც თბილისში ჰქონდა ნამსახურევი, მირჩია, რამდენიმე დღე მომეთმინა და სხვაგან გადამიყვანდა. კაპიტანმა პაშამ არაფერი იცოდა, მოუთმენლად ელოდა ჩემს “დიზბატში” გაშვებას. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ცოტა ხნით ადრე ჩვენს პოლკში გაუქმდა “გაუბვახტი”, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენი სამხედრო ნაწილი იყო “საჩვენებელი” (“პაკაზაწელნი”) “სოციალისტური შრომის ინიციატორი”, ამიტომ პოლკში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი დაწესებულება. ოპრიას აღარ ჰქონდა საშუალება ვინმეს დასჯისა.
ხდება სასწაული, პოლკის უფროსის ბრძანებით მე გადავდივარ პოლკის კომენდატის დაქვემდებარებაში, “სტარშინის” თანამდებობაზე. ჩემი უფროსია კაპიტანი ოპრია, ჩემი საცხოვრებელი კი არის გარემონტებული ყოფილი “გაუბვახტი”. ოპრიას ვერ გაერკვია, რატომ ვიყავი მასთან მივლენილი. მე კი ვიცოდი მიზეზი. საგონებელში ჩავარდნილმა ოპრიამ გადაწყვიტა, სანამ გაარკვევდა რატომ ვიყავი მასთან გადაყვანილი, შვებულებით 40 დღით გავეშვი სახლში.
უნგრელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ბუნებასთან: ხის მოჭრაზე, ფრინველის და ცხოველის მოკვლაზე ჯარიმის გარეშე პირდაპირ ციხეა, ამიტომაც ბევრჯერ მინახავს გზაზე ირემიც და ხოხობიც. ხის მოჭრასთან დაკავშირებით შემდეგი ისტორია მახსენდება, შესაბამისი უწყებები გამოითვლიდნენ მოჭრილი ხის წლოვანებას, აქედან გამომდინარე ანგარიშობდნენ რამდენ ჟანგბადს იძლეოდა იმ დროს, ან მისცემდა წლების განმავლობაში და ამის მიხედვით უწესებდნენ სასჯელს.
ჩემს მეგობარ რამაზთან ერთად ხანდახან მიწევდა ნაწილიდან გასვა, ის მძღოლად მსახურობდა. ჩვენს პოლკში დიდი მშენებლობების გამო მას ხშირად გაჰქონდა ნაგავი. ნაგავსაყრელი მოწესრიგებული და გასაკვირად სუფთა იყო. ნამდვილად დიდი კონტრასტი იყო საბჭოთა რეალობასთან.
ერთხელაც ნაგავსაყრელიდან დაბრუნების დროს გზაზე ხოხბების დიდი გუნდი იყო, ჩვენი მანქანის წინ აფრინდნენ, ორი ხოხობი სატვირთო მანქანის სარკეებში გაიბლანდა, ხოხბების გადარჩენა ვერ მოხერხდა. გადავწყვიტეთ ნამდვილი ჩახოხბილი გაგვეკეთებინა, მოვნახეთ ფოსტა, მე თბილისში დავრეკე, თბილისში ზარი საკმაოდ ძვირი ღირდა, დედაჩემმა ყურმილი აიღო თუ არა, ვეუბნები: დედა, გამარჯობა, ჩახოხბილი როგორ გავაკეთო მასწავლე, – რადგან ჩახოხბილს აკეთებ, აღარ გეკითხები როგორ ხარ… მან ჩამაწერინა ჩახოხბილის რეცეპტი. იმ საღამოს ჩემს ახალგარემონტებულ გაუბვახტში მეგობრებთან ერთად კარგად გეახელით ნამდვილი ჩახოხბილი.
“სტარშინის” მოვალეობაში შედიოდა სწავლების(“უჩენიების”) დროს პოლკის ტრანსპორტის რეგულირება, პოსტების განლაგება მთელი სწავლების პერიოდში. ბალატონის ტბის სიახლოვეს საშინელ ყინვაში, პოსტზე ვიდექი შტაბთან. პოლკის უფროსმა კარები რომ გააღო, იქიდან ოხშივარი გამოვარდა. დამიძახა, ორასგრამიანი თლილი ჭიქით არაყი მომაწოდა, მისაყოლებლად დიდი სალის ბუტერბროდი. სალაზე უარი ვუთხარი, მიხვდა, რომ არ მიყვარდა, გამიღიმა და მითხრა: უკრაინელს სალაზე უარს ვინ ეტყვის, მართლაც ძალიან დროული და გემრიელი იყო. ამ პოზიციაზე ოპრიასთან ექვსი თვე ვიმსახურე.
შემდეგ პოლკის უფროსის ბრძანებით, კადრების უკმარისობის გამო დამნიშნეს საარტილერიო ბატალიონის ტოპოგეზისტად.
ერთი წლის მსახურების შემდეგ ყველას იოლი ცხოვრება ეწყებათ, ძველი ბოღმის ამონთხევის დრო დგება. მოდიან ახლები, ყველაფერი იცვლება, აქამდე დაჩაგრულები იწყებენ ახლების უმოწყალოდ ჩაგვრას. ჩემთვის ძალიან რთული დრო დადგა. ჯერ ერთი, რომ ის არაადამიანები ყველაფერს რომ აბედვინებდნენ, ისე იქცეოდნენ, თითქოს ყველაზე მაგრები იყვნენ. ჩემთვის მათთან ურთიერთობა შეუძლებელი აღმოჩდა. მეორეც, მიუღებელი იყო ვინმე დამეჩაგრა. მათი წესებით ვინც უნდა დამეჩაგრა, ყველა შევკრიბე და მოვუხსენი ჩემ წინაშე ყველა ვალდებულება. სამწუხაროდ, ვერ გაიგეს თავისუფლების ფასი. მეორე დღეს დიდი ბუნტი მომიწყვეს, მოითხოვდნენ ჩემი “ვალდებულებების” შესრულებას. სამწუხაროდ, მომიწია თითოეულისთვის ძალის ჩვენება. ამის შემდეგ აღარ ჰქონიათ ჩემთან პრეტენზიები.
ერევნელი იურიკა (“სალაგა”) იყო, რომელსაც ვიცავდი. ჩემი “პრიზივის” მისი რამდენიმე “ზემლიაკი” მიპროტესტებდა, ჩვენ თუ “გვხმარობდნენ”, ეგ რითი გამოირჩევაო? მე ვიცოდი, თითოეული რა ღირსების მატარებელი იყო, ამიტომ მალე დაანებეს თავი. ხალხს ის აღიზიანებდა, რომ თვითონ არც კი შეეცადნენ ღირსების დაცვას, მე კი ამისთვის ვიბრძოდი და სხვებსაც ვიცავდი.
ჯარში მეგობრებიც შევიძინე ქართველები, ჩეჩნები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ყაზახები, რუსებიც. საბედნიეროდ, დღესაც ვმეგობრობ, მათი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაც ვარ. ორი უკრაინელი მეგობარი მყავდა – საშა და იგორი. ერთი “სანჩასტში” მსახურობდა, მეორე – პოლკის შტაბში. ჩვენ სამივეს მოგვიწია სამხედრო სწავლებაში “დუნაი 84” მონაწილეობა, ყველას ჩვენი საქმე გვქონდა. მას, ვინც შტაბში მსახურობდა, მოუწია “სამხრეთის ჯგუფის ძალების” სარდლობასთან ერთ სივრცეში ყოფნა. ჩვენი შეხვედრის დროს მან მიამბო გამაოგნებელი ისტორია: სამხედრო სწავლების პერიოდში გენერალს იგორისთვის მიუცია კოორდინატები, იგორმა აუხსნა, რომ ეს მონაცემები სცდება სამხედრო წვრთნების ზონას. გენერალმა მიანიშნა, რომ იცის. იგორმა გადაამოწმა და ისევ შეახსენა გენერალს, რომელმაც პრინციპულად ამ კოორდინატებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა და ეს მოხდა ვენეციასთან ახლოს. ცოტა ხანში დარეკა ტელეფონმა, გენერალმა ოფიციალურად ბოდიში მოიხადა და მიზეზად გამოთვლების შეცდომა დაასახელა.
ჩვენი პოლკის წინ ყოველ დღე დადიოდა ნაგვის მანქანა, მისი მძღოლი, ჩვენებურად მენაგვე, დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭი იყო. სისტემატურად ასუფთავებდა ნაგვის ურნებს. ამის შემხედვარე თითქოსდა ვიცნობდით ამ ახალგაზრდას. ჯარისკაცები ხანდახან ვიპარებოდით პოლკიდან მოშორებით უნგრულ “კარჩმაში” ლუდის დასალევად. ჩვენს მაგიდასთან ახლოს ახალგაზრდები ისხდნენ, ერთი პიროვნება ძალიან გვეცნო, რომელიც ლამაზ გოგოსთან ერთად იყო. კარგა ხნის შემდეგ მივხვდით, ეს ის “მენაგვეა” ჩვენს პოლკთან რომ ალაგებს. გამოველაპარაკეთ, აღმოჩდა იურიდიულის სტუდენტი, რომელიც თავისუფალ დროს დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. მაშინ ამ ფაქტმა ჩვენი გაკვირვება და აღფრთოვანება გამოიწვია და ჩემს აზროვნებაში თითქოს რაღაც შეიცვალა.
უნგრეთის ჯარში ისეთი სიმკაცრე არ იყო, როგორც საბჭოთა ჯარში. როცა უნგრელი ჯარისკაცი პოსტზე იდგა, ხშირად მინახავს, ავტომატთან ერთად ლუდის ბოთლიც რომ ეჭირა. შაბათ-კვირას სახლში დადიოდნენ, ოკუპანტების იმედად იყვნენ.
ჩვენს ნაწილში შეტყობინება მოვიდა “სამხრეთის ჯგუფის ძალების” კალათბურთის ტურნირთან დაკავშირებით, რომელიც ტარდებოდა ბუდაპეშტში და რადგან ჩვენს პოლკში ირიცხებოდა მოსკოვის “ცეესკას” ერთი მოთამაშე, ჩვენს პოლკს უნდა მიეღო ამ ტურნირში მონაწილეობა, ამიტომ საჭირო იყო კალათბურთელების მოძიება ჩვენს ნაწილში. “ცეესკას” მოთამაშე შემოგვიერთდებოდა პირდაპირ ტურნირის პერიოდში. პოლკში იყო ერთი კალათბურთელი ქუთაისელი კახა, მე როგორც ძველი ხელბურთელი გამთამაშებლად გამოვდგებოდი, ხოლო ის საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი მოსკოვიდან ჩამოფრინდა. დავხვდით ჩვენ ორნი, მას გაეღიმა, მიუხედავად ჩვენი სიცოტავისა 4 თამაში მოვიგეთ და გავხდით “სამხრეთის ჯგუფის ძალების” კალათბურთის ტურნირის გამარჯვებულები. მე გამთამაშებელი ვიყავი. კალათში კი ის “ცეესკას” მოთამაშე და კახა აგდებდნენ.
მაგ დროს ბუდაპეშტში დეივ ბრუბეკის გასტროლი იყო, ნამდვილად ეტყობოდა ქალაქს დიდი მუსიკოსის სტუმრობა.
ბატალიონში მყავდა “ზამპალიტი” მაიორი, რომელიც განათლებული ადამიანი იყო, საკმაოდ მკაცრი, პრინციპული. პირველი პოლიტინფორმაციის გაკვეთილები მან ჩაგვიტარა. განგვიმარტა უნგრეთში ჩვენი მისია, აგვიხსნა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა სიტყვები არ უნდა გამოვიყენოთ, ქუჩაზე გადასვლის უნგრული წესებიც გვასწავლა და სხვა მრავალი. მაგალითად, უნგრულად “სერბუს პოიტაშ” საუკეთესო მიმართვაა, “სპიჩკა” ცუდს ნიშნავს. უნგრეთში, სადაც გადასასვლელი არ არის, ადამიანს მანქანა რომ დაეჯახოს, მძღოლს შეუძლია არ გაჩერდეს, დარღვევაში არ ეთვლება. უნგრეთში ყოფნისას მე არ მინახავს ვინმე ქუჩაში უადგილო ადგილას გადასული. ერთხელ ორსულმა ქალმა ფეხი ჩადგა მანქანის სავალ ნაწილზე და მთელი მოძრაობა გაჩერდა. ჩვენი “ზამპალიტი” მიგვანიშნებდა, და მიმხვედრი მიხვდებოდა, რომ საბჭოთა ჯარები, ნამდვილად, საოკუპაციო ჯარები იყო, ამიტომ გვაფრთხილებდა, გარეთ გასვლისას ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად გაგვეღიზიანებინა. 1956 წლის ისტორიაც მოგვიყვა, ოღონდ საბჭოთა ვარიანტი.
ოფიცრებთან კამათი საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვბედავდი ამას. ჯარში ერთი დაუწერელი კანონია: პუნქტი პირველი – უფროსი ყოველთვის მართალია; პუნქტი მეორე – როცა უფროსი მართალი არ არის, გაეცანი პუნქტ პირველს. ამიტომ მიკვირდა, რომ “ზამპალიტი” მაძლევდა მასთან კამათის უფლებას. რაღაც დროის შემდეგ ის დააწინაურეს, დივიზიაში გადაიყვანეს. გამოხდა ხანი და ჩვენს პოლკში ჩამოვიდა შესამოწმებლად. სამხედრო ნაწილში დიდი ორომტრიალი ატყდა მისი სიმკაცრის გამო. ჩემთან მოვიდა, არ ვიცი შემთხვევით თუ სპეციალურად, მითხრა, “კარგია, რომ გნახე, ჩვენი საუბრები ძალიან კარგად მახსოვს… მიკვირს წინა “პრიზივის” ქართველები არ გეხმარებოდნენ, მაინც გაიტანე შენი!” მას ხომ არ ვეტყოდი, ქართველებს ჩემს პოლკში, რომლებსაც ჩემზე მეტი ჰქონდა ნამსახურები, არ მოსწონდათ ჩემი ბრძოლა, ასე მეუბნებოდნენ, ჩვენ “გვხმარომდნენ”, ჩვენზე უკეთესი რით ხარო.
“ჯარში სამსახურის გაგრძელებას ხომ არ აპირებ?” – შემომთავაზა ჩემმა ყოფილმა “ზამპალიტმა”. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.
სახლში დაბრუნება გაცილებთ რთული აღმოჩდა, ვიდრე მეგონა. ჩემი ხასიათი უწინდელი აღარ იყო, “მგლის” როლში ყოფნა დამეტყო, ყველაფერზე ვჩხუბობდი, ოჯახი ძალიან შეწუხებული მყავდა. ოჯახის ყველა წევრი, თავისებურად ცდილობდა ჩემს დახმარებას. გარკვეული დადებითი შედეგიც მივიღეთ, მაგრამ ცოტა ხანში ოთხმოციანების ბოლოც მოვიდა.
ამ ისტორიის გახსენების პარალელურად ვფიქრობდი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, სამწუხაროდ, დავინახე პარალელები “ძედავშინასა” და დღევანდელი ოპოზიციის ქცევას შორის. ერთ პარტიას უნდა, რომ დააბულინგოს მეორე და სხვა დანარჩენიც. აქციის მონაწილეებს ნამდვილად გულით უნდა ევროპისკენ. ზოგიერთი ენდობა თავის პარტიას თვალდახუჭული, შეცდომებსაც კი “აპრავებს”, ამ “გაპრავებით” ხშირად ანტიდემოკრატიული მეთოდების მოტრფიალეც ხდება და აღმოჩდება თავისი ქვეყნის წინააღმდეგიც.
ორი წლის წინ, აქციების დასაწყის დღეებში აღმოვჩდი ისეთი პოლიტიკოსების გარემოცვაში, რომლებსაც ადრე ხელსაც არ ჩამოვართმევდი, კიდევ კარგი ეს განწყობა მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა, მივხვდი რომ დღეს, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა, საჭიროა ყველა, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვემსახუროთ საქართველოს. საზოგადოების განწყობა როგორიც იყო 2024 წლის ბოლოს, დღესაც ისეთია, ჩვენი ქვეყნის “დამპყრობელმა” სხვადასხვა მეთოდებით გადააფარა კამუფლაჟი ამ საპროტესტო მოძრაობას, კამუფლაჟის ქვეშ აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. აქციაზე მდგომებმა კარგად იციან, რომ ისინი არიან დიდი საპროტესტო მატერიკის პატარა ნახევარკუნძული.
ბოლო ათწლეულში უნგრეთიდან ჩემთვის გაუგებარი ინფორმაცია მოდიოდა, დაუჯერებელი იყო მადიარებს (ასე უწოდებენ უნგრელები თავის თავს) როგორ “აბოლებდა” ორბანი, უკანასკნელმა არჩევნებმა დაადასტურა უნგრელების მყარი ევროპელობა.
360 total views, 53 views today











