KAYAKATA – F*** your Underground, We’re Undersky
ბოლო რამდენიმე წელია ქართულ მუსიკალურ სივრცეში შესამჩნევი ძვრები დაიწყო. მაქსიმე მაჩაიძე და ზურა ჯიშკარიანი დასაწყისიდანვე ამ პროცესების წინა ფლანგში არიან. მიუხედავად იმისა, რომ არტისტები ერთად სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის Kung Fu Junkie-სა და „ზურმუხტისფერი ბედის ორდენში“ უკრავდნენ, კაიაკატა სცენისთვის სრულიად ახალი და განსაკუთრებული მოვლენა აღმოჩნდა. თუმცა ზურა მიიჩნევს, რომ მათი თითოეული მუსიკალური პროექტი ერთი იდეის სხვადასხვა ფორმაში არსებობას ჰგავს:
“ეს ტომი სულ აქ იდგა, სანამ სამყაროები შეიქმნებოდა იქამდე. ეს ტომი უფრო ენერგიაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ჩნდება სამყაროში – ხან ყვავილებად ამოდის, ხან მომავლის ბრუკლინში დევნილი რობოტების გეტოში ცეკვავს, ხან ხილიანზე ჩაის სვამს კორპუსების თავზე.” – ტომი, რომლის შესახებაც ზურა საუბრობს, მისივე ახსნით DNA APP Store-დან იღებს სათავეს. მთელი ტომის კოდებიც იქ ინახება.
დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც კაიაკატამ თავისი პირველი კომპოზიციები გაავრცელა, ნათელი გახდა, რომ პროექტი არასტანდარტული შემოქმედებითი სტრატეგიით გამოირჩეოდა. ურბანული თემატიკით გაჯერებული ბილინგუალური ტექსტები, საიბერპანკ ატმოსფერო, ექსპერიმენტული ჟღერადობა – კაიაკატა მუსიკალურ პროექტზე მეტად სტილისტურ მოცემულობად, სხვადასხვა სახელოვნებო ფორმების შეხვედრის წერტილად იქცა. მათი მუსიკალური ენა კი კეიგენების სისტემად, „რომელსაც კომპიუტერული თუ სამყაროს კოდებივით შეუძლია სამყაროს შეცვლა, დეფრაგმენტაცია ან აწყობა თავიდან. მუსიკის ტექსტზე მუშაობისას ჩვენ ვსინჯავთ და ვარგებთ ენის გასაღებებს, რათა სამყაროები გავხსნათ“.
ახალი სამყაროების გახსნა კი ახალი და არა მუსიკალური სამყაროსთვის კარგად ცნობილი წესებით ხდება. DIY კულტურისადმი პატივისცემა ზურა და მაქსიმემ ამ პროექტშიც ძალიან მკაფიოდ გამოხატეს – ისინი ჰაკერებივით იქცევიან, რომელთა მიზანიც ინდუსტრიის წესებით გატეხვა, შეცვლა და ალგორითმებით თამაშია: „ვეთამაშოთ ალგორითმებს ისე, როგორც პატარა კნუტს, ქუჩის კუთხეში“. ყველაზე ხშირად მათ მუსიკას ექსპერიმენტულ ჰიპ-ჰოპს ან თრეფს ადარებენ, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი ის ურბანული, ტრიბალური, იაპონური თუ აცტეკური კულტურული ელემენტებისგან შემდგარი ერთობლიობაა, რომლითაც მათი მუსიკა ხასიათდება.
ვინაიდან ჯგუფი შემოდგომამდე ალბომის გამოცემას არ აპირებს, მათი მსმენელთან კომუნიკაციის მთავარი საშუალება ლაივ პერფრომანსია, რომლის დროსაც კაიაკატა ნამდვილად მეომრების ტომს მოგვაგონებს. ტომის მორიგი შეკრება ანაკლიაში, Echowaves-ზე იგეგმება, სადაც ისინი თავიანთ სხვა ტომელებს Die Antwoord-ს შეხვდებიან: „ ლანდი და ნინჯა ჩვენი ძველი მეგობრები არიან, რამოდენიმე სამყაროს წინ ერთ გემი გვყავდა გატაცებული. მაშინ ჯერ კიდევ სად იყო KayaKata ან Die antwoord, მაგრამ ერთად ვიღებდით გემებს აბორდაჟით, ახალგაზრდა გოგოები ვიყავით, ენერგიით სავსე.“