გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში
პარიზში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მულტიმედიურმა ცენტრმა, ციფრული ხელოვნების სტუდია Atelier des Lumieres-მა („შუქის სახელოსნო“) ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნამუშევრების ციფრული ექსპოზიცია მოაწყო. გამოფენა ყოფილი ჩამომსხმელი საამქროს სივრცეში გაიმართა.
„შუქის სახელოსნომ“ 140 ლაზერული ვიდეო-პროექტორის დახმარებითა და კლასიკური მუსიკის თანხლებით, კლიმტისა და მისი თანამოაზრე გრაფიკოსის, ეგონ შილეს ნახატები გააცოცხლა.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის, მიკაელ კუზიკუს თქმით, გამოფენის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ ვითარდებოდა გუსტავ კლიმტის სტილი და ხელწერა. შესაბამისად, ნაჩვენებია ახალგაზრდა არტისტის პირველი ნაბიჯები ვენაში, შემდეგ ე.წ. სეცესიონის (გერმანელი და ავსტრიელი მხატვრების ჯგუფის სახელწოდება, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ოფიციალური აკადემიური ხელოვნების წინააღმდეგ გამოდიოდნენ) პერიოდი, როცა კლიმტი საკუთარ მოძრაობას ქმნიდა და შემოქმედებაში სიმბოლიზმისა და არტ-ნუვოს (მოდერნის) ელემენტებს ნერგავდა.
გუსტავ კლიმტის ნამუშევრების ციფრული გამოფენა მნახველებისთვის 11 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი. ვიზუალური პერფომანსი წარმოადგენს კიდევ ერთი მულტიმედიური პროექტის გაგრძელებას, რომელსაც Carrières de Lumières ერქვა და საფრანგეთის სამხრეთში, პროვანსის მიტოვებულ ქვის სამტეხლოში გაიმართა.