fbpx

Banksy-ს ფინანსები – როგორ იშოვება ფული სტრიტ არტში


გააზიარე სტატია

 

თვის დასაწყისში მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა სტრიტ არტისტმა ბენკსიმ (Banksy) მანჰეტენის მე-14 ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბანკის შენობის ფასადისსაათზე ვირთხის სტენსილი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილია მთლიანი შენობის დემონტაჟი (დეველოპერმა უკვე შეიტანა განაცხადი, ძველი შენობის ნაცვლად 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, პირველ სართულზე კომერციული სივრცეებით),  ბენკსის ნამუშევარი მაინც არასდროს გაქრება.




 

სტენსილის  დახატვიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, როდესაც დეველოპერ ჯემინი როზემონის მოთხოვნით საათი შენობიდან მოხსნეს. მისივე განცხადებით, იგი განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს, სანამ არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას საათთან დაკავშირებით. თუმცა მოსალოდნელია, რომ “საუკეთესო ვარიანტი” – ბენკსის ნახატის ძალიან ძვირად გაყიდვაა,  ხოლო არტისტს ამ შემთხვევაში, მიღებული თანხიდან არაფერი შეხვდება.

ხელოვნების დილერები და ქონების მესაკუთრეები ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები, როდესაც თავიანთი საკუთრების კედლებიდან ხსნიან ბენკსის ნამუშევრებს. მიზეზი არამხოლოდ ისაა, რომ ისინი ამით ფულს შოულობენ, რომელიც არტისტს არ ხვდება, არამედ  მსგავსი საქციელით ისინი ზღუდავენ საზოგადოების შესაძლებლობას, დატკბნენ არტისტის ნამუშევრებით სწორედ იმ კონტექსტში, რომელშიც იგი მას მოიაზრებდა. სიმართლე იმაშია, რომ ბენკსიზე ბევრი ადამიანი შოულობს ფულს – დაწყებული ხელოვნების დილერებიდან, რომლებიც ყიდიან კედლებიდან ჩამოგლეჯილ  მის ნამუშევრებს, დამთავრებული ქუჩის ფოტოგრაფებით, რომლებიც ყიდიან მისი სტრიტარტის ფოტოებს და ქუჩის ხელოვანებით, რომლებიც აკოპირებენ მის სტილს თავიანთი ნამუშევრების გასაყიდად. უბრალოდ მოძებნეთ “ბენკსი” ebay-ზე და ნახავთ 100 ათასზე მეტ ყალბ ნამუშევარს. რეალურად იმდენი ადამიანი აყალბებს უკვე ბენკსის ნამუშევრებს, რომ მას მოუწია შეექმნა სპეციალური საიტი Pest Control (პარაზიტების კონტროლი): ვებგვერდი ამოწმებს იმ ნამუშევრებს, რომლებიც მართლა ბენკსის მიერაა შექმნილი, რათა კოლექციონერები და მომავალი კოლექციონერები თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ. მაშასადამე, თუ ყველა შოულობს ფულს ბენკსიზე, როგორ შოულობს ბენკსი ფულს საკუთარი თავისთვის?

 


 

იმის გათვალისწინებით, რომ ბენკსის ვინაობა უცნობია, რთულია  თქმა, თუ როგორ ან რამდენს შოულობს თავისი ხელოვნებიდან (ბევრი ონლაინწყარო იუწყება, რომ ბენკსი წელიწადში 20 მილიონ $-ზე მეტს გამოიმუშავებს, მაგრამ არცერთი არ ასახელებს აღნიშნული ინფორმაციის წყაროს), თუმცა ვეცდებით ჩვენი მოსაზრებები წარმოგიდგინოთ. სავარაუდოდ, ბენკსიც ისე შოულობს ფულს, როგორც სხვა ცნობილი მხატვრები: იგი ყიდის თავის ხელოვნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბენკსიმ დიდება არასანქცირებული ქუჩის ხელოვნებით მოიპოვა, თავდაპირველად იგი შემოსავალს კედლისთვის განკუთვნილი სერიული ნამუშევრების გაყიდვით იღებდა. მისი სტენსილები და ლითოგრაფია შექმნილია იგივე სტილში, როგორც  კედლის ნახატები და ხშირ შემთხვევაში მათზე ისეთივე გამოსახულებებია გამოყენებული. 90-იანების ბოლოდან 2008 წლამდე ბენკსის ბრიტანელი დილერი სტივ ლაზარიდისი წარმოადგენდა (სტრიტ არტისტების მუდმივი მხარდაჭერისა და მათი ნამუშევრებისთვის საბაზრო ნიშის მოძიების გამო, ლაზარიდისს ხშირად მიაწერენ სტრიტარტის ნამდვილი სახვითი ხელოვნების დონემდე აყვანას.). მან და რამდენიმე სტრიტარტისტმა და ტექნოლოგმა ერთობლივად შექმნეს Pictures On Walls (POW) (სურათები კედლებზე), სტამბა და ვებგვერდი, რომელიც აწარმოებდა არტისტების მიერ შექმნილ ხელმისაწვდომ პრინტებს და მათ ონლაინ ყიდდნენ.  



 

შესაბამისად, ბენკსი ფულს მისი პრინტების  Pictures on Walls-ზე გაყიდვიდან უნდა შოულობდეს. თუმცა რამდენს? ჰიუ ლოჰერი, ხელოვნების დილერია ბრისტოლიდან, რომელიც სხვა ხელოვნების ნამუშევრებთან ერთად ბენკსის ნახატებსაც ყიდის. Artspace-თან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ ბენკსის ნამუშევართა უმეტესობა, მათი ზომის მიხედვით, როგორც წესი, 20 000-40 000$-ის ფარგლებში იყიდება. “აგრეთვე გვაქვს მისი ღია გამოცემები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომია და მათი ყიდვა 500-1 500$-ად არის შესაძლებელი, ან ახალი  Box Sets ბენქის სასტუმრო Walled Off Hotel-დან ბეთლემში”. მეორე მხრივ, გვაქვს ისეთი ნამუშევარი, როგორიც არის “გოგონა ბუშტით” Girl With Balloon (2004), ყველაზე მოთხოვნადი პრინტი, ლოუერის თქმით. “ხელმოუწერელი გამოცემა დაახლოებით 50 000$-ად იყიდება, ხოლო ხელმოწერილი გამოცემის ფასი 165 000$-მდეც აღწევს. წინა წელს იგი  ბრიტანეთის ყველაზე საყვარელ ხელოვნების ნამუშევრად აღიარეს!”

 

 

თუმცა არსებობს ერთი მომენტი… რა თქმა უნდა, ბექნსი გამოიმუშავებს ფულს, როდესაც პრინტები პირდაპირ POW-ზე, ანუ “პირველად ბაზარზე” იყიდება, თუმცა გაყიდვების უმეტესობა “მეორად ბაზარზე” ხორციელდება, რაც  იმას ნიშნავს, რომ დილერები, ნამუშევრების პირდაპირ შეძენის ნაცვლად (ან ამ შემთხვევაში POW-ს ნაცვლად) მათ აუქციონებზე, კოლექციონერებისგან ან სხვა დილერებისგან ყიდულობენ. ანუ, შესაძლოა ვინმემ ნამუშევარი POW-ზე გარკვეულ ფასად იყიდოს (საიდანაც ბენკსი თავის წილს იღებს), თუმცა შემდგომ უკვე შესაძლებელია ამ ადამიანმა შეძენილი ნამუშევარი სხვას მეორად ბაზარზე მიყიდოს და გაყიდვიდან მოგებაც ნახოს. მსგავსი გაყიდვებიდან ბენკსი სარგებელს ვერ ნახულობს.

 

 

და აი პარადოქსიც: იანვარიდან Pictures on Walls აღარ არსებობს. ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საიტის დახურვის გადაწყვეტილება გაჟღერდა. აქედან მოდის მთავარი შეკითხვა: “როგორ შოულობს ბენკსი ფულს?” სტრიტ არტისტების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი თავის ხელოვნებას ქუჩაში ქმნიან, რათა გალერეების სისტემის  ბაზარზე ორიენტირებულ, ინსტიტუციურ, მეინსტრიმ ეკონომიკას თავი აარიდონ. ფუნდამენტურად სტრიტარტი არ უნდა იყოს ფულის შოვნის საშუალება. გთავაზობთ ამონარიდს POW-ის განცხადებიდან:

“კატასტროფა გარდაუვალი იყო – და ჩვენი არტისტების უმრავლესობა  წარმატებული გახდა. სტრიტარტი მეინსტრიმული კულტურის ნაწილად სავაჭრო საქონლად იქცა. მიუხედავად ფასების დარეგულირების მცდელობებისა, სამწუხაროდ, POW-ს ზოგიერთი პრინტის ფასმა ათობით ათას ფუნტს მიაღწია. შესაძლოა არ გვსურდა, ანდაც უბრალოდ ვერ მოვახერხეთ ხელოვნების იმ ბაზრის ნაწილი ვყოფილიყავით, რომელსაც ასე ვგმობდით, ამიტომაც ჩვენ გემშვიდობებით!”

 


 

რა თქმა უნდა, ქუჩის ყველა არტისტი არ ფიქრობს, რომ მისი ნამუშევარი არ უნდა იყიდებოდეს. როგორც ბრენდინგის მექანიზმი, ქუჩის ხელოვნება შეიძლება საკმაოდ მომგებიანი იყოს მათთვის, ვისაც აქვს ორიგინალური სტილი, რომელიც საყოველთაოდ ცნობადია. დიდი კორპორაციები, რომლებიც ცდილობენ ხმა მიაწვდინონ სტრიტარტით დაინტერესებულ მომხმარებლებს ხშირად თანამშრომლობენ ან ქირაობენ სტრიტარტისტებს თავიანთი ბრენდების ცნობადობის ასამაღლებლად. მაგალითად, KAWS-მა შესთავაზა მისი მულტიმური სტილი Comme des Garçons Parfums-ს მათი უნისექს სუნამოს შესაფუთად.  Mr. Brainwash-მა ითანამშრომლა Nike-თან და შექმნა Air Force Ones ლიმიტირებული გამოშვების დიზაინი. ბრუკლინელმა არტისტმა BÄST-მა ითანამშრომლა Marc Jacobs-თან და მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინი შეიმუშავა.

 

 

სხვებისგან განსხვავებით, და ბენქისის სასახელოდ, იგი  საკმაოდ თანმიმდევრულია მისი ანტიელიტარული რიტორიკის გატარებისას. როდესაც იგი გამოსცემს მის ხელმოწერილ გამოცემებს (რაც არცთუ ისე ხშირად ხდება – ლოუერის თქმით, 2010-2017 წლებში, ბენკსის საჯაროდ არცერთი ახალი პრინტი არ გამოუშვია), იგი მათ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად ყიდის. ნიუ-იორკის ბევრ მცხოვრებს ახსოვს და თავში ხელს ირტყამს იმის გამო, რომ არ 2013 წელს არ შეიძინეს ბენკსის ნამუშევრები, როდესაც მისი ტილოები ცენტრალურ პარკში ქუჩის გამყიდველთან  60$-ად იყიდებოდა. (მხოლოდ სამმა ადამიანმა შეიძინა მისი ნამუშევრები – ჯამში 420$-ად, ხოლო მათი საბაზრო ღირებულება 225 000$-ს აღწევდა.) ეს ბენკსის მხრიდან უფრო პოზიციის დაფიქსირება იყო, ვიდრე მისი ნახატების გაყიდვის სქემა (ბენკსიმ სპეციალურად არ უთხრა არავის მისი გეგმის შესახებ და ნახატების გასაყიდად უბრალო გამყიდველი დაიქირავა, რომელმაც ასევე არაფერი იცოდა.) ხოლო წინა ოქტომბერს, ბენკსიმ ლატარიის პრინციპით გამოუშვა 500$-იანი პრინტები, სახელწოდებით Sale Ends. ლოუერის განცხადებით, მათი ფასი 25 000$-ს აჭარბებს.

 

 

“ბენკსი არ იქცევა როგორც ტრადიციული არტისტი. იგი განსხვავდება როგორც თანამედროვე არტისტებისგან, ასევე ყველა არტისტისგან.  იგი არ ყიდის თავის ნამუშევრებს გალერეებში, იგი არ აწყობს ტრადიციულ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს, არამედ ნამუშევრებს ყიდის კერძოდ, დახურულ კარს მიღმა Pest Control-ზე, რასაც შემდგომში   უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად იყენებს, როგორიც არის The New York Residency (2013), Dismaland (2015), The Walled Off Hotel in Bethlehem,” – ამბობს ლოუერი.

 

 

ბოლო რემარკას მივყავართ ბენკსის შემოსავლამდე: Pest Control-ზე შერჩეულ კლიენტებზე ხელოვნების ნიმუშების კერძოდ გაყიდვა  “იმის გათვალისწინებით, რომ უნიკალური ნამუშევრები მეორად ბაზარზე 500$-ად და უფრო მეტადაც იყიდება, თავისი პროექტების დასაფინანსებლად და სოლიდური ხელფასის გამომუშავებისთვის  ბენკსის, ყოველწლიურად, შერჩეულ კლიენტებზე მხოლოდ 10-20 ნამუშევრის გაყიდვა სჭირდება.” – აცხადებს ლოუერი. გახსოვდეთ, რომ სხვა არტისტებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს გალერეების შუამდგომლობით ყიდიან, ბენკსი გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნახევარს მესამე პირებს არ უხდის. “ეს ძალიან ჭკვიანურია და იგი ამით პრივილიგირებულ მდგომარეობაშია. არტისტების უმეტესობა გაყიდვებიდან მხოლოდ მცირე წილს იღებენ. ის, რაც მან და მისმა ჯგუფმა ბოლო 20 წელიწადში შექმნეს, უზრუნველყოფს იმას, რომ, რაც უნდა გაყიდოს ბენკსიმ, მთელ შემოსავალს იგი თვითოვნე მიიღებს.”

 

 

არტის გაყიდვა ბენქსის ერთადერთი შემოსავალი როდია. მან თავად გამოსცა რამდენიმე წიგნი, რომელშიც მისი ნამუშევრების (როგორც სტრიტარტი, ასევე ტილოზე შესრულებული ნამუშევრები) ფოტოებია. 2005 წელს Random House-მა გამოსცა Wall and Piece, რომელიც ხელოვნების კატეგორიაში წლების განმავლობაში ბესტსელერი იყო. მან აგრეთვე გადაიღო დოკუმენტური ფილმი Exit Through the Gift Shop, რომელიც საუკეთესო დოკუმენტურის კატეგორიაში ოსკარზე იყო წარდგენილი. მისმა შემოსავალმა $5 308 618 შეადგინა.

 

 

უნდა გვეცოდებოდეს თუ არა ბენკსი იმის გამო, რომ იგი ვერ შოულობს ფულს ბაზარზე არსებული ყველა პრინტიდან, რომელიც მეპატრონეს იცვლის? რა თქმა უნდა, თუ გავაცნობიერებთ, რომ არსებობენ არტისტები, რომლებსაც კიდევ უფრო ნაკლებად გაუმართლათ და ზარალდებიან იმის გამო, რომ ბაზარი პირველ რიგში ემსახურება თავის ინტერესებს და მხოლოდ შემდეგ არტისტების ინტერესებს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კანონის შესაბამისად, ნამუშევრის ხელახლა გაყიდვის შემთხვევაში, არტისტმა გაყიდული თანხის 4% უნდა აიღოს, არტისტები თითქმის ვერასდროს ხეირობენ, სპეციალურად წევენ დაბლა ნამუშევრების ფასებს პირველად ბაზარზე, ხელმისაწვდომი ნამუშევრების გაზრდის გზით. სამწუხარო რეალობაა ისაა, რომ ბენკსი ერთადერთი არტისტი არაა, ვისზეც დილერები, კოლექცინერები და აუქციონერები ხეირობენ. თუმცა ასე ვიტყოდით: თუ თქვენ გინდათ რომ გამდიდრდეთ, ნუ გახდებით ქუჩის არტისტი.

 


ავტორი: ლონი აბრამსი
წყარო: https://artspace.com


რეკომენდებული სტატიები
Banksy-ის ქუჩის სავაჭრო სტენდი ვენეციაში ხელოვნების ექსპერტებისგან შეუმჩნეველი დარჩა
Play Video

Banksy-ის ქუჩის სავაჭრო სტენდი ვენეციაში ხელოვნების ექსპერტებისგან შეუმჩნეველი დარჩა

Banksy-ის ქუჩის სავაჭრო სტენდი ვენეციაში ხელოვნების ექსპერტებისგან შეუმჩნეველი დარჩა
ბრიტანელმა სტრიტ-არტისტმა ბენკსიმ ვენეციის ბიენალეს კვირეულის გახსნისას ქუჩაში სავაჭრო სტენდი ჩადგა, მაგრამ ის აკრედიტებული ხელოვნების ექსპერტებისგან არავის შეუმჩნევია
ყველაზე გახმაურებული სამუზეუმო ძარცვები

ყველაზე გახმაურებული სამუზეუმო ძარცვები

ყველაზე გახმაურებული სამუზეუმო ძარცვები
ქურდობა მუზეუმებში იშვიათი შემთხვევა სულაც არ გახლავთ, ხოლო სტატისტიკურად, ART დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მხოლოდ 1,5%-ია.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.