fbpx

Project ArtBeat და თანამედროვე ხელოვნება ნათია ბუკიას ცხოვრებაში


გააზიარე სტატია

მე ვარ ნათია ბუკია, Project ArtBeat-ის თანადამფუძნებელი. ლონდონში MBA პროგრამის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიით იმედგაცრუება დამეწყო. მივხვდი, რომ ბიზნესი და ფინანსები აღარ აღმაფრთოვანებდა და აღარც აზარტული იყო ჩემთვის. ერთხელ მე და ჩემი ორი მეგობარი ვლაპარაკობდით საქართველოში სხვადასხვა საქმიანობის შესაძლებლობებზე. ამ საუბრებისას გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ონლაინ გალერეა, რომელიც ქართველ თანამედროვე ხელოვანებს მისცემდა საშუალებას, საერთაშორისო ასპარეზზე წარედგინათ საკუთარი შემოქმედება. ფაქტობრივად ასე დაიბადა Project ArtBeat, რომლის თავდაპირველ იდეასაც, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ასპექტი შეემატა.

ჩემი სახელოვნებო სივრცეში მოხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევითობა იყო.  ამ სფეროში არც მე და არც ჩემს პარტნიორებს ფორმალური განათლება არ გვაქვს, თუმცა მხოლოდ შემთხვევითობას ამას ვერ დავაბრალებთ. ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარდა. კარგი ნამუშევრის ნახვა ყოველთვის იყო ჩემთვის ინსპირაცია. ეს იყო ის, რასაც გავყავდი ყოველდღიურობიდან, რაც მაფიქრებდა და რაზეც მეფიქრებოდა. რაღაც პერიოდიდან მე თვითონაც დავიწყე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების შეძენა და პატარა კოლექციის შექმნა. ეს დამეხმარა, რომ ასე თუ ისე გამეცნო ქართული თანამედროვე ხელოვნება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი.

ჩემი ჰობი, ჩემი საქმიანობა გახდა – ბევრს ვმოგზაურობ. ყველგან, ყოველთვის იყო ჩემთვის მოტივაცია, რომ კარგი გამოფენები მენახა. მე თვითონაც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და პროფესიის არჩევისას ვფიქრობდი კიდეც სამხატვრო აკადემიაში  ჩაბარებას, თუმცა საბოლოოდ მაინც ბიზნეს სკოლა ვარჩიე. გამოდის, რომ მაინც შევძელი ჩემი სურვილის ასრულება და ხელოვნებისთვის ცხოვრების დაკავშირება. ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. ჩემი ინტერესი ჩემი საქმიანობის მთავარ საგნად იქცა.

Project Artbeat-ის თავდაპირველი და მთავარი იდეა ქართველი თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა იყო.  სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ონლაინ სივრცე, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანზე გვქონოდა წვდომა. ასევე თავიდანვე, სწორედ ამავე მიზნით, საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობებზე აქტიურად ვმონაწილეობდით და წარვადგენდით ჩვენს მხატვრებს. 3,5 წლის განმავლობაში 9 სხვადასხვა ქალაქის 17 ხელოვნების ბაზრობაში მივიღეთ მონაწილეობა. ამ მხრივ მომავალშიც კიდევ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს.

მოძრავი გალერეა – კონტეინერი.  ყველაზე მეტად საქართველოში კარგი გამოფენები მაკლდა. არამარტო მე მქონდა საინტერესო ხელოვანების ნახვის დეფიციტი, ჩვენი მოსახლეობისთვისაც, ვფიქრობდი, მნიშვნელოვანი იქნებოდა, კარგი გამოფენების ნახვის საშუალება რომ ჰქონოდათ. აქედან გაჩნდა მოძრავი გალერეის – კონტეინერის იდეა, რომლის მთავარი დანიშნულებაცაა, რომ სწორედ იქ აჩვენოს თანამედროვე ხელოვნება, სადაც მუზეუმებიც კი არ ფუნქციონირებენ და თუნდაც მაშინ, როცა კონტეინერი თბილისში ჩერდება, ისეთ ადგილებში “შეეფეთოს” ხალხს, სადაც გამოფენის ნახვას ნაკლებად ელოდებიან, მაგალითად, ქუჩაში, პარკში ან თუნდაც სავაჭრო ცენტრში. ამ პროექტმა ნამდვილად გაამართლა და ძალიან გვეამაყება. მიუხედავად ლოჯისტიკური სირთულეებისა, მოვახერხეთ და 17 გამოფენა გავმართეთ მოძრავ გალერეაში, საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში.

როცა ჩვენ დავიწყეთ, Project ArtBeat იყო ახალი სივრცე საქართველოს ხელოვნების სფეროში. ტრადიციული გალერეები, რომლებიც საინტერესო ექსპოზიციებს მართავენ და ხელოვნების ბაზრობებზე წარადგენენ მხატვრებს, მაშინ საქართველოში ძალიან ცოტა იყო. სასიამოვნოა, როდესაც პიონერს გეძახიან და შენც ხვდები, რომ რაღაც კონკრეტულ სივრცეში “საჭირო პროექტი” შენ ერთ-ერთმა პირველმა გააკეთე, მაგრამ ეს მარტივი არ იყო და არც ახლა არის. ფაქტობრივად ვერავისგან ვსწავლობდით, გამოცდილებასაც ვერავინ გვიზიარებდა და შეცდომები საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა.

Project ArtBeat მუდმივ სივრცეში. 2017 წლის ოქტომბერში, გალერეის არსებობის 3 წლის თავზე, Project ArtBeat-მა მუდმივი სივრცე ინგოროყვას 14 ნომერში გახსნა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო და ძალიან გვიხარია, რომ ეს გავაკეთეთ. პირველ რიგში, მოგვეცა ისეთი გამოფენების გაკეთების საშუალება, რომლებსაც უბრალოდ კონტეინერის სივრცეში ვერ გავაკეთებდით. თან თვითონ შენობა და სივრცე, სადაც გალერეაა  მოთავსებული, განსაკუთრებულია. ჩვენი გალერეის კონცეფციიდან გამომდინარე, სწორედ ასეთ ადგილს ვეძებდით და ტრადიციულ “თეთრ კუბიკს” რომ ეძახიან, ისეთი სივრცე არც გვიძებნია. ამასთან ერთად, მოგვემატა საქმეც, მუდმივი გალერეის გახსნიდან იმდენი გამოფენა გავმართეთ, რომ ვფიქრობთ, ახლა უფრო გრძელვადიანი გამოფენები გავაკეთოთ.  გალერეაში დამთვალიერებელი სულ მოდის. შესაბამისად Project ArtBeat-ის ფუნქციები ჯერჯერობით იგივეა – ქართველი ხელოვანების ნამუშევრების საერთაშორისო აუდიტორიისთვის ჩვენება და საქართველოში კარგი გამოფენების მოწყობა.

Project ArtBeat-სთვის არტისტებს ჩვენი გემოვნებით ვარჩევთ. სივრცეს თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა თაობების წარმომადგენლებს ვუთმობთ. ჯერჯერობით ყველა მონაწილე ქართველია, თუმცა არ ვართ დარწმუნებულები, რომ სულ ასე იქნება, უბრალოდ სათანადო დრო და საშუალება არ მოგვცემია, რომ არაქართველი არტისტებიც გამოვფინოთ.

16 სექტემბერს, “თბილისი ფოტოფესტივალის” ფარგლებში, Projcet ArtBeat-ის სივრცეში გამოფენა – “ელემენტარული ნაწილაკები – ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან” გაიხსნება.

ეს გამოფენა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ის ჩვენს გალერეაში გაიხსნება! დიდი მადლობა ნესტან ნიჟარაძეს და გურამ წიბახაშვილს ამ შესაძლებლობისთვის და კოლაბორაციისთვის. “ელემენტარული ნაწილაკები – ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან” უფრო ვრცელი გამოფენის შემოკლებული ვერსიაა, რომელიც “თბილისი ფოტოფესტივალის” ორგანიზებით თბილისის ხელოვნების ბაზრობის დროს გაიმართა ექსპო ჯორჯიაში. ამ შემთხვევაში მიზანი არა ქართული ფოტოგრაფიის სრული რეტროსპექტივა-წარმოჩენა, არამედ უფრო მეტად მისი საინტერესო ფრაგმენტების ჩვენება იყო. გამოფენაზე ნახავთ ისეთ იშვიათ ფოტოებს, როგორებიცაა გიგო გაბაშვილის და რეზო კეზელის მეოცე საუკუნის დასაწყისის და შუა პერიოდის ნამუშევრები, რომლებიც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებით მიყვარს კონცეპტუალური ხელოვნება, ჩემი რჩეული ბორის შავერდიანის ფოტოალბომებია. მობრძანდით გამოფენაზე და ყველაფერს თავად იხილავთ.

Project ArtBeat-ს სამომავლოდ ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმა აქვს. მუდმივი სივრცის გარდა, გამოფენებს ვგეგმავთ რეგიონებშიც. ლადო ფოჩხუას ძალიან შთამბეჭდავი გამოფენა გვექნება  წყალტუბოს ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 21 სექტემბერს გაიხსნება. ასევე ოქტომბერში მოძრავი გალერეა სიღნაღში იმოგზაურებს მამუკა ჯაფარიძის პროექტით. რაც შეეხება სახელოვნებო ბაზრობებს, ამ კუთხითაც ძალიან დატვირთული გრაფიკი გვექნება. სექტემბრის Contemporary Istanbul-ის შემდეგ, პირველად მივდივართ იტალიაში, არტისიმაზე – პრესტიჟულ არტ ბაზრობაზე ტურინში, სადაც ორი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრებს წარვადგენთ. ხოლო დეკემბერში პირველად ვიმოგზაურებთ მაიამიში, რაც ჩვენი გალერეისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ავტორი: ნინი დარჩია

 


რეკომენდებული სტატიები
კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს
კარლო კაჭარავამ პირველმა დაიწყო დასავლური ხელოვნების და მასთან მიმართებაში ქართული ხელოვნების შესწავლა და კვლევა. მანვე განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების ორიენტაციაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.