გიგა მაქარაშვილის პროტესტი ოკუპანტს – მსვლელობა თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით
ავტორი: ნინი დარჩია
„რუსეთის მიმართ პროტესტის გრძნობა არც გასაკვირია, არც ახალია და თითქოს საინტერესოც კი აღარაა. თაობების თანმდევი ხაზია ოკუპანტთან ბრძოლის სხვადასხვა გზები, ხერხები, ინტენსივობა. მოკლედ, რაც თავი მახსოვს, მძულს დამპყრობელი და მუდმივად ვცდილობ არ დამეზაროს მის წინააღმდეგ ბრძოლა. საშინელი განცდა იყო იმის გაანალიზება, რომ თემა – ოკუპაცია – უცბად გაქრა, თითქოს არამეინსტრიმული გახდა და სადღაც ათეულის ბოლოში გადახტა. და თან როდის? როცა მცოცავი ოკუპაცია გუგუნებს და საზღვარი ფაქტობრივად ყოველდღე იცვლება, თანაც მუდმივად ჩვენს საზიანოდ.
კიდევ უფრო მძიმეა იმის გადახარშვა, რომ ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს რეალურად არავითარი ბერკეტი არ გააჩნია ოკუპანტის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, ჰოდა გადავწყვიტე მაქსიმუმი გამეკეთებინა და ფიზიკურად მაინც დავხარჯულიყავი ბოლომდე, თუნდაც იმისთვის, რომ ღამე მშვიდად დამეძინა, რადგან უძრაობის განცდა მახრჩობდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ რისი გაკეთებაც შემეძლო, ეს იყო მუხტის გამოცოცხლება მცირე ჯგუფებში მაინც – ბევრი ყვირილი, ოკუპაციის შეხსენება და ამ დამპალი გრძნობის ვერ მიჩქმალვა. ზუსტად ამიტომ 7 აგვისტოს, ომის 10 წლისთავზე თბილისიდან ფეხით დავიძარი და 62 კილომეტრში, ე.წ. საზღვრამდე მივედი ჩვენი კოხტა დროშით. გზაში კიდევ ერთი ოქროს კაცი წამომეწია და ასე ცხელი გულით ჩავედით ყარაფილამდე. ბოლო ომში დაღუპული 170 ჯარისკაცის სახელი და გვარი წავიკითხეთ ხმამაღლა და წამოვედით. ყველაზე მთავარი კი გზაში ხდებოდა – ფაქტობრივად ყოველი მესამე ავტომობილი აჩერებდა და დახმარებას მთავაზობდა, თითქმის ყველა მაძლევდა სიგნალს, ხელს მიწევდა სოლიდარობის ნიშნად, და ეს ყველაფერი 17 საათი რომ გრძელდება, ძალიან ემოციურია.
ამას დაემატა კარგი გამოხმაურება სოციალური მედიით და იქვე გაჩნდა იდეა – სოხუმის დაცემის დღეს ენგურის ხიდამდე ჩავსულიყავი. ამ მსვლელობის დაანონსების შემდეგ ნამდვილი საგიჟეთი დაიწყო – წარმოუდგენელი ამბავი ხდება, სრულიად უცნობი ხალხი მთხოვს რამე სახით ჩავრთო ამ მსვლელობაში, ზოგს წამოსვლა უნდა, ზოგი სხვადასხვა სამოგზაურო ატრიბუტიკას მჩუქნის.
ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ მთელი მოგზაურობის დაზღვევა გადაწყვიტა.
მაჩუქეს სპეციალური ფეხსაცმელი, ელექტროსიგარეტი, რომ მოწევამ არ შეაფერხოს ენგურამდე ჩასვლა, ფიტნესცენტრში შემომთავაზეს უფასოდ მომზადება. ასევე ზურგჩანთა და თითქმის ყველა საჭირო ნივთი, რაც შეიძლება დამჭირდეს.
მეტიც, მსვლელობის შემდეგ სრულიად უცნობმა ქალბატონმა საბერძნეთის ერთ-ერთ კურორტზე დასვენება შემომთავაზა.
ყველაზე სასაცილო მაინც ერთ-ერთი სალონის ზარი იყო, რომელმაც გამოხატა სურვილი ჩაერთონ კამპანიაში და ჩემს ფრჩხილებზე იზრუნონ!
რაც შეეხება კამპანიას – „რუსეთი ოკუპანტია“ – ამ ჯგუფში სოციალური მედიით გაცნობილი ახალგაზრდები შევიკრიბეთ და უკვე ხუთი რეზონანსული ღონისძიება გავმართეთ. ჩვენი სამოქმედო თემა არის ოკუპაცია. 7 აგვისტოს საკმაოდ ხმაურიანი აქცია მოვაწყვეთ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან. შევეცადეთ მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას, ჭიდაობის ფედერაციასთან გავჩნდით იმ სამარცხვინო ფოტოს გამოქვეყნებისთანავე, ასევე ბათუმში გვქონდა დაგეგმილი მშვიდი და ეფექტიანი აქცია, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსი ტურისტები არ გაეღიზიანებინა და ათასობით სტიკერი, რომელსაც 30-მდე ადამიანი ვაკრავდით, რამდენიმე საათში ბათუმის ცენტრალური უბნებიდან გააქრეს.
ჰოდა ჩვენც ავდექით და გზა გადავკეტეთ! სრულიად კონსტრუქციული, მშვიდი მეთოდებით გვინდა ბრძოლა ოკუპაციასთან და იმედია, აღარ მოგვიწევს მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნა, მაგრამ თუ საჭირო გახდება, კიდევ გადავკეტავთ ქუჩასაც და მაგისტრალსაც.
ვგეგმავთ საქართველოს ფაქტობრივად ყველა ქალაქში ჩასვლას მსგავსი აქციებით. იმედია, გვეყოფა ძალა და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ბოლო რუსი ოკუპანტი არ დატოვებს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს.“