„ვეფხვი და ლომი“ – ცენზურა და თავისუფლება
ავტორი: ნანა კობაიძე
გასული საუკუნის 30-იანები – უმძიმესი პერიოდი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 1937 წელი, რომელმაც უამრავი ნიჭიერი ხელოვანი, მათ შორის 100-ზე მეტი მწერალი შეიწირა. სწორედ მათ ხსოვნას ეძღვნება „ვეფხვი და ლომი“ – სპექტაკლი, რომელიც დათა თავაძემ ბადენის სახელმწიფო თეატრში (კარლსრუე) დადგა. წარმოდგენა იმ პერიოდის ცნობილ ხელოვანთა ტრაგიკულ ისტორიებს ეფუძნება, თუმცა მთავარი მაინც პაოლო იაშვილის „პროვოკაციული“ თვითმკვლელობაა, რომლის გარშემო იკვრება და ვითარდება სიუჟეტი. ქართველ მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა თბილისის მეათე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მიეცა. ქართული პრემიერის შემდეგ რეჟისორს სცენასა და მის მიღმა დარჩენილ ამბებზე ვესაუბრეთ.
ის, რაზეც „ვეფხვი და ლომი“ გვიამბობს, კომუნიზმის ეპოქაში იჩქმალებოდა, ტაბუ ჰქონდა დადებული. პოსტსაბჭოთა პერიოდში არქივების გახსნამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და სტალინური რეჟიმის არაერთი კოშმარი ამოატივტივა. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. რა იყო თქვენი გზავნილი, რისი თქმა გინდოდათ მაყურებლისთვის ამ სპექტაკლით?
მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ახალი არ არის, მისი საფუძვლიანი ანალიზი ჯერ კიდევ არ მომხდარა, განსაკუთრებით, ქართულ თეატრში. რიგიანი მუზეუმიც კი არ გვაქვს, რომელიც გორში სტალინის მუზეუმის პოპულარობას დაუპირისპირდება, თუმცა ამ ყველაფერს მხოლოდ საზოგადოების პასიურობას ვერ დავაბრალებთ – ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამის ფუფუნება არ გვქონია. რეპრესიებზე საუბრის შესაძლებლობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოგვეცა, თუმცა იმ დროს ჩვენი აწმყოც წარსულივით სისხლიანი იყო, ისტორიის გაანალიზებას კი მშვიდობა სჭირდება. ძალიან რთულია არქივში ჯდომა და ისტორიის ქექვა, როდესაც უნდა გადარჩე. ამ ყველაფერში ჩაღრმავების დრო ახლა დგება. მოსახლეობის ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს იმ წლების ნოსტალგია. მაღალ ეშელონებში აქა–იქ, მაგრამ ხელოვანების კონტროლის სურვილი მაინც ჩნდება, ამიტომ საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა ბიოგრაფიების შეხსენება აუცილებლობად მივიჩნიე. უნდა გვახსოვდეს წარსულის გამოცდილება, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ.
რატომ ბადენის სცენაზე და არა სამეფო უბნის თეატრში?
მიუხედავად იმისა, რომ ბადენის თეატრს ძალიან ვაფასებ, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად დაიდგმებოდა სპექტაკლი. ამ შემთხვევაში ინიციატორი გერმანული მხარე იყო. იქაური მაყურებლის ინტერესები არ გამითვალისწინებია, საკუთარი სურვილით ვიხელმძღვანელე. ვიცოდი, რა მაინტერესებდა და რაზე ვიმუშავებდი მთელი გულით, ამიტომ, როდესაც ბადენის სახელმწიფო თეატრიდან დამიკავშირდნენ და მკითხეს, რისი გაკეთება მინდოდა, ვუპასუხე, რომ სიამოვნებით ჩავუღრმავდებოდი საბჭოური რეპრესიების საკითხს. ეს ამბები არც გერმანული საზოგადოებისთვისაა უცხო – გასული საუკუნის 30-იანები მათთვისაც მძიმე იყო. გარდა ამისა, მარადიულ თემებსაც ვეხებით – მოვლენების ეპიცენტრში ოჯახური ურთიერთობებია, საყვარელი ადამიანის დაკარგვის, მორალური არჩევანის, ზნეობრივ პრინციპებზე უარის თქმის მომენტი. ასეთ დროს ადამიანებს საერთო ფასეულობები აერთიანებთ და პერსონაჟთა წარმომავლობა და გეოგრაფია ნაკლებად აინტერესებთ.
„ვეფხვი და ლომი“ ფორმის თვალსაზრისითაც საინტერესოა. ეს არ არის ტრადიციული „ამბის“ სპექტაკლი (სცენარი დათო გაბუნიას ეკუთვნის). რაღაც ეტაპზე პერსონაჟები თავად ხდებიან მთხრობელები. პერიოდულად მათ რეპლიკებში „სიტყვებად ქცეული“ ლიტერატურაც შემოდის. თქვენს თეატრში ეს უკვე გამოცდილი ხერხია.
თხრობითი ფორმა, ე.წ. მესამე პირის შემოყვანა სპექტაკლში ჯერ კიდევ ბრეხტის ეპიკური თეატრიდან იღებს სათავეს (უფრო ადრეც), თუმცა ჩვენი მიზანია, მსახიობი მაყურებელს პერსონაჟთან მისვლაში დაეხმაროს, მისი გზამკვლევი გახდეს. ჩვენ „აქ და ახლა“ ვყვებით ამბებს, აღარ არსებობს მეოთხე კედელი. სცენაზეა აწმყო. მაყურებელი მეცხრამეტე საუკუნეში ან 1937 წელს მომხდარ ამბავს კი არ უყურებს, არამედ მის თვალწინ, სამეფო უბნის თეატრში განვითარებულ მოვლენებს. თუმცა დგება მომენტი, როდესაც პერსონაჟი ტექსტში პირველ პირად შემოდის. ძალიან საინტერესო ტექნიკაა, რომელსაც რამდენიმე წელია ვაღრმავებ, თუმცა „ვეფხვისა და ლომის“ შემთხვევაში კიდევ უფრო შორს წავედით: თხრობა და დიალოგი იმდენად გადახლართულია, რომ მთხრობელისა და პერსონაჟის ტექსტებს შორის ზღვარი იშლება. ერთი სცენაა – მწერლის ცოლის მონოლოგი, რომელიც 16 წუთის განმავლობაში გრძელდება. მსახიობი უძრავად დგას და თავის ამბავს გვიამბობს. რაღაც მომენტში მისი და პერსონაჟის ისტორია ერთიანდება და მაყურებელი ვეღარ ხვდება, სად რეალობაა და სად – თამაში. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.
როგორ მიიღო გერმანულმა პუბლიკამ „ვეფხვი და ლომი“?
საკმაოდ თბილად, მაგრამ ის, რაც საქართველოში მოხდა, გაცილებით შთამბეჭდავი იყო. მანამდე მსახიობებს არ უგრძნიათ ამხელა ემოციური ტალღა და მაყურებლის ამ დოზით არსებობა დარბაზში. ეს გასაგებიცაა, რადგან დამსწრე საზოგადოება კარგად იცნობდა პერსონაჟებს (სპექტაკლს მთავარი გმირების შთამომავლებიც ესწრებოდნენ), მათ ისტორიას – ასოციაციებიც ბევრად მდიდარი იყო. გერმანული პუბლიკა უცნობ ამბავს ადევნებდა თვალს და ყურადღება წარმოდგენის მსვლელობასა და მსახიობების თამაშზე ჰქონდა გადატანილი, ქართველი მაყურებელი კი ნაცნობ ამბავს უყურებდა და უცნობი დეტალების აღმოჩენით იყო დაკავებული.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხომ არ იგეგმება „ვეფხვისა და ლომის“ ქართულ სცენაზე გადმოტანა?
დიდი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის რთულია ერთი სპექტაკლის სხვადასხვა სცენაზე დადგმა. მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ შეიძლება სხვასთან გამეორდეს ის „აღმოჩენები,“ რასაც კონკრეტულ დადგმაზე მუშაობისას კონკრეტულ მსახიობებთან მივაღწიეთ. მეორე მხრივ, ეს თემა პირველ რიგში, საქართველოში და ქართული სცენიდან უნდა ჟღერდეს. 30 წლის წინათ უნდა დაგვეწყო ამაზე ლაპარაკი. დღესაც ბევრი უნდა ვისაუბროთ, რადგან მიუხედავად იმისა, თითქოს შეზღუდვების არარსებობას მივეჩვიეთ, სულ უნდა გვახსოვდეს, რა ხდება მაშინ, როდესაც ცენზურა მოდის და თავისუფლებას გვართმევს. ვიღაცას წარმოუდგენლად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ თავისუფლების დაკარგვა ყველაზე იოლია, ამიტომ, რაც მეტს ვილაპარაკებთ ამ თემაზე, მით უკეთესი.
ფოტოები: tbilisiinternational.com