შავ ზღვაში აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი ხელუხლებელი ჩაძირული გემი
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მიაკვლიეს მსოფლიოში უძველეს, ხელუხლებელ ჩაძირულ ხომალდს შავი ზღვის ფსკერზე, სადაც ის 2400 წლის განმავლობაში დაუზიანებლადაა შემონახული.
დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეზე ნაპოვნ 23 მეტრის სიგრძის გემზე, რომელზეც ვარაუდობენ, რომ ძველბერძნულია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ანძა, საჭეები და ნიჩბოსნების სკამები, რაც, მკვლევრების თქმით, ამ სიღრმეზე ჟანგბადის ნაკლებობამ უზრუნველყო.
“ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა 2 კილომეტრის სიღრმეზე ჩაძირული ანტიკური ხანის გემის პოვნა, რომელიც ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა შენარჩუნებული,” – ამბობს პროფესორი ჯონ ადამსი, შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის მთავარი მკვლევარი, რომლის გუნდსაც ეკუთვნის ეს აღმოჩენა. “ეს შეცვლის ჩვენს წარმოდგენას ანტიკურ სამყაროში გემთმშენებლობასა და ზღვაოსნობაზე”.
მკვლევრების აზრით, ეს არის სავაჭრო ხომალდი, რომლის სახეობაც აქამდე მხოლოდ “ბერძნული თიხის ჭურჭელზე შეგვხვედრია, მაგალითად, “სირინოზების ლარნაკზე”, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.”
ამ ნამუშევარზე, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდით თარიღდება, აღბეჭდილია მსგავსი გემი, რომლის ანძაზეც ოდისევსი იყო მიბმული, რათა სირინოზების სიმღერას არ დანებებოდა.
მკვლევრების გუნდმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ გემის გადაადგილებას, თუმცა აღნიშნეს, რომ მისი პატარა ნაწილით საუსჰემპტონის უნივერსიტეტში ასაკი დაადგინეს და შედეგებმა “დაადასტურა, რომ ეს გემი კაცობრიობისთვის ცნობილი უძველესი, ხელუხლებელი ჩაძირული ხომალდია.” გუნდის თქმით, მონაცემებს ამ კვირაში ლონდონში, შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის კონფერენციაზე გამოაქვეყნებენ.
ეს გემი ერთ-ერთია იმ 60-ზე მეტ ჩაძირულ ხომალდთაგან, რომლებიც საზღვაო არქეოლოგების, გეოდეზისტებისა და მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა იპოვა სამწლიანი კვლევის შედეგად. მათი მისია იყო შავი ზღვის სიღრმეების გამოკვლევა, რათა უკეთ გაეგოთ პრეისტორიული ზღვის დონის ცვალებადობის გავლენა. ისინი აწყდებოდნენ სხვადასხვა ასაკის მასალებს, როგორებიცაა – “მე-17 საუკუნის კაზაკთა თავდასხმითი ფლოტი, რომაული სავაჭრო ხომალდები ამფორებით და ანტიკური პერიოდის მთლიანი გემი”.
დოკუმენტალისტთა გუნდმა ორსაათიანი ფილმი გადაიღო, რომელსაც სამშაბათს ბრიტანეთის მუზეუმში წარმოადგენენ.
ორიგინალი: https://theguardian.com