fbpx

ტადაო ანდო – არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დათო კოროშინაძე

 

ტადაო ანდო იაპონელი თვითნასწავლი არქიტექტორია, რომლის ნიმუშებიც მიჩნეულია „კრიტიკული რეგიონალიზმის“ ნაწილად. ეს არის ფართოდ გავრცელებული არქიტექტურული მიმდინარეობა, რომელიც ადგილობრივ და გლობალურ არქიტექტურას შორის მედიაციას ცდილობს. რეგიონალისტები არქიტექტურას ხელახლა უმორჩილებენ კონტექსტსა და გეოგრაფიას. ისინი თავიდან ირიდებენ თანამედროვე არქიტექტურის ინდივიდუალისტურ და პოტმოდერნისტულ მიდგომებს და მოდერნისტულ პრაქტიკასთან ბრუნდებიან.

 

 

ანდოს ხელოვნებაში, მისივე ხედვიდან გამომდინარე დიდია იაპონური კულტურის გავლენა. ის იაპონიაში გაიზარდა, სადაც რელიგიამ და ცხოვრების სტილმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს მის არქიტექტურასა და დიზაინზე. თვითნასწავლი არქიტექტორი ბევრს მოგზაურობს დასავლეთში, მისთვის საინტერესო პროექტების სანახავად და მათ საკვლევად. ლე კორბუზიეს, მის ვან დერ როი და ლუის კანის პროექტები ხშირად ხვდებიან მის კალეიდოსკოპში.

 

 

ზოგადად, სახლს იაპონურ კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს. ის ტაძრის მსგავსად სამყაროს ცენტრია, რომელშიც ადამიანი საკუთარ ცენტრსაც პოულობს (იაპონურად – „კოკორო“). სამყაროში ბინადრობა ამავდროულად სახლის და სამყაროს ურთიერთობასაც უნდა გულისხმობდეს, ამიტომ ტადაო ანდოს არქიტექტურაში მუდმივად ვხვდებით გახსნილ ხედებს, ბუნებრივი სინათლეებისთვის დატოვებულ ადგილებს. გარესამყარო მის ნამუშევრებში იჭრება და ავსებს მათ. ამავდროულად, ის ცდილობს მინიმალური ზემოქმედებით შეაღწიოს ბუნებაში. ასახოს და გაამჟღავნოს ისეთი ფორმები, რომლებიც სამყაროს მსავსად სულის ჭურჭლად გამოდგებიან. ანდოს სახლები საცხოვრებელი ტაძრებია, რომლებიც სრულად ცვლიან დროისა და სივრცის აღქმას. აქ დრო შეჩერებულია და მყოფად მიღმიერებას ასხივებს, სივრცე კი უცნაურ ინტიმურობას გვთავაზობს.

 

 

ფრანგი ურბანისტი და სოციოლოგი ჰენრი ლეფებრე წერდა, რომ სწორი სივრცის შესაქმნელად საჭირო იყო ახალი სოციალური ურთიერთობების სწორად გააზრება და პირიქით. ანდოს არქიტექტურა 21-ე საუკუნეში, ერთდროულად, იაპონური ტრადიციებიდანაც მოდის და უახლეს გამოწვევებსაც ეხმიანება, რითაც ანახლებს ისტორიულ გამოცდილებას. ტრადიციული იაპონური მინიმალიზმისგან განსხვავებით, ტადაო ანდო არ ერიდება მყარი და კომპლექსური სტრუქტურების გამოყენებას, რომლებიც დასავლური მოდერნიზმის და პოსტმოდერნიზმის შესწავლის შედეგად ჩნდებიან. მიღებულ შედეგებში კი, ის ცდილობს ტრადიციისთვის დამახასიათებელი ტემპების, დინამიკის, სიმსუბუქის და სხვა კომპონენტების შეტანას.

 

 

თანამედროვე ადამიანის ყოფა მოკლებულია მგრძნობელობას, დაშორებულია სამყაროსგან. მიუხედავად ამისა, ანდო არ ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას და პოზიტიური არქიტექტურის წარმოდგენას. ის ისეთ სამყაროს ქმნის, როგორშიც ვცხოვრობთ, მონუმენტურს, მძიმეს, სასტიკი ფორმებით, რომლებიც ზოგჯერ უტოპისტური არქიტექტურის ბრუტალურ იდეებსაც გვახსენებენ და ხშირად – სივრცის გასამარტივებლად – კონსტრუქტივისტულ მისწრაფებებსაც ამჟღავნებენ. ანდო ამ დაძაბულობას სრულად წარმოადგენს და ხშირად უცნაურ, სინთეზურ ობიექტებსაც იღებს, რომლებიც თითქოს ალოგიკურ და გაუცხოებულ მოძრაობებს იმეორებენ, თუმცა ამავდროულად არანორმალური რაოდენობით სიმშვიდეს და ინტიმურობას გვთავაზობენ, სიჩუმეს და ცარიელ ჰორიზონტებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ძენის პრაქტიკაში.

 

 

სიმძიმე და სიმსუბუქე კიდევ ერთი თემაა, რომელიც უშუალოდ მასალების გამოყენებას უკავშირდება. ანდო არ ერიდება მასიურ სტრუქტურებს, მაშინ როდესაც დეტალები, მოყვანილობა და ფიგურაცია უცნაურ უწონადობას ქმნიან. მოდერნისტული მატერიალურობის, რუტინის, მძიმე ყოფის მსაზღვრელად სულისა და შეგრძნების, ელევაციის და მედიტაციის ნიშნებია მოყვანილი.

 

 

წელს ვენაში, ალბერტინას მუზეუმში გამართულ ფიროსმანის გამოფენაზე ერთ-ერთი ნამუშევარი სწორედ ანდოს ეკუთვნოდა. გამოფენაზე ანდოს გამოჩენა საკმაოდ სიმბოლურია, რამდენადაც ფიროსმანი ჩვენში თავისუფალი ხელოვნების გაჩენას უკავშირდება და ამავდროულად ქართული კულტურის კრებით ნიშანსაც წარმოადგენს. გამოფენისთვის ტადაო ანდომ დიდი, მასიური შუშის მაგიდა დაამზადა, რომელშიც ყვავილებია მოთავსებული. ანდოს კვალდაკვალ შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, თუ როგორ არის დღეს შესაძლებელი ქართულ მემკვიდრეობასთან ურთიერთობა და მისი ახალი სასიცოცხლო ფორმების წარმოდგენა.

 


რეკომენდებული სტატიები
არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი
ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.