fbpx

“GPI ჰოლდინგი” და “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ


გააზიარე სტატია

 


ავტორი: ნინი დარჩია

 

გარდა იმისა, რომ ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს, 10 ოქტომბერს ავსტრიის დედაქალაქში, რინგტურმის საგამოფენო სივრცეში “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ორგანიზებით გაიხსნა საქართველოს არქიტექტურული გამოფენა – “საქართველო – კავკასიასა და შავ ზღვას შორის”.  გამოფენა ფართო საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან არქიტექტურას აცნობს და მასზე საქართველოს 5 ქალაქში არსებული მნიშვნელოვანი და გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობების ფოტოებია გამოფენილი.

 

გთავაზობთ ინტერვიუს გამოფენის კურატორთან, არქიტექტურის ისტორიკოსსა და  პროფესორთან ადოლფ შტილერთან.

 

 

ადოლფ შტილერი: მთელი ცხოვრება არქიტექტურას მივუძღვენი და ვთვლი, არცთუ ისე ცუდი ცოდნა მაქვს მიღებული ამ სფეროში და მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა. როდესაც “ვენის სადაზღვევო ჯგუფმა”  “ჯიპიაი ჰოლდინგთან” ერთად საქართველოზე გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა, მეც გადავწყვიტე ამ ქვეყანაში მოგზაურობა, რადგან რთულია იმუშაო ისეთ საკითხზე, რომელსაც არ იცნობ. ორჯერ 10-10 დღით ვიმოგზაურე საქართველოში.  პირველი 10 დღე მხოლოდ თბილისში გავატარე, შემდეგი 10 დღე კი ყველა იმ ქალაქში, რომლებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი: ბათუმი, გორი, ქუთაისი, წყალტუბო. ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო, გზაში არ ველოდი ასეთ საინტერესო არქიტექტურულ ობიექტებს, გაჩერებებს, ძველი მატარებლის სადგურებს… ძალიან საინტერესო ქვეყანაა საქართველო თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით. ქართულ სამზარეულოზე მზად ვარ ცალკე ინტერვიუც მოგცეთ!

 

 

რას ფიქრობთ ქართულ არქიტექტურაზე ან არქიტექტურაზე საქართველოში?

მგონი უმჯობესია ვთქვათ – არქიტექტურა საქართველოში. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ქართული არქიტექტურა, თუმცა ყველა ქვეყანაში საინტერესოა ის ნაგებობები, რომლებიც მაგალითად, მე-19 საუკუნეში სხვადასხვა არქიტექტორებმა აჩუქეს ქალაქებს, ასეთი საინტერესო ნაგებობები საქართველოს მასშტაბით ნამდვილად უამრავია. ძალიან გამიჭირდა შენობების არჩევა. ასევე, თუ ვისაუბრებთ თბილისზე, ამ შემთხვევაშიც უმჯობესია ვთქვათ – არქიტექტურა თბილისში, რადგან ბევრი შენობა გარდა ძალიან კარგი ქართველი არქიტექტორებისა, ასევე გერმანელი, რუსი და სომეხი არქიტექტორების მიერ არის დაპროექტებული. ჩემთვის ყველაზე საინტერესო თქვენს ქვეყანაში ძირითადი სამი პერიოდი აღმოჩნდა: საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდი, საბჭოთა არქიტექტურა – სტალინიზმი და გვიანი პოსტმოდერნიზმი,   ასევე ზოგიერთი თანამედროვე შენობა 2000-იანებიდან.

რატომ გადაწყვიტეთ  გამოფენის მოწყობა?

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ევროპის 25 ქვეყანაში მუშაობს და მათ შორის საქართველოში წარმოდგენილია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სახით. ამ ქვეყნების წარმოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა ანახო კონტექსტი, გარემო, არქიტექტურა. ამას ეძღვნება პერიოდული ექსპოზიციები ამა თუ იმ ქვეყნიდან – ეს გამოფენაც 51-ეა, ხოლო 2016 წელს ჩვენ ცალკე ღონისძიება მივუძღვენით თბილისს და გამოვეცით კატალოგი.

ამ გამოფენის მიზანია ვენაში მცხოვრებ ხალხს და მთელ ევროპას გავაცნოთ საქართველო, მისი არქიტექტურა, რომელიც ვთვლით, რომ განსაკუთრებით საინტერესოა და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო მას ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს. ჩემთან ერთად ამ გამოფენაზე ქართველმა არტისტმა ირინა ქურთიშვილმა იმუშავა, რომელიც დამეხმარა ბოლომდე გამეაზრებინა თქვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიული კონტექსტი და ცხადია,  ჩემი მეგზურიც იყო ამ ქალაქებში.

თან წელს, როდესაც ფრანკფურტში, წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრის რანგში იყო მიწვეული და მსოფლიოს მასშტაბით ყურადღების ცენტრში მოექცა, გვინდოდა ჩვენც შეგვეტანა ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის მსოფლიოსთვის გაცნობაში.  გამოფენის პარალელურად გამოვეცით საკმაოდ საინტერესო წიგნი საქართველოს არქიტექტურაზე, რომელიც ფრანკფურტშიც იყო წარმოდგენილი. გარდა ჩვენი გამოფენისა, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს – 26 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით. მოკლედ, შეიძლება ითქვას, საქართველო ვენაშიც საპატიო სტუმარია წელს.

 

 

როგორ აარჩიეთ შენობები?

როდესაც დავიწყეთ მოგზაურობა დასავლეთისკენ, გზადაგზა ვათვალიერებდით და ვარჩევდით შენობებს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და ასევე რთული არჩევანის გასაკეთებლად. 1500 შენობიდან დაახლოებით 50  ამოვარჩიე. ვეცადე, ამ შენობების ღირებულებები ძალიან ობიექტური ყოფილიყო და არ შემოვფარგლულიყავი ჩემი სუბიექტური გემოვნებით.

 

შეგიძლიათ დაგვისახელოთ სამი შენობა, რომლებიც ყველაზე მეტად მოგეწონათ საქართველოში?

ნამდვილად არ იქნება იოლი… თუმცა ვეცდები გიპასუხოთ: თბილისის სინაგოგის ინტერიერი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, რაც მინახავს, რაღაცით ვენის ოპერის დარბაზსაც ჰგავს. ასევე პოსტმოდერნიზმის გამორჩეული ნიმუშია მთელ მსოფლიოში –  საქართველოს ბანკის შენობა, რომელმაც ვფიქრობ, დაამსხვრია სტანდარტული კლიშე გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე  და ძველი საბაგიროს შენობა – უნიკალური არქიტექტურით და განლაგებით,  სპირალური კიბეებით; იმ პერიოდისთვის… არც ვიცი რა დავარქვა… ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი! აუცილებლად უნდა აღვნიშნო თბილისის მეტროს სადგურები და ზოგადად გაჩერებები საქართველოს მასშტაბით, უნიკალური მოზაიკებით და ბარელიეფებით… წყალტუბო კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია, რაც მინახავს. ვერაფრით ვხვდები, რატომ შეიძლება ეს ადგილი მიტოვებული იყოს. ძალიან გული მწყდება საქართველოს იმ მხარეებზე, რომლებსაც დროის სიმცირის გამო ვერ ვესტუმრე, მაგრამ აუცილებლად ვიმოგზაურებ საქართველოში ისევ და ვიცი წინ უფრო დიდი სანახაობა მელის!

 

 


რეკომენდებული სტატიები
არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი
ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის
დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე

დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე

დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე
თუ გაინტერესებთ თანამედროვე ქალაქების დაპროექტებისა და ურბანისტიკის საკითხები, გამორჩეული და კრეატიული არქიტექტურის მქონე თანამედროვე შენობები, დიზაინი, ან უბრალოდ გსურთ, რომ ვირტუალურად იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო Instagram ანგარიშს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.