fbpx

მაჟორიტარები – მმართველი პარტიების შეთანხმების წერტილი ადგილობრივ კლანებთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი კაკაბაძე

 

უკვე წლებია საქართველოში არსებობს გარკვეული სტერეოტიპები მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით: რაიონში გავლენის მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს ფინანსები, ბიზნესი და ამ ბიზნესის გაფართოების და დაცვის მიზნით პარლამენტში მიდის.

ქართველ მაჟორიტარს, როგორც წესი, პოლიტიკური იდეოლოგია, მემარჯვენე-მემარცხენეობა ნაკლებად ადარდებს, ლოიალურია ხელისუფლების მიმართ, მისი ცვლილების შემთხვევაში კი ხშირად ახერხებს ახალ ხელისუფლებასთან  დაახლოებას და საკუთარი ინტერესების ლობირებას.

2003 წლის 23 ნოემბერს ედუარდ  შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კი გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები (ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება გახდა), მაგრამ ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  მაჟორიტარები, რომლებმაც პოლიტიკური გავლენა და ფინანსები შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მოიპოვეს, ახალ სახელისუფლებო გუნდს დაუახლოვდნენ. იგივე პროცესი განმეორდა 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე ქართული პოლიტიკური პარტიების თემატიკაზე უკვე ათ წელიწადზე მეტია მუშაობს.

მისი შეფასებით, ქართველი მაჟორიტარების უმრავლესობა „რეგიონული მასშტაბის კლანების ან ელიტის წარმომადგენლები არიან. მათი მთავარი ამოცანაა საკუთარი ინტერესების სამსახური.

მეორე პრობლემაა ის, რომ მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრა და არჩევნებში მონაწილეობა სერიოზულ დაფინანსებას მოითხოვს. მაჟორიტარებად პარტიები ხშირად წარადგენენ არა იმ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან პოლიტიკური საქმიანობით ან თუნდაც პარტიულ სტრუქტურებში ეფექტური მუშაობით, არამედ მათ, ვისაც შეუძლიათ ფული მიიტანონ პარტიაში და საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიაც დააფინანსონ.“

საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრისგან. რთულია რომელიმე ევროპული  ქვეყნის მოძებნა, სადაც ერთპალატიან პარლამენტში მაჟორიტარებს ადგილების თითქმის ნახევარი ექნებათ.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“  77 პროპორციული ადგილიდან 48 მიიღო (ხმათა 59,18%). თუმცა, მაჟორიტარების დახმარებით, რადგან  75 საარჩევნო ოლქიდან 71-ში მაჟორიტარული არჩევნები მათმა კანდიდატმა მოიგო, პარლამენტის 150 მანდატიდან „ნაციონალები“ 119-ს აკონტროლებდნენ (ანუ, საბოლოოდ 79,33%-ს).

 

 

2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ 77 პროპორციული ადგილიდან 44 მიიღო (ხმათა 48,67%). თუმცა, პარლამენტში გასული 73 მაჟორიტარიდან „ოცნებას“ 70 დეპუტატი წარმოადგენდა და 150 მანდატიდან „ქართული ოცნებას“ საბოლოოდ 115 მანდატი შეხვდა (ანუ, საბოლოოდ 76.6%-ს). ისევ და ისევ მაჟორიტარების ხარჯზე მმართველი ძალა – ამჯერად „ქართულ ოცნება“ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოხვდა.

 

ამ ციფრებიდანაც ჩანს, რომ მაჟორიტარული სია მმართველი  პარტიისთვის ვინც არ უნდა იყოს ეს – „მოქალაქეთა კავშირი,“  „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების ყველაზე ეფექტურ და მარტივ გზას.

ლევან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ მაჟორიტარების საკითხი ზოგადად ქართული საარჩევნო სისტემის პრობლემის ნაწილია: „მთლიანად ეს სისტემაა  უსამართლო, რადგან მცირე უპირატესობის შემთხვევაშიც კი პარტიას აძლევს დიდ უპირატესობას პარლამენტში. შესაბამისად ამომრჩევლის ნება არ არის ადეკვატურად ასახული.

აქედან გამომდინარეობს ბევრი პრობლემა, მათ შორის ისიც, რომ ერთი პარტია აკონტროლებს ყველაფერს, აკეთებს იმას, რისი საზოგადოებრივი მანდატი არ გააჩნია.

რაც შეეხება  მაჟორიტარების საკითხს – ეს არის ალბათ ქართული დემოკრატიის და საარჩევნო სისტემის ყველაზე სუსტი წერტილი.

მაჟორიტარები ნაკლებად თვლიან თავს რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიის, პარტიის თუ ფასეულობის ერთგულად. მათი ძირითადი ფუნქცია სამწუხაროდ არის საკუთარი ბიზნეს ან პოლიტიკური ინტერესების ლობირება.“

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესში. ამ ცვლილებით პარტია დაფინანსებას იმ პირობებშიც კი იღებს, თუ ერთ მაჟორიტარ კანდიდატს მაინც გაიყვანს პარლამენტში და ფრაქციას ჩამოაყალიბებს. ამ კანონის მოქმედება იმ დროისათვის გავრცელდა მხოლოდ ერთ პარტიაზე.

საკანონმდებლო მანიპულაციის შედეგად „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“, რომელთაც არჩევნებში ხმების 0.78 პროცენტი მიიღეს, ბიუჯეტიდან 60000 ლარზე მეტ დაფინანსებას იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პარტიის მაჟორიტარმა  კანდიდატმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“.

ეს ფრაქცია არაფრით განსხვავდება უმრავლესობაში შემავალი სხვა ფრაქციებისგან, თუმცა პარტიამ, რომელსაც  ამომრჩეველთა მხოლოდ 0.78 პროცენტის (13 788 ამომრჩეველი) მხარდაჭერა ჰქონდა, სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო და  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლებაც მოიპოვა.

ლევან ცუცქირიძე: „დაფინანსების სისტემის ამგვარი მანიპულირებით ამომრჩევლის პოლიტიკური ნების დამახინჯება მისგან ფარულად ხდება. ეს არის მოკავშირეებისა და სატელიტების გაძლიერების და მოწინაამღდეგეების დასუსტების ირიბი გზა, რაც საზოგადოებისათვის ხშირად შეუმჩნეველი და გაუგებარი საკანონმდებლო მანევრებით ხორციელდება და რეალურად  დემოკრატიული არჩევანის დეფორმაციას ახდენს.“

ბოლო ორი წელია აქტიურად მიდის საუბარი, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტით 2024 წელს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უქმდება და რჩება მხოლოდ პროპორციული სისტემა. ეს ფაქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ერთგვარ კომპრომისად შეფასდა.

ლევან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი საარჩევნო სისტემის შეცვლაა: „რთულია გადაჭრით იმის თქმა,  რომელი სისტემაა საუკეთესო. ყველა სისტემას საკუთარი ხარვეზები აქვს. დღეს მოდაშია საუბარი პროპორციულ და რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე. მეც მგონია, რომ საქართველოსთვის ეს მისაღები მოდელია.

ამ შემთხვევაში პარლამენტი  პარტიული სიებით დაკომპლექტდება ან პარტიები  წარადგენდნენ რეგიონულ სიებს, სადაც ამომრჩეველს შეუძლია ცალკე არჩევანი გააკეთოს.

ბევრი ვარიანტია, მაგრამ ვინაიდან საქართველოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა გამჭირვალე არ არის და პარტიები ხშირად ადგილებსაც ყიდიან სიებში, აქაც შესაძლოა  კორუფციულმა ელემენტმა გარკვეული როლი ითამაშოს და დღევანდელი მაჟორიტარები ხვალ მარტივად აღმოჩნდნენ პარტიულ სიაში.“

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.