fbpx

The Beatles-ის „თეთრი ალბომი“ დღეს 50 წლის გახდა


გააზიარე სტატია

 

 

1968 წლის თებერვალში ბითლზის წევრები ინდოეთში გაემზავრნენ. ინდოელი გურუ მაჰარიში მაჰეშ იოგი მუსიკოსებმა ერთი წლით ადრე გაიცნეს და გადაწყვიტეს ტრანსცენდენტალური მედიტაციის კურსი ჩრდილოეთ ინდოეთში, რიშიკეშში გაევლოთ. რიშიკეშში ასევე იმყოფებოდნენ ბრიტანელი მუსიკოსი დონოვანი, მაიკ ლავი „ბიჩ ბოიზიდან“ და ამერიკელი მსახიობი მია ფეროუ.

 

Image result

 

მაჰარიშის მედიტაციის ცენტრი ქალაქგარეთ, ფაქტობრივად ჯუნგლებში იყო განლაგებული. განგის ხეობის შთამბეჭდავი ბუნება და გარემო არა მხოლოდ მედიტაციისთვის აღმოჩნდა ხელსაყრელი. რამდენიმე კვირაში ლენონმა, მაკარტნიმ და ჰარისონმა  40-მდე სიმღერა დაწერეს. ამ სიმღერების უმრავლესობა წლის ბოლოს გამოსულ ალბომში შევიდა.

 

Image result

Image result

 

რიშიკეშში შექმნილი რამდენიმე კომპოზიცია 1969 წელს ჩაწერილ ალბომებში – Let It Be-სა და Abbey Road-ში მოხვდა. ჯონ ლენონის Child of Nature-მ კი უჩვეულო ტრანსფორმაცია განიცადა და უკვე ჯგუფის დაშლის შემდეგ მუსიკოსის მეორე სტუდიურ ალბომში Imagine Jealous Guy-ს სახელწოდებით შევიდა.

 

Image result

Image result

Image result

Image result

 

ინდოეთიდან ინგლისში ყველაზე ადრე, ორი კვირის შემდეგ, რინგო დაბრუნდა, რომელიც ინდურ საჭმელს ვერაფრით შეეგუა. პოლ მაკარტნი ლონდონში მარტის ბოლოს გაემგზავრა. ჰარისონი და ლენონი ინდოეთში აპრილის შუა რიცხვებამდე დარჩნენ. 1968 წლის მაისის დასაწყისში ჯგუფის წევრები ეშერში, ჯორჯ ჰარისონის სახლში შეიკრიბნენ და ახალი სიმღერების დემო ვერსიები ჩაწერეს.

 

1968 წლის 30 მაისს ჯგუფმა უკვე ნაცნობ ადგილას, ები როუდის სტუდიაში გადაინაცვლა და  ალბომის ჩაწერა დაიწყო. ჩაწერის პროცესი ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და 14 ოქტომბერს დასრულდა. ალბომში უპრეცედენტო რაოდენობის – 30 კომპოზიცია შევიდა.  მისი ხანგრძლივობა 93 წუთს აღემატება.

 

Image result

Image result

Image result

Image result

1968 წლის 22 ნოემბერს გამოსული ორმაგი ალბომი რადიკალურად განსხვავდებოდა გაფორმებით 1967 წლის ტრიუმფალური Sgt. Pepper-ისგან. დისკს თეთრი გარეკანი ჰქონდა, რომელზეც მხოლოდ ჯგუფის სახელწოდება იყო აღნიშნული. The Beatles – იგივე „თეთრი ალბომის“ გარეკანი პოპ-არტის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა რიჩარდ ჰამილტონმა გააფორმა.

 

Image result

 

მუსიკალური თვალსაზრისით დისკი საოცრად მრავალფეროვანია. რთულია იპოვო ალბომი, სადაც ასეთი მრავალჟანრობრივი მუსიკაა ჩაწერილი: ჰარდ როკი  (Helter Skelter), ბლუზი (Why Don’t We Do It In The Road), როკ-ენ-როლი  (Birthday), ფოლკი (Blackbird), ქანთრი (Rocky Raccoon), ფსიქოდელია (Glass Onion), სკა  (Obladi Oblada). ლენონსა და მაკარტნის ალბომში 12-12 კომპოზიცია აქვთ, ჰარისონს – 4,  თვით რინგომაც კი მოახერხა „მეგობრების დახმარების“ გარეშე ერთი სიმღერა – Don’t Pass Me By დაეწერა. ალბომში შეტანილი ლენონის 8 წუთნახევრიანი ექსპერიმენტული ხმოვანი კოლაჟი – Revolution 9 მუსიკალურ ნაწარმოებად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს.

 

 

ალბომის მთელ რიგ სიმღერებს პირდაპირი კავშირი აქვთ ინდოეთთან. Sexy Sadie ჯონ ლენონმა მაჰარიშის მიუძღვნა, ფრაზა You Made a Fool of Everyone გამოხატავს სიმღერის ავტორის იმედგაცრუებას ინდოელი გურუს მიმართ.

 

მაჰარიშის ფრაზა – Everybody’s Got Something to Hide Except Me ჯონმა გამოიყენა კომპოზიციის,  Everybody’s Got Something to Hide Except Me and My Monkey-ის შესაქმნელად. მაიმუნებთან კავშირშია Why Don’t We Do It In The Road, რომლის იდეაც პოლ მაკარტნის გზაზე, პრიმატების სექსუალური აქტის ნახვის შემდეგ მოუვიდა.

 

Image result

 

ალბომის გამორჩეული კომპოზიცია – Dear Prudence ჯონ ლენონმა მია ფეროუს დას, პრუდენსს მიუძღვნა. პრუდენსი იმდენად იყო გატაცებული მედიტაციით, რომ თავის საცხოვრებელში ჩაიკეტა და  არავის ეკონტაქტებოდა. ლენონს სთხოვეს გოგონასთვის ყურადღება მიექცია. ჯონი რამდენჯერმე მივიდა მის კოტეჯთან, მაგრამ პრუდენსის გარეთ გამოყვანა ვერ შეძლო.

 

Image result

 

ჯონ ლენონის – Yer Blues – სახელწოდების მიუხედავად, ბლუზზე უფრო მეტად ჰარდ როკისკენ იხრება. ლენონის სიმღერებს შორის აღსანიშნავია Happiness Is A Warm Gun, რომელიც სამი განსხვავებული ფრაგმენტისგან შედგება და სადაც სიმღერის ავტორი ფენომენალურ ვოკალურ პარტიას ასრულებს.

 

 

1968 წელს ვიეტნამში  28 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამერიკის და ევროპის დიდი ქალაქები საპროტესტო მოძრაობამ შეძრა. 1968 წლის 17 მარტს ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან გამართული  აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მაისში უკვე ფრანგმა სტუდენტებმა სცადეს პარიზში კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობა. ლენონმა, რომელიც ყოველთვის ყურადღებით ადევნებდა თვალს პოლიტიკურ მოვლენებს, გადაწყვიტა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. Revolution-ში მუსიკოსი ემიჯნება მემარცხენე რადიკალებს, ამბობს, რომ მასაც სურს ცვლილებები, მაგრამ არა რევოლუციის გზით (მოგვიანებით ლენონი ამ შეხედულებას გადახედავს და უფრო რადიკალური გახდება).

 

Image result

 

ალბომის ყველაზე მძიმე კომპოზიცია – Helter Skelter პოლ მაკარტნის ეკუთვნის. პოლმა ერთ-ერთ მუსიკალურ ჟურნალში, The Who-ს პიტ თაუნშენდის ინტერვიუ წაიკითხა, სადაც ჰუს ლიდერი აცხადებდა, რომ  მისმა ჯგუფმა ყველაზე ხმაურიანი, „ბინძური“ ჩანაწერი გააკეთა. მაკარტნი არც დაინტერესებულა The Who-ს რომელ სიმღერაზე იყო საუბარი. უბრალოდ გადაწყვიტა დაეწერა მისი წარმოდგენით უფრო მძიმე კომპოზიცია და ეს შესანიშნავად გამოუვიდა. Helter Skelter იქცა ქვაკუთხედად იმ დროს ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ჟანრის- ჰარდ როკის განვითარებისთვის, სიმღერის ბოლოს კი რინგოს განწირულმა ყვირილმა  – „I’ve Got Blisters On My Fingers“ კომპოზიციას უფრო მეტი დრამატიზმი შესძინა.

მაკარტნის კიდევ ერთი შედევრი – Blackbird აკუსტიკური გიტარის თანხლებით ჩაწერილი კომპოზიციაა, რომელიც პოლმა იოჰან სებასტიან ბახის მუსიკის შთაგონებით შექმნა. სიმღერა ფარული მინიშნებით გამოხატავს ავტორის მხარდაჭერას ამერიკის შავკანიანი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის მიმართ.

Back in the U.S.S.R-ის დაწერის იდეა მაკარტნის მაიკლ ლავმა მიაწოდა. პოლმა გადაწყვიტა დაეწერა სიმღერა პაროდია ჩაკ ბერის Back in the U.S.A-ზე.


სიუჟეტის გმირი იხსენებს ყველაფერს, რაც საინტერესოა პროლეტართა ქვეყანაში: უკრაინელ და მოსკოველ გოგონებს, ბალალაიკას და That Georgias’s always on my my my my mind-ს. თუმცა ამ სიმღერის Georgia-ში არა რეი ჩარლზის მშობლიური შტატი, არამედ საქართველო იგულისხმება.

 

 

ჯორჯ ჰარისონის კომპოზიციამ – While My Guitar Gently Weeps ტრანსფორმაცია განიცადა აკუსტიკური ბალადიდან მძლავრ ელექტროკომპოზიციამდე, სადაც გიტარაზე ვირტუოზულ სოლოებს ჰარისონის მეგობარი ერიკ კლეპტონი უკრავს. კლეპტონმა თავდაპირველად უარი თქვა ჰარისონის შეთავაზებაზე, რადგან ფიქრობდა, რომ მისი სტუდიაში გამოჩენა ლენონსა და მაკარტნის დიდად არ ესიამოვნებოდათ, თუმცა ჰარისონმა მაინც თავისი გაიტანა და ერიკ კლეპტონთან ერთად ბითლზმა კიდევ ერთი შედევრი ჩაიწერა.    

აღსანიშნავია, რომ ალბომის ჩაწერისას მცირე კონფლიქტის გამო რინგო სტარმა სტუდია დროებით დატოვა. მის არყოფნაში ჩაწერილ Back in the U.S.S.R-ში და Dear Prudence-ში დასარტყამი ინსტრუმენტის პარტია პოლ მაკარტნიმ შეასრულა. თავად ჯგუფის ლიდერები: ლენონი და მაკარტნი მუსიკას უფრო ხშირად ცალკე-ცალკე წერდნენ, ვიდრე ერთად.

ლენონის ცხოვრებაში იოკო ონოს გამოჩენამ ბითლზის წევრებს შორის გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. იოკო ყოველთვის ჯონთან ერთად იყო, მათ შორის  სტუდიაშიც, რაც ჯგუფის დანარჩენ წევრებს ძალიან აღიზიანებდათ.

 

Image result

 

The White Album 1968 წლის 22 ნოემბერს გამოვიდა. ალბომმა ბითლზისთვის ტრადიციულად პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანულ და ამერიკულ ჰიტ პარადში. ამერიკაში ალბომის ცხრა-ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

 

ფენომენალური  Sgt. Pepper-ის შემდეგ თითქოს ძნელი იყო რაღაც განსაკუთრებულის შექმნა, მაგრამ ბითლზმა ეს მაინც მოახერხა და ჩაწერა წინა ალბომისგან სრულიად განსხვავებული, ამავე დროს საოცრად ნოვატორული დისკი. The White Album-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ყველა დროის საუკეთესო ორმაგ ალბომს.

 

ამერიკული გამოცემა Rolling Stone-ის 500 საუკეთესო ალბომს შორის The White Album მე-10 ადგილზეა (აღსანიშნავია, რომ ათეულში ბითლზის კიდევ სამი ალბომია შესული).  ჯონ ლენონს დისკი განსაკუთრებით უყვარდა და მიიჩნევდა, რომ თავისი საუკეთესო სიმღერები სწორედ The White Album-ისთვის  შექმნა.

ალბომის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბითლზის პროდიუსერის, ჯორჯ მარტინის შვილმა ჯაილს მარტინმა The White Album-ის საიუბილეო ვერსია მოამზადა, რომელიც 9 ნოემბერს გამოვიდა.  

 

Image result

 

რემასტირებულ ორმაგ ალბომთან ერთად გამოცემაში შესულია კიდევ ოთხი დისკი. აქედან პირველში 1968 წლის მაისში ჯორჯ ჰარისონის სახლში ჩაწერილი სიმღერების დემო ვერსიებია, სადაც ალბომის თითქმის ყველა სიმღერა აკუსტიკური ინსტრუმენტების თანხლებითაა ჩაწერილი და ფაქტობრივად The White Album-ის Unplugged ვერსიას წარმოადგენს. დანარჩენ სამ დისკში ები როუდის სტუდიაში ჩაწერილი სიმღერების განსხვავებული ვერსიებია შეტანილი. The White Album-ის საიუბილეო ვერსია  ბრიტანულმა და ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემებმა უკვე შეაფასეს, როგორც წლის უმნიშვნელოვანი მოვლენა.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.