fbpx

საქმე და ლანჩი თბილისში


გააზიარე სტატია


თბილისი იმ ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც უამრავი კაფე და რესტორანი არსებობს. მიუხედავად ამისა, ხშირად მაინც გვიჭირს არჩევანის გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ლანჩს (შესვენების საჭმელს) ეხება.

გარკვეული მიზეზებით, ლანჩის კულტურა ჩვენს ქალაქში არც ისე განვითარებულია, და თუ თქვენ დღის აქტიური და დატვირთული გრაფიკი გაქვთ, შეიძლება გაგიჭირდეთ კიდეც სწრაფი კვების ობიექტის მოძებნა, სადაც მისაღებ ფასად, გემრიელად დანაყრდებით.

ჩვენ შევეცადეთ შეგვედგინა იმ კაფეების სია, სადაც შეგიძლიათ ლანჩის დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და გემრიელადაც მიირთვათ. თუ თქვენც იცით ასეთი კვების ობიექტების შესახებ, შეგვატყობინეთ და შეიძლება ისინი იმ სიაში მოხვდეს, სადაც საუკეთესო ლანჩს გვთავაზობენ.

„ბროტმაისტერი“

ოთარ თაქთაქიშვილის 7/9, ი. აბაშიძის 69, დოლიძის 38, ერისთავის 16, პეკინის 14, /5-25 ლ /; მოწევა აკრძალულია

„ბროტმაისტერი“ ჯანსაღი პურისა და გემრიელი ყავის გარდა, მზა სენდვიჩებსა და მრავალფეროვან სალათებს გთავაზობთ. სალათის ბარში თქვენ შეძლებთ საკუთარი გემოვნებით „ააწყოთ“ სალათა ისეთი ჯანსაღი პროდუქტით, როგორიცაა სეზონური უმი ან გრილზე მომზადებული ბოსტნეული და დიეტური სოუსიც გამოიყენოთ. „ბროტმაისტერი“ ასევე შემოგთავაზებთ გემრიელ ვეგეტერიანულ და ვეგანურ სენდვიჩებს.

თუ საკვების ადგილზე მირთმევის დრო გაქვთ, გირჩევთ დააგემოვნოთ ბრუსკეტა პროშუტოთი, მოცარელათი, პომიდვრის სალსათი და კაპერსებით.

აღსანიშნავია, რომ „ბროტმაისტერის“ კერძებს, გემოს გარდა, თვალისთვის სასიამოვნო სერვირებაც გამოარჩევს.

Shio Ramen


Fabrika ეგნატე ნინოშვილის 8, /12-20 ლ /; მოწევა აკრძალულია

ალბათ დამეთანხმებით, რომ სიცივეში და გაციების სეზონზე ცხელი წვნიანი ძალიან სასიამოვნოა. ფაბრიკის ეზოში ახლად გახსნილი „შიო რამენი“ გთავაზობთ რამდენიმე სახეობის იაპონურ რამენის წვნიანს. რამენი სპეციფიკური რამენის ატრიით დამზადებული სუპია, სხვადასხვა ვარიაციებით. აქ ასევე შეძლებთ გასინჯოთ იაპონური სენდვიჩი ბანი (steamed bun) და უგემრიელესი, ჯანსაღი ზღვის პროდუქტების სალათა.

გირჩევთ დააგემოვნოთ კლასიკური ქათმის რამენი, ქათმის ბულიონითა და ამავე რესტორანში დამზადებული ატრიით.

„სტრადა“

სანდრო ეულის 7, მარჯანიშვილის 5, მალე მოსაშვილის 11-შიც, /10-40 ლ /; სპეციალური ზონა მწეველებისთვის

„სტრადა“ გამოირჩევა მრავალფეროვანი მენიუთი, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. თუ ვერ გადაწყვიტეთ, რა მიირთვათ ლანჩზე, აქ აუცილებლად შეძლებთ სასურველი კერძის არჩევას. „სტრადა“ გთავაზობთ ევროპული, ამერიკული და აზიური სამზარეულოს სინთეზს.

კორეული სამზარეულო „სტრადას“ მენიუს ერთ-ერთ ძირითად ხაზს წარმოადგენს. შესაბამისად, გირჩევთ გასინჯოთ კორეული ცხარე სუპები, მაგალითად, ტომ იამი, რომელსაც ყველაზე გემრიელად „სტრადაში“ ამზადებენ.

ასევე დააგემოვნეთ „სტრადას“ მიერ შემოთავაზებული სეზონური კერძები.
სამუშაო დღეებში „სტრადა“ ასევე გთავაზობთ საუზმის მენიუს 13:00 საათამდე.

„კაფე მანუ“

 ჭოველიძის 9, / 15-40 ლ /; მოწევა აკრძალულია

„კაფე მანუს“ მენიუ საათების მიხედვით იცვლება – 12:00-დან 16:00-მდე სპეციალურ მენიუს შემოგთავაზებენ. კერძები განსაკუთრებული ინგრედიენტებითა და მათი ერთმანეთთან ჰარმონიული შეზავებით გამოირჩევა. თუ გიყვართ გემრიელი ბრანჩი, აუცილებლად გასინჯეთ ბენედიქტი ან კვერცხი ესპანურად.

„კაფე მანუს“ მეპატრონე ბათუმის ცნობილ რესტორან „ფანფანისა“ და კაფე „ბლექის“ მფლობელიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი დაწესებულება ერთმანეთს არ ჰგავს, ორივე კერძებითა და თავ-თავისი გამორჩეული დიზაინით დაგამახსოვრდებათ.

„ზალა რესტორანი“

ჭოველიძის 24, /15-40 ლ /; მოწევა აკრძალულია

ეს პატარა რესტორანი ლამაზი ინტერიერითა და ძალიან კარგი მომსახურებით გამოირჩევა. აქ ნებისმიერი კერძი ძალიან გემრიელია, მაგრამ მხოლოდ 12:00-დან 18:00-მდე შეძლებთ „ზალას“ ცნობილი ზალბურგერის დაგემოვნებას. თუ ბურგერის განწყობაზე არ ხართ, შუადღისას შემოგთავაზებენ პასტას ოთხი სახეობის ყველითა და პასტას ცოცხალი პომიდვრის სოუსით. თუ უფრო მსუბუქ ლანჩს არჩევთ, აუცილებლად გასინჯეთ ავოკადოს სალათა, რომელიც ლურჯი ყველით, მსხლით, ფორთოხლითა და ნიგვზით მზადდება.

„ზალაში“ გემრიელი კერძების გარდა, ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა. ინტერიერის დიზაინი მაია სუმბაძის მიერაა შექმნილი და გარემო მყუდრო სასადილო ოთახს მოგაგონებთ.

კაფე „ლეილა“

შავთელის 18, / 15-30 ლ/; მოწევა აკრძალულია

არ შეუშინდეთ სიტყვა „ვეგეტარიანულს“, როცა ლანჩის მირთმევას კაფე „ლეილაში“ გადაწყვეტთ. აქ ქართული და ევროპული სამზარეულოს დიდ არჩევანს შემოგთავაზებენ, ასევე გაგახარებენ ისეთი სეზონური დელიკატესით, როგორიც მუდმივად სასურველი ნიყვია. აუცილებლად დააგემოვნეთ გობი (ფხალეულის, ყველისა და პაწაწინა მჭადების ასორტი).

თუ დესერტი გიყვართ, შეუძლებელია არ გირჩიოთ namu-ს უგემრიელესი უმი ვეგანური ჩიზქეიქი. ჩიზქეიქის მირთმევისას ვერც მიხვდებით, რომ ის რძის პროდუქტის, ფქვილისა და შაქრის გარეშეა დამზადებული, რადგან ამ ინგრედიენტების გარეშეც ნამდვილად გემრიელია.

„ლეილას“ მენიუ ცნობილ შეფმზარეულს მერი გუბელაძეს ეკუთვნის. მისი შექმნილი „შავი ლომი“ უკვე წლებია, რაც თანამედროვე ქართული სამზარეულოს მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენს.

The Grove Design Hotel

გენერალ კვინიკაძის 8, / 19-50 ლ /; მოწევა აკრძალულია

ბუტიკ-სასტუმრო Grove Design Hotel თანამედროვე განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა. აქ ყველა დეტალი ქმნის დინამიკურ გარემოს, სადაც დიზაინი ყოველდღიურობასთანაა შერწყმული.

სასტუმროში განთავსებულია რესტორანი „კიპარისი“, რომელიც დაწესებულების კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. გარემო იდეალურია საქმიანი შეხვედრებისთვის.

მთავარი შეფი კონსტანტინ როსლოვსი გთავაზობთ ჯანსაღი და სეზონური პროდუქტით დამზადებულ, თანამედროვე და კრეატიულ ევროპულ სამზარეულოს. ლანჩის მენიუში შედის სტარტერი, მთავარი კერძი, დესერტი და სასმელი. თითოეული კატეგორია სამ, ერთმანეთისგან განსხვავებულ არჩევანს გთავაზობთ.

რესტორანს ასევე აქვს ბარი, რომელიც თბილისში ყველაზე ფართო ვისკის ასორტიმენტით გამოირჩევა.


რეკომენდებული სტატიები
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში
სოციალურმა ქსელებმა ავტორებს ბლოგების პოპულარიზაციის კარგი ინსტრუმენტებიც შეუქმნეს და მათთვის, ვინც კვლავ აგრძელებს ბლოგების წერას, ბევრად მარტივი გახდა სამიზნე აუდიტორიამდე კონტენტის მიტანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.