გამოცადეთ თავი ჰარვარდის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მუსიკალურ ლაბორატორიაში
ტესტი: როგორი სმენა გაქვს? რა დონეზეა შენი მუსიკალური ერუდიცია? რამდენად გაქვს განვითარებული მუსიკალური ინტუიცია?
ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტმა გახსნა ლაბორატორია, რომელიც ადამიანის მიერ მუსიკის აღქმის, შეცნობის უნარებს სწავლობს. დაწესებულების ვებგვერდზე აიტვირთა სმენასა და მუსიკაში გათვითცნობიერების ტესტები, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი.
ტესტი ტონალობის ცვალებადობის აღქმაზე.
პირველ ეტაპზე მომხმარებელი სამ ერთნაირ აუდიოსიგნალს ისმენს, შემდეგ ბგერა იცვლება და აუცილებელია სწრაფი პასუხის გაცემა, თუ როგორ შეიცვალა ის (მაღალ თუ დაბალ ტონალობაში). ხშირ შემთხვევაში სწორი არჩევანის გაკეთება მარტივია, თუმცა, ზოგჯერ ამოცანა საკმაოდ რთულდება.
ტესტი მსოფლიოს ხალხთა მუსიკის ცოდნასა და ინტუიციაზე.
მომხმარებელი ისმენს მსოფლიო ფოლკლორის რომელიმე ნიმუშს და ცდილობს გამოიცნოს მისი დანიშნულება. არჩევანის გაკეთება მას 4 ვერსიას შორის უწევს: საცეკვაო, სამკურნალო (სარიტუალო), იავნანა და სასიყვარულო. პასუხის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელი ეცნობა ინფორმაციას მოსმენილი მასალის შესახებ.
ტესტი – სინთეზატორი.
ამ ნაწილში მომხმარებელი ისმენს რომელიმე სიმღერის სინთეზატორზე დაკრულ გამარტივებულ მუსიკალურ მოტივს. მისი მიზანია სიმღერის დანიშნულების დადგენა. პასუხის დაფიქსირების შემდეგ კი, შესაძლებელია, ორიგინალური ვერსიის ჩართვა და პასუხის სისწორის გადამოწმება.