მენსტრუაციისა და გენდერულად ნეიტრალური წყვილების ემოჯები ინტერნეტში მარტიდან გამოჩნდება
ინტერნეტში წელს მენსტრუალური ციკლისა და გენდერულად ნეიტრალური წყვილების ემოჯები გამოჩნდება. მენსტრუაციის ემოჯების შემოღება საქველმოქმედო ორგანიზაცია Plan International-ის კამპანიას უკავშირდება, რომელიც ცდილობდა წითელი წვეთების ლაქებიანი შარვლის ემოჯის შემოღებას, თუმცა, ორგანიზაციის ეს დიზაინი იუნიკოდმა (კონსორციუმმა, რომელიც ინტერნეტში ტექსტურ და სხვა სიმბოლოების სტანდარტებს განაგებს) უარყო.
ამის შემდეგ Plan International-მა NHS Blood-თან ერთად ახალი ვერსია შეიმუშავა – სისხლის ერთი წვეთი – რომელიც ინტერნეტის მიმოქცევაში მარტში გამოჩნდება. Plan International გავრცელებულ განცხადებაში ამბობს: “დიდი სიხარულით ვაცხადებთ, რომ, როგორც იქნა, ნამდვილად გვექნება მენსტრუაციის ემოჯი #PeriodEmoji! თქვენი დახმარებით შევძელით და, @unicode-ის თქმით, 2019 წლის მარტში უკვე აღვნიშნავთ მსოფლიოში პირველი #PeriodEmoji-ს გამოსვლას”.
Plan International-ის ციფრული სტრატეგიისა და განვითარების მენეჯერი კარმენ ბარლოუ ამბობს: “ემოჯები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ჩვენს ციფრულ და ემოციურ ლექსიკონში, ლახავენ რა კულტურულ და ქვეყნების ბარიერებს. მენსტრუაციის ემოჯი დაგვეხმარება ციკლთან დაკავშირებული ყოველდღიური საუბრების ნორმალიზებაში.
Unicode-ის მსგავსი ორგანიზაციისთვის იმის აღიარება, რომ მენსტრუაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ახალ გლობალურ ენაში, უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული უხერხულობის დასამარცხებლად.”
მენსტრუაციის ემოჯი, ისევე როგორც გენდერულად ნეიტრალური და შეზღუდული უნარებისა და დამხმარე ცხოველების აღმნიშვნელი ემოჯები, იმ 200 ახალ სმაილს შორისაა, რომლებიც წელს ინტერნეტში გამოჩნდება.
შეზღუდული უნარების მქონე პირთათვის მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაცია Scope ახალ ემოჯებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა შეფერილობის კანის მქონე ადამიანებს, ისევე როგორც ხელისა და მოტორიზებულ ეტლებს, ყავარჯნიან, სასმენი მოწყობილობების მქონე პირებს და დამხმარე ცხოველებს – დადებითად აფასებს. “გვიხარია უნარშეზღუდული ადამიანების მრავალფეროვანი რეპრეზენტაცია”, – ნათქვამია ორგანიზაციის ტვიტერზე.
ახალ ემოჯებს შორისაა ასევე საჭმელიც, მათ შორის, ფალაფელი, კარაქი და ნიორი. ცხოველების ემოჯებს კი დაემატება ზოზინა, ორანგუტანგი, ფლამინგო და წავი.