fbpx

ჰეტეროსექსუალ ქალებს ნაკლები ორგაზმები უმაქნისი კაცების გამო აქვთ – სამეცნიერო კვლევა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: კიმბერლი ლოუსონი

 

ჟურნალ Archives of Sexual Behavior-ში გამოქვეყნებული 2017 წლის კვლევის მიხედვით, ქალების ეგრედწოდებული “მოუხელთებელი ორგაზმი” არცთუ ისე რთულად საპოვნი აღმოჩნდა.

სამეცნიერო ლიტერატურაში საკმარისადაა სტატიები იმის შესახებ, რომ მამაკაცებს ქალებთან შედარებით უფრო ხშირად  აქვთ ორგაზმი. კინზის ინსტიტუტისა და ჩეპმენის უნივერსიტეტის მკვლევრების გუნდმა ორგაზმის კვლევა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწია იმის გასარკვევად,  თუ ჰეტეროსექსუალი მამაკაცებისა და ქალების გარდა, როგორი იყო ორგაზმის მაჩვენებელი გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ რესპოდენტებს შორის. მკვლევრებს სურდათ დაედგინათ, რომელი პრაქტიკა იყო დაკავშირებული ორგაზმის სიხშირესთან.

კვლევაში, რომელიც NBCNews.com-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, 52 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან  26 032 მამაკაცი იყო და 24 102 ქალი – ჰეტეროსექსუალები, ასევე 452 გეი, 340 ლესბოსელი და 550 მამაკაცი და 1112  ქალი, რომლებიც თავს ბისექსუალებად თვლიდნენ.

ისეთ ძირითად მაჩვენებლებთან ერთად, როგორებიცაა ეთნიკური წარმომალობა, განათლება, ბავშვების რიცხოვნობა ოჯახში, კვლევა შეკითხვებს სვამდა სექსუალური ქცევების შესახებაც. მონაწილეებს ეკითხებოდნენ ორალური სექსის სიხშირის შესახებ; ლაპარაკობდნენ თუ არა სექსზე თავიანთ პარტნიორებთან; მიმართავდნენ თუ არა სპეციფიკურ სექსუალურ აქტივობებს, როგორებიცაა მასაჟი, სექსის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ასევე სექსუალური თეთრეულის, უხეში სექსის, ვიდეოგადაღებისა და ე.წ. “თრისამის” (სექსი სამ ადამიანს შორის) გამოცდილებებზე.

მკვლევრებს ასევე სურდათ ინფორმაციის მიღება კვლევაში მონაწილე ადამიანების ბოლო სექსუალური გამოცდილების შესახებ: გააკეთა თუ არა რომელიმე პარტნიორმა რამე განსაკუთრებული გარემოს შესაქმნელად, რაშიც იგულისხმებოდა, მაგალითად, უხეში საუბარი ან მუსიკის შერჩევა; როგორ განვითარდა სექსუალური აქტივობა დეტალებში; და რამდენ ხანს გაგრძელდა სექსი.

მეცნიერების განცხადებით, “კვლევის მთავარი მიზანი იყო ქცევებისა და დამოკიდებულებების ისეთი პროფილის დადგენა, რომლის დროსაც ადამიანებს უფრო მეტი ორგაზმი ექნებოდათ.”

მონაცემების ანალიზის შედეგებმა ე.წ. ორგაზმის განსხვავება გამოავლინა: კერძოდ, სექსუალური აქტის დროს მამაკაცებს უფრო დიდი ალბათობით ჰქონდათ ორგაზმი ქალებთან შედარებით. უფრო საინტერესო კი იყო განსხვავებები ორგაზმის სიხშირეში ჰეტეროსექსუალ და ლესბოსელ ქალებს შორის – ლესბოსელთა 88%-მა განაცხადა, რომ სექსის დროს ყოველთვის ჰქონდათ ორგაზმი, რაც ჰეტეროსექსუალ ქალებში მხოლოდ 65%-იანი მაჩვენებელი იყო.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ “შესაძლებელია ორგაზმის სხვაობის ნაწილობრივ შემცირება ჰეტეროსექსუალ კაცებსა და ქალებს შორის.” ამის შესახებ კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჩეპმენის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ფრედერიკი აღნიშნავს. “არსებობს ათასობით თვითდახმარების სექს-წიგნი, რომლებიც ქალის ორგაზმს და მისი მიღწევის საშუალებებს ეხება. ამ კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო იმ აქტების გამოვლენა, რომლებიც გავლენას ახდენდა ორგაზმის სიხშირეზე. შესაძლოა ყველა ქალს არ აქვს ხშირი ორგაზმის სურვილი, მაგრამ მათ, ვისაც ეს სურს, სქესობრივი განსხვავებებზე მეტად ინფორმირებულობა ნამდვილად დაეხმარება.”

კვლევის მიხედვით, ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად განასხვავებდა ამა თუ იმ ქალს ორგაზმის სიხშირით, ვერბალური კომუნიკაცია იყო: კითხვა, თუ რა სურდათ მათ საწოლში, პარტნიორის დაფასება გარკვეული ინტიმური ქცევისთვის, სექსუალური გაღიზიანება ტელეფონით ან იმეილით, სექსუალური თეთრეულის ტარება, ახალი სექსუალური პოზების გამოცდა, ანალური სტიმულაცია და სექსუალურ ფანტაზიებზე ლაპარაკი, სექსუალური საუბარი თუ სექსის დროს სიყვარულის გამოხატვა.”

თუმცა, ქალის ორგაზმის ყველაზე საუკეთესო განმსაზღვრელი იყო ის, თუ რამდენად ხშირად იღებდა ის ორალურ სექსს. “ქალები, რომლებსაც მეტი ორგაზმი ჰქონდათ, ასევე იტყობინებოდნენ მეტი ორალური სექსის მიღების, უფრო ხანგრძლივი სექსისა და უფრო დამაკმაყოფილებელი ურთიერთობების შესახებ. – ნათქვამია კვლევაში. სექსუალური კონტაქტის დროს, სხვა აქტივობებთან ერთად ორალური სექსის გამოყენება ქალებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო”.

თუმცა, პროფესორ ფრედერიკის განცხადებით, “ორალური სექსი არცთუ ისე ხშირია. წყვილებიდან ნახევარზე ნაკლები მიმართავს ორალურ სექსს ინტიმური კავშირის დროს”.

გამოკითხვაში მონაწილე ბევრი ქალისთვის “ვაგინალური კონტაქტი” ორგაზმისთვის აუცილებელი არ იყო. ჰეტეროსექსუალ ქალთა 80%, რომლებიც იღებდნენ გენიტალურ სტიმულაციას, “ღრმა კოცნასა” და ორალურ სექსს, როგორც წესი, ორგაზმს განიცდიდნენ”.

ზემოაღნიშნული სამი აქტივობა “ოქროს ტრიოს” სახელითაა ცნობილი, – ამბობს ელიზაბეტ ლოიდი, კინზის ინსტიტუტის  მკვლევარი და გამოკითხვის თანაავტორი. ქალების გადმოსახედიდან, კვლევის ერთ-ერთი შედეგი იყო სხვა აქტივობების ეფექტურობის დადასტურება სექსუალურ პარტნიორთან ორგაზმის მიღწევის საკითხში, იმ შემთხვევაში, თუ ტრადიციული აქტის დროს ეს ვერ ხერხდებოდა.

კვლევამ უჩვენა, რომ ორგაზმის რაოდენობებში სხვაობა ჰეტეროსექსუალ და ლესბოსელ ქალებს შორის იმაზე მიუთითებს, რომ “რაღაცების სწავლა შეიძლება” იმ ქალებისგან, რომლებსაც ქალებთან აქვთ სექსი, ამბობს ლოიდი. “ჩვენ დავინახეთ, რომ ეს სწორედ ის აქტივობებია, რომლებსაც ლესბოსელები სექსის დროს მიმართავენ, რაც ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვისაც გამოსადეგი იქნება, თუ მათ მართლა სურთ, რომ ქალებსაც ჰქონდეთ ორგაზმი.”

ორიგინალი: https://broadly.vice.com/


რეკომენდებული სტატიები
სექსუალური რეცესია რიცხვებში
Play Video

სექსუალური რეცესია რიცხვებში

სექსუალური რეცესია რიცხვებში
მსოფლიოში სექსის მიმართ ინტერესის შემცირების მიზეზებად მეცნიერები შემთხვევითი კავშირების კულტურას, ეკონომიკურ წნეხს, ანტიდეპრესანტებს, პორნოგრაფიას, ვიბრატორებსა და მშობლების გადაჭარბებულ ზედამხედველობას ასახელებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.