სტოკჰოლმის მიწისქვეშა გალერეა
ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის, სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი, გარდა ქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალებისა, მისი კულტურული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სივრცე თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს და ამბობენ კიდეც, რომ სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი მსოფლიოში ყველაზე გრძელი გალერეაა, რომელიც 110 კმ-ს მოიცავს.
თუკი სტოკჰოლმში მოგზაურობას გეგმავთ, აუცილებლად ჩადით მეტროში, იმოგზაურეთ სადგურიდან-სადგურზე და გაეცანით თანამედროვე დიზაინისა და ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს.
ამ მიწისქვეშა სამყაროს ყველა სადგური თავისებურად განსაკუთრებული და შინაარსობრივად დატვირთულია.
T-Centralen – სადგური სტოკჰოლმის მეტროს სამ ხაზს აერთიანებს. გვერდით მდებარეობს რკინიგზის და ავტოსადგურები. ასე რომ, ამ წერტილიდან სტოკჰოლმის, შვედეთის და სკანდინავიის ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ მოხვდეთ.
Vreten – ეს სადგური კლდეშია ამოკვეთილი. მისი კედლები და ჭერი ცისფერი კუბებითაა გაწყობილი.
Solna centrum – ეს სადგური ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და კონტრასტულია. სივრცე გადაწყვეტილია წითელ და მწვანე ფერებში.
Kungstradgarden მთლიანად კლდეში ნაკვეთი ფიგურებით და ქანდაკებებითაა გაფორმებული.
Radhuset გადაწყვეტილია პოპ-არტის სტილში. კედლები ალაგ-ალაგ კალათებითა და ხის მასალითაა გაფორმებული, ჭერზე კი ფეხსაცმელებია დამაგრებული.
Fridhemsplan – ეს სადგური 1975 წელს გაიხსნა და მოგზაურობის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. აქ შეგხვდებათ აფროსნული ნავები და მოგზაურობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საინტერესო დეტალი.
Stadshagen – ეს სადგური მთლიანად სპორტის თემასთანაა დაკავშირებული. დიდ ალუმინის „ტილოზე“ გამოსახულია სპორტის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც იცვლება იმ კუთხის შესაბამისად, რომლიდანაც მას უყურებთ.
VASTRAskorgen მხატვარ სივერტ ლინდბლომის ნამუშევრებითაა გაფორმებული.
Sundbybergs centrum – აქ გვხვდება სახის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც პირდაპირ კედლებიდან „გამოდის“.
Tensta – ამ სადგურზე შეგხვდებათ ჩიტების, ყვავილების, ცხოველების ნაირსახეობები. კედლებზე სიტყვა „სოლიდარობა“ მსოფლიოს 18 ენაზეა დაწერილი.
Hallonbergen – თუ ბავშვობა გენატრებათ, ეს ადგილი თქვენთვისაა!
Stadion – ადვილი მისახვედრია, რომ სადგური ახლოსაა ოლიმპიურ სტადიონთან. ეს სივრცე ცისფერი ფერისაა, რაც დიზაინერების ჩანაფიქრით, მშვიდობას უკავშირდება. თაღი, ცისარტყელას ფერებითაა მოხატული, რომელიც თანასწორობის სიმბოლოდ უნდა აღვიქვათ.
Tekniska högskolan სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიღწევებს უსვამს ხაზს. ამ სადგურთან ახლოს მდებარეობს სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
Huvudsta – სადგური, რომელიც დაუსრულებელი სივრცის ასოციაციას იწვევს.
წყარო: boom.ms