ქართული ჭადრაკის ოთხ ლეგენდარულ ქალზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ
“შეხვედრა” – ასეთია ახალი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის სამუშაო სახელწოდება, რომლის გადაღებებიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ფილმი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ფილმის რეჟისორია ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე, ხოლო თანარეჟისორი – ანა ხაზარაძე.
60-იანი წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ქართველმა ქალებმა – მსოფლიოში უძლიერესმა მოჭადრაკეებმა – ქალთა ჭადრაკში რევოლუცია მოახდინეს და სპორტის ეს სახეობა მსოფლიო მასშტაბით მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანეს.
ისინი იმდენად პოპულარულები იყვნენ, რომ საბჭოთა კავშირში ხშირად ახალშობილ გოგონებს მათ სახელებს არქმევდნენ. დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტური ხაზიც სწორედ ამ დიდებული მოჭადრაკე ქალების სეხნიებზე იქნება ორიენტირებული და, როგორც ფილმის შემქმნელები AT.ge-სთან საუბარში ამბობენ, ისინი კვლავ განაგრძობენ ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის მოსახელე ქალების ძებნას.
“შეხვედრა” მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავების დღევანდელ ცხოვრებაზე მოგვითხრობს და ამავდროულად მათი პროფესიული ბიოგრაფიის შესახებ უნიკალურ საარქივო მასალას გვაწვდის. დღეს ბევრმა მათი ისტორია არ იცის, სწორედ ამიტომ ფილმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლეგენდარული ოთხეულის ისტორიის გლობალურ ჭრილში ჩვენებაა.
“შეხვედრა” საერთაშორისო კოპროდუქციაა და მასში ქართული საპროდიუსერო კომპანიის, 1991 Productions გარდა ავსტრიული კომპანიები – berg hammer film და Amour Fou Vienna, აგრეთვე სერბული კომპანია Playground Produkcija მონაწილეობენ.
ფილმმა დაფინანსება საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან, ავსტრიის კულტურის სამინისტროდან (BKA), ავსტრიული მაუწყებლისგან (ORF) და სერბეთის კინოცენტრიდან (FCS) მოიპოვა. პროექტმა ასევე გაიმარჯვა Eurimages-ის წარმოების დაფინანსების კონკურსში. ფილმის ქართულ მხარეს შეუერთდა HBO Europe-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ლინდა ჯენსენი. ადგილობრივ გადასაღებ აღჭურვილობას კი კომპანია „კინოტექნიკსი“ უზრუნველყოფს.
წინასწარი ინფორმაციით, ფილმის გადაღებები მაისის ჩათვლით თბილისსა და ვენაში გაგრძელდება, ფილმის დასრულება კი 2019 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.