fbpx

7 ფილმი Marvel-ის მიხედვით, რომელსაც ამ კვირაში უნდა უყუროთ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

მთელი მსოფლიო მარველის ლეგენდარული Avengers: Endgame-ის საბოლოო ფილმის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სანამ მაყურებელი კინოთეატრს მიაშურებს,  მარველის კომიქსების ძველი გმირების თავგადასავალი გავიხხენოთ.

 

Iron man

ფაქტობრივად შეუძლებელია უყურო Avengers: Endgame-ს რკინის კაცის გარეშე, იქიდან გამომდინარე,  რომ ეს პერსონაჟი მხოლოდ ერთი ფილმით არ არის წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი ღირსეული თანამებრძოლის რიგებს იკავებს თანოსის წინააღმდეგ მებრძოლთა კლუბში.

მსოფლიოში მიმოფანტული ნერდებისთვის ერთ-ერთ, მგონია, რომ სამოთხეს, სწორედაც კომიქსები წარმოადგენს. კომიქსების უმეტესობა, როგორც წესი, სუპერძალების მქონე გმირებზე მოგვითხრობს, რომელთაც სამყაროს გადარჩენა ცხოვრების დღის წესრიგში, ყოველდღიურ აუცილებლობად, დაახლოებით ამ თანმიმდევრობით აქვთ შეტანილი:

  1. გაღვიძება
  2. კბილების გახეხვა, მოწესრიგება, ჭამა, სკოლა/კოლეჯი/სამსახური
  3. სახლში დაბრუნება (იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სკოლა/კოლეჯი/სამსახურიდანაც დატყდომა)
  4. რომელიმე ბოროტ ძალასთან ბრძოლა
  5. გამოძინება

ამ შემთხვევაში “მარველის” სტუდია, სრულიად მოულოდნელად, მთავარ პერსონაჟად წარმოგვიდგენს მილიარდერ ფლეიბოის, რომელიც თავდაპირველად არმიას საკუთარი იარაღის მწარმოებელი ქარხნიდან ამარაგებს, მაგრამ ცხოვრება მასაც გადაისვრის პირველ და სერიოზულ კონფლიქტში, სადაც მიხვდება,  რამდენად აუცილებელია საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა

Iron man-ის მთავარ ძალას, გარდა მისი სიმდიდრისა, ჭკუა-გონება და მოხერხებულობაც წარმოადგენს. ამ შემთხვევაში გმირი თავად ქმნის სუპერგმირს, „რკინის კაცს“, რომელსაც თავადვე მართავს. ამავდროულად, იუმორის გრძნობა, რომლითაც “მარველის” ინდუსტრიამ გადაწყვიტა არა მთავარი გმირი, არამედ მისი მოპაექრეები დაეჯილდოებინა, კინოს წარმატებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.  

 

Captain America

გარდა იმისა, რომ ძმებმა რუსოებმა  მაქსიმალურად დინამიკური ფილმები გვაჩვენეს, ისევე როგორც რკინის კაცს, კაპიტან ამერიკასაც არაერთი ფილმი მიუძღვნეს. კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი, ერთგვარი შესავალია “მარველის” კინოსამყაროს მომდევნო განვითარებისთვის. მოვლენები 40-იან წლებში ვითარდება და ორგანიზაცია შილდსა და მისი საქმიანობის დასაწყისზე  გვიქმნის წარმოდგენას.

 

Avengers

სიმართლე გითხრათ, ფილმი თორში მომხდარი მოვლენებისა და პერსონაჟების ამბების გაგრძელებაა. სამწუხაროდ, თირის ძმა – ლოკი ბოროტმოქმედად ბრუნდება, ტესერაქტიც ახსნილია და უცხოპლანეტელებიც მთელი მსოფლიოსთვის იწყებენ არსებობას.

 

ასევე ვხვდებით, რომ შილდი უბრალოდ “კარგი ტიპების” ორგანიზაცია არ არის. ჩვენ წინაშე შავი ქვრივის პერსონაჟი, სრულიად ახალი დიდებით წარმოგვიდგება. წარმოდგენაც არ მაქვს შავი ქვრივის – ნატაშა რომანოვის პერსონაჟს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ ფილმის მსვლელობისას თუ თვალისმომჭრელ სკარლეტ იოჰანსონზე გვეყინება მზერა.

 

Guardians of the Galaxy

მცველობა ერთი შეხედვით მოსაწყენი და თითქმის არაფრისმომცემი საქმეა, არა? მაგრამ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია, თავად როგორ წარმართავ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სრულიად თავზეხელაღებული „მე“, რომელიც ერთი დიდი აბეზარი ჭრიჭინობელა გაიზარდა (ჩავთვალოთ, რომ გალაქტიკის პირატთა ბანაკში ჩააგდეს და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოპარვის ხელოვნებას უმაღლეს ხარისხში ავითარებდა), თავი ვარსკვლავური ლორდი ჰგონია. იქ, რა თქმა უნდა, თქვენ თანამდევად აუცილებლად წარსული აჩრდილები დაგყვებათ და მოკლედ, ფროიდიდან დაწყებული, ვიდრე იუნგამდე და შემდგომ, რაც კი რამ ბავშვობის ტრავმები გადაგიტანიათ, მთელი ძალისხმევით დაგდევენ მუნკის “ყვირილივით”.

სწორედ ასეთი დიდი გაიძვერა ბრძანდებოდა პიტერის გმირი, სანამ უეცრად ცხოვრებაში, რომელიც მხოლოდ კონფლიქტის ილუზიას ქმნიდა, არ შეეჯახა ნამდვილ საკვანძო საკითხებს. მაგალითად ისეთს, როგორსაც სამყაროს ხსნა წარმოადგენს ისეთი შიზოფრენიკებისგან, როგორიც ნიჰილისტი თანოსია (რომელსაც სამყაროს ამოჟლეტის სურვილი ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი) და მისი შვილი, თავჩაშავებული რომანია (ფილმში მას თანოსის ბოტზე მეტი დატვირთვა არ ეძლევა).

 

“მარველის” ამ ნაწარმოებმა ნამდვილად გაიარა ფემინისტური კრიტიკის ქარცეცხლი, ვინაიდან რეჟისორმა, კომიქსებისგან განსხვავებით,  ორი ლესბოსელი გმირი ამოჭრა და მთავარი პერსონაჟი ქალი მხოლოდ იმით გამოარჩია, რომ სექსუალური მწვანე ქალია. აღსანიშნავია ისიც, რომ ძმებმა რუსოებმა  დამსახურებული კრიტიკა მიიღეს და პერსონაჟის ისტორია უსასრულობის ომში განავითარეს.

 

კოლექციონერის პერსონაჟს კი, რომლის გარშემოც ტრიალებს ფილმის მთელი საათი, საბოლოოდ და სამუდამოდ, მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში ვხედავთ, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, „გალაქტიკის მცველები“, როგორც ფილმი, მხოლოდ მისი დინამიკის, სპეცეფექტებისა და იუმორის გამო ფასობს, თორემ სიუჟეტური განვითარებითა და პერსონაჟების სახე-ხატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. 

 

Avengers: Infinity war

გინახავთ თანოსის ცრემლები დიდ ეკრანზე?

მოგისმენიათ, ნებულა როგორ ითხოვს შველას?

განახევრებული მსოფლიოს მოსახლეობა თუ გინახავთ, თავის სუპერგმირებიანად?


ბოლო 2 გაგრძელება რომ არ დაეანონსებინათ წინასწარ, ამ ყველაფერს მართლა დავიჯერებდით და გავვოცდებოდით: „ღმერთო ჩემო, ნუთუ მარველმა ყველაფერი ისე გათვალა, როგორც რეალურ ცხოვრებაში?

 

ნუთუ ნიჰილიზმმა შთანთქა “მარველის” სცენარისტები?“


თუმცა, დებილი ოპტიმიზმი ყოველთვის ამართლებს და ეს საჭიროა – სუპერგმირები სწორედაც რომ ცხოვრების ამ ფერხულში არიან ჩაბმული. “მარველის” ყველაზე დიდი და მასშტაბური crossover (პერსონაჟების ალიანსთა ლიგა ვუწოდოთ) ფაქტობრივად იმ 10 წლის შეჯამებაა, რაზეც “მარველის” გუნდმა ფაქტობრივად ამდენი დრო და ენერგია დახარჯა. ფილმის დედააზრის გამოტანა შეუძლებელია, თუ წინასწარ კარგად არ გაეცანით “მარველის” კინოსამყაროს შემოქმედებას, რაც ერთგვარი მინუსიცაა და პლუსიც.


ფაქტობრივად მარველმა ფილმი ანტაგონისტ მხარეს დაუთმო, სადაც მას ვხედავთ არა როგორც ბოროტმოქმედს, არამედ ჩანს მისი სურვილები, მოტივები და მიდრეკილებები.  თანოსი არაა უგრძნობი ბოროტმოქმედი, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა ყველა სხვა დანარჩენი ფეხზე ჰკიდია. თანოსს საკუთარი გამოცდილებიდან მართლა სწამს, რომ ყოველი მისი ქმედება საერთო სიკეთეს ხმარდება. 

ფილმის ფინალი მოულოდნელია, ბევრმა ის ასევე შეიძლება შეადაროს  

Watchmen-ების დასასრულსაც DC-დან,   მიუხედავად იმისა, რომ ფინალი არატრადიციული და შოკისმომგვრელია, ისევე როგორც კარგად დაწერილი და შესრულებული.

 

Black Panther

შავი პანტერა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი “მარველის” კომიქსების ერთ-ერთი გამორჩეული გმირია. ვაკანდას მცველი პრინცის ისტორია, რომელიც თავგამოდებით იბრძვის, რათა მტერს არ ჩაუვარდეს ხელში უსასრულობის ქვა, ნამდვილად საინტერესო და აუცილებლად სანახავ ფილმად აქცევს მას “მარველის” კატეგორიაში.

 

Captain Marvel

კაპიტანი მარველი, რომლის როლსაც არაჩვეულებრივი ბრი ლარსონი ასახიერებს, ჩვენში ერთდროულად  მრავალ ემოციას აღძრავს; მის გაორებულ ბუნებასთან ერთად, როდესაც ფილმის მიმდინარეობისას ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს პერსონაჟი თვითგამორკვევას (უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილმი არა სუპერგმირულ ექშენზეა კონცენტრირებული, არამედ უფრო მეტად ცდილობს გმირის შინაგანი სამყაროს წარმოჩენას და მის საკუთარ თავთან ბრძოლის რეპრეზენტაციას).

ჩვენ წინაშეა მებრძოლი ქალი, რომელიც საკუთარი სურვილისა და სწორი არჩევანის მიღებისას მზად არის ყველა დაბრკოლებას გადაეღობოს წინ. შეიძლება ამიტომაც, “მარველის” ფანებსა და მოყვარულებს ცოტათი იმედი გაუცრუვდათ, რადგან არცთუ ისე დიდი დოზით ხვდათ ნანატრი პური და სანახაობა.


კაპიტანი მარველი შეუპოვარი, ქარიზმატული გმირია, რომელიც გამუდმებით სვამს კითხვებს. მგონია, ამ პერსონაჟს, სრულადაც რომ დაევიწყებინა საკუთარი წარსული და გადატანილი ტრავმები, მისი ცნობისმოყვარე ბუნება მაინც განაგრძობდა სამყაროს შეცნობისკენ სწრაფვას. მის ამ ახლისკენ შეცნობის სწრაფვის სურვილს, რაც ასე ძლიერად ახასიათებს პერსონაჟს, აღფრთოვანებაში მოჰყავს “მარველის” მოყვარულები.


ფილმის მიმდინარეობისას ვხედავთ, რომ პერსონაჟს არ სჭირდება მტრის ხატი, მისი ერთადერთი მოტივაცია, საკუთარ პიროვნებასთან და ნამდვილ მე-სთან წვდომაა, ხოლო პერსონაჟები შეუძლებელია დავყოთ კეთილებად ან ბოროტებად. სუპერძალის მიუხედავად, თითოეულ მათგანს შეიძლება ადამიანური სისუსტეები და ემოციური დამოკიდებულებები აღმოაჩნდეს.


რეკომენდებული სტატიები
ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან
ნახეთ იაპონური დემონები - ისინი იაპონურ ლეგენდებსა თუ ზღაპრებში, თანამედროვე მანგას კომიქსებში და საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან
არქიტექტურული რევოლუცია ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ მეგაპოლისში

არქიტექტურული რევოლუცია ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ მეგაპოლისში

არქიტექტურული რევოლუცია ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ მეგაპოლისში
ბოლივიაში ზღვის დონიდან 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ქალაქი ელ-ალტო. აქ რამდენიმე წლის წინ ერთგვარი არქიტექტურული რევოლუცია დაიწყო, რომელსაც თვითნასწავლ არქიტექტორ ფრედი მამანის მიაწერენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.