fbpx

ამორალური ბლოგი – “ბასიანის ამბებიდან” ერთი წლის შემდეგ


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა მაყაშვილი

ფოტო: გიორგი მაჭავარიანი

 

ჩვენი სოციალური მეხსიერება ბოლო დროს მკვეთრად უარყოფითი თუ ამბივალენტური შინაარსის ახალ-ახალი თარიღებით მდიდრდება, თითქოს ისედაც თავზესაყრელად არ გვქონდეს, ზოგადად, თარიღები. 17 მაისი, 13 ივნისი, 12 მაისი… ამ უკანასკნელზე მოგახსენებთ ამჯერად.

თანამედროვე ფსიქოლოგია ბისექსუალი მეცნიერებაა. ერთი მხრივ, ჰუმანიტარული აზროვნებისთვის ზედგამოჭრილ განყენებულ და სუბიექტურ მოვლენებს სწავლობს – ბედნიერებას, სიყვარულს, შიშს. მეორე მხრივ კი ამ მოვლენათა გაზომვის სიზუსტესა და შედეგების განზოგადებაზე, ანუ საბუნებისმეტყველო დისციპლინებისთვის დამახასიათებელ მეთოდზე აქვს პრეტენზია. გამოსავალი აქ ამ ბუნდოვან მოვლენათა ისეთი განსაზღვრებაა, რომ მათი რაც შეიძლება ობიექტურად გაზომვა გახდეს შესაძლებელი: მაგალითად, ბედნიერებას თუ განსაზღვრავ, როგორც ამაღლებულ სულიერ მდგომარეობას, მეცნიერულ ფსიქოლოგიას შეგიძლია გამოემშვიდობო, თუმცა, თუ იტყვი, რომ ბედნიერება არის, ვთქვათ, მდგომარეობა, როცა წუთში 150-ჯერ გიცემს პულსი, მაშინ მის გაზომვას შეძლებ.

ამ გზით – მაგალითად, იმის თქმით, რომ ინტელექტი ისაა, რასაც ინტელექტის ტესტი ზომავს – ფსიქოლოგები გარკვეულ შეთანხმებას აღწევენ აუარებელ ცნებათა ირგვლივ, შეუძლიათ გაზომონ ისინი და თავიდან აირიდონ ინტერპრეტაციათა სუბიექტურობა. ცხადია, ეს დებატის შესაძლებობას არ გამორიცხავს და არც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრებები საბოლოო ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ან რომ არ უნდა დაიხვეწონ ისინი.

ჩემი განცდით, სამართალში მსგავსი როლი კანონებს აკისრიათ: კანონებს საყოველთაო მორალი ერთგვარად მეცნიერულ – შემოწმებად და გაზომვად – სიბრტყეში გადაჰყავთ. რაც უფრო მკაფიოდაა ჩამოყალიბებული კანონი, მით ნაკლებ შანსს უტოვებს მიკერძოებულ ინტერპრეტაციებს. და ამიტომაა, რომ ბუნდოვნად ჩამოყალიბებული კანონები ხშირ შემთხვევაში აღუსრულებლობისთვისაა განწირული (გაიხსენეთ, მაგალითად, ინიციატივა სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვის შესახებ, რომელიც კაცის მხრიდან ქალისთვის მიშტერებასაც ითვალისწინებდა, და რომელმაც სამართლიანი ხორხოცი გამოიწვია ფართო საზოგადოებაში).                  

მოვლენები, რომელიც პარასკევ ღამეს (12 მაისს) დაიწყო, ორშაბათ ღამეს (14 მაისს) მორალის განზომილების გამარჯვებით დასრულდა კანონისაზე. თუმცა, არც დასაწყისი ჰქონია კანონიერი.

პარასკევ ღამეს სპეცრაზმით კლუბებში შეჭრის გადაწყვეტილების მორალურ საყრდენს ხელისუფლება ალბათ, სხვა რამეებთან ერთად, იმ მშობლებშიც ხედავდა, ზედოზირების ბოლოდროინდელ მსხვერპლთა გამო უნებურად რომ შეშინდნენ. ამასთან, კლუბში მოსიარულეების დისკრედიტირებისთვისაც მშვენიერი დრო იყო: გართობის ძიებაში გარეთ გასული ტიპური ადამიანი პარასკევს, ღამის 12 საათის შემდეგ, როგორც წესი, კონკიადან კვახად გადაქცევის პროცესშია, და შესაძლოა, ფხიზელი თვალისა თუ ყურისთვის არცთუ მომხიბლავი იყოს, მაგალითად, ჟურნალისტის უწყინარი კითხვის პასუხად ნათქვამი აგრესიული ,,იდი ნახუი.“ მეორე მხრივ, არც შსს-თი გაბრაზებულებს დაუკლიათ იმავე ღამეს ფუჭი მორალი – ჩვენ საზოგადოების ყველაზე პროგრესული ნაწილი ვართო (მაშინ, როცა მეც კი დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოების ყველაზე პროგრესული ნაწილის წარმომადგენელი, სიცხიანი, ტელევიზორში უყურებდა მიმდინარე აბსურდს).

მაგრამ მორალის ნამდვილი ზეიმი მაშინ შედგა, როცა ,,ქართველთა მარშად“ წოდებული და, ამ შემთხვევაში, კონტრაქციად მონათლული ხელისუფლების საგანგებო ლაშქარი პარლამენტთან შეკრებილმა მშვიდობიანმა გამომსვლელებმა ლამის თავის თავს გაუთანაბრეს და არ მოსთხოვეს შს მინისტრს მათ წინააღმდეგ კანონის აღსრულება, სხვა სიტყვებით, მყისიერი საფრთხის შემცველი, ღიად მოძალადე ორასკაციანი ჯგუფის დაშლა საკუთარი გამოხატვის თავისუფლების სანაცვლოდ. ამას დაუმატეთ იმავე ღამეს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება და აქციაზე მისული შს მინისტრისთვის (რომელმაც ორი დღით ადრე აქციის მონაწილეებზე იძალადა და რომლის გადადგომასაც ისინი ითხოვდნენ) დაკრული ტაში (რომელიც ალბათ ყველაზე პათეტიკური რაღაც იყო, რაც აქციაზე მოვისმინე, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პათეტიკური რამ მოვისმინე) და შეგვეძლება ვიწინასწარმეტყველოთ კიდეც, როგორ მოხდენილად შელახავს ხოლმე ხელისუფლება ჩვენს თავისუფლებებს; სხვა თუ არაფერი, თავის მოძალადე საფრთხობელებს მოგვიქსევს დასაშინებლად და მათ ხან კონტრაქციას დაარქმევს, ხან სამოქალაქო დაპირისპირების საბაბს, ხან  თავისუფალ მოქალაქეთა პოზიციას და ხან – რას და ხან – რას.

სხვათა შორის, ასეთმა არაფორმალურმა ლაშქარმა ერთ-ერთი პირველი ძალადობრივი აქტივობა 2013 წლის თებერვალს მოაწყო საჯარო ბიბლიოთეკასთან, როცა ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ოპიზიციის აქციის მონაწილეებს დაესხა თავს. მახსოვს, მაშინ ბევრი – მათ შორის, 12 მაისის ამბების მხარდამჭერები – ამბობდა, სამართლებრივად შესაძლოა არა, მაგრამ მორალურად ამ თავდასხმას ვამართლებო.

ჰოდა, ალბათ ეს ერთგვარი გაკვეთილი უნდა იყოს სამოქალაქოდ აქტიური ადამიანებისთვის: კანონით მონიჭებული თავისუფლების შეზღუდვა ყოველთვის იმსახურებს პროტესტს, რაც უნდა სისულელედ – იქნება ეს საიდუმლო, საჯარო, პოლიტიკური თუ აპოლიტიკური – გვეჩვენებოდეს უკანონო შეტევის სამიზნე. თორემ აგერ, ამასობაში, თავისუფლების შემზღუდავი მორიგი ბუნდოვანი კანონპროექტი იხილება, რომლითაც სასამართლოს შეიძლება შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლება გაუჩნდეს.  

მოკლედ, საჭიროა, ბუნდოვანი მორალის განზომილებიდან სამართლებრივ განზომილებაში გადავინაცვლოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, როგორიც თავისუფლებებია. და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ინგლისურ ენაში თავისუფლებისთვის ორი სიტყვა არსებობს: freedom – შეუზღუდავი თავისუფლება და liberty – კანონით მონიჭებული თავისუფლება, რომელიც სხვას ზიანს არ იყენებს: არ ძალადობს, არ სცემს და არ კლავს.

კლიშე ხუმრობების საგნად ქცეული სადღეგრძელოების ქვეყანაში კანონის უზენაესობა გაცილებით ღირებულია, ვიდრე ათასგვარი ინტერპრეტაციისა და შეფასებისთვის განწირული მორალური გადაწყვეტილებები.

ფუნდამენტური კანონების დაცვისა და ხელისუფლებისთვის მათი დაცვის მოთხოვნის შემდეგ, ალბათ მეტი აზრი ექნება იმ კანონების შეცვლის მოთხოვნასაც (მათ შორის – ნარკოტიკებთან დაკავშირებული დრომოჭმული კანონებისაც), რომელიც არ მოგვწონს. და ხელისუფლებაც, წესით, ამ მოთხოვნებს მეტი სერიოზულობით მოეკიდება ან თუნდაც – მეტი ,,პატივცემულობით“, დედაქალაქის მერის ტერმინი რომ ვიხმაროთ (რომელმაც შაბათს განაცხადა, კლუბური სფეროდან ხალხს ჩემი პატივისცემულობა გააჩნიათო).

მესმის, რომ მორალის სიბრტყიდან კანონის სიბრტყეში გადასვლა გარკვეული დონის აბსტრაქტულ აზროვნებას ითხოვს (ამიტომ, ნუ გაუკვირდებათ მათ, ვისაც ასეთი უნარები ან მათზე პრეტენზია აქვთ, მეტი კრიტიკის ობიექტები რომ ხდებიან). ფსიქოლოგიის სტუდენტებსაც უჭირთ ხოლმე მოლოდინებთან გამომშვიდება და იმის გათავისება, რომ ფსიქოლოგია არ არის მეცნიერება სულის შესახებ, რადგან, უზნაძის თქმისა არ იყოს, მეცნიერების საგანი ვერ იქნება ის, რის არსებობაც, თავის მხრივ, არ არის დასაბუთებული.

თუმცა, დროთა განმავლობაში სწავლობენ.


რეკომენდებული სტატიები
ღამის კლუბების სპეცოპერაციის წლისთავზე ქუჩებში წარწერიანი ბანერები გამოჩნდა

ღამის კლუბების სპეცოპერაციის წლისთავზე ქუჩებში წარწერიანი ბანერები გამოჩნდა

ღამის კლუბების სპეცოპერაციის წლისთავზე ქუჩებში წარწერიანი ბანერები გამოჩნდა
“ბასიანის” სპეცოპერაციის წლისთავზე, თბილისის სხვადასხვა ადგილებში ბანერები გაჩნდა, რომლებიც ერთი წლის წინ, კლუბებში, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.