საბიუჯეტო ფლანგვის ენციკლოპედია – 10 „მჭამელი“ სააგენტო, ფონდი და ორგანიზაცია
სახელმწიფოს თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს რომ ყველა ჩვენგანი – მემარცხენე, მემარჯვენე თუ ცენტრისტი – მზად ვართ, რომ რაღაც სერვისების მისაღებად ბიუჯეტში ჩვენი შემოსავლის ნაწილი გადასახადების სახით გადავიხადოთ. ამ ფულით კი მთავრობა გვპირდება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს შეასრულებს – დაგვიცავს გარეშე მტრისგან, დაამყარებს წესრიგს პოლიციის მეშვეობით ქვეყნის შიგნით, უზრუნველყოფს სასამართლოს მუშაობას, დააგებს გზებს, ააშენებს ხიდებს და ასე შემდეგ.
მაგრამ…
მაგრამ რა შეიძლება შედიოდეს ამ მრავლისმომცველ “ასე შემდეგ”-ში? კიდევ რაში შეიძლება დახარჯოს მთავრობამ თქვენ მიერ გადასახადებში გადახდილი ფული?
საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცდა და იგი 12.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით მესამედია. გამოდის, რომ თქვენ მიერ ნაშოვნი ყოველი 100 ლარიდან მთავრობა “გართმევთ” დაახლოებით 33 ლარს.
ამას მთავრობა აკეთებს პირდაპირი გადასახადების (საშემოსავლო, მოგების, იმპორტის) და არაპირდაპირი გადასახადების (აქციზის, დღგ-ის) სახით.
ის, თუ როგორ განკარგავს მთავრობა ამ გზებით ჩვენგან აკრებილ ფულს, წლიურ ბიუჯეტშია გაწერილი.
ბიუჯეტში კი წერია, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ების წლევანდელი ბიუჯეტი განისაზღვრა 2 მილიარდი ლარით. აქედან 1 მილიარდ ლარს ეს დაწესებულებები მოიპოვებენ თავად, კანონით ნებადართული შემოსავლებით, ხოლო 1 მილიარდი ლარი მათ ბიუჯეტიდან მიუვათ პირდაპირი დაფინანსების გზით.
მათთვის, ვინც არ იცის – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ-ები) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (ა(ა)იპ-ები) ერთგვარი სამთავრობო კომპანიებია, რომლებიც მთავრობამ შექმნა და რომლებიდან მიღებული მოგებაც ბიუჯეტში მიდის, თუ ასეთი მოგება საერთოდ დარჩება. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, თქვენს უბანში გახსნილ სილამაზის სალონსა და რომელიმე სამთავრობო სსიპ-ს შორის შინაარსობრივად მხოლოდ ის სხვაობაა, რომ სალონს კერძო მფლობელი ჰყავს, სსიპ-ის 100%-იანი წილის მფლობელი კი მთავრობაა ხოლმე. და ასეთი “სამთავრობო კომპანიების” შესანარჩუნებლად ჩემი და თქვენი ჯიბიდან 1 მილიარდამდე ლარი მიდის. ამის მიზეზი კი მარტივია – ეს კომპანიები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, წაგებაზე მუშაობენ.
რახან გავერკვიეთ, რას წარმოადგენენ სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები და, ასევე, რამდენს ვიხდით მათ შენახვაში, საინტერესო იქნება იმის გაგებაც, თუ კონკრეტულად რაში ვიხდით ფულს და რამდენს.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე უცნაურ და დამაფიქრებელი დანიშნულების მქონე “სამთავრობო კომპანიას”, რომლებზეც თქვენი და ჩვენი ფული – მილიონობით ლარი იხარჯება:
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
ამ სააგენტოს მისიაში წერია: “მრავალ ეთნიკურ და მრავალ რელიგიურ გარემოში ისტორიული გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.” – 5,33 მილიონი ლარი.
ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი
ვერ მივხვდით, ანუ ჩვენ, გლეხები, დიდგვაროვნების შვილების განათლებას ვაფინანსებთ 83 000 ლარით? თან ამ სსიპ-ს საკუთარ შემოსავლებში 0 ლარი აქვს მითითებული – სულ უფასოდ სწავლობენ პატარა თავად-აზნაურები ამ ლიცეუმში? ვერ გეტყვით.
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე”
ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება იურიდიული პირი თან სამთავრობო სსიპ-ი იყოს და თან საპატრიარქოს ეკუთვნოდეს… მაშ, სეკულარიზმი? თან ვებგვერდიც გამორთული აქვთ.
ამ უცნაურ ფონდს ჩვენი ჯიბეებიდან 273 000 ლარით ვაფინანსებთ.
კულტურისა და სულიერების ცენტრი
როგორც ამ ცენტრის აუდიტის დასკვნაში წერია, “ცენტრის საქმიანობა მიმართულია აფხაზეთის მოსახლეობაში სულიერებისა და კულტურის დონის ამაღლებით მშვიდობიანი თანაარსებობის სულისკვეთების აღდგენისა და განმტკიცებისაკენ.” და ამ საქმიანობაში ჩვენ ყველა 200 000 ლარს ვიხდით – მეც, თქვენც, გამვლელიც, ბიზნესმენიც, მოწყალების მთხოვნელი ბებოც და ტაქსისტიც.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი
ამ ხმამაღალი სახელის მქონე სამთავრობო დაწესებულებაში, რომლის მიზანიცაა “ქართული ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და სტაბილური ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა” წელს 37 მილიონ ლარს გადავიხდით. სავარაუდოდ, ეს ფული სხვადასხვა რეგიონული კლუბების სახელფასო ფონდებს ხმარდება. თუ რამდენად ეფექტურად – მგონი პასუხი ნათელია.
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი
ბიუჯეტი – 1 მილიონი
პროექტი
რეალობა
კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი
რას ფიქრობთ, ეფექტურად მუშაობს ეს ცენტრი? დაცული და პოპულარულია დღეს საქართველოში კლასიკური მუსიკა? 😀 გილოცავთ, ეს ცენტრი თქვენ 140 000 ლარი გიჯდებათ წელიწადში.
მესტიის ქრისტიანული განათლების ცენტრი
ვერ გეტყვით, რა ხდება მესტიაში, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ცენტრი მარტო სვანეთში გაუხსნია ჩვენს მთავრობას და მის შენახვაში 360 000 ლარსაც გვახდევინებს.
აწარმოე საქართველოში
იმ სიღრმეებში არ ჩავალთ, უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ბაზრის განვითარებასა და მისი სარისკო სფეროების ჩვენ ხარჯზე დაფინანსებაში. უბრალოდ გეტყვით, რომ სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი – 41 680 000 ლარია, აქედან თანამშრომლების ხელფასებისათვის გამოყოფილია – 2 000 000 ლარი, ხოლო სააგენტოს სხვადასხვა პროგრამებისთვის – 37 425 000 ლარი, რაც მეწარმეების თანადაფინანსებას, კინოწარმოების, ექსპორტისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ეროვნული საშენი მეურნეობა
ეს უბრალოდ საკმაოდ მოზრდილი სანერგეა, რომელშიც, თითქოს, ეროვნული მნიშვნელობის ჯიშებს ამრავლებს სახელმწიფო. არადა, მსგავსი სანერგეები არაერთია საქართველოს მასშტაბით და რატომ უნდა ვიხდიდეთ 820 000 ლარს ჩვენი ჯიბიდან იმაში, რასაც ბაზარი ისედაც, უფრო იაფად თუ უფრო ეფექტიანად მოგვაწვდის – ვერ ვხვდებით.