fbpx

რა ვუყოთ ბათუმს? – კომენტარები ახალ ურბანულ ლანდშაფტზე


გააზიარე სტატია


ფოტო: Billy Bilikhodze

ცოტა ხნის წინ ფეისბუკში Billy Bilikhodze-ს ბათუმის ფოტო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა. ფოტო ბევრმა ადამიანმა ნეგატიური კომენტარით გააზიარა. AT.ge-მ ამ ფოტოთი რამდენიმე, განსხვავებული პოლიტიკური თუ პროფესიული შეხედულებების ადამიანს მიმართა და შეფასებები სთხოვა.

ერთი კვირის წინ ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ პირველი სტატია ამ ფოტოზე მოცემული მდგომარეობის შეფასებით.

დღეს კი გთავაზობთ მეორე კომენტარს – ამჯერად ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძისგან, რომელიც ბათუმში შექმნილ მდგომარეობასა და ამ ქალაქის არსებული ურბანული პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებზე თავის პროფესიულ მოსაზრებებს გვიზიარებს.

AT: ფოტოზე არსებული მოცემულობა უკვე რეალობაა. ორი სიტყვით, როგორ დაახასიათებდით იმას, რასაც ფოტოზე ვხედავთრა უარყოფითი ან/და დადებითი შედეგები იკვეთება ბათუმის სამშენებლო ბუმში?

ზურაბ ბაქრაძე:
ეს
სურათი არის ქალაქური თანაცხოვრების კულტურის დეფიციტის, ცალკეულ ეგოიზმთა ურთიერთგარიგებების, თუმცა ასევე ანტაგონიზმების ხატი. ის ასახავს არა მარტო ბათუმის, არამედ მთელი საქართველოს პოსტსაბჭოური პოლიტიკის შედეგს.

  • ესაა მცირერიცხოვანი ელიტის სწრაფ გამდიდრებაზე და ამ გზით ხაზინის სწრაფ შევსებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა, რისთვისაც ძალზე ეფექტურია მშენებლობა მასობრივი, დაბალი კულტურული დონის ტურიზმისთვის. ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა სოფლის მეურნეობის და პროდუქციის შემქმნელი წარმოების დასუსტებით იწვევს ქვეყნის სივრცითი მოწყობის მძიმე დეფორმაციებს, რაც სოციალური და ბუნებრივი გარემოს ეროზიას განაპირობებს, ე.ი. არამდგრადია.
  • ესაა ავტორიტარული პოლიტიკა, რომელიც პროტექციონისტულია მშენებლობაში კერძო კაპიტალის ანგარებითი მიზნებისთვის და ხელს უშლის სოციალური ცნობიერების საფუძველზე ადამიანთა ფართე წრეების მონაწილეობას ქალაქგეგმარებაში. ასეთი პოლიტიკა თრგუნავს ადამიანს, როგორც სოციალურ არსებას და ამით მის ცნობიერ როლს თავისი ლოკალური სამშობლოს განვითარებაში – ის ცდილობს ქალაქგანვითარების კომუნალური მართვა კერძოთა ანგარებით გარიგებებზე დაიყვანოს. ასეთ პოლიტიკას ხაზინის შევსება მხოლოდ მმართველი წრეების ძალაუფლების გასამყარებლად ჭირდება.
  • ესაა საზოგადოების კულტურული დეგენერაციის პოლიტიკა, რომელიც ავრცელებს განწყობას, რომ ადამიანის სულიერი, კულტურული მოთხოვნილებები მხოლოდ ზედნაშენური ხასიათის ფუფუნების საგანია და რომ ადამიანი პრინციპულად არა თავისუფალი, არამედ ცალმხრივად ფიზიოლოგიური არსებაა. ასეთი არსება სწრაფი მატერიალური სარგებლისთვის ადვილად ანადგურებს მისსავე კულტურულ მემკვიდრეობას და არ აქვს ადამიანური ღირსების შესაფერი მიზნები თავისი გარემოს კომპლექსური განვითარებისთვის.

ეს ყველაფერი ამ სურათში ჩანს და ამდენად, ის სიმპტომატურია.


ფოტო: Sergo Edisherashvili

AT: როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ბათუმი დღევანდელი რეალობის გათვალისწინებითრა იქნებოდა სწორი, თანამედროვე გამოცდილებით აპრობირებული მიმართულება და მართვის ფილოსოფია ამ ქალაქისთვის, მოცემულ სიტუაციაში?

ზურაბ ბაქრაძე:
ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მხოლოდ კონკრეტული დაგეგმვით შეიძლება.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ გადაგვარებული გარემოს (რომელიც ამ სურათზეა წარმოდგენილი) გამოსწორება გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი გონივრული განვითარება. სწორედ ამიტომაა საჩქარო ამ გადაგვარების პროცესის შეჩერება და გამოსწორების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

ეს ღონისძიებები შეეხება როგორც ქვეყნის/რეგიონის სივრცით მოწყობას, ასევე საკუთრივ ბათუმის ქალაქგანვითარებას. ამ უკანასკნელის არსი უნდა მდგომარეობდეს, ერთი მხრივ, ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური და სივრცით-მატერიული მოცემულობის საფუძველზე, და მეორე მხრივ, ჯანსაღი სოციალური მიზნების მიმართულებით განვითარებაში.

ეს განვითარება კი დასაგეგმია ბათუმელებთან ერთად ისეთ პირობებში, ისეთი მოდერაციით, როცა საერთო-საზოგადოებრივი წარმოჩინდება პირადის მოწესრიგების პირობად და პირიქით, პირადის მოწესრიგება უზრუნველყოფს საზოგადოებრივის გამართულ ფუნქციონირებას.

ქალაქის სოციალურად და სივრცულად დამახინჯებულ ნაწილებში უძრავი ქონების მართვის გონივრული რეგულირებით ბევრის მიღწევა შეიძლება. ამ ნაწილებში გამოინახება ასევე ტერიტორიებიც, რომელთა სწორი გამოყენება და სივრცული განვითარება გარემოს ატმოსფეროს საგრძნობლად გააუმჯობესებს. 

აქ გადამწყვეტი იქნება საზოგადოებრივ სივრცეთა ისეთი ფუნქციური და სივრცითი განვითარება, რომელიც ყველა ბათუმელს მიიზიდავს, მათი „შეძლების“ მიუხედავად – „ბათუმის ყველა უბანი ყველასთვის“ უნდა იყოს მთელი ბათუმის ქალაქგანვითარების დევიზი, განსაკუთრებით კი ეგრეთწოდებული „პრესტიჟული“ უბნების განვითარებისა.

ქალაქის მმართველობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქალაქი პირველ რიგში ბათუმელებია და ტურიზმი ამ ქალაქის ცხოვრების მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი სხვათა გვერდით.

ისტორიული ქალაქის ბირთვი უნდა ვითარდებოდეს მისი ინდივიდუალობის შენარჩუნების უპირატესობის პირობებში. ეს ინდივიდუალობა ქმნის მთელი ბათუმის იდენტობის საფუძველს და თუ ქალაქის მმართველობას ამ იდენტობის შენარჩუნება უნდა, მან უნდა იზრუნოს ბათუმელთათვის ისეთი პირობების შექმნაზე, როცა მათ თანამედროვე ცხოვრების გამართვა „ბათუმურ“ გარემოში შეეძლებათ.

ასეთი გარემო კი კულტურულად მაღალი დონის ტურისტებსაც მოიზიდავს, შესაძლებელი გახდება არა მარტო მასპინძლის ეკონომიკური სარგებელი, არამედ მისი და სტუმრის კულტურული ურთიერთგამდიდრებაც. ბათუმის ქალაქგანვითარებაში ტურიზმის ასეთი ხედვით შესაძლებელი გახდება ტურიზმისთვის დამახასიათებელი ნეგატიური მოვლენების პოზიტიურით შეცვლა, როცა გაჩნდება შესაძლებლობა სხვა კულტურის წარმომადგენელში თანასწორის, იქნებ ახლობლის დანახვაც.

აქ აღწერილს თანამედროვე ქალაქგეგმარებარებაში სანირების, ე.ი. გაჯანსაღების ღონისძიებები ქვია. ბათუმს, თბილისის მსგავსად, ზრდა არ ჭირდება, მას გაჯანსაღება ჭირდება. ეს კი შესაძლებელია, როგორც მრავალმხრივი საზოგადოებრივი (კომუნისა და სახელმწიფო ბიუჯეტები, ევროგაერთიანების და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიზნობრივი პროგრამები), ასევე კერძო ინვესტიციებით და გონივრული, რაც მთავარია სწორი მიზნების მქონე, მენეჯმენტით.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.