დღეს: VAADS-ის სტუდენტების გამოფენა
დღეს, 23 იანვარს, 18:00 საათზე, არტარეას გალერეაში თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის ( VA(A)DS ) ფერწერის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა “ურთიერთქმედება” გაიხსნება.
სემესტრის განმავლობაში სტუდენტების სამივე ჯგუფს სხვადასხვა პედაგოგები – მეორე კურსს თეა გვეტაძე, მესამე კურსს ნინო საკანდელიძე, მეოთხე კურსს კი გოგა მაღლაკელიძე ასწავლიდნენ. თუმცა, სწავლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის მიხედვით, სტუდენტები არა მხოლოდ ლექტორებისგან, არამედ ერთმანეთისგანაც ბევრს სწავლობდნენ (დაკვირვებით, ურთიერთობით, სახელოსნოებისა და სამუშაო პროცესის შესწავლით).
VAADS-ის ერთ-ერთი პლუსი სწორედ სახელოსნოების გვერდიგვერდ განლაგება და აქედან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე და ხელმისაწვდომობაა.
ნებისმიერი პატარა დეტალი შეიძლება გახდეს ახალი იდეის წყარო. მაგალითად, მეზობელ სახელოსნოში შემთხვევით აღმოჩენილი ახალი მასალა ან მოკლე რეპლიკა, რომელსაც დერეფანში შემთხვევით მოჰკრავ ყურს. ნებისმიერი ახალი იდეა კი ყოველთვის მომდევნო იდეის წინაპირობაა. ამგვარად, ერთ სივრცეში არსებული სტუდენტების ეს ირიბი თუ პირდაპირი კონტაქტი წარმოადგენს რაღაც ჯაჭვურ მექანიზმს, რომელიც თავისივე თავს ეხმარება მოძრაობაში, რადგან ჯანსაღი ურთიერთქმედება არასდროსაა ცალმხრივი.
ეს გამოფენა სწორად ამ ვერბალური თუ აბსტრაქტული ურთიერთქმედებების შედეგს წარმოადგენს.
გამოფენა დამთვალიერებლისთვის ღია იქნება 24-დან 27 იანვრამდე.
გალერეის სამუშაო საათები: 12:00-18:00