fbpx

რატომ აქვთ ბერძნულ სკულპტურებს პატარა ფალოსები


გააზიარე სტატია

რატომ აქვთ ბერძნულ სკულპტურებს პატარა ფალოსები?

ძველ საბერძნეთში მამაკაცის ეტალონის სკულპტურა გამოსახავდა იდეალური მუსკულატურის მქონე, მასიურ პიროვნებას. ძირითადად, გამოსახული კაცები იყვნენ მხოლოდ ნაწილობრივ შემოსილები ან სრულიად შიშვლები.

თანამედროვე გადმოსახედიდან, ბერძნული სკულპტურების სხეულები იდეალურია ერთი უხერხული „დეტალის“ გამოკლებით. ენდრიუ ლირი, ანტიკური ბერძნული ხელოვნების სპეციალისტი, ამბობს: „საშუალოსთან შედარებით, მათ აქვთ მცირე ზომის ფალოსები, თუმცა ისინი, ძირითადად, არაერეგირებულ მდგომარეობაში გამოისახებოდა.“

თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებსა და ისტორიკოსებს ბერძნულ ქანდაკებებში აკვირვებთ გენიტალიების მოკრძალებული ზომები. დიდწილად, გაკვირვების მიზეზი არიან პიროვნებები, რომლებიც გამოისახებიან მცირე ზომის ფალოსებით – ზევსიდან და სხვა ღმერთებიდან დაწყებული, გამოჩენილი ათლეტებით დამთავრებული. „მცირე დეტალი“ შეუსაბამო ჩანს მითიური ღმერთებისა და გმირებისთვის, მით უმეტეს, მათი გაბარიტების გათვალისწინებით. თანამედროვე შეხედულებებისგან განსხვავებით, ბერძნები სხვანაირად აღიქვამდნენ ესთეტიკას და მსგავს დეტალსაც აქვს ახსნა.

ანტიკურ საბერძნეთში დიდი და ერეგირებული პენისი არ აღიქმებოდა დადებითად, მით უმეტეს, არ ასოცირდებოდა ძალაუფლებასა თუ სიძლიერესთან. დრამატურგი არისტოფანე პიესაში „ღრუბლები“ აღწერს იდეალურ მამაკაცს: „უთმო, ბზინვარე მკერდი, ღია კანი, განიერი მხრები, პატარა ენა, მკვრივი დუნდულები და პატარა ასო”.

ისტორიკოსმა პოლ კრისტალმა აგრეთვე ჩაატარა კვლევა ანტიკურ საბერძნეთში მამაკაცის ეტალონის შესახებ. თავის წიგნში, „საწოლში ანტიკურ ბერძნებთან ერთად“, კრისტალი წერს: „მამაკაცური სილამაზის ბერძნულ ეტალონს ჰქონდა მცირე ზომის ფალოსი. ბერძნულ კულტურაში ეს იყო იდეალური მამაკაცის ერთ-ერთი ნიშანი.“

ანტიკურ ბერძნულ ხელოვნებაში იდეალური მამაკაცის დამახასიათებელი ნიშნები იყო ძალა, დიდი ზომები, სიმაღლე, წარმოსადეგობა და ა.შ. რატომ არ ვრცელდებოდა იგივე პრინციპები ფალოსზე? ლირისა და ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, პასუხი ჩანს ამორალური მამაკაცების გამოსახულებებში.

გარყვნილი, ამორალური სატირები გამოისახებოდნენ არაადეკვატურად დიდი, ერეგირებული გენიტალიებით. ბერძნულ მითოლოგიაში ისინი იყვნენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად ცხოველები. სატირებს არ გააჩნდათ თავშეკავება, რაც მიუღებელი იყო უმაღლესი ბერძნული საზოგადოებისთვის.

„დიდი პენისი მიიჩნეოდა ვულგარულობის ნიშნად. ეს ცდებოდა ბერძნულ კულტურულ ნორმებს და ბარბაროსობასთან ასოცირდებოდა,“ – ამბობს კრისტალი. მართლაც, უამრავ ქვევრსა, ქოთანზე თუ ფრიზზე გვხვდება გამოსახულებები, რომლებზეც სატირები უზომოდ სვამენ და ქეიფობენ.

როგორც კრისტალი ამბობს, ბერძნულ კომედიაში, მასხრებს ჰქონდათ დიდი ფალოსები, რაც სულელების დამახასიათებელ ნიშნად ითვლებოდა. დიდი ფალოსი მიიჩნეოდა უფრო ცხოველურ, ვიდრე ადამიანურ მოვლენად. ანალოგიურად, ლირის თქმით, დიდი ფალოსით გამოსახავდნენ ეგვიპტელებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ბერძნების მტრები იყვნენ.

სატირების, მასხრებისა და მტრების გამოსახულებები იყო სრულ კონტრასტში ღმერთებისა და მითიური გმირების გამოსახულებებთან. უკანასკნელები ბერძნულ კულტურაში აღიქმებოდნენ როგორც გონიერ, მოკრძალებულ, წინდახედულ და ერთგულ პიროვნებებად. „თუკი დიდი ფალოსი ასოცირდებოდა გაუმაძღრობასთან, პატარა ფალოსი ნიშნავდა მოკრძალებას,“ – ხსნის ლირი.

დღეს „ბუნებისგან რჩეულობა“ ხშირად დომინაციასა და ძალაუფლებასთან ასოცირდება, თუმცა საბერძნეთში, სხვა კულტურებისგან განსხვავებით, პენისის ზომა არ იყო მამაკაცურობის ნიშანი. როგორც კრისტალი წერს, პოტენცია არა მოთხოვნილების, არამედ ინტელექტის პროდუქტად ითვლებოდა.

ძველ ბერძნულ კულტურაში ფალოსის ზომამ სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. ლირის აზრით, ეს ხსნის ქანდაკებების გაშიშვლების ფენომენს, მაშინაც კი, როდესაც ეს თითქოს საჭირო არ არის. „პენისი ახასიათებდა პიროვნებას, ის რაღაცას ნიშნავდა.“ ხელოვნების ნიმუშებში ფალოსის ზომა მამაკაცის წესიერების ინდიკატორად მიიჩნეოდა.

წყარო: artsy.net


რეკომენდებული სტატიები
როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით

როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით

როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით
სტრესთან გასამკლავებლად ეფექტურად გამოიყენება შემოქმედებითი ანტისტრესული თერაპია, რომლებიც ადამიანებს ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებაში ეხმარება
კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს
კარლო კაჭარავამ პირველმა დაიწყო დასავლური ხელოვნების და მასთან მიმართებაში ქართული ხელოვნების შესწავლა და კვლევა. მანვე განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების ორიენტაციაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.