fbpx

ომი და მჭადები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიშა ბახსოლიანი


ომში არ ვყოფილვარ. ამით არ ვამაყობ, თუმცა არც  დამნაშავედ ვგრძნობ თავს. სიმართლე რომ ვთქვა, იარაღის  აღების სურვილი არასდროს გამჩენია. ალბათ იმ მაროდიორსაც ვერ  ვესროდი, უნიტაზი რომ მოგვპარა სრულიად საქართველოს.

ის კი არადა, ომის დაწყება სხვებზე გვიან გავიგე. მაშინვე ცოტა ფული ვიჩალიჩე და რუსთავში დედის სანახავად გავვარდი. ალბათ ინსტინქტია. ომის დროს ოჯახის წევრებს ერთად ყოფნა უნდებათ. მთელი დღე ვურეკავდი და რატომღაც ვერ ველაპარაკე. ბოლოს, როგორღაც კონტაქტი შედგა და რამდენიმე მარტივი დავალებაც მივიღე, მათ შორის ერთ-ერთი სახლში პურის აყოლება იყო.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. ის არც “ვეჯინში” იყო, მაღაზიაა სახლის გვერდით, არც “ლიდერში” და არც უშუალოდ პურის მაღაზიაში. შემდეგ მაკარონის ყიდვა ვცადე და ამჯერადაც ხელი მომეცარა. ცარიელ მაღაზიებში უამრავი ხალხი ირეოდა  და ყველაფერი მიქონდათ, თუკი რამე დარჩენილიყო.

ერთი სოლიდურად ჩაცმული ჯეელი მხარზე დადებული ტომრით გარბოდა, ისეთი სახე ქონდა, თითქოს რუსები უკვე იქ იყვნენ და წართმევას უპირებდნენ. მერე ეს ტომარა მანქანაში ჩატენა, სადაც კიდევ რამდენიმე ტომარა და უამრავი სხვადასხვა პროდუქტი იდო. მანქანა კი არა, ერთგვარი მინი მარკეტი იყო, მხოლოდ აბრის მიკვრაღა აკლდა და სალაროს აპარატი.

განა რამეს ვერჩი, უბრალოდ, როდესაც ომზე იწყებენ ლაპარაკს, სულ ეს კადრი მახსენდება. როდესაც სხვები გმირებს იხსენებენ, დახოცილებს, ან სხვების დამხოცავებს, როდესაც მათ სადღეგრძელოებს სვამენ ან ხსოვნას ამბობენ, მე ტომრიანი ტიპი მახსენდება.

რაღაცნაირად კმაყოფილი, რომ თავისი პირადი ხუთიანზე მოიგვარა და სხვები მაგრად ეკიდა.

ალბათ ისიც თავის ოჯახზე ფიქრობდა. შეიძლება შვილები ყავდა კახეთში გახიზნული, ან ფეხმძიმე ცოლი ელოდებოდა არსენას გამოქვაბულში, მაგრამ რაღაცნაირად მაინც არ მომეწონა.

ვფიქრობ, ომი თუ ტესტი იყო, რომელიც მთელ ქვეყანას ერთად უნდა ჩაგვებარებინა, მასეთი ტიპების გამო ძალიან საშუალო ქულას მივიღებდით.  

ჰოდა, როგორც უკვე ვთქვი, ომში არასდროს ვყოფილვარ. თუმცა მაღაზიაში ვიყავი და უშანსოდ დავმარცხდი. სახლში ვერაფერი წავიღე. მხოლოდ რამდენიმე ბაუნტი, რომელიც დედაჩემს ძალიან უყვარს. საღამოს  მჭადები ვჭამეთ და ჩემს ძმას დავურეკეთ ორბელში. ისიც კარგად იყო. არაფერი უჭირდა.


რეკომენდებული სტატიები
sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები

sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები

sHEROes: ომის კულისებში დარჩენილი გმირები
ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, რომლებმაც ომის დროს მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.