Facebook-მა ახალი გაცნობის სერვისის ტესტირება დაიწყო
„ფეისბუკმა“ ცოტა ხნის წინ დაიწყო თავისი ახალი გაცნობის სერვისის ტესტირება კოლუმბიაში. ამ დროისთვის 18 წელზე უფროსი ასაკის კოლუმბიელებს საშუალება ექნებათ შექმნან გაცნობის პროფილები და იპოვონ მეწყვილე. სერვისის პრევიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც გრძელვადიან სერიოზულ ურთიერთობებს ეძებს და არა ხანმოკლე გართობას.
„ფეისბუკი“ გაცნობის (dating) ბიზნესში „ტინდერსა“ და სხვა მსგავს აპლიკაციებზე რამდენიმე წლით გვიან შემოდის, მაგრამ მას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: პლანეტის დიდი ნაწილი უკვე სარგებლობს „ფეისბუკის“ ანგარიშით და თუმცა გაცნობის ახალი სერვისი ამჟამად მხოლოდ მობილურ ტელეფონებზე მუშაობს, მის ჩასართავად „ფეისბუკის“ მომხმარებელს ცალკე აპლიკაციის ჩამოტვირთვა არ დასჭირდება. თუმცა, აქ უფრო სხვა პრობლემა იჩენს თავს – ამერიკაში, და შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც, ახალგაზრდა თაობა სულ უფრო ნაკლებად იყენებს ფეისბუკს და მას სხვა პლატფორმებს ამჯობინებს. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, შეძლებს თუ არა ახალი dating აპლიკაცია მომხმარებლების რიგების კვლავ „გაახალგაზრდავებას“.
რაც შეეხება „ფეისბუკის“ dating აპლიკაციის დეტალებს:
გაცნობის პროფილის განთავსებისას ავტომატურად გადაიპოსტება მხოლოდ თქვენი სახელი და ასაკი. ხელით უნდა შეიყვანოთ ადგილმდებარეობა (რომელიც უნდა დადასტურდეს) და სქესი. ასევე უნდა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პარტნიორის სქესი. სურვილისამებრ, შეძლებთ ასევე სიმაღლის, რელიგიის, სამუშაოს, სასწავლებლისა და ბავშვების შესახებ ინფორმაციის მითითებასაც.
პროფილის სრულყოფისათვის „ფეისბუკის“ გაცნობის სერვისზე შეძლებთ მაქსიმუმ 9 ფოტოს ატვირთვას, ასევე „ფეისბუკის“ შემოთავაზებული „გასაცნობი შეკითხვებიდან“ რამდენიმეს შერჩევას (მაგალითად, „როგორია შენი იდეალური დღე?“). ამ ეტაპზე არაა დაშვებული შეკითხვების საკუთარი ვერსიის დამატება.
ამ მონაცემების მიხედვით, „ფეისბუკის“ ალგორითმი თქვენ შესაძლო მეწყვილის ვარიანტებს შეგირჩევთ. შერჩეულებში ვერავინ მოხვდება თქვენი უკვე არსებული „ფეისბუკის“ სამეგობროდან, და ვერც დაბლოკილი ადამიანებიდან. სურვილისამებრ თქვენ აქაც შეძლებთ “მეგობრების” დაბლოკვას.
შესაფერისი მეწყვილეების სიშორე 100 კილომეტრამდე იქნება შეზღუდული, თუმცა თქვენ შეძლებთ შეამციროთ ეს რადიუსი და ასევე გაფილტროთ შესაფერისი ადამიანები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.
არსებული dating საიტებისგან განსხვავებით, „ფეისბუკის“ გაცნობის სერვისს არ ექნება ე.წ. Swipe ფუნქცია. ამა თუ იმ პროფილზე უარის სათქმელად უნდა მიუთითოთ not interested. ასევე, მოწონებულ პროფილს ვერ გამოეხმაურებით მარტივი მისალმებით – თქვენ აუცილებლად უნდა გამოეხმაუროთ მოწონებული პროფილის ფოტოს ან პასუხი გასცეთ „გასაცნობ შეკითხვას“ (მაგალითად, „ეს ფოტო მაროკოშია გადაღებული? მანდ მეც ნამყოფი ვარ!“).
„ფეისბუკის“ dating მესიჯების ინბოქსი მესინჯერის ინბოქსისგან ცალკე შეინახება. თქვენ ვერ გააგზავნით ლინკებს, ფოტოებს ან გადახდებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. თუ მოგინდებათ ახალგაცნობილ ადამიანთან ფოტოების გაცვლა, მას უნდა მისცეთ თქვენი ტელეფონის ნომერი ან დაიმატოთ ის მესინჯერის აპლიკაციაში.
სამაგიეროდ, თქვენ შეძლებთ მოძებნოთ პოტენციური მეწყვილე საერთო „ფეისბუკ-ჯგუფების“ ან „ივენთების“ მიხედვით. ამისთვის უნდა „გახსნათ“ ძებნისთვის თითოეული ასეთი ჯგუფი ან ღონისძიება, სხვანაირად თქვენ ვერავინ „აღმოგაჩენთ“. ჯგუფების ადმინები ამ ფუნქციაზე გავლენას ვერ მოახდენენ – მათ არ შეუძლიათ დაგბლოკონ გაცნობის სერვისისგან. საერთო ჯგუფებისა და ღონისძიებების ოფცია იმოქმედებს როგორც წარსულში, ასევე მომავალში დაგეგმილ „ივენთებზე“ (მაგალითად, 2012 წელს ჩატარებული ფესტივალის და ერთ კვირაში დაგეგმილი კონცერტის შემთხვევაშიც).
ამ ეტაპზე ესაა იმ ფუნქციების ჩამონათვალი, რითაც ფეისბუკს შეუძლია სხვა dating აპლიკაციებისგან გამორჩეული იყოს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აქამდე გაცნობის აპლიკაციების დიდი ნაწილი სწორედ „ფეისბუკის“ მონაცემებს იყენებდა საკუთარი სერვისებისთვის.
თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც „ფეისბუკმა“ უნდა შეძლოს, მომხმარებლების გართობაა. აქამდე არსებულ სხვა წარმატებული გაცნობის აპლიკაციები მომხმარებლებს სწორედ იმით იზიდავდა, რომ მეწყვილეების თუ პარტნიორების მოძნებნის გარდა, მათი გამოყენების თვითონ პროცესი იყო სასიამოვნო და გასართობი. „ფეისბუკის“ გაცნობის აპლიკაციის ტესტიც სწორედ ის იქნება, გაატარებს თუ არა კარგ დროს ადამიანი ამ სერვისით სარგებლობისას.
ავტორი: ლუის მაცაკისი
წყარო: https://wired.com