ქოთნიდან თეფშზე – ყველაზე ჯანსაღი მიკრომწვანილები საქართველოდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია
ფოტო: გიორგი მიქელაძე

ჯანსაღი კვება საქართველოში ერთ-ერთი ახალი ტრენდია და შესაბამისად, მოთხოვნა ჯანსაღ პროდუქტებზე საკმაოდ დიდია. თბილისში ორმა გოგომ – ტუსა ღარიბაშვილმა და ქეთა ბეჟიტაშვილმა, რომლებიც განათლებით არც აგრონომები არიან და არც ბიოლოგები, გადაწყვიტეს პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ და ძალიან მცირე ტერიტორიაზე მიკრომწვანილი მოიყვანეს.

ექსპერიმენტმა იმდენად გაამართლა, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული რესტორნების ყველაზე ცნობილი შეფები კერძების გასაფორმებლად ან პიკანტურ ინგრედიენტებად Urban Greens-ის პროდუქტს იყენებენ.

მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ყოველ ეტაპზე გაფართოება უწევთ და დღეს უკვე წყნეთში საკმაოდ დიდ სათბურში დამხმარეებთან ერთად მუშაობენ.

მიკრომწვანილის ისტორია კი ასეთია: 80-იან წლებში კალიფორნიაში მიშელინის სამი ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეულის, ჩარლი ტროტერის ინიციატივით და ფერმერების დახმარებით შეიქმნა პირველი მიკრომწვანილი კერძების გასაფორმებლად.

სტანდარტული დიდი სახეობის მწვანილით გაფორმებული კერძები ჩარლის აღარ მოსწონდა. ძალიან მალე მიკრომწვანილი იმდენად პოპულარული გახდა, რომ კალიფორნიიდან მთელ მსოფლიოში იმოგზაურა და დღეს ყველაზე ცნობილი შეფმზარეულები იყენებენ.

ტუსა ღარიბაშვილი: ორი წლის წინ ისე მოხდა, რომ დავინტერესდი კულინარიით, თან ბევრი პროფესიონალი მზარეული მყავს სამეგობროში და დავიწყე კერძებზე დაკვირვება, აღმოვაჩინე მიკრომწვანილი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში სულ სამი სახეობისა იყო. იმდენად მომეწონა, რომ მოვიძიე ინტერნეტში, ვიყიდე სპეციალური ლიტერატურა და დავეკონტაქტე საერთაშორისო კომპანიებს.

ცოტა ხანში იმდენად დიდი ცოდნა და ინფორმაცია მოვაგროვე, რომ შეგრძნება მქონდა, თითქოს უკვე მეურნეობაც გავაკეთე. მოკლედ, გამოვიწერეთ თესლები, თეორიული ცოდნით ჩავატარეთ ექსპერიმენტი და დავთესეთ 10 კვადრატულ სათბურში და როდესაც პირველი მოსავალი ავიღეთ, ჩვენს მეგობარ მზარეულებს გავასინჯეთ, მათ ისე მოეწონათ, რომ მივხვდით, სწორ გზაზე ვიდექით და აუცილებლად უნდა გაგვეგრძელებინა, დღეს ჩვენი სათბური 110 კვადრატული მეტრია და 21 სახეობის მიკრომწვანილი მოგვყავს. და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი რითაც ჩვენ ვმუშაობთ, არის ის, რომ ჩვენთან ყველაფერი 100%-ით ორგანულია და დილით მოჭრილი მწვანილი 2 საათში უკვე გამზადებულ კერძზეა, ამას გულისხმობს ჩვენი სლოგანიც – ქოთნიდან თეფშზე.

მარტო მუშაობთ თუ გყავთ პროფესიონალი ბიოლოგი ან აგრონომი?

ისე დავიწყეთ – ყვავილის დათესვაც კი არ ვიცოდით. თუმცა ორივეს იმდენად დიდი სურვილი გვქონდა ამ საქმის კეთების, რომ რაღაცნაირად გამოგვივიდა – იმდენად დიდი ცოდნა გვქონდა თეორიული, პრაქტიკაში მარტივად გადმოვიტანეთ. 6 თვე დავუთმეთ ექსპერიმენტულ სამუშაოებს – დათესვიდან დაწყებული მოჭრამდე. როდესაც რეკომენდაციისთვის აგრონომი მოვიყვანეთ, რომ საბოლოო ეტაპზე მივსულიყავით, მივხვდით, რომ არანაკლები ცოდნა გვქონდა და დრო იყო ექსპერიმენტი სერიოზულ საქმიანობად გვექცია.

სულ პირველად რა დათესეთ?

პირველად ყველაზე ადვილად გასაზრდელი სახეობები – ბოლოკი, რუკოლა და წითელი კომბოსტო ამოვარჩიეთ.

რა პროცესს გადის მიკრომწვანილი დარგვიდან მოჭრამდე?

სახეობას გააჩნია, თუმცა სრული პროცესისთვის დაახლოებით 2-დან 3 კვირამდე გვჭირდება, დათესვიდან მოჭრამდე.

თქვენი ყველაზე განსხვავებული მიკრომწვანილი

პრინციპში, ქართულ ბაზარზე ყველაზე განსხვავებული მიკრომწვანილი Urbnan Greens-ს აქვს. მაგალითად, გვაქვს მწვანილი თხილის გემოთი, ან ანისის და ლაიმის გემოთი, ასევე მწვანილი ხამანწკების გემოთი – ეს, რა თქმა უნდა, მიმსგავსებული გემოა, რომელიც თესლის ინჟინრებმა დიდი ცდების და კვლევის შედეგად შექმნეს, რომ სინჯავ, თავიდან აქვს კიტრივით ცოცხალი და წყლიანი გემო და შემდეგ გადადის ხამანწკების გემოში. ეს მწვანილი დიდი მოწონებით სარგებლობს და ძირითადად თევზის ან ზღვის პროდუქტებით მომზადებულ კერძებში იყენებენ. თუმცა ასევე გვაქვს “ტრადიციული” მიკრომწვანილები, რომლებსაც ტრადიციული ქართული რესტორნები იყენებენ, მაგალითად, მიკრომწვანილი ბოლოკის, ქინძის, ოხრახუშის ან ნივრის გემოთი. ასევე გვაქვს სიახლე და დიდი მოწონებითაც სარგებლობს – მიკრობეგქონდარა (ტიმიანი).

მიკრომწვანილების თავდაპირველი ფუნქცია – კერძის გაფორმება – შეიცვალა და ახალ ფაზაში – ინტენსიური ან პიკანტური გემოს მინიჭებაში გადავიდა

მიუხედავად მცირე ზომისა, ჩვენს მიკრომწვანილს ძალიან ინტენსიური გემო აქვს. მაგალითად, მიკროქინძის სამი ღერო უფრო ინტენსიურია, ვიდრე ერთი კონა ჩვეულებრივი ქინძი. ასევე ვიზუალურად იმდენად ლამაზია, რომ კერძის გასაფორმებლადაც იდეალურია.

თქვენ თვითონ არ გიცდიათ რამე ახალი ჯიშის მიკრომწვანილის გამოყვანა?

სამწუხაროდ არა, რადგან ეს უკვე სხვა სფეროა, რისი გამოცდილება და ცოდნაც ამ ეტაპზე არ გვაქვს. აქ უკვე საჭიროა მაღალი ტექნოლოგიები, ბიოლოგიური ჩარევები, ლაბორატორია, ამიტომ გვირჩევნია მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. როდესაც ამა თუ იმ სახეობის თესლს ვუკვეთავთ და ჩამოდის, მოჰყვება უამრავი სერთიფიკატი, ასევე წელიწადში სამჯერ უტარებენ ექსპერტიზას, რამე ბაქტერია ხომ არ აქვს და ა.შ.

შეფმზარეულების გარდა, როგორ შეუძლია მომხმარებელს Urban Greens-ის მიკრომწვანილის შეძენა?

ჩვენი ინსტაგრამის ან ფეისბუქის გვერდებით გვიკვეთავენ და ჩვენივე კურიერს მიაქვს ადგილზე. რა თქმა უნდა, ვაწვდით იმავე დღეს და სწორედ ამ პრინციპის გამო, რომ დილას მოჭრილი საშუალოდ 2 საათში უკვე თეფშზე უნდა იყოს. ჩვენი მწვანილი მაღაზიებში არ იყიდება. ასევე გვაქვს ასეთი შეთავაზებაც, რომ ვისაც მოჭრილი არ უნდა, შეუძლიათ ქოთანში ჩარგული შეიძინოს.

როგორია Urban Greens-ის სამომავლო გეგმები?

პირველ რიგში გვინდა, რომ წარმოება კიდე უფრო მეტად დავხვეწოთ და გავაფართოოთ. ასევე გვინდა მომხმარებელს გამარტივებული შეკვეთის სერვისი და კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ.


რეკომენდებული სტატიები
ლილი ვანილი

ლილი ვანილი

ლილი ვანილი
ბრიტანეთის დედაქალაქში კაფე-საცხობი 2010 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დიდი წარმატებით მუშაობს. ახლა უკვე “ლილი ვანილი” თბილისსაც მასპინძლობს, თავისი ლონდონური ხასიათით და ესთეტიკით.
მსოფლიოს საუკეთესო 100 რესტორანი

მსოფლიოს საუკეთესო 100 რესტორანი

მსოფლიოს საუკეთესო 100 რესტორანი
მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სიას ყოველწლიურად William Reed Business Media ადგენს. გამოკითხვა 1000 რესტორანს, შეფმზარეულს, კერძების კრიტიკოსსა და კულინარს შორის ტარდება
ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები

ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები

ტრენდული ჰობი - კულინარია - საზაფხულო რეცეპტები
თბილისში ბევრი ცნობილი არაპროფესიონალი შეფმზარეულია, რომელთა რეცეპტით მომზადებული კერძები გორდონ რამსისა და ჯემი ოლივერის ნახელავსაც კი არ ჩამოუვარდება. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანის საზაფხულო რეცეპტებს.
Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები
თბილისში მოიძებნება რამდენიმე ადგილი, სადაც ტრადიციული კერძების რეცეპტები მინიმალურად არის შეცვლილი და გათანამედროვებული, ასევე შეცვლილია კერძების მიწოდების ფორმაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.