შურის ეპოქა ფეისბუკში: როგორ ვიყოთ ბედნიერი იდეალური ხალხის ალყაში


გააზიარე სტატია

 

 

სოციალურმა მედიამ შექმნა სამყარო, რომელშიც ჩვენ გარდა ყველა შესანიშნავადაა. არსებობს თუ არა რაიმე შანსი,  რომ ხალხმა თავისი უკმაყოფილება მოთოკოს?

ხუთი წლის წინ, ერთ მშვენიერ საღამოს, დაძინებამდე წავიკითხე ჩემი მეგობრის ტვიტი, სადაც ის წერდა, თუ როგორ უხაროდა მისი სახელის ჟურნალისტური ჯილდოს შორტლისტში მოხვედრა – ვიგრძენი, როგორ შემეკუმშა მუცელი, დამეხვა თავბრუ, ამიღრჭიალდა კბილები და გული მომეწურა – მთელი ღამე არ მეძინა.

ამ შემთხვევამდე ხუთი წლით ადრე, როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ვსქროლავდი ჩემი ჯგუფელის ფეისბუქს, რომელსაც წესიერად არც ვიცნობდი – ვაწკაპუნებდი რა მის ფოტოებზე, სადაც  მეგობრებთან ერთად კლუბში ერთობოდა, ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა გუნება, იმდენად, რომ სკამზე მჯდომმა უკან გადავიწიე – თითქოს სუნთქვაც კი შევწყვიტე.

მიფიქრია იმაზე, თუ რატომ მახსოვს ეს მოგონებები დღემდე და რატომ ვერ დავივიწყე  ისინი სოციალურ მედიაში ჩემს სხვა უამრავ ყოველდღიურ გამოცდილებასთან ერთად, და ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების 32 წლის განმავლობაში  ეს იყო ის შემთხვევები, როცა განვიცადე შურის ყველაზე ძლიერი შემოტევა. მე წარდგენილიც კი არაფერი მქონია ჟურნალისტურ ჯილდოზე და კლუბში სიარულითაც არასდროს მიმიღია სიამოვნება, მაგრამ იმ ტვიტის კითხვისას და იმ ფოტოების თვალიერებისას ისე საშინლად მომინდა მქონოდა ის, რაც იმ ხალხს ჰქონდა, რომ ვიგრძენი, თითქოს მუცელში მაგრად ჩამაზილეს.

ჩვენ შურის ეპოქაში ვცხოვრობთ. კარიერული შური, სამზარეულოს შური, ბავშვების შური, მკლავის შური, დასვენების შური… დაასახელე ნებისმიერი რამ და უკვე არსებობს ამის შური. ადამიანებს ყოველთვის ახასიათებდათ ის, რასაც არისტოტელემ ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში სხვისი იღბლით გამოწვეული ტკივილი უწოდა – “როცა სხვებს აქვთ ის, რაც წესით, ჩვენ უნდა გვქონოდა” – იმის მიუხედავად, რომ ათასი წელი გავიდა მას შემდეგ, სანამ ამას პაპი გრეგორი შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაში დაამატებდა.

მაგრამ სოციალური მედიის პირობებში “შურის გრძნობამ ექსტრემალურ ზღვარს მიაღწია”, – ამბობს ეთან კროსი, მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, რომელიც შეისწავლის ფეისბუქის გავლენას ჩვენს კეთილდღეობაზე. “შურის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე უპრეცედენტოა ადამიანის, როგორც სახეობის ისტორიაში და ის სულაც არაა სასიამოვნო.”

ფსიქოლოგი რეიჩელ ენდრიუ ამბობს, რომ ის სულ უფრო ხშირადაა თავის საკონსულტაციო ოთახში შურის გამოვლინებების მომსწრე, იმ ადამიანებისგან, ვისაც “არ აქვს ისეთი ცხოვრება, როგორსაც ისურვებდა, მაგრამ ხედავს, რომ სხვები ცხოვრობენ მსგავსი ცხოვრებით”.

ფეისბუქის, ტვიტერის, ინსტაგრამის, სნეპჩეტისა და მსგავსი პლატფორმების გამოყენება აძლიერებს ამ ძალზედ არასასურველ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. “სოციალურმა მედიამ შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი თავი ყველასთვის შეგვედარებინა. აქამდე ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მეზობლების შეგვშურებოდა, დღეს კი საშუალება გვაქვს თავი შევადაროთ ნებისმიერს მთელ მსოფლიოში”.

ყველაფერთან ერთად, ეს შედარებები დღეს ნაკლებად რეალისტურია – ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფოტოებს ფილტრები ადევს, რომ ადამიანები საკუთარ თავს მხოლოდ საუკეთესო კუთხით წარმოგვიდგენენ –  შურის გამაძლიერებელ მოწყობილობებს ხომ მუდმივად ჯიბით ვატარებთ, გვძინავს და ტელეფონები ბალიშის გვერდით გვიდევს, და ისიც 24 საათის განმავლობაში გვაცდუნებს – გაღვიძებისთანავე, მაშინაც კი, თუ შუაღამეა.

რეიჩელ ენდრიუს დაკვირვებით, იმის ცოდნა, რომ მოცემული ფოტო ფილტრშია გატარებული, ან nofilter ჰეშტეგი შეიძლება სინამდვილეს არ ასახავდეს, სულაც არ ამცირებს შურის ძალას ადამიანებზე. “ვიცით, რომ იმიჯები ან ამბები სიმართლე არაა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ან განვიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ ემოციურ დონეზე ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს – თუ ეს იმიჯები და ამბები იმას ასახავს, რაც გვსურს, მაგრამ არ გვაქვს, ეს ყველაფერი დიდ ძალას იძენს.

 

სოციალური მედიის ჩვენს ცხოვრებაზე გავლენის როლის შესასწავლად კროსმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს შეესწავლათ ფეისბუქის პასიური მოხმარების (“მხოლოდ ვოირეისტული სქროლინგი”) კავშირი შურის შეგრძნებაზე დროის მოცემულ მონაკვეთებში. კვლევის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ხუთ შეტყობინებას იღებდნენ და ეკითხებოდნენ მათ ბოლო მესიჯიდან მოყოლებული ფეისბუქის გამოყენების სიხშირესა და მათ შეგრძნებებზე.

შედეგები შთამბეჭდავი იყო – რაც უფრო მეტს სქროლავდნენ ადამიანები, მით უფრო იზრდებოდა შურის შეგრძნება და შესაბამისად უარესდებოდა მათი ხასიათიც.

ენდრიუს მონაცემებით, არცერთი ასაკობრივი თუ კლასობრივი  ჯგუფი არაა დაცული შურისგან. თავის საკონსულტაციო ოთახში ის ხედავს ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც განიცდიან თავიანთი გარეგნობის გამო, რომლებიც “აფოლოუებენ” ინსტაგრამის გარკვეულ პროფილებს თავიანთი მაკიაჟის ან ვარცხნილობის იდეების საპოვნელად და ამთავრებენ იმით, რომ კიდევ უფრო შურთ იმ ადამიანების, ვისაც “აფოლოუებენ” და შესაბამისად, მთლიანობაში მათი მდგომარეობაც უარესდება.

მაგრამ ენდრიუ იგივეს ხედავს უფრო ზრდასრული ბიზნესმენების შემთხვევაშიც, რომლებიც ტვიტერზე რჩევებს ეძებენ და შედეგები მათთვის რთულად მისაღებია, რადგან ისინი აწყდებიან ადამიანებს, რომლებიც მათზე წარმატებულები არიან.

“იგივე შეიძლება მოხდეს მეგობრების ან ოჯახის წევრების შემთხვევაშიც, რაც  გარეგნობას, ცხოვრების წესს, კარიერას ან მშობლის სტატუსს შეეხება – იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ ყველაფერს ჩვენზე უკეთ აკეთებს.” – ამბობს ენდრიუ.

მაშინ როცა შურიანობა თავისთავად საკმაოდ დამანგრეველია, “ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას, რაც კიდევ უფრო საზიანოა”, – ამბობს ცნობილი სოციალური ფსიქოლოგი შერი ტერკლი. “ჩვენ ვუყურებთ ჩვენივე შექმნილ ონლაინ იმიჯს, რომელიც მხოლოდ საუკეთესო მხარით წარმოგვაჩენს და ვგრძნობთ “გამორჩენის შიშს” (Fear of Missing Out – FOMO), რომ არ გამოვტოვოთ რამე მნიშვნელოვანი, ჩვენს ცხოვრებასთან მიმართებაში.  ვიცით, რომ არ ვართ იმდენად მაგრები, როგორც ამას სხვებს წარმოვუდგენთ და შესაბამისად საკუთარ თავს ვუყურებთ, თითქოს ის სხვა ყოფილიყოს, და მისიც კი გვშურს”. ეს ჩვენში იწვევს “საკუთარი თავის შურის” გამომფიტავ შეგრძნებას, უცნაურად გვშურს საკუთარი ავატარების და თავს ყალბად ვგრძნობთ.

ვათვალიერებთ ჩვენს ფილტრებით გახდუნებულ თავს #OutfitOfTheDay-ში და გვინდა, რომ მართლაც გვქონდეს სწორედ ასეთი სხეული და არა ისეთი, რომელიც დაღლილია და შემაწუხებელი, დილის საცობში.

ჩვენ გარეთ ვაფურთხებთ ყვავილებს, რომლებიც ჩვენს მიუსლის ამშვენებს, რაც ნამდვილად არაა #foodgasm რეალობაში. ჩვენ არ ვიცით რა ვუყოთ უსარგებლო, გასაბერ უნიკორნს მას შემდეგ, რაც ინსტაგრამის სთორი დამთავრდა. სანამ ჩვენ დაკავებული ვართ კამერის იდეალური კუთხის დაჭერით, ჩვენი სიცოცხლე თვალისმომჭრელ კუს ჯავშნადაა ქცეული – შიგნიდან ცარიელი, მაგრამ გარედან შესაშური, სამყაროში, სადაც ცხოველების თავშესაფრები შავი კატებით ივსება იმის გამო, რომ ისინი არ არიან selfie friendly.

არსებობს შურის კიდევ უფრო პირქუში განსაზღვრება. ფსიქოთერაპევტ პატრისია პოლედრის აზრით, ყოველდღიურმა შურმა შესაძლოა საშიში, ძალადობრივი კრიმინალისა და ემოციური ჩაგვრის ფორმებიც მიიღოს. “შური შესაძლოა გამოიხატოს სურვილში, რომ გაანადგურო ის, რაც სხვას აქვს. არა იმიტომ, რომ ეს რაღაც შენთვის გინდა, არამედ უბრალოდ  სხვებს რომ არ ჰქონდეთ ის. ეს საკმაოდ მძიმე პრობლემაა, როდესაც შენ ხარ ძალიან, ძალიან გაღიზიანებული სხვა ადამიანის კარგად ყოფნით – იქნება ეს კარგი გარეგნობა, მისი სოციალური მდგომარეობა თუ უბრალოდ კარგი მანქანის ყოლა. ესაა ჩუმი, დესტრუქციული და უკონტროლო შეგრძნება, წმინდა წყლის ბოროტება და ზიზღი”.

ყველაფერმა ამან შესაძლოა ძალიან გაართულოს დახმარება შურიანი ხალხისთვის, რადგან მათთვის წარმოუდგენელია სხვისგან რაიმე ღირებულის მიღება, იმდენად ძლიერია სხვებში კარგის განადგურების სურვილი. ფსიქოთერაპევტის აზრით, ეს შეგრძნება თანდაყოლილი არაა და ის ადრეულ ასაკში ურთიერთობის უკმარისობის შედეგია, როცა დედას არ აქვს ბავშვთან სათანადო ემოციური კავშირი და ბავშვის თვითშეფასების გაძლიერებას ყურადღება არ ექცევა.

კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპევტი დრაიდენი შურის საფუძვლის ნაცვლად უფრო მისი აღმოფხვრის საკითხებით ინტერესდება. როცა საუბარია  სოციალური მედიით გამოწვეულ შურზე, დრაიდენის აზრით, ორი ფაქტორი განაპირობებს ადამიანის დაუცველობას – დაბალი თვითშეფასება და დეპრივაციისადმი არამდგრადობა.

ასეთ ადამიანს არ შეუძლია გადაიტანოს სასურველის ვერმიღების ფაქტი. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს მდგომარეობა, დაფიქრდით, რას ასწავლიდით ბავშვს იგივე შემთხვევაში. საჭიროა არსებობის ისეთი ფორმის, ისეთი მიდგომის გამომუშავება, რომ აღიაროთ, როცა სხვას აქვს რაღაც, რასაც თქვენ თვითონაც ისურვებდით, მაგრამ რატომღაც არ გაქვთ, და ასევე აღიაროთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იცოცხლოთ ამ რაღაცის გარეშე, და ეს არ იქნება იმის ნიშანი, რომ თქვენ ვინმეზე რამით ნაკლები ხართ, ან ხართ ნაკლებად ღირებული ადამიანი.

 

 

ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ სოციალური მედიის მოხმარების ჩვევებიც. კროსის სიტყვებით, უმეტესწილად ხალხი ფეისბუქს პასიურად მოიხმარს – სქროლავს და კითხულობს, დაპოსტვის, მესიჯების გაგზავნის ან კომენტარების  დაწერის ნაცვლად. საინტერესოა, პასიური მოხმარება უფრო მავნებელია ჩვენთვის, ვიდრე აქტიური?

კავშირი სოციალური ქსელის პასიურ მოხმარებასა და ცუდად ყოფნას შორის ძალიან შთამბეჭდავია – ამაზე მიუთითებს ათასობით ადამიანის კვლევის მონაცემები.  

იმის მიუხედავად, რომ ზუსტად არაა დადგენილი კავშირი ფეისბუქის აქტიურ მოხმარებასა და კარგად ყოფნას შორის, არსებობს პოზიტიური კავშირი, რომელიც სხვებთან კონტაქტის შედეგად ხასიათის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

ალბათ მეტად უნდა დავფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ჯობია აქტიურობა ფეისბუქში, თუ რისი თქმა გვსურს და რატომ, და თუ როგორ აისახება ჩვენი ონლაინ იდენტობაზე ზრუნვა შურის ეპოქის ფორმირებაზე, რომელშიც ვცხოვრობთ. როცა მე დავაპირე ფეისბუქზე დამეპოსტა ჩემს კარიერასთან დაკავშირებული ერთი კარგი ამბავი,  ქმარმა მკითხა, თუ რატომ ვაკეთებდი ამას. ამ შეკითხვამ ჩემში დისკომფორტი გამოიწვია, რადგან ვუპასუხე, რომ მსურდა მოწონების, მოსალოცი მესიჯების მიღება და, სიმართლე ბოლომდე რომ ვთქვა, მინდოდა ყველას გაეგო, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. მე შემრცხვა. კარგია, როცა გყავს მეუღლე აღქმის კარგი უნარით, ვისაც შეუძლია შენი ეგო საჭირო დროს დაჩუტოს.

ადვილია, დაწინაურების შესახებ  ტვიტერზე დაპოსტვა კოლეგებსა და მეგობრებს  შორის ამბის გავრცელებით გაამართლო, მაგრამ “ერთი სასიხარულო ამბის” აკრეფისას კარგი იქნება, რომ შევჩერდეთ და დავფიქრდეთ – სინამდვილეში რისთვის ვაკეთებთ ამას?

ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები – ყველა, ვინც ეს ამბავი უნდა გაიგოს,  ისედაც მალე შეიტყობენ. როცა ამბავი მართლა პირადია, საჭიროა თუ არა, რომ ის საზოგადოებას გავუზიაროთ? სოციალურ მედიაში საკუთარი ბრენდის დამუშავება შესაძლოა კარგი იყოს ბიზნესისთვის, მაგრამ მას შესაბამისი ფასიც აქვს. ეს ქმნის ატმოსფეროს, სადაც ტრაბახი – დაუნდობელი ან არასწორი – არათუ ნორმალიზებული, არამედ სავალდებულოცაა, და ეს კი შურიანი გარემოსთვის შესანიშნავი ნიადაგია.

არ ვფიქრობ, რომ ამის საპასუხოდ აუცილებელია მხოლოდ გულწრფელები ვიყოთ ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით – ზოგჯერ უბრალოდ პირის მოკეტვაც საკმარისია. რა თქმა უნდა, ცნობადობის გაზრდა აქამდე ტაბუდადებულ და დამანგრეველ მუცლის მოშლის გამოცდილებაზე, ან ძალადობასა თუ დამცირებაზე შესაძლოა სტიგმების ნგრევასა და საზოგადოებაში ცვლილებებისთვის დაგვეხმაროს, მაგრამ ცალსახად ავთენტური პოსტები გასხივოსნებაზე, სევდიან მდგომარეობაზე ან თუნდაც “მეიქაპის” პოსტები ყოველთვის იმისთვის კეთდება, რომ მათი მპოსტავი საუკეთესო კუთხით დაგვანახოს.

თერაპევტ პოლერდის კონცეპტით, შურს არ შეიძლება, რომ დადებითი მხარეები ჰქონდეს, მაგრამ ნაკლებად ექსტრემალურ შემთხვევებში მას შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში დადებითი ფუნქციაც შევძინოთ.

დრაიდენი განასხვავებს შურის დადებით და უარყოფით ფორმებს და ამბობს, რომ შური შესაძლოა “კრეატიულადაც კი გამოვიყენოთ”. ისევე როგორც შიმშილი გვეუბნება, რომ საჭმელი გვჭირდება, ასევე შურიც – თუ მას სათანადოდ დავუგდებთ ყურს – იმაზე მიგვითითებს, რა გვაკლია ისეთი ცხოვრებაში, რაც ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია. “ეს იგივეა, რომ ემოციას თავისი სახელი დავარქვათ, ვიცოდეთ, როგორია მისი შეგრძნება, არ მივაკეროთ პოზიტიური ან ნეგატიური იარლიყები და უბრალოდ ვეცადოთ გავიგოთ, თუ რას გვეუბნება ის ჩვენი სურვილების შესახებ. თუ ამის მიღწევა შესაძლებელია,  თქვენ შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად. მაგრამ აქვე უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს – ეს ყველაფერი თქვენთვის საკმარისი იქნება?”

როცა  ვუფიქრდები შურის იმ ორ დაუვიწყარ მომენტს, ვხვდები, რომ სირცხვილსა და უხერხულობაში ჩემი შეტოპვა სწორედ იმ პერიოდებს უკავშირდება, როცა თავს ბედნიერად და დაცულად არ ვგრძნობდი. იმ პერიოდში  ვმუშაობდი ფრილანს ავტორად და ვცდილობდი საკუთარი თავის დამკვიდრებას მშობლიური სახლიდან უნივერსიტეტში, ახალ ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ. ეს ორივე გარემოება გამოსწორდა დროთა განმავლობაში, მაგრამ შიგადაშიგ მაინც მაქვს ხოლმე მუცლის არეში ის უსიამოვნო შეგრძნება, სოციალურ მედიაში თუ მის გარეთ, და იგივეს ვხედავ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორისაც.

შესაძლოა ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ ჩვენ არ ვიცით პასუხი კითხვაზე – “რა იქნებოდა ჩვენთვის საკმარისი?” ესაა ის, რაზეც მე დღემდე ვმუშაობ.

 

ავტორი: მოია სარნერი

ორიგინალი: https://theguardian.com


რეკომენდებული სტატიები
Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს
იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სხეულის დისმორფული აშლილობის სრულიად ახალი ფორმა დაუდგინეს. ამას კი თანამედროვე მობილური პროგრამების, აპლიკაციების, ფოტო-რედაქტორების ფილტრები იწვევს
Facebook-მა ახალი გაცნობის სერვისის ტესტირება დაიწყო

Facebook-მა ახალი გაცნობის სერვისის ტესტირება დაიწყო

Facebook-მა ახალი გაცნობის სერვისის ტესტირება დაიწყო
„ფეისბუქი“ dating ბიზნესში „ტინდერსა“ და სხვა მსგავს აპლიკაციებზე რამდენიმე წლით გვიან შემოდის, მაგრამ მას დიდი უპირატესობა აქვს
სელფის გადაღებისას დაღუპული ადამიანების მსოფლიო სტატისტიკა

სელფის გადაღებისას დაღუპული ადამიანების მსოფლიო სტატისტიკა

სელფის გადაღებისას დაღუპული ადამიანების მსოფლიო სტატისტიკა
სელფის გადაღებისას სიკვდილის შემთხვევებზე ჩატარებული კვლევა გარკვეულ ადგილებში მისი აკრძალვის რეკომენდაციას იძლევა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.