იაპონელი დიზაინერის – მონდეს „წიგნის ჩიხები“
ფესტივალი Design Festa აზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელოვნებო ფორუმია, რომელიც 1994 წლიდან ტოკიოში, ორ წელიწადში ერთხელ იმართება. „თვითგამოხატვის თავისუფლება ხელოვნების ენით“ – ასეთია თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს სლოგანი, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები, მოდის და ინტერიერის დიზაინერები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები და მსახიობები.
წელს Design Festa ტრადიციულად ტოკიოს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში (Tokyo Big Sight) გაიმართა. ფორუმში სახელოვნებო ინდუსტრიის 14 ათასი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე იაპონელი დიზაინერი მონდე იყო, რომელმაც წიგნების თაროებისთვის განკუთვნილი ორიგინალური დეკორატიული ნამუშევრები წარმოადგინა. წიგნის მინიმაკეტები, რომლებიც ტოკიოს ქუჩებისა და ჩიხების ფორმითაა შესრულებული, სხვა წიგნებს შორის თავსდება და საოცარ სანახაობას ქმნის.
მონდეს თქმით, მინიმაკეტების იდეა მას წლების წინ, წიგნის კითხვისას გაუჩნდა. „კითხვისას ზღაპრულ სამყაროში ინაცვლებ, წარმოსახვით ხვდები ამა თუ იმ ნაწარმოებში აღწერილ ადგილზე და დროში“, – ამბობს დიზაინერი.
მინიმაკეტები ხისგანაა დამზადებული, სპეციალური შიდა განათება კი დამატებით ხიბლს სძენს ნამუშევარს და წიგნების თაროზე განუმეორებელ მყუდროებას ქმნის.