რა აჩვენეს ქართველმა ავეჯის დიზაინერებმა გერმანიაში
Photo credits: GIZ/Wolfgang Burat
ქართველი დიზაინერებისა და ავეჯის მწარმოებლების ჯგუფი გერმანიის ქალაქ კიოლნში, ინტერიერის დიზაინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პასაჟენის გამოფენაზე, Designers Fair-ზე მონაწილეობდა..
ჯგუფში იყვნენ: არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ანუკა თავართქილაძე, დიზაინსტუდია Designbureau, ეკოპროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული საოჯახო ბიზნესკომპანია „ფუნდუკი“ და ლევან ლომინაშვილი – XYZ Integrated Architecture-დან. ოთხივე მათგანი ქართული ავეჯის კლასტერის წევრები არიან.
ჩვენ ვესაუბრეთ ქართული ავეჯის კლასტერის მენეჯერს, ქეთა ბუაჩიძეს გერმანიაში ქართველი დიზაინერების მიერ წარდგენილ პროდუქციასა და გამოხმაურებებზე.
როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ავეჯის დიზაინერები ავეჯის საერთაშორისო გამოფენა Passagen 2019-ში და რამდენად პრესტიჟულია ეს გამოფენა?
ყოველწლიურად გერმანიის ქალაქ კიოლნში, იანვარში, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს. ამ ქალაქში იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი ავეჯის გამოფენები – IMM Cologne და Passagen Interior Design Week Köln. IMM არის პავილიონებში გამართული ავეჯის გამოფენა, რომელსაც უფრო კომერციული დატვირთვა აქვს. იქ მონაწილეობენ უკვე ცნობილი ბრენდები, რომლებსაც გარკვეული რაოდენობის ფინანსური ბრუნვა აქვთ.
რას შეეხება Passagen Interior Design Week Köln-ს, წელს 30-ედ გაიმართა. ეს არის ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სხვადასხვა ადგილებში – გალერეებში, სასტუმროებში, საგამოფენო დარბაზებსა და უბრალოდ საინტერესო სივრცეებში მოწყობილი გამოფენები, აქ აქცენტი უფრო დიზაინზეა გაკეთებული.
როდესაც 2017 წელს კლასტერის წევრი მეწარმეები და დიზაინერები სტუმრობდნენ ზემოთ ხსენებულ გამოფენებს, საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ პასაჟენის ორგანიზატორს Sabine Voggenreiter-ს, მასთან ერთად დაეთვალერებინათ რამდენიმე საგამოფენო სივრცე, ეჩვენებინათ ქართველი დიზაინერების ნამუშევრების ფოტო მასალა. სწორედ აქ გაჩნდა შემდეგ წლებში გამოფენაზე ქართველების მონაწილეობის იდეა.
რა როლი ითამაშა ავეჯის კლასტერმა გამოფენაში ქართველი მონაწილეების მოხვედრაში. როგორ შეარჩიეს დიზაინერები და რა პერსპექტივას უსახავს მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ქართველ მწარმოებლებს?
ქართული ავეჯის კლასტერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტმა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს, გამოაცხადეს კონკურსი დიზაინერებისთვის.
გამარჯვებულები შეარჩიეს პასაჟენის ორგანიზატორებთან ერთად და მათი გამოფენაში მონაწილეობა მთლიანად დააფინანსეს , ზემოთ ხსენებულმა ორგანიზატორებმა. დიზაინერები წარმოადგენდნენ ერთ სივრცეში საკუთარ ნამუშევრებს თავისი კომპანიების ბრენდის ქვეშ, და ასევე წარმოადგენდნენ საქართველოს Design Georgia-ს სახელით.
ამ გამოფენისთვის სპეციალურად შეიქმნა ღვინის ავეჯის კოლექცია (ანუკა თავართქილაძე – ღვინის კონსოლი. დიზაინბიურო – ბენჩი – მრავალშრიანი სკამი გაფორმებული ქართული ხალიჩით, XYZ ღვინის ჭურჭლის კოლექცია). ერთ-ერთ დღეს ქართულმა სტენდმა გამართა წვეულება და ყველა სტუმარს ქართული ღვინითა და ჩურჩხელით გაუმასპინძლდა.
მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დიზაინერებისთვის, ასევე მეწარმეებისთვის. პირველ რიგში, მათ ეძლევათ საშუალება გამოვიდნენ საერთაშორისო არენაზე, თვითონ შეხვდნენ სხვა მეწარმეებს და დიზაინერებს და გაეცნონ, თუ რა პროდუქცია იქმნება მათი ქვეყნის გარეთ. მოხვდნენ მსოფლიო მედიაში და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია შესაბამის გალერეებში, მაღაზიებსა და სხვადასხვა სივრცეებში.
ზოგადად რას საქმიანობს ავეჯის კლასტერი, როგორ ეხმარება ავეჯის დიზაინერებს, მწარმოებლებს და რა არის მისი მთავარი ფუნქცია?
ქართული ავეჯის კლასტერი შეიქმნა ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ ახორციელებს.
ტერიტორიულად მდებარეობს ავჭალის ხელოსანთა ქალაქში, სადაც მხოლოდ ავეჯის ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილი. კლასტერს დღეისთვის ჰყავს 40-მდე წევრი – მცირე და საშუალო მეწარმეები, დიზაინერები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის ავეჯის და ინტერიერის დიზაინის პროდუქციის შექმნას და ექსპორტზე გატანას.
ქართული ავეჯის კლასტერის მთავარი მისიაა გააძლიეროს კლასტერის წევრი კომპანიების კონკურენტუნარიანობა როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე. ხელი შეუწყოს წევრებს საერთაშორისო გამოფენების მონახულებასა და მათში მონაწილეობის მიღებაში.
ქართული ავეჯის კლასტერის მუშაობის ძირითადი მიზნებია: კლასტერის წევრი კონპანიების ერთობლივი პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ერთობლივი პროექტების მართვა. გუნდური თანამშრომლობა პოტენციურ კლიენტებთან, მთავრობასა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან. კლასტერის წევრ კომპანიებს შორის მაღალი ბიზნეს სტანდარტების დაწესება. ხელმისაწვდომობა სასწავლო პროგრამებზე როგორც ტექნიკური ცოდნის, ასევე უნარების განსავითარებლად.
GIZ-ის ხელშეწყობით კლასტერს ჰყავს საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, კონსულტანტების სახით, რომელიც კოორდინირებას უწევს ზემოთ ხსენებული აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას.
როგორ ფიქრობთ, ვინ ქმნის დღეს საქართველოში ისეთ ავეჯს და დიზაინის ნივთებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის იქნება საინტერესო? რა ქმნის სირთულეებს საზღვარგარეთ ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციაში? ხარისხი, რაოდენობა, ინტერესის სიმწირე – რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ რომ ქვეყნის გარეთ გავიტანოთ პროდუქცია?
საქართველოში იქმნება ძალიან საინტერესო და მაღალი ხარისხის ინტერიერის და პროდუქტის დიზაინი. ამას ადასტურებს ოთხივე ქართველი მონაწილის წარმატება კიოლნის გამოფენაში. აუცილებელია, რომ დიზაინერმა და მეწარმემ აქტიურად ითანამშრომლონ (რასაც ძალიან უწყობს ხელს ავეჯის კლასტერი). წარმოებაც ნელ-ნელა იხვეწება.
რამდენიმე ქართული ავეჯის და საავეჯე მასალის მწარმოებელი კომპანია უკვე აქტიურად გადის ექსპორტზე. ექსპორტზე გასასვლელად აუცილებელია გარკვეული ნიშის დაკავება ბაზარზე, თემატური პროდუქციის შეთავაზება (ამიტომაც წარმოვადგინეთ გამოფენაზე ღვინის ავეჯის კოლექცია). საინტერესო დიზაინი, რომელიც რაღაცით არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან (გამოფენაზე გვქონდა წაღებული დიზაინბიუროს მიერ დამზადებული სანათები სვანური ქუდით და მრავალშრიანი სკამი ქართული ხალიჩით). საჭიროა ბუნებრივი, სერტიფიცირებული მასალების გამოყენება წარმოებაში (ძირითადად მასიური ხე, მეტალი, მინა).
ავეჯი უნდა იყოს მარტივად ტრანსპორტირებადი, მსუბუქი, რომ არ გაიზარდოს მისი ტრანსპორტირების ხარჯი. ასევე საჭიროა კოლაბორაციები, როდესაც საქმე რაოდენობას ეხება, თუ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია და ერთი საწარმო ამას დამოუკიდებლად ვერ ერევა, საჭიროა სხვა საწარმოების ჩართვაც მიზნის მისაღწევად.
სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ხე-ტყის პრობლემის მოგვარება (რადგან ბუნებრივი ხე ძირითადი მასალაა საექსპორტო პროდუქციაში), სტანდარტების დაწესება. ავეჯის და ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა რაც შეიძლება მეტ გამოფენაში უნდა მიიღონ მონაწილეობა – როგორც დიზაინერებმა, ასევე მეწარმეებმა. ამ მხრივ ავეჯის კლასტერი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“, რადგან მათი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ექსპორტის ხელშეწყობაა.
ასევე აუცილებელია ადგილობრივი გამოფენების ჩატარება, სადაც ქართველებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები და მეწარმეები მეზობელი ქვეყნებიდან.
რა გამოხმაურება ჰქონდა კიოლნში გამოფენილ ქართულ ავეჯს? როგორ შეაფასებდით მასში მონაწილეობას?
კიოლნში ქართველების მონაწილეობას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ რიგში, ქართველი დიზაინერები ნომინირებულები იყვნენ პასაჟენის სპეციალურ პრიზზე. 150 მონაწილეთა შორის ოთხივე ქართველი მონაწილე მოხვდა 22 საუკეთესოთა შორტლისტში. სამწუხაროდ პრიზი არ შეგვხვდა, მაგრამ დაჯილდოებაზე ქართული სტენდი დასახელდა – როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოეტური სტენდი.
გვყავდა უამრავი ვიზიტორი, დიზაინერებმა დაამყარეს ძალიან საჭირო კონტაქტები. იყო მოთხოვნა მყიდველებისა და გალერეების მხრიდან გარკვეულ პროდუქციაზე, ახლა მუშავდება ფასები მათთან გადასაგზავნად. ადგილზე გაიყიდა პროდუქცია. დიზაინერები მიიწვიეს სხვა გამოფენებზე მონაწილეობის მისაღებად. ასევე დიდი იყო ინტერესი მედიის მხრიდან. ძალიან ბევრ ონლაინ და ბეჭდვით გამოცემებში დაიბეჭდა ქართველების შესახებ. ასევე ქართული სტენდი გააშუქეს ადგილობრივმა ტელევიზიებმა.
ქართული სტენდი გერმანული გამოცემის მიერ დაასახელა მე9 ადგილად, რომელიც დამთვალიერებელს პასაჟენის ფარგლებში აუცილებლად უნდა ენახა. მნიშვნელოვანია, რომ ამ სიის სათავეშია NENDO-ს იაპონელი დიზაინერი Oki Sato.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობით დიზაინერებს მიეცათ შანსი თავი დაიმკვიდრონ საერთაშორისო პლატფორმაზე და საფუძველი ჩაეყრება სხვადასხვა სახის საერთაშორისო თანამშრომლობას.