ყველაზე გავლენიანი ადამიანები თანამედროვე ხელოვნებაში Art Review-ს მიხედვით
გააზიარე სტატია
ჟურნალმა Art Review-მ 2018 წელი შეაჯამა და თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა. ნუსხაში შევიდნენ მხატვრები, გალერეების მფლობელები, დიზაინერები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ინიციატივები და ორგანიზაციები.
- რეიტინგის ლიდერი გახდა დევიდ ცვინერი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ნიუ-იორკში, ლონდონსა და ჰონგ-კონგში, რამდენიმე გალერეის მფლობელია. გამოცემის ცნობით, ცვინერის არტ-იმპერიის წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.
- მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელმა მხატვარმა კერი ჯეიმს მარშალმა. გასულ წელს ის რეიტინგში 68-ე ადგილს იკავებდა, ამგვარი დაწინაურება კი მისმა ნამუშევარმა Past Times-მა განაპირობა, რომელიც ხელოვანმა 21,1 მილიონ დოლარად გაყიდა.
- რეიტინგის მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა სოციალური ინიციატივა #metoo – კამპანია სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი რეაქცია ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის, ჰარვი უაინშტაინის შესახებ გავრცელებული ბრალდებების გასაჯაროებას მოჰყვა. არაერთმა ქალმა უაინშტაინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა.
- მხატვარმა და კინორეჟისორმა ჰიტო შტეიერლმა რეიტინგის მეოთხე ადგილი დაიკავა. მისი ნამუშევრები ადამიანების ადგილისა და როლის თემებს ეხმიანება ხელოვნური ინტელექტის სამყაროში.
- რეიტინგის მე-5 ადგილზე ჩინელი მხატვარი აი ვეივეი გავიდა, რომელმაც ლიდერებში მე-13 პოზიციიდან გადმოინაცვლა. გამოცემის თქმით, ხუთეულში დოკუმენტური ფილმის (Human Flow) გამო მოხვდა, რომელიც დრონების მეშვეობით გადაიღო და მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის თემას შეეხო.