fbpx

ნიკოლოზ ჩაჩავა: პირველი ქართველი პერფორმერი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

ჩვენთან, საქართველოში საბჭოთა ტერორს ბევრი არტისტი ემსხვერპლა, ზოგი დახვრიტეს, ზოგი დააპატიმრეს, ზოგი შორეულ ციმბირში  გააგზავნეს, ზოგს კი სიცოცხლის გადარჩენისთვის შემოქმედების გვერდზე გადადება და ბოლშევიკურ სისტემასთან შეგუება მოუხდა, სისტემასთან, რომლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი  იდეის რეალიზაციისთვის სწორედ ხელოვნება იყო.

სწორედ ასეთ დაკარგულ, მივიწყებულ პერსონაზე მოგიყვებით, რომელიც ქართული ეროვნული ფუტურიზმის ერთ-ერთი პიონერი, და შეიძლება ითქვას, თუ არქივში შენახულ ცნობებს დავუჯერებთ, პირველი ქართველი პერფორმერი იყო.  მისი სახელია ნიკოლოზ ჩაჩავა.

 

 

სანამ უშუალოდ ჩვენი თემის პროტაგონისტზე გადავალთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ქართული ფუტურიზმი:

ფუტურიზმი გასული საუკუნის ათიანი წლების იტალიაში შეიქმნა, შემდეგ მისი სათანადო განვითარება რუსებმა აიღეს თავის თავზე, სწორედ მათ ჩამოაყალიბეს საქართველოში პირველი ფუტურისტული ჯგუფი, ამ ამბავს კი რევოლუციის დიდი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი ხელმძღვანელობდა. ქართული ფუტურიზმი, თავისებურად, სწორედ იტალიური და რუსული ფუტურიზმის გადამღერებად მიიჩნეოდა,  თუმცა ჩვენებური გემო და სურნელი მაინც დაჰკრავდა – მეტი ურბანული გარემო, დეფორმირებული ენა, რომელიც ალოგიკურ ჭრილში სვამდა სიტყვებს და საბოლოოდ გაუგებარ მოცემულობად აქცევდა.

 

სიმონ ჩიქოვანი, აკაკი ბელიაშვილი, ნიკოლოზ ჩაჩავა

 

1922 წელს ქართველმა ფუტურისტებმა თავისი სათქმელი თქვეს, არ ჩამორჩნენ ცენტრის გავლენას და პირველი შეკრება მოაწყვეს –  გამოსცეს მანიფესტი – “საქართველო – ფენიქსი”, შემდეგში, 1924 წელს კი მათი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ჟურნალი – “H2SO4″, ამ ამბავს კი ხელმძღვანელობდნენ ნიკოლოზ შენგელაია, სიმონ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ჩაჩავა, მზია ერისთავი და სხვა, ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ავტორები.

ქართული ფუტურიზმის საუკეთესო მაგალითად სწორედ ნიკოლოზ ჩაჩავას ლექსი “შანდი და შროშანა” შეგვიძლია მოვიყვანოთ, სწორედ ამ ლექსში იგრძნობა ყველაზე მეტად  ქართული ფუტურიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები:

შარდალს შორდება ძილი

ძილდინა გაგულისდა.

დღისური ქანდაძილი

მთვარეზე გასულისდა.

გოგონა მოგონა ხანძარი

სოფელი მოფოლა. მოშარა.

თანსურდა სურდული-ხვანჯარი

თანშურდა შანდი და შროშანა.

 

ნიკოლოზ ჩაჩავა 1901 წელს  ქუთაისში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ კი სწავლა თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. 1919 წელს ქუთაისში გამოსცა პირველი პოეტური კრებული. მას ათზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, მათ შორის “სიცოცხლეს ვუმღერ”, “ამ თაობიდან იმ თაობამდე”, “ამ ქვეყანაზე” და სხვ.

 

ნიკოლოზ ჩაჩავა, რევაზ ინანიშვილი, დავით შუღლიაშვილი, ოტია იოსელიანი

 

ჩაჩავას შემოქმედება,  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორ ნაწილად იყოფა, პირველი ნაწილი  ფუტურიზმს ეძღვნება, ხოლო მეორე საბავშვო პოეზიას. მისი მოღვაწეობის მეორე ნაწილი ნაკარნახევია ბოლშევიკური სისტემის პოლიტიკიდან გამომდინარე: არტისტებს დაუდგათ ნანატრი რევოლუცია, შემდეგ კი საქმე მათ წინააღმდეგ წარიმართა – რევოლუციამ ვერ გაამართლა, 1928 წელს (სწორედ ეს წელი მიიჩნევა ქართული ფუტურიზმის დასასრულად) სტალინმა წითელი ტერორი დაიწყო, გაუქმდა დამოუკიდებელი არტ ჯგუფები და აიკრძალა მათი შექმნა, ხელოვნება კი პარტიას დაექვემდებარა და  პროპაგანდის იარაღად იქცა.

შესაბამისად, დაიშალა ქართველი ფუტურისტების გაერთიანებაც, რის შემდეგაც ზოგს მწვავე დეპრესიამ შეუტია, ზოგმა კი სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. მაგალითად, ქუჩაში ლექსების კითხვით სახელგანთქმული ნიკოლოზ შენგელაია კოტე მარჯანიშვილმა თავისთან, თეატრში წაიყვანა. ბესარიონ ჟღენტი – პირველი ფუტურისტული მანიფესტის ერთ-ერთი ავტორი კი საერთოდ ცენზორი გახდა – სისტემის სამსახურში ჩადგა, ნიკოლოზ ჩაჩავას კი “შეგუება” მოუხდა, შემოქმედებაზე  უარი ვერ თქვა და ფუტურისტული ენობრივი ჟონგლიორობიდან საბავშვო ლექსების წერაზე გადაერთო. გამოსცა რამდენიმე საბავშვო ლექსებისა და პიესების კრებული, 1972 წელს კი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიაც მიიღო.

 

ჯერ გაკვეთილს მოვრჩები

ახლოს არ მომეკარო,

არ მოხვიდე, ციცია,

ვსწავლობ, ვერ ვითამაშებ,

დედა დამიფიცია.


მზეო, ნუ შემომიჩნდი,

ასე რად იჭყიტები,

სანამ არ მოვიცლიდე,

ათამაშე ჩიტები.


ბურთო, რატომ ხტუნაობ,

ხედავ, არც კი გიყურებ,

ჯერ გაკვეთილს მოვრჩები,

მერე ზურგს გაგიხურებ.


მისი მოღვაწეობის პირველი ნაწილი მართლა გამორჩეული იყო ავანტიურისტული  ქმედებებით, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ის ითვლება პირველ ქართველ პერფორმერად – არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ჩაჩავას გარეგანათებების ბოძებზე აძრომა და იქიდან ლექსების წაკითხვა  უყვარდა, ასევე იმასაც ამბობენ, რომ არაორდინარული ჩაცმულობით გამოირჩეოდა – ეცვა ფერადი ტანსაცმელი, ჰალსტუხის ნაცვლად კი ბოლოკი ეკიდა, და ერთ-ერთ საღამოზე ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად პაოლო იაშვილს კვერცხები დაუშინა.

 

 

საბოლოოდ ნიკოლოზ ჩაჩავა ქართველ საბავშვო პოეტად  ითვლება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს მისი დამოუკიდებელი არჩევანი არ ყოფილა, და უბრალოდ დრომ და საბჭოთა პოლიტიკურმა ტერორმა გადააწყვეტინა ასე, ცოტამ თუ იცის ისიც, რომ ის პირველი ქართველი პერფორმერია, რომელიც თავისი ინდივიდუალური პოეტიკითა და სახელოვნებო ეპატაჟით ბევრისგან გამოირჩეოდა, და გარკვეული თვალსაზრისით,  დამოუკიდებელი ქართული ფუტურიზმის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

ტოტალიტარულმა სისტემამ, სტალინის წითელმა ტერორმა ბევრი საინტერესო ქართველი (და არა მხოლოდ) არტისტის ცხოვრება იმსხვერპლა – ზოგი შეეწირა,  ზოგიც გადარჩა, მაგრამ მთელი ცხოვრება უწევდათ იმ საქმეზე უარის თქმა, რომელიც მათი ინტერესის სფერო იყო, საკუთარ წარსულს კი ვიწრო წრეში იხსენებდნენ ფრთხილად, პარტიის შიშით.


რეკომენდებული სტატიები
1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან
2017 წლის გაზაფხულზე ფეისბუკში Daniel Spehr-ის ფოტოალბომი აიტვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში - თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ ფოტოებს შეიცავდა. დღეს, 18 ივლისს, ამ ფოტოების ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმში - „ქარვასლაში“, 17 საათზე იქნება შესაძლებელი
ქართული კინოთეატრების ისტორია და მომავალი
Play Video

ქართული კინოთეატრების ისტორია და მომავალი

ქართული კინოთეატრების ისტორია და მომავალი
პარიზში პირველი მხატვრული ფილმის ჩვენებიდან ათიოდე წლის შემდეგ - 1904 წელს, თბილისში, რესტორან “დათვში” - გოლოვინის, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე - პირველი სტაციონარული კინოთეატრი “ილუზიონი” გაიხსნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.