fbpx

ქუთაისის ღამის ცხოვრება – „რეფლექტორისა“ და „ბუდეს“ ელექტროშუქების ფონზე


გააზიარე სტატია


ავტორი: ლაშა გაბუნია

 

საქართველოში რეივ-ცხოვრება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბოლო წლებში დასავლურ პრესაში თბილისი სულ უფრო ხშირად აღმოსავლეთ ევროპაში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ცენტრადაა წარმოჩენილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.

ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ქუთაისური რეივ-სცენაც, რომელიც ამ ქალაქში ორი უკვე ცნობილი კლუბით –  „რეფლექტორი“  და  „ბუდე“  არის წარმოდგენილი. ორივე კლუბს თავისი სპეციფიკური ნიშა უჭირავს. ისინი მუსიკალური სტილისტიკითაც განსხვავდებიან.

„ბუდე“ უფრო ანდერგრაუნდ-კლუბია და აქ ძირითადად ტექნო მუსიკა ჟღერს, ხოლო „რეფლექტორში“ მუსიკოსები ჰაუსს, ტრანსს, მინიმალს და სხვა ელექტრონული მუსიკის სტილსაც ასრულებენ. ქუთაისში ეს ორი კლუბი განსაზღვრავს ელექტრონულ ამინდს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე მათგანი თბილისისგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად იწვევს მუსიკოსებს გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ამას, რაღა თქმა უნდა, ქუთაისის აეროპორტის მრავალფეროვანი ევროპული რეისები, შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა და იაფი ავიაბილეთებიც ხელს უწყობს.

ბევრი ჩემი დედაქალაქელი ნაცნობი უკვე სპეციალურად ჩადის ქუთაისში, რათა კლუბურ საღამოებს დაესწროს და დრო გაატაროს. უკან დაბრუნების შემდეგ კი ისინი უმეტესწილად კმაყოფილები არიან მუსიკით, ორგანიზების დონით და იქაური განწყობითაც. სწორედ ამიტომ, კლუბებიც ცდილობენ უფრო უკეთესი მუსიკოსები ჩამოიყვანონ. თუმცა ადგილობრივ შემსრულებლებსაც არ ივიწყებენ და სცენაზე უამრავი ქართველი ელექტრონული მუსიკოსი ასევე სიამოვნებით დგება.

ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი): „ეს კლუბები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ სივრცეში ძალიან განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს, რომლებიც ერთობიან, ცეკვავენ – ამაზე დიდი მოვლენა რაღა უნდა იყოს? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვის.

თავიდან მხოლოდ „რეფლექტორი“ იყო და მერე დაემატა „ბუდე“. ამჯერად ქალაქში ელექტრონული მუსიკის და ღამის კლუბის ორი ძალიან კარგი სივრცე არსებობს. ამ კლუბებში მოსახვედრად მაყურებლები ჩამოდიან ზუგდიდიდან, ბათუმიდან, თბილისიდან. ძალიან ბევრი მსურველია ხოლმე და ეს საკუთარი თვალით მინახავს.

ჩვენს ქალაქში კლუბური რეივ-ცხოვრება მაინც ახალი წამოწყებაა, რომელსაც ძალიან კარგად აუბა მხარი მსმენელმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. იმდენად გათავისებული აქვს ყველას ეს ყველაფერი, რომ ქუთაისში ის სირთულეები არ გაჩენილა, რისი დაძლევაც თბილისურ კლუბებს მოუხდა.

ზოგადად კი ამ ქალაქში საქართველოში გამორჩეულად პრეტენზიული მსმენელია. გულახდილად ვიტყვი, რომ თბილისზე მეტად, ქუთაისის ელექტრონული სცენა უფრო მომწონს, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ბუნებრივი და თავისუფალია. ამ ორ კლუბს შორის მუსიკალურ-სტილისტური განსხვავება რომ არსებობს, ძალიან კარგია.
მნიშვნელოვანია, რომ „ბუდეს“ პირდაპირი ურთიერთობა აქვს გერმანელ დიჯეებთან და ბევრი ძალიან კარგი მუსიკოსი პირდაპირ ქუთაისში ჩამოდის.

„რეფლექტორში“ ახლახან ჰიპ-ჰოპის სერიებიც დაიწყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რადგან საქართველოში ეს ჟანრიც ქუთაისში დაიბადა, ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან დროული წამოწყებაა „რეფლექტორის“ მხრიდან. როგორც ვიცი, ჰიპ-ჰოპის საღამოების სერია მომავალშიც გაგრძელდება“.

ერეკლე დეისაძემ ცოტა ხნის წინ „რეფლექტორში“ მუსიკოს შავი პრინცის (აკაკი ბაბუნაშვილის) ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე იმღერა. როგორც მუსიკოსი, იგი პირველად აღმოჩნდა ამ კლუბის სცენაზე, თუმცა, როგორც მსმენელი და მაყურებელი, ხშირად სტუმრობს როგორც „რეფლექტორს“, ისე „ბუდეს“.

 

9 თებერვალირეფლექტორი // Reflector ☀️

Gepostet von Erekle Deisadze am Dienstag, 12. Februar 2019

 

კლუბი „რეფლექტორი“ 2016 წელს შექმნეს მეგობრებმა რამზეს კილასონიამ, რეზი ჩირაძემ და გიორგი ყურაშვილმა. მათ ჰქონდათ ევროპის კლუბებში გართობის გამოცდილება. „რეფლექტორის“ გახსნამდე ისინი გამოსასვლელ დღეებში დროის გასატარებლად და მუსიკის მოსასმენად თბილისის კლუბებში ჩადიოდნენ, რაც არც ისე მარტივია. ყოველ მომდევნო ვიქენდზე ქუთაისიდან თბილისში წასვლის მსურველთა რიცხვი იზრდებოდა, ამიტომ მეგობრებმა გადაწყვიტეს ქალაქში ელექტრონული მუსიკის კლუბი დაეარსებინათ.

კლუბი „რეფლექტორი“ ქუთაისში 1900-იანებში აგებულ ისტორიულ  შენობაში დაფუძნდა, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი აქვს. ქუთაისში ამ შენობას „ჩინურ სახლს“ ეძახიან, რადგან იგი თავისი არქიტექტურით ჩინურ პაგოდას ჩამოჰგავს. ერთ-ერთი ვერსიით კი, იგი ჩინელმა მუშებმა ააგეს. სინამდვილეში შენობა ფრანგული მოდერნის ნიმუშად მოიხსენიებოდა.

თავდაპირველად, „ჩინური სახლი“ საცხოვრებელი იყო, მოგვიანებით მასში სხვადასხვა კაფე  განთავსდა, დღეს კი უკვე „რეფლექტორის“ შენობის სახელითაა ცნობილი. კლუბი ყოველ შაბათს მართავს წვეულებებს, სადაც ჩამოსული თუ ადგილობრივი ცნობილი მუსიკოსები უკრავენ. „რეფლექტორი“ დღეს მთელ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მეორე ქუთაისური ელექტრონული მუსიკის კლუბი „ბუდე“ განსხვავდება „რეფლექტორისგან“ არა მარტო კონცეფციით, არამედ ადგილმდებარეობითაც. თუ „რეფლექტორს“ ქალაქის ძველი უბნის ისტორიული შენობა უკავია, „ბუდე“ ინდუსტრიულ ზონაში ელექტრომექანიკური ქარხნის არც ისე იოლად მისაგნებ ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. მისი დამაარსებლებიც მეგობრები არიან, რომლებმაც 2011 წელს კლუბი „ბუდე“ ჩამოაყალიბეს და ე.წ. პრესის სახლში ოთახები იქირავეს.

კლუბი თავდაპირველად მეგობრების თავშეყრის ადგილი იყო, სადაც მუსიკას ერთად უსმენდნენ. 2013 წელს კლუბის წევრებს შენობის დატოვება სთხოვეს, რადგან მათი არაორდინარული გართობა მფლობელებს არ სიამოვნებდათ. „ბუდეს“ წევრებმა რამდენიმე ოთახი ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ადმინისტრაციულ, კომუნისტური სტილით ნაგებ შენობაში იშოვეს.

„ბუდეში“ გაერთიანებულმა 10-მა მეგობარმა მიტოვებული შენობა ყოველგვარი დაქირავებული მუშების გარეშე, საკუთარი ხელებით გაარემონტა. 4 წლის წინ მას კლუბის და ბარის სახე მისცეს, ფეისბუქზე დახურული ჯგუფი გააკეთეს, თავდაპირველად თბილისიდან რამდენიმე ცნობილი არტისტი ჩამოიყვანეს. პირველ კონცერტებზე შემოსვლა უფასო იყო, დაცვაც კი არ ჰყავდათ. თუმცა ამ კონცერტების შესახებ მალე ქალაქში შეიტყვეს და ბევრი მსურველიც გაჩნდა, ამიტომ კარის დაკეტვაც დაიწყეს.

ამ კონცერტებს, მათ ტექნიკურ უზრუნველყოფას ორგანიზატორები საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდნენ. „ბუდე“ ბოლო ორი წელია უფრო გააქტიურდა. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი ზაზა ფანჩულიძე 1990-იან წლებში როკ-მუსიკით იყო გატაცებული და უკრავდა კიდეც, თუმცა გერმანიაში რამდენიმეწლიანმა ცხოვრებამ მისი მუსიკალური გემოვნება უფრო გაამრავალფეროვნა და გააელექტროვა.

ზაზა ფანჩულიძე, იგივე DJ ზაპა (კლუბ „ბუდეს“ ერთ-ერთი დამაარსებელი და რეზიდენტი): „გერმანულად „ბუდე“ პატარა მყუდრო ადგილს ნიშნავს, რაც შენთვის გაქვს მოწყობილი. ქართულად ისედაც ვიცით, რაც არის. სახელს რომ ვარქმევდით, მაშინ მეოთხე სართულზე ვიკრიბებოდით და ჩვენთან მოსულს იმ ფრინველს ვეძახდით, ვინც ბუდეში აპირებდა ამოსვლას. ჩვენ ლოგოზეც ჩიტია ვინილის ფირფიტაზე გამოსახული.

ეს სახელი ძალიან მოგვეწონა და შევეჩვიეთ. „ბუდე“ მარტო კლუბს კი არა, ჩვენს ოჯახს, ერთიანობასაც აღნიშნავს. „ბუდეში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი პროფესიებით, შეხედულებებით. მოგეხსენებათ, ქუთაისში არსებობდა პანკ-სცენა, როკ-სცენა, ჰიპ-ჰოპ სცენა, ელექტრონული სცენა კი ისეთი არ იყო, რომ საკუთარი სათქმელი ეთქვა.

ბოლო რამდენიმე წელია, ქუთაისში რამდენიმე ასეული ახალგაზრდა წამოიზარდა, რომლებიც ამ მუსიკით ცხოვრობენ. ეს უკვე ძალაა. ადრე ჩვენთან ჰაუსიც და მინიმალიც იკვრებოდა. ქართველ მუსიკოსებთან ვმეგობრობთ, კარგი ურთიერთობა მაქვს თბილისელ დიჯეებთან. „ბუდეს“ სცენაზე დამდგარან: ჟორჟიკა, ლეონი, გიო შენგელია და სხვები… „ბასიანის“, „ხიდის“ და „მტკვარზე“-ს რეზიდენტებიც სიამოვნებით უკრავენ ჩვენი მსმენელისთვის.

ორი წლის წინ „ბუდეს“ სამეგობრო ბერლინში ვიყავით. ეს უდიდესი ინსპირაცია იყო ჩვენთვის და იქაური ვოიაჟის შემდეგ გადავწყვიტეთ ტექნოზე შევჩერებულიყავით. ამის გამო ბევრი დადებითი სიტყვა მოვისმინეთ როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული შემფასებლებისგან. ჩვენ თვეში ერთხელ გერმანელი მუსიკოსი ჩამოგვყავს ხოლმე. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩამოვიყვანეთ, იყო Dekai, რომელიც ლეიბლ „რაგნაროკის“ წარმომადგენელია. იგი იმდენად მოიხიბლა ჩვენი კლუბით, აქაური გარემოთი, გვითხრა, ზუსტად ის სული ტრიალებს აქ, როგორც 1990-იანების გერმანიაში, როდესაც მე რეივი დავიწყეო. ბერლინშიც მიგვიწვია და 2019 წლის 4 ოქტომბერს ძველი ცნობილი კლუბის,  Ritter Butzke-ს ტექნო სცენაზე „ბუდეს“ ჩაყვანილი მუსიკოსები დაუკრავენ“.

 

 

„ბუდეს“ დამფუძნებლები ბერლინის ანდერგრაუნდ-მუსიკოსებთან მეგობრობენ და ისინი ხშირად უკრავენ ქუთაისში. ამჯერად კლუბის დამაარსებლები ლეიბლს აკეთებენ, რომელსაც „ბუდე რექორდსი“ ერქმევა.

დღეს „ბუდე“ სუფთა ანდერგრაუნდ-კლუბია, სადაც არც ისე იოლია მოხვედრა. კლუბის დამაარსებლები შეეცდებიან ეს ანდერგრაუნდ-გარემო შეინარჩუნონ და სუფთა კომერციაზე ნაკლებად იმუშაონ. ზაზა ფანჩულიძე განმიმარტავს, რომ ამ ეტაპზე კლუბი ახერხებს ფინანსურად საკუთარი თავის შენახვას. „რეფლექტორისგან“ განსხვავებით, „ბუდეში“ წვეულებები პარასკევობით იმართება ხოლმე.


რეკომენდებული სტატიები
შავი პრინცი - დამშვიდობება
Play Video

შავი პრინცი - დამშვიდობება

შავი პრინცი - დამშვიდობება
მუსიკალური კრიტიკოსი ლაშა გაბუნია გვიყვება “შავი პრინცის” იმ გამორჩეული გზის შესახებ, რომელიც რეპერმა 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე გამოიარა და გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც “შავი პრინცი” თავისი შეხედულებებისა და პრინციპების შესახებ საუბრობს.
ტრენდი: ძილის რეივები ბერლინის ანდერგრაუნდში

ტრენდი: ძილის რეივები ბერლინის ანდერგრაუნდში

ტრენდი: ძილის რეივები ბერლინის ანდერგრაუნდში
ბერლინში ივენთების ახალი ტალღა აგორდა, რომელზე დასასწრებადაც მისულ სტუმრებს იქ თავიანთი საძილე ტომრები და ბალიშები მიაქვთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.