fbpx

20 მარტს პროპაგანდა და გოეთე გამოფენა “Shipwerk”-ს წარმოგიდგენთ


გააზიარე სტატია

 

20 მარტს, 19 საათზე სასტუმრო სტამბის D ბლოკში სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ერთობლივ გამოფენას გახსნიან.

გამოფენა “Shipwreck” („გემის ჩაძირვა“) ემიგრაციის, მიგრაციის, დევნილობის, იძულებით გადაადგილებისა და უთანასწორობის თემებს ეხმიანება და უახლესი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ისტორიის პოეტურ ანალიზს გვთავაზობს.

ექსპოზიციაში მონაწილე არტისტები  აზერბაიჯანიდან, კანადიდან, გერმანიიდან და სენეგალიდან ქართველი არტისტების მიერ სპეციალურად შექმნილი ნამუშევრების გვერდზე გამოიფინებიან. ღონისძიება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენებზე ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება.

გთავაზობთ ინტერვიუს კურატორ ანა გაბელაიასთან და თანაკურატორ ნინა პატარიძესთან:

 

ანა, გვესაუბრე გამოფენის კონცეფციაზე, რომელიც ემიგრაციის, მიგრაციის, დევნილობის, უთანასწორობისდა  იძულებით გადაადგილების საკითხებს ეხება. რა კონტექსტშია ეს საკითხები გამოფენაზე წარმოდგენილი?

მიგრანტების უახლეს ისტორიას ჩვენი დროის ყველაზე დიდი საკაცობრიო კრიზისი ეწოდა, მსოფლიოში ბოლო დროინდელი მიგრაციის ტალღების ასეთი გააქტიურება ყველაზე აქტუალურ გლობალურ თემად იქცა და ალბათ ეს იყო გამოფენის საწყისი მოტივაციაც. ალბათ ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა, რადგან ჩვენი ქვეყნისათვის ეს უკვე მერამდენე ათწლეულია ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა აისახება ხელოვნებაზეც. ამიტომაც გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით ამ გამოფენის თბილისში ჩამოსვლა და თხრობის გაფართოვება გადაწყდა. გამაერთიანებელი კონტექსტი გამოფენამ Shipwreck თავად შეკრა; ის საერთაშორისო უახლეს გამოცდილებასა და ლოკალური ისტორიის კულტურულ რეფლექსიას ერთ სურათად კრავს. ჩვენ შევეცადეთ რომ ეს ერთდროულად სიღრმისეული და მრავალწახნაგოვანი ყოფილიყო.

 

 

ნინა, მოგვიყევი უცხოელ ხელოვანებზე, რომლებიც მონაწილეობენ გამოფენაში

წარმოდგენილი 16 ნამუშევრიდან 4 ხელოვანი ბაქოს გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით  შეირჩა, გამოფენისათვის „დაბრუნება ჟერიკოს გემის ჩაძირვასთან,“ ალფონს ჰუგისა და ასლი სამადოვას კურატორობით. მათ შორისაა აფრიკელი წარმოშობის კანადაში დაფუძნებული ომარ ვიქტორი დიოპი. ის დიზაინით, ფოტოგრაფიით და მოდითაა დაინტერესებული და თანამედროვე აფრიკის ცხოვრების სტილს და სოციოლოგიას იკვლევს. გამოფენაზე 4 ფოტოა წარდგენილი მისი ცნობილი სერიიდან „თავისუფლება – შავკანიანთა პროტესტის უნივერსალური ქრონოლოგია.“ ეს შავკანიანთა განმანთავისუფლებელი მოძრაობების რეკონსტრუქცია და ერთგვარი რედეფინიციაა.

70-იანების თაობის ცნობილმა გერმანელმა ვიდეო- არტისტმა, მარსელ ოდენბახმა, სამი ემიგრანტი სუბ-საჰარული აფრიკიდან ლუვრში მიიყვანა, სადაც ისინი რომანტიციზმის საკულტო შედევრს, ჟერიკოს „მედუზას ტივს“- იკვლევენ.

ეს ნამუშევარი გამოფენის ერთგვარ ლეიტმოტივადაც შეიძლება განვიხილოთ,  რადგან მას კანადაში დაფუძნებული არტისტი ადად ჰანაც ციტირებს. ვიდეო „მედუზას ტივი, სენტ-ლუისი“ ამ ტილოს ერთგვარი გაცოცხლებაა, თუმცა არტისტის სპეციფიური და მკაცრი პოლიტიკური კომენტარით.

 

 

ანა, რა პრინციპით აარჩიეთ ხელოვანები და გვესაუბრეთ ქართველ მონაწილეებზე

სამწუხაროდ საქართველოს ბევრი აქვს მოსაყოლი მიგრაციის შესახებ. ის არის საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულთა სახლი, თავშესაფარი ლტოლვილებისა და მიგრანტებისათვის მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე ქვეყანა, რომელმაც მიგრაციის შედეგად საკუთარი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. ამიტომ ნამუშევრები, არტისტთა მიდგომები და თემები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც საერთო ჯამში მთელი ინტენსივობით და სიმწვავით გვაჩვენებს ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას. ექსპოზიცია უკვე არსებული ნამუშევრების კურატორულ სელექციას გვიჩვენებს, მაგალითად გიორგი სუმბაძე, რომელმაც თავისი 2000 წელს შექმნილი ნამუშევარი ახალი სათაურით აღადგინა და ამ გამოფენაზე მისი ახალი კონტექსტით წარდგენა მოხდა. აღსანიშნავია რომ რამდენიმე არტისტმა სპეციალურად ამ გამოფენისათვის იმუშავა, მაგალითად თამარ ნადირაძე, ნინო საკანდელიძე, ელენე გაბრიჩიძე, შოთიკო აფციაური, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე…

 

ნინა, ძირითადად რა მედიუმებშია წარმოდგენილი ნამუშევრები?

ექსპოზიცია ბევრ სახელოვნებო მედიუმს აერთიანებს. იქნება ეს ფერწერა, გრაფიკა, ინტალაცია, ფოტო, მოძრავი გამოსახულება , ობიექტი თუ ტექსტი.

 

როგორია პროპაგანდას” სამომავლო გეგმები

პროპაგანდამ რამოდენიმე თვის წინ გახსნა საერთაშორისო რეზიდენციის პროგრამა რომელიც ახლო მომავალში მრავალი საინტერესო და აქტუალური არტისტის, კურატორისა თუ ავტორის ჩამოსვლას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამებსა და ახალ კვლევებთან ერთად, პირველ რიგში მაისის მასშტაბური გამოფენისთვის ვემზადებით. Oxygen – Tbilisi No Fair, წელს უკვე მეორედ, თბილისის სახელოვნებო ბაზრობის პარალელურად ჩატარდება. არაკომერციული ღონისძიება 16 მაისს გაიხსნება და როგორც ყოველთვის ქართულ სახელოვნებო სივრცეში აქტუალური აქცენტების წარმოჩენას მოემსახურება.

 


რეკომენდებული სტატიები
Oxygen_No Fair - ბარიერებიდან თავისუფლებამდე

Oxygen_No Fair - ბარიერებიდან თავისუფლებამდე

Oxygen_No Fair - ბარიერებიდან თავისუფლებამდე
ის, რაც პირველ რიგში გამოარჩევს Oxygen-ს, ეს მრავალფეროვნებაა, რომელიც ხელოვანთა დემოგრაფიულ მახასიათებლებში, მათ გამოცდილებებსა და მედიუმებში ვრცელდება
22 გამორჩეული თანამედროვე გრაფიკოს-ილუსტრატორის ექსპოზიცია მადრიდში

22 გამორჩეული თანამედროვე გრაფიკოს-ილუსტრატორის ექსპოზიცია მადრიდში

22 გამორჩეული თანამედროვე გრაფიკოს-ილუსტრატორის ექსპოზიცია მადრიდში
დიდი ხნის განმავლობაში მხატვრები და ილუსტრატორები, სახელგანთქმული დიზაინერების ჩრდილქვეშ ექცეოდნენ და მათ შესახებ ცოტამ თუ  იცოდა რამე. ეს მოცემულობა კი ინტერნეტმა შეცვალა, რომელიც ნიჭიერ, მაგრამ უცნობ არტისტებს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს
Tate Britain თანამედროვე ხელოვნებაში ქალი არტისტების წვლილს საგანგებო გამოფენით აღნიშნავს

Tate Britain თანამედროვე ხელოვნებაში ქალი არტისტების წვლილს საგანგებო გამოფენით აღნიშნავს

Tate Britain თანამედროვე ხელოვნებაში ქალი არტისტების წვლილს საგანგებო გამოფენით აღნიშნავს
ლონდონის მუზეუმის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოფენით “60 წელი” მათ სურთ კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას ქალების უდიდესი წვლილის შესახებ XX–XXI საუკუნის თანამედროვე ხელოვნების განვითარების საქმეში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.