გონზო გზამკვლევი რომში წამსვლელთათვის


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl

მილანიდან მარადიულ ქალაქში გვაქვს დაგეგმილი წასვლა. მილანზე რომის მერე მოგიყვებით. ვითომ ვინ დაადგინა, რომ ჯერ იმაზე უნდა მოყვე, რაც უფრო ადრე იყო?

რომი დიდი ხანია არ მინახავს და როგორც ყოველთვის, ვღელავ. სულ არაა ადვილი იმ ქალაქში ჩასვლა, რომელიც გიყვარდა. მასთან დაკავშირებული არანაირი მოგონება რომც არ გქონდეს, მაინც რაღაც სევდანარევი სიხარულის სიომ იცის ხოლმე დაბერვა. გაგანია დაჯავშნილ სასტუმროსა და სხვა ყველაფრის ფონზე გადავწყვიტეთ გაგვეუქმებინა ყველაფერი, დავრჩენილიყავით მილანში შუაღამემდე და ღამის მატარებლით გვეჩიქჩიქა რომამდე. ალოორა ☺

ჩემოდნები სასტუმროდან საღამოს დავიბრუნეთ და გეზი პორტა გარიბალდისკენ ავიღეთ, რომელიც მილანის ერთ-ერთი კარიბჭე და არცთუ ისე პატარა სადგურია. გზად გადასარევი ქუჩა გველოდა, სადაც მახსოვდა, რომ კვირის ნებისმიერ დღეს პარასკევი იყო. არც მიმტყუნა. აი წარმოიდგინეთ, თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე სულ ფაბრიკა რომ იყოს, ისეა ☺ ბედნიერი საათი სუფევს, ანუ სასმელს იყიდი და საჭმელი უფასოა.

 

 

ერთ-ერთს გადასარევი კვება აქვს და ხალხიც აქ უფრო მხიარულად გამოიყურება. აპეროლების ყიდვა ძლივს მოვახერხეთ, ავიტაცეთ ხელში და წითურის მკვირცხლი მოძრაობების წყალობით მეორე სართულზე მაგიდაც ვიპოვეთ, რაც წარმოუდგენელი იყო იმ მოცემულობაში.

 

 

იმდენი მხიარული, ლამაზი და ენაჭარტალა ვინმეა აქ, აი ერთ რამედ ღირს ამათი ყურება. ვიმხიარულეთ, გამოვედით და მძიმეა ეს ჩანთა და ეგ პროსეკო ახლავე დავლიოთ იქნებოდეს იქნებაო. უარი რანაირად მეთქვა? გავხსენით და ძალიან კულტურულად ჩამოვასხით პლასტმასის ფუჟერებში, შუშხუნები ცხვირში გვივარდება და ბოლო ხმაზე ვიცინით. თბილისი წამიერად გვახსენდება და ეგრევე ვუშვებთ მაგ ფიქრს გაურკვეველი მიმართულებით.

I want to live like common people
I want to do whatever common people do

კაცი მოვიდა. ეგრევე დაიწყო იმის მოყოლა, როგორ მიუსაჯეს 20 წელი, მაგრამ 10 იჯდა, რომ ტატუ გაიკეთა, ცოლი გაექცა და საერთოდაც არცთუ ისე ცუდადაა, მაგრამ ფული ხომ არ გაქვთ ცოტაო? არა-თქო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ წითუმ თავისი ტატუები აჩვენა, სასმელზე დაპატიჟა, ის კი ინტერის ფანი აღმოჩნდა.

ჩავსხედით მატარებელში. ღამისაა, შესაბამისად დასაწოლია. 4-ადგილიანია და ყველა ღმერთს ვთხოვ არავინ შემოვიდეს, მაგრამ აბა რომელი მოგისმენს? და საერთოდ ისმენს კი? ☺

დამჯდარი არაა, ლაპარაკს იწყებს. იტალიურად. მეთქი, არ გვესმის და აბაა, აგრძელებს. ცოლმა სენდვიჩები გამომატანა, ჯერ ისევ თბილიაო. ხსნის ვეცხლისფერ “ფოლგაში” გახვეულს და… ყველის სუნია, ფეხის სუნია, მიდი და გაარჩიე ☺ გამოვედი. მეთქი, აი წავსულიყავით დღის მატარებლით, რა ავიჩემეთ, ეს ბიჭი მამშვიდებს, კარგი ახლა, ნუ ამყრალდები შენებურად, როცა იქნება, გაჩუმდება და ფანჯარას ჩამოვხსნი, ან მოვგუდავ და სადმე ლა სტრადაზე გადავაგდოთო. -_-

 

 

გამცილებელი, რომელიც მანამდე საქმიანად გვთირავდა, თვალით გვანიშნებს, მოდით აქო. ჰოდა, იქით სულ თავისუფალია, მიდით, იქ იჟღურტულეთ, ნეტაი თქვენაო. იმან გაიხაროს. გიძინიათ ღამის გაწკრიალებულ თბილ მატარებელში? სამოთხე. კი ჩერდებოდა წარა-მარა, ერთგან საერთოდაც 2 საათით ჩამოდგა, მაგრამ აი დარდი. დილის 8 საათია. რომი გაღვიძებული, უკვე გამთბარი, იმპერიულად დიდებული და მარადიულია. ერთადერთი ქალაქია, სადაც ერთდროულად როდოსის კოლოსად და ჭიანჭველად გრძნობ თავს.

დილით იტალიაში ყავას თუ არ სვამ, უკანასკნელი არამზადა, ნაძირალა და შეჩვენების ღირსი ხარ. შევცვივდით კაფეტერიაში 2 კაფუჩო (დიახაც☺) ვიპოვეთ სასტუმრო, შხაპი-მაპი (ნეტაი როდის გვეღირსება…) და გარეთ. შუადღემდე ვიარეთ, ციცქნა ყვავილებ გადაფსიხებული კაფეებიანი პიაცა ვიპოვეთ და აი ბოლომდე რომ გაგვიჯდა ძარღვებში რომის დიდებულება და დავიჯერეთ, რომ ღმერთიც არსებობს, მანამდე კიდევ მრავალ ღმერთიანობაც, კანონზომიერებაც, ჭეშმარიტებაც და მინიმუმ ნახევარღმერთები მაინც ვართ აქ რომ დავბოჯიალობთ, ხან ერთმანეთს ვკოცნით და ხან  მზიან ტრავერტინებს ლოყებს ვახუტებთ, სკამზე დავეშვი და წინ შალვა რამიშვილია.

 

 

ღმერთო, შენზე მეტი იუმორის გრძნობა, ცინიზმი და ირონია თუ ვისმეს ჰქონდეს, აი მე მოვკვდე. შენა ხარ ტროლი და ყველაზე უჩინარი სტენდაპ იუმორინა. აქვე მგოსანთ მგოსან აკაკი წერეთელს მოვიშველიებ, რომელიც არასდროს მიყვარდა და ჩავხურავ ამ ბოტთ მწყემსობანას.  

„მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?”

თუ ფიქრობთ, რომ რომს აღგიწერთ, სულ ტყუილად. აი რანაირად? ☺

ერთი რაც ვიცი, რომ ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმოთ. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დრო არ დაკარგოთ რიგებში დგომით. მეტი დაგრჩეთ ქუჩებში სასეირნოდ, ფულიც დაზოგოთ და ენდორფინებიც ამრავლოთ ფაროსანებივით. აქ უამრავი ხალხია, ამიტომ ყველგან რიგებია.

 

 

მთელი მსოფლიო დადის რომში და სხვა გალაქტიკებში სიცოცხლის არსებობაში ეჭვი იმიტომ შემაქვს, რომ იტალიაში არ დადიან. მოკლედ, ყველა მუზეუმის ვებგვერდზე შედიხართ წინასწარ და ამოწმებთ ვიზიტორების უფასო კატეგორიაში ხომ ვერ ეწერებით. მრავლადაა, მერწმუნეთ. ან ხომ არ ისვენებენ (სახელმწიფოს მიერ ხელდასმულები ორშაბათობით), ან რემონტის ეგიდით ხომ არ არიან დაკეტილები. ან თვის პირველი კვირა ხომ არაა, ან თვის ბოლო პარასკევი☺

 

 

თუ ვებგვერდზე ინფო ვერ მოიძიეთ, ფეისბუქი მაინც ექნებათ და იქ მიწერეთ. რა თქმა უნდა, შეიძლება ღლიცინა ადამინი შეგხვდეთ – როგორც მე. კოლიზეუმს მივწერე, პრესას უფასოდ კი უშვებთ, მაგრამ ან საათი ხომ არ უნდა დავჯავშნო, ან რიგში დგომის უფლება ხომ არ უნდა ვიყიდო ონლაინ მეთქი და კოლიზეუმის ფბ გვერდს მიწერეთო. მეთქი, აბა შენ ვინ ხარ თქო და აა, ჰო, ეგ მე ვარო :დ ამასობაში ეტყობა, დამსტალკა და მაშინ არაფერი გინდათ, ოღონდ მოდითო. მეთქი, პრეს-ქარდიც არ მინდა თქო? და გააჩნია, კარში ვინ იდგებაო და აქვე უნდოდა მოეყოლა მის მეზობელ სუსანაზე, რომელიც საღამოობით… როცა სარეცხს გადმოფენს…

 

 

მივუგე, რომ კაზა ბარბერინის ადამინი მელოდება და რიგში ვატიკანის მუზეუმი მიდგას კიდევ მეთქი. და მოკლედ, ღმერთო, ისევ შენი იუმორის შეგრძნებებს ვეთაყვანები და მადლობა, რომ დედამიწა ამდენ ხანს აცოცხლე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეტი ფული გამოვიმუშაო და მწვანე საწვავით კი არა, საერთოდ უსაწვავოდ ვიმოძრაო. ელექტროავტომობილები მზეზე დავტენო და საერთოდაც, There are two ways: my way and the highway ! But both of them რომში მიდის.

 

 

ყველაზე ძვირი, მაგრამ სანახავი ამბების საპატიო სამეულში ვატიკანის მუზეუმი და წმინდა პეტრეს ტაძარია. რომელიც რომი არაა☺ ანუ დასვენების, უფასო შემსვლელების და საერთოდაც თავისი პონტები აქვს, რააა. შედიხარ, ყიდულობ 17-ევროიან ბილეთს (მუზეუმის მხოლოდ), რაღა თქმა უნდა, თუ შშმ პირი, რელიგიის ისტორიის მასწავლებელი, ნორჩი საერთაშორისო სტუდენტი (25 წლამდე) ან  son of a preacher man-ის მამა არა ხარ. ნუ დედაც. ახლა რა ხდება. აბა კარგად ჩაუკვირდით ჩემს სახელს. ნუ ფსევდონიმს☺  ჰოდა გადაწყვიტეთ ჩემი სიქსტეს კაპელას ჭერზე ნახვა თუ გიღირთ. მორიგ მესამე შესვლაზე, როდესაც ტრასტევერეზე შეძენილი მწვანილის ფონზე კაპელას ჭერში ავიხედე, ე, მას მერე ვარ დელფიკა. ჰოდა გიღირთ, რააა ☺ მით უმეტეს, რომ მწვანილის ყიდვა ახლა ყველა მწვანილის სპეცმაღაზიაში შეგიძლიათ☺

 

 

რამდენიმე ფილმი გვიტივტივებს თავში. “დოლჩე ვიტა”, “რომაული არდადეგები”, “ნიჭიერი მისტერ რიპლი” და “ლა გრანდე ბელეცცა”, იგივე დიდი სილამაზე. ჰოდა გვინდა, რო ნაცნობ ადგილებში ნაცნობი კადრები გავითამაშოთ. წითური სულ იმ ადგილს ეძებს, სადაც ფრედი მაელსი მანქანიდან ხტება, დიკის და ტომს რომ დაინახავს, ნუ აი ევასება ეს გმირი და მოკალი. მეთქი, პიაცა ნავონას (ისეც სანახავია) გავს თქო და მიმყავს იქა და არაო. მეთქი, აი ვის არ უჯერებ ბიჭოო ☺ მერე ჯაზს რო უსმენენ, ჩვენც შევცვივდით სადღაც ვინილებში და გიჟი სვინგი ჩავირთეთ. ზოგადად წითურს ნელ-ნელა ვაპარებ ჯაზს. ყველაფერი არ მოსწონს, მაგრამ ნუ ბილ ევანსის ერთ კომპოზიციაზე ისეთები მითხრა – უგრძვნია. ნიჭიერია ოხერი☺ მე ყველა მოედანზე მინდა, რომ ოდრი ჰეპბერნი ვიყო და არ იკითხავთ რატომ? აუ ნაყინი რააა, ნაყინი☺  ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს პირველად ვადებ ენას იტალიურ ნაყინს, და ეს რეცეპტორებიც დამწკრივდებიან, პირველ მეორეზეც კი არ ითვლიან, ისე გარბიან სამოთხეში, ღმერთო მიშველე, გთხოვ.

 

 

ავბობღდით ესპანეთის კიბეებზე ესპანეთის მოედნიდან (სანახავია) და მშვენიერი მოაჯირი დავლანდე, რომელიც ეს-ესაა გათავისუფლდა კორეელი მოზარდების ოკუპაციისგან. აი ეგენი არიან ცალკე კონტინენტი (იაპონელები – ცალკე პლანეტა). თან ისე მოხდა, რომ ამ ორმა კორელმა გოგომ დაინახა 4 კორეელი ბიჭი, რომელთაგან ერთს იცნობდა ერთი.

 

 

ჰოდა, იქ ისეთი შორისდებული აღმოხდა ამ გოგოს, რომელიც არცერთ ევროპულ თუ ქართულ, ან ინდო-ევროპულ ენაზე არ არსებობს. იხუვლა და მიაფრინდა ამ ბიჭს, რომელიც ბარბერის მანეკენივით იყო გამოწყობილი და იმის მომხრე ჩანდა,  რომ საერთოდაც არავის ეცნო, მგონი. ჩვენ მოკრძალებულად გავიღიმეთ, მაგრამ ჩვენ უკან ფრანგი გოგოები სიცილისგან დაგორდნენ კიბეზე მიჩურინის ვაშლებივით. რატომ მოვყევი? აუ, პატარაა ეს დედამიწა რაა, ძალიან პატარა.

მზემ დაიწყო მისვენება და ყველაფერი ფორთოხლისფერი გახდა. ოქროსფრად ბრწყინავს ყოველი წამი და ყველაზე მაგარი ამ მოცემულობაში ისაა, რომ საერთოდ არაფერზე ვფიქრობთ. პირში ლიმონჩელო, ყურში რედიოჰედი, თვალებში რომი.

 

 

ოდრი ჰეპბერნი რომ ხელს ყოფს, იქ ჰო მივალთო და კი მეზარება, მაგრამ, კაი თქო. თან ფეხით დავატარებ დღეში ზოგჯერ 23 კილომეტრს. თუ ვტყუოდე, მეხი დამეცეს. ისეთი კამკამა ჰაერია, მეტსაც ივლი. მივედით და მთელი მსოფლიო იქ ჩამომდგარა, სიჩუანის პროვინცია ლიდერობს ოღონდ.

ვაიმე, შევიცხადეთ ორივემ და მეთქი, აი რკინის ჯებირს ჰო ხედავ და როგორც კი პირიდან ვინმე ხელს გამოაცლის და გამოვა, ამ დისტანციიდან დავუმიზნოთ ხელები და ჩავაჩხაკუნოთ ტელეფონი და ეგაა თქო. უი, ეგ რა კარგად მოიფიქრეო და ვჩალიჩობთ, თან დავუმიზნოთ ხელები და თან არავინ იყოს კადრში.

 

 

და როცა გამოგვივიდა და ფოტოც ჩავაჩხაკუნე, უცებ‚ ააა შე აფერისტო, ისტორიული ძეგლის დაცვა გადმოგვიხტა ვენერა ობოლაშვილის სახით. თან ხელი გვტაცა და თან შეჰყეფა. წამში გავიფიქრე, რომ მართლა ხელი მომაჭამა და ნეტაი რა მოვიტყუე და მგონი, სანტა კლაუსიც არსებობს და გუდიანი კაციც. ის კი ჩამოდგა და იცინის მთელი 30 კბილით. აქედან ზოგზე კარიესით. ჩვენც ვიცინით და გვიყურებს ეს სიჩუანი უდრეკად, გაუცინრად და რიგში მწყობრად.

წითური გამოკითხვას აწარმოებს: მარჩელო მასტროიანი თუ ალბერტო სორდი. რატომ და, ერთ ფოტოზე დაინახა ანა მანიანი ვიღაც კაცთან ერთად და გამყიდველს ჰკითხა, ეს ვინააო და გადაირია და გადაიშალა ის კაცი. უყურებს, როგორც ლენინი ბურჟუაზიას. ბიძია, შენ თუ ალბერტო სორდი არ იცი ვინაა, აქ რა გესაქმებაო. თავმოყვარეა წითური ☺ ვერ ხვდება, ეს რანაირად ვერ იცნო და რატომ არ ახსოვს სორდის საოცარი როლები.

ჰოდა დადგა ახლა და ყველას ეკითხება. სულ იმის იმედი აქვს, რომ ვინმე შედარებით ახალგაზრდა, ან თუნდაც მოზარდი იტყვის რო – სი ჩერტო მასტროიანი. მაგრამ ნურას უკაცრავად. ყველა თითს ზევით იშვერს და  – ალბერტო სორდი. აი გადაფსიხება ამას ქვია :დ ტაქტიკის შეცვლას აპირებს და კატრინ დენევის გარევას საქმეში, რასაც არ ვურჩევ. მიჯერებს ☺

 

 

ტრასტევერეზეც გადავედით. ესაა რომაული ერთ დროს პოპულარული შარდენ-რკინის რიგ-ბამბის რიგი. ოღონდ რომაული☺ აღარ იცი სად გაუხვიო, ყველგან წვრილი მოკირწლული ქუჩა, ძველი ქვის სახლები და ტაძრებია. ეს ჩემი ბიჭი საცა ბუკინისტებს დაინახავს, მიდის და არტურ რემბოს კითხულობს. ანუ მიდის და ეკითხება, ხომ არ აქვთ არტურ რემბო ნებისმიერ ენაზე :დ  აი ახლაც მეცინება :დ

 

 

საბოლოო ჯამში სულ სხვა ავტორის სულ სხვა წიგნი მოგვეწონა და ვიყიდეთ, მაგრამ სამაგიეროდ ერთ რესტორანს გადავეყარეთ. რომელიც წინა დღესავით სავსეა და თან რიგი უდგას გარეთ, მთელ ქუჩაზე. წინა საღამოდან მახსოვდა და მეთქი, მოდი აქა, უნდა შევიდეთ თქო. სადღაც 20 წუთის შემდეგ შესაბამისი კადრი, რომელიც რიგს და მაგიდების გადანაწილებას არეგულირებს, იძახის – ტეო, დუე.

მზიან ციცქნა მაგიდაზე ძალიან სწრაფად მოხდა ის, რასაც ჩვენი რესტორნების 99% ვერ ახერხებს დასაბამიდან დღემდე. სასმელი იყოს შესაბამის ტემპერატურაზე შენახული. საჭმელს ჰქონდეს სამოთხის ვაშლის გემო, იყოს დროულად მოწოდებული და ეს ყველაფერი ღიმილით, დაყვავებით და მზრუნველად.

 

 

იტალიაში ჰო დავდივარ, რავი, აი მეორე ათასწლეულია უკვე და მსგავსი პესტო არ მიგემია, ხალხო. ეს რა იყო -_- მეთქი, შეფი უნდა ვნახო, რა, არ მოგეწონათო და მეთქი, რას ჰქვია არ მომეწონა, მიმიშვით, უნდა ვაკოცო თქო. ვაკოცე. სულ დაიწვა სირცხვილით. ფუთქუჩა, საყვარელი პატარა ბიჭი იყო <3

 

 

რესტორანში ყოველ ნახევარ წუთში ისმის “ანჯელა” (მახვილი თავში) სეტანტასეი ოტონოვე, ან ჩინკუანტატრე ვენტუნო. ანუ ანჯელა არის მოლარე და მიმტანები ეძახიან, რამდენი ამოარტყას ჩეკს :დ აი ეგრე უსწორდებათ რაა. ეგრე სწრაფად გამოდის და თანაც არაფერი ეშლებათ. ყველას მადლობას ვუხდით, მათ შორის გამჩენსაც და ვბრუნდებით შინ. მეორე დღეს ფლი მარკეტი და საქართველოში დაბრუნება გვაქვს გეგმაში. რა კარგი წყვილია არა? ☺

ალბათ რეზიუმეს და მორალს ელით. ჰოდა რავი აბა, რა გაჩერებთ რომისა და იტალიის უნახავი? არც ვიზეარია ძვირი, თუ დროულად გაანძრევთ ტვინს და თუ წინასწარ დაგეგმავთ, არც სანახაობები დაგიჯდებათ ოთუზბირი. რომში თებერვლის ბოლოსაც კი მაისია, ნებისმიერი საოცარი მოედნიდან უფრო საოცარ მოედანზე გადიხარ. ყველა ტაძარში შეგიძლია ჩამოჯდე და შენი ილოცო და კიდევ ხალხია გულღია და კეთილგანწყობილი. კი გეღლიცინებიან, მაგრამ საკუთარ თავზე უფრო მეტს იცინიან. რაც ასე ძვირია ჩვენში ☺

 

 

წითური იღიმის წამოსვლის წინა საღამოს და მეუბნება, აბა იმ ეზოში შეიხედე, სორენტინო განა ტყუის, რა არ ევასათ ამ თბილისში მაგ კაცისო ☺ უზარმაზარი თაღია და პატიოდანაც ცოტა ტექნოშერეული სანრემოს სიმღერების ხმა გამოდის. ოჩოფეხებზე ნეონგანათებული ლამაზი გოგო დადის. უზარმაზარი ფრთებს არხევს და თითქოს პირიდან ენდორფინები ცვივა.

სულ მგონია, რომ მთვლემარე ჟირაფი ჩამოდებს თავს მარფორიოს მოლაპარაკე ქანდაკებაზე და ნამსხვრევიდან სწორედ ის მამხილებელი წერილი გადმოვარდება, რომელიც თავის დროზე რომ გახსნილიყო – მსოფლიო დღეს სულ სხვაგან იქნებოდა.

იქნებ გოთებსაც ესწავლათ წერა-კითხვა და ხელოვნების სიყვარული და არ დაენგრიათ რომი. იქნებ ჩვენც რამე გვშველებოდა ამასობაში.  

 



უშველებელი ჭიშკრიდან  60 წლის მორთული ქალები კისკისით შემორბიან და პროსეკოს ფუჟერებითა და აპეროლის ბრდღვიალით ერთმანეთს ეჟღურტულებიან. კაცები კი ნახევრად პოლიტიკურ და ლიტერატურულ მუსაიფში იზლაზნებიან და თან არცერთ შედარებით ახალგაზრდა წყვილ ფეხს არ მაზავენ. ხან ეკოს იშველიებენ და ხანაც დანტეს. დიახ, ბებერია ევროპა. მთვლემარე, დაღლილი და მდიდარი. და მათია ეს ტკბილი ცხოვრება. კარსაც გიღებენ და თავზეც გისვამენ ხელს. დააკვირდი, გაიაზრე, შეიყვარე, იოცნებე და შინ დაბრუნდი.   

There are two ways: my way and the highway ! But both of them რომში მიდის.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ანტიკური რომის მოდელი, რომელიც მუსოლინის დავალებით შეიქმნა

ანტიკური რომის მოდელი, რომელიც მუსოლინის დავალებით შეიქმნა

ანტიკური რომის მოდელი, რომელიც მუსოლინის დავალებით შეიქმნა
თაბაშირის მაკეტი, რომელიც ანტიკური რომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოდელადაა მიჩნეული, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია და მის შექმნას არქეოლოგმა იტალო გიზმონდიმ 35 წელი მოანდომა
მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები
იტალიელი ფოტოგრაფი მასიმო ლისტრი მსოფლიოს გარშემო უძველესი ბიბლიოთეკების მოსანახულებლად მოგზაურობს და ის უნიკალური არქიტექტურის ნამდვილ საგანძურებს პოულობს. ალბომი „მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები თაშენის გამომცემლობამ გამოსცა.“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.