5 Instagram გვერდი, რომელიც თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება
თქვენც გექნებათ ინსტაგრამზე ისეთი გვერდები, რომლებიც უსასრულოდ შეგიძლიათ “სქროლოთ” და ბოლო არ უჩანდეს საინტერესო ნამუშევრებს, ფოტოებს და ჩანახატებს, მათ რიცხვს აუცილებლად შეემატება ის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ და არ გამოვრიცხავთ, რომ თქვენი ტოპ-გვერდებიც გადაჩრდილოს.
The Red List
არქიტექტურა, კონცეპტუალური ფოტოგრაფია, მოდა, პიკტორიალიზმი, დოკუმენტური და ომის ფოტოგრაფია, პორტრეტები, ბუნების ხედები: აქ ყველაფერია მათთვის, ვისაც ვიზუალური ხელოვნება და ფოტოგრაფიის უნიკალური ნამუშევრები იზიდავს. გადააწყებით ნილ კესედის და ჯეკ კერუაკის 1952 წელს გადაღებულ ფოტოს, რამდენიმე წელში დაიწერა კერუაკის ცნობილი რომანი “გზაზე”, კესედი კი პერსონაჟ დინ მოარიარტის პროტოტიპად იყო წარმოდგენილი. იქვე არიან წარმოდგენილი სტენლი კუბრიკი და უილიამ სილვესტერი “2001: კოსმოსური ოდისეას” გადასაღებ მოედანზე, 1968 წელს.
უმშვენიერესი უმა ტურმანი 80-იან წლებში, ანდრეა ბლანშის ობიექტივში. ჩამოთვლით არ შეგაწყენთ, დარწმუნებული ვარ, უკვე თქვენც შეჰყევით “სქროლვას”.
Witchoria
ახალგაზრდა ამერიკელი გრაფიკოსი დიზაინერი ვიქტორია სიმერი, რომელიც ამბობს, რომ ციფრული მანიპულაციები და ფოტოშოპი საშუალებას აძლევს შექმნას ალტერნატიული სამყარო, სადაც ყველაფერი შესაძლებელია: გარემო, რომელიც ჯადოსნურია და შეგიძლია მაუსის ერთი დაწკაპუნებით წაშალო მოგონებები, მოათავსო ტალღები ყავის ჭიქაში, ნეონებით გამოხატო სათქმელი და ტკბილი, ვარდისფერი აბებით გადაყლაპო უარი. გვერდის დათვალიერების შემდეგ იგრძნობთ, როგორ მოგინდებათ შექმნათ თქვენც ალტერნატიული სამყარო, ფოტოშოპის სწავლების სურვილიც თუ გაგიჩნდათ, ე.ი. მიზნისთვის გადაჭარბებითაც კი მიგვიღწევია.
Mehmet Geren
გრაფიკული დიზაინერი თურქეთიდან, რომელიც სკულპტურებს და ნახატებს თანამედროვე სამყაროში უკეთებს ინტეგრაციას, თანამედროვე სლენგებით მოსაუბრე პერსონაჟები ხან ბარში არიან, ხან კომპიუტერის მონიტორებთან სხედან დაღლილი სახეებით, ხან მეტროს გაჩერებაზე მყოფს Reminder ატყობინებს, რომ ეს ყველაფერი ეჩვენება და სინამდვილეში არ ხდება…
ცნობილი ფილმების პერსონაჟები შეიძლება ანიმაციაშიც აღმოჩნდნენ, მსოფლიოს ლიდერები კი გაშარჟებულ სამოსში, ტილოზე არიან წარმოდგენილი. როგორ მიაბიჯებენ მატილდა და ლეონი ვან გოგის ნახატებში და როგორია “გოგონა მარგალიტის საყურით” ტარანტინოს ობიექტივში, შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე ნახოთ და Following-ც არ დაგავიწყდეთ.
Sarah K. Benning
ფოტოაპარატთან და ფოტოშოპთან დამეგობრების სურვილი უკვე გამოვიწვიეთ თქვენში, ახლა ჯერი მათზეა, ვინც ბავშვობაში ქარგავდა, ან ყოველთვის უნდოდა ექარგა და ეს სურვილი მიგავიწყდათ კიდეც. ამერიკელი სარა ბენინგის გვერდი ინსპირაციის დაუშრეტელი წყაროა, გოგონა, რომელიც ბუნებას, ყვავილებს, მცენარეებს ქარგავს და შესაფერის ინტერიერში ულამაზეს ფოტოებსაც უღებს. ჯერ მაუსი მოიმარჯვეთ და მიჰყევით ბმულს, შემდეგ კი პირობას გაძლევთ, რომ ნემსსა და ძაფებსაც მოიმარჯვებთ.
Havenly
სულ რომ ინტერიერის დიზაინერობას არ გეგმავდეთ, ვფიქრობთ, რომ მსგავსი გვერდების თვალიერება თვალებს ამშვიდებს, სასიამოვნო ფიქრებს აღძრავს და შეიძლება 10 წუთის შემდეგ საკუთარ ოთახში ავეჯის გადაადგილებაზეც გიბიძგოთ, ახალი დეკორის იდეა მოგივიდეთ კედლებზე, ან სულაც, დიდი ხანი რომ გინდოდათ და ოთახის მცენარეები ჯერაც არ შეგიძენიათ, რაღას უცდით, ცვლილებების დროა!