fbpx

რელიგიები რიცხვებში


გააზიარე სტატია

ავტორი: თეა სხიერელი

 

ქრისტიანობა მსოფლიოში უდიდესი რელიგიაა. Pew Research Center-ის მონაცემებით,  ამჟამად ის 2, 2 მილიარდ მიმდევარს ითვლის, რაც დედამიწის  7,7 -მილიარდიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს (31%) შეადგენს. მეორე ადგილზე ისლამია – 1,6 მილიარდი მიმდევრით (23%).

2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9,3 მილიარდს მიაღწევს (35%-ით გაიზრდება). როგორც ვარაუდობენ, 2050 წელს მუსლიმური რელიგიის მიმდევართა რაოდენობა 73%-ით მოიმატებს და 2,8 მილიარდს მიაღწევს (რაც მსოფლიო მოსახლეობის 30% იქნება) და თითქმის გაუტოლდება ქრისტიანთა რიცხვს (2,9 მილიარდს – 31%),  ეს კაცობრიობის ისტორიის მანძილზე პირველად მოხდება.

 

მსოფლიო რელიგიების გავრცელების რუკა

  • ქრისტიანობა (ლურჯი) ამერიკის კონტინენტებზე, ევროპასა და აფრიკის სამხრეთ ნახევარზე დომინირებს.
  • ისლამი (მწვანე) მთავარი რელიგიაა ჩრდილოეთ აფრიკიდან შუა აღმოსავლეთის გავლით ინდონეზიამდე.
  • ინდოეთი თვალში მოგხვდებათ, როგორც ინდუიზმის უზარმაზარი გაერთიანება (მუქი ნარინჯისფერი).
  • ბუდიზმი (ღია ნარინჯისფერი) სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და იაპონიის მთავარი რელიგიაა.
  • ჩინეთი ათეისტი/აგნოსტიკოსი მოსახლეობით (ნაცრისფერი) მსოფლიო ლიდერია, ასევე, „სხვა“ რელიგიის მიმდევრებითაც (ყვითელი).
  • ამერიკის კონტინენტებზე კი (უმეტესად) მყარად ქრისტიანი მოსახლეობაა.

ეს ერთ რუკაზე აღბეჭდილი, მსოფლიოში გავრცელებული ძირითადი რელიგიებია. მსოფლიო რელიგიების საუკეთესო და ყველაზე მარტივი რუკა დიზაინერმა, ბლოგერმა და მოგზაურმა კერი ოსგუდმა  შექმნა, მასზე ნათლად ჩანს, სხვადასხვა რელიგიის რამდენი მიმდევარი ცხოვრობს ამა თუ იმ ქვეყანაში.

ოსგუდის რუკა ეფუძნება  World Religion Database-ის მონაცემებს, რომელიც ბოსტონის უნივერსიტეტის კულტურის, რელიგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამონაწილეობით შეიქმნა.

რუკა არამხოლოდ მსოფლიო რელიგიების მიმდევართა რაოდენობას, არამედ მათ განაწილებასაც ასახავს – გლობალურ და ნაციონალურ მასშტაბებში. წრეები ქვეყნების აღმნიშვნელია, მათი სხვადასხვა ზომა მოსახლეობის რაოდენობას გვაჩვენებს, წრეების ნაწილები კი რელიგიურ მიკუთვნებულობას.

  • ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ქრისტიანობა კვლავ ყველაზე ფართოდ გავრცელებული მრწამსია, მაგრამ მაღალია ათეისტი/აგნოსტიკოსი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელიც – ძირითადად დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი ჩეხეთში (50%).
  • ისლამის მიმდევართა რიცხვი დიდია საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში, ყველაზე მეტად ბალკანეთის ქვეყნებში: ალბანეთის მოსახლეობის უმრავლესობა, ბოსნიის მოქალაქეების თითქმის ნახევარი და სერბეთის მოსახლეობის მეოთხედი.
  • ისრაელი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელშიც მოსახლეობის უმრავლესობა იუდაიზმის მიმდევარია (75%). მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც, რომელიც განცალკევებულადაა ნაჩვენები, იუდაიზმის მიმდევრების  რაოდენობა 20%-ია, ხოლო მუსულმანების – 80%.
  • იმის გამო, რომ ქვეყნების სიდიდე მოსახლეობის რაოდენობით იზომება და არა ფართობით, ზოგიერთი მათგანი რუკაზე უფრო დიდი ან პატარაა, ვიდრე წარმოიდგენდით. აქ საინტერესო შედეგები გვაქვს: მაგალითად, მუსულმანურ ინდონეზიაში უფრო მეტი ქრისტიანია, ვიდრე ქრისტიანულ ავსტრალიაში.
  • ინდუიზმის მიმდევრები ინდოეთის გარეთ ყველა ქვეყანაში უმცირესობაში არიან, ნეპალის გარდა.

რუკაზე სხვადასხვა ქრისტიანული ან ისლამური სკოლები გაერთიანებულია, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომადგენლები საერთო რელიგიის სხვადასხვა განშტოებებს „ჭეშმარიტ მორწმუნეებად“ არ სცნობენ. რუკაზე ასევე, არ ჩანს განსხვავება ათეიზმსა („ღმერთი არ არსებობს“) და აგნოსტიკოსობას („შესაძლოა, ღმერთი არსებობს, ან არ არსებობს, ჩვენ არ ვიცით“) შორის.

 

მსოფლიო რელიგიების მომავალი

პიუს კვლევითი ცენტრის პროგნოზით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში ქრისტიანები კვლავაც უდიდეს რელიგიურ ჯგუფად დარჩებიან, თუმცა ისლამის გავლენა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე სხვა ძირითადი მსოფლიო რელიგიისა. მუსლიმების რაოდენობა მსოფლიოში, ფაქტობრივად, ქრისტიანებისას გაუტოლდება.

მართალია, ათეისტების, აგნოსტიკოსებისა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს არც ერთ რელიგიასთან არ აიგივებენ, აშშ-სა და საფრანგეთში გაიზრდება, მაგრამ დედამიწის საერთო მოსახლეობაში მათი წილი შემცირდება.

ბუდიზმის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით ისეთივე დარჩება, როგორიც 2010 წელს იყო, ხოლო ინდუიზმისა და იუდაიზმის აღმსარებელთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ახლაა.

მსოფლიოს ყოველი ათი ქრისტიანიდან ოთხი იცხოვრებს აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. ბუდიზმის გამოკლებით, ყველა მსოფლიო რელიგია მომავალი ათწლეულების განმავლობაში ზრდის ტენდენციას ამჟღავნებს. დედამიწაზე ბუდისტების რაოდენობა კი თითქმის იმდენივე დარჩება, რამდენიც ახლაა. ამის მიზეზი შობადობის დაბალი მაჩვენებელია;

ინდუსების რაოდენობა მთელ მსოფლიოში 34 პროცენტით გაიზრდება; დღესდღეობით მათი რიცხვი მილიარდს ცოტათი აჭარბებს, ხოლო 2050 წლისთვის 1,4 მილიარდს მიაღწევს. ე. ი. დაახლოებით ისევე გაიზრდება, როგორც დედამიწის მოსახლეობა.

მოსალოდნელია, რომ იუდაიზმის მიმდევრების რაოდენობა  16 პროცენტით მოიმატებს და 2010 წელს აღრიცხული 14 მილიონიდან 2050 წლისთვის 16,1 მილიონამდე გაიზრდება.

ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მათ შორის, რომლებიც  დემოგრაფიული პროგნოზების სახით Pew Research Center-მა გამოაქვეყნა.   

 

 

პროგნოზები რეგიონებისა და ქვეყნების თაობაზე

გლობალური პროგნოზის გარდა, ანგარიშში იმ რელიგიურ ცვლილებებსაც ვეცნობით, რომლებიც 198 ქვეყანასა და ტერიტორიას შეეხება – ეს ის გეოგრაფიული ერთეულებია, სადაც 100 ათასზე მეტი ადამიანი სახლობს.  

ევროპა ერთადერთი რეგიონია, რომლის მოსახლეობაც მთლიანობაში შემცირდება. უახლოეს ათწლეულებში ევროპელ ქრისტიანთა რიცხვი 100 მილიონით დაიკლებს – 553 მილიონიდან 454 მილიონამდე. ქრისტიანები ევროპის ყველაზე დიდ რელიგიურ ჯგუფად დარჩებიან, მაგრამ, პროგნოზის მიხედვით, ისინი მოსახლეობის სამი მეოთხედის ნაცვლად ორ მესამედზე ნაკლები იქნებიან.  

2050 წლისათვის ევროპაში მცხოვრებ ადამიანთა თითქმის მეოთხედი  (23%) საკუთარ თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს, ხოლო მუსლიმთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 5.9%-იდან (2010 წლის მონაცემი) 10%-მდე გაიზრდება. ამავე პერიოდში ევროპაში ინდუიზმის მიმდევართა რაოდენობა  იმიგრაციის ხარჯზე გაორმაგდება – 1,4 მილიონიდან (0,2З%) 2,7 მილიონამდე (0,4%). იგივე ტენდენცია ევროპაში ბუდისტებსაც შეეხება, მათი რიცხვი 1,4 მლნ-იდან 2,5 მლნ -მდე გაიზრდება.

აშშ-ის მოსახლეობის ზრდის პროგნოზის თანახმად, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც „სხვა რელიგიებს“ აღიარებენ, გაორმაგდება. აშშ-ის მოსახლეობაში ქრისტიანების წილი (2010 წ. 78%) შემცირდება (2050 წ. 66%) და, შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, უფრო მეტი მუსლიმი იცხოვრებს (2,1 პროცენტი), ვიდრე იუდაიზმის მიმდევარი (1,4 პროცენტი). 

 

რელიგიური უმრავლესობის ცვლილება

იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებშიც ქრისტიანები ყველა სხვა რელიგიის მიმდევრებს ჭარბობენ, 159-იდან 151-მდე შემცირდება; ამ რელიგიის აღმსარებლების წილი საერთო მოსახლეობის 50 პროცენტს ჩამოსცდება – ეს ქვეყნებია: ავსტრალია, ბენინი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, მაკედონია და დიდი ბრიტანეთი.

მოსალოდნელია, რომ 51-ზე მეტ ქვეყანაში 2050 წლისათვის მუსლიმები მოსახლეობის 50 პროცენტს შეადგენენ, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 2010 წლის ანალოგიური მაჩვენებელი. მაკედონიის რესპუბლიკასა და ნიგერიაში ისინი რელიგიურ უმრავლესობად იქცევიან, თუმცა ნიგერიის ქრისტიანი მოსახლეობა მაინც მრავალრიცხოვანი იქნება; მეტიც, პროგნოზის მიხედვით,  ნიგერიელი ქრისტიანები რაოდენობით 2050 წლისთვის მსოფლიოში მესამე ადგილს დაიკავებენ, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

სავარაუდოა, რომ 2050 წლისთვის საფრანგეთის, ახალი ზელანდიისა და ნიდერლანდების მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი არც ერთ რელიგიასთან მიკუთვნებუოლობას არ აღიარებს.

პიუს კვლევითი ცენტრის პროგნოზები  მოსახლეობის იმ რაოდენობაზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლებიც საკუთარ თავს ამა თუ იმ რელიგიურ ჯგუფს მიაკუთვნებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად იცავენ შესაბამის წესებს ცხოვრებაში. ის, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი ან სხვა რელიგიის მიმდევარი, ყოველ ადამიანს თავისებურად ესმის, სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაშიც ეს ფენომენი განსხვავებულია. კვლევის დეტალების გაცნობა შესაძლებელია პიუს კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე.

 


რეკომენდებული სტატიები
იესო ქრისტეს სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორიული მტკიცებულებები

იესო ქრისტეს სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორიული მტკიცებულებები

იესო ქრისტეს სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორიული მტკიცებულებები
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, იესო მხოლოდ აბსტრაქტული იდეაა და არა ნამდვილი ისტორიული ფიგურა. თუმცა, არსებობს საკმაოდ ბევრი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც 2000 წლის წინ ქრისტეს არსებობას ადასტურებს.
საქართველო ციფრებში

საქართველო ციფრებში

საქართველო ციფრებში
საქსტატისა და UNFPA-ს მონაცემებით, მოსახლეობის შემცირების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ამის მიზეზი დაბალი შობადობა არაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.