fbpx

სახელოვნებო სივრცე “ობსკურა”


გააზიარე სტატია

 

წარმოგიდგენთ ინტერვიუს სახელოვნებო პლატფორმის, “ობსკურას” დამფუძნებლებთან და გაგაცნობთ კვირა დღის გამოფენებს, დროებით სახელოსნოს და სამომავლო გეგმებს.

 

როგორ დაიწყეთ “ობსკურა”? 

 “ობსკურა” 2013 წელს შეიქმნა. სოფო კობიძის იდეის გარშემო გაერთიანდა მხატვრების ჯგუფი და გადაწყდა 1990-იანი წლების შესახებ გამოფენის გაკეთება. მარტო მხატვრებს გაგვიჭირდა მოსამზადებელი პროცესების მართვა და დავიწყეთ კურატორების ძებნა. მოვიწვიეთ მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე. რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა ჯერ თბილისში, ახლანდელი “კაფე სტამბას” მანქანების სადგომზე და შემდეგ თელავის თეატრში გამოფენით დავასრულეთ.

პირველ პროექტში სხვადასხვა მიმართულების ხელოვანები იყვნენ ჩართული –  მუსიკოსები, ფოტოგრაფები, გვქონდა წარმოდგენილი ვიდეო, ინსტალაცია, დოკუმენტური მასალები… მივხვდით, რომ ასეთი სისტემა კარგად მუშაობდა, ხელოვანებს აინტერესებდათ სხვა მედიებთან ერთად თავიანთი ნამუშევრების წარმოდგენა. კიდევ რამდენიმე პროექტი დავიწყეთ. 2015 წელს ‘’ფესტ ი ნოვა გარიყულაზე’’ ვმონაწილეობდით, შემდეგ დიდი პროექტი გვქონდა 2016-ში – “სინთეზი” – თბილისში, რუსთავსა და თელავში. პარალელურად სულ ვაკეთებთ პატარ-პატარა გამოფენებს. ამასობაში ბევრი საინტერესო, მეგობრული ურთიერთობები გაჩნდა “ობსკურას” და სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ხელოვანებს შორის. სულ ახალ საგამოფენო სივრცეებს და ექსპერიმენტულ ტერიტორიებს ვითვისებთ, ასე რომ ბევრი ორგანიზაციაც დავიმეგობრეთ. 2018 წლიდან პროპაგანდამ შემოგვთავაზა სტამბა D ბლოკში დროებითი სახელოსნო, სადაც მუდმივი შეკრების ადგილი გვაქვს 2019 წლის სექტემბრამდე. მერე ვნახოთ, როგორ გაგრძელდება…

 

რას ნიშნავს “ობსკურა”?

სანდროს კატას ჰქვია ობსკურა. სახელს როცა ვეძებდით ჩვენი ჯგუფისთვის, ობსკურაც იქ იყო და ჯერ უბრალოდ ვიფიქრეთ, რომ ასე დაგვერქმია, მერე უფრო სერიოზულად მივუდექით, სიტყვის მნიშვნელობები ვნახეთ. „ობსკურაშეიძლება იყოს ვარსკვლავი, რომელიც ჯერ არ არის აღმოჩენილი ან ნისლებშია დამალული, ასევე არსებობს ობსკურა გემი ან კუნძული –  ამოუცნობი ობიექტი ზღვაში, კოსმოსში ან სადმე სხვაგან.

 

როგორ გაქვთ გადანაწილებული “ობსკურას” სამუშაო ჯგუფს ფუნქციები?

ძირითად სამუშაო ჯგუფში ექვსნი ვართ: ორი კურატორი – მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე, და ხელოვანები: ნატო ბაგრატიონი, სოფო კობიძე, სანდრო სულაბერიძე და ნინუცა შატბერაშვილი. ერთად ვამუშავებთ იდეებს, ვმსჯელობთ და საბოლოოდ პროექტები იწერება. დაფინანსებას ვიშოვით თუ არა, მაინც ვცდილობთ, რომ სულ ვაკეთოთ…  თუნდაც პატარა საქმეები.

ამ პატარა საქმეებს მოჰყვება ხოლმე საინტერესო შემოთავაზებები. მაგალითად, 2016-ში ფაბრიკაში რომ გამოფენა გვქონდა, იქ შვეიცარიული რეზიდენციის (message salon embassy zürich) წარმომადგენელი მოხვდა და სანდრო და ნინუცა მიიწვია რეზიდენციაში. სამი თვე იმუშავეს ციურიხში და შემდეგ “ობსკურას” მეხუთე დაბადების დღეზე სანდროს ნამუშევარი “ბუზის თვალთახედვა 2” ჩვენც გამოვფინეთ. ეს გამოფენა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ინვენტარი, განათება, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები იმ ადამიანებმა გვათხოვეს, ვისთანაც მანამდე გვითანამშრომლია.

საორგანიზაციო პროცესშიც ჩვენთან ერთად პროექტების მონაწილე სხვა ხელოვანებიც არიან ჩართული. ისეც ყოფილა, რომ წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ხელოვანები გვთავაზობენ თავიანთ იდეებს და ვეხმარებით განხორციელებაში. მაგალითად, ვენეციის ბიენალესთვის ვაჟიკო ჩაჩხიანს ჰქონდა იდეა და შემოგვთავაზა, რომ ერთად გვემუშავა საქართველოს პავილიონზე.

 

სანამ სტამბის D ბლოკში იქნებოდით, მანამდე მუდმივი სივრცე გქონდათ სადმე?

მუდმივი სივრცე არ გვქონია. სანამ აქ გადმოვიდოდით, ჩვენი შეკრებების ადგილი მარიამის სამზარეულო იყო. მარიამის სახლში ერთი გამოფენაც გვქონდა, სოფო კობიძის, შარშან, ზაფხულში. ასევე გვქონია გამოფენები ფაბრიკაში, ლიტერატურის მუზეუმში, თელავის პარკში, გარიყულაზე, რუსთავის პარკში, გალერეა კონტეინერში… სულ სხვადასხვა ხალხი მოდის გამოფენებზე და ესეც მოგვწონს. 2019 წლის დასაწყისიდან D ბლოკში კვირაობით პატარა გამოფენებსაც ვაწყობთ, რომლებსაც უფრო მეტად მეგობრული შეკრების და აზრების გაზიარების დატვირთვა აქვს. აქ რომ დავბინავდით, მივხვდით, რომ საჭირო იყო  მსგავსი ექსპერიმენტებისთვის დაგვეთმო ჩვენი ოთახი (რაც დიდი გამოფენებზე ადგილს ვერ პოულობს).

 

თქვენს ახლანდელ სივრცეში ყოველ კვირა დღეს სხვადასხვა ხელოვანების ერთდღიანი გამოფენები იმართება. როგორ არჩევთ ხელოვანებს?

open call არ გვაქვს. პირველ კვირა დღეს კერამიკოსი ირაკლი ხანთაძე მოვიწვიეთ. ახლა უკვე ინიციატივა ძირითადად თვითონ ხელოვანებისგან მოდის. გვიგზავნიან იდეებს, პორტფოლიოებს და შემდეგ ერთად ვარჩევთ კვირა დღის შეხვედრებისთვის შესაბამის ნამუშევრებს. ჩვენთვის მთავარია, რომ კვირაობის ფორმატის და ჩვენი არც ისე დიდი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში ჩაჯდეს შერჩეული პროექტი. კვირა დღეებს ვუთმობთ როგორც იმ ხელოვანებს, ვისთანაც აქამდე უკვე გვქონია კოლაბორაცია, ასევე ახალ მეგობრებს, სტუდენტებს, ჩვენთან შედარებით უფროსი თაობის მხატვრებს… უკვე საკმაოდ გრძელი პროგრამა გვაქვს გაწერილი კვირებისთვის. კვირა დღეების შეკრებები ძველი ურთიერთობების შენარჩუნების და ახალი კონტაქტებისთვის კარგი საშუალებაა, რომელსაც არ აქვს არავითარი ბიუჯეტი და არც ოფიციალური სახე. ისე ვუმასპინძლდებით კვირაობის სტუმრებს, როგორც ვახერხებთ ხოლმე. გამოფენაზე მოსულ ადამიანებს შეუძლიათ უშუალოდ გაიცნონ ავტორი, გაესაუბრონ მას და ა.შ. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ კვირა დილის წირვასაც ჰგავს ეს ყველაფერი.

 

თითქმის ყველა  ექსპოზიციაში იყენებთ ხის რამდენიმე ნივთს. რა დატვირთვა აქვთ მათ?

როდესაც სტამბაში გადმოვედით, ფინანსები არ გვქონდა და ოთახისთვის სპეციალურად ახალი ინვენტარის დამზადება ვერ შევძელით. მაგრამ მოვიტანეთ “ობსკურას” გამოფენებიდან დაგროვილი ნივთები. ეს ნივთები გარკვეულწილად რაღაც ისტორიის მატარებელია, ამიტომაც შემოვიტანეთ ისინი და გავხადეთ აქაურობის მუდმივი ნაწილი. როდესაც კვირის გამოფენას ვაწყობთ ხოლმე, ვცდილობთ, რომ ეს ინვენტარი, სხვადასხვა დატვირთვით, აქტიურად გამოვიყენოთ. მონაწილე ხელოვანებმაც იციან, რომ ეს არის ჩვენი ბაზა და ითვალისწინებენ ამ მოცემულობას ნამუშევრის შერჩევის და ექსპოზიციის მომზადებისას.

 

თავისი ხელოვანები თუ ჰყავს “ობსკურას”

“ობსკურას” ჰყავს ბევრი ხელოვანი, ვინც რამდენიმე პროექტში იყო ჩართული. პროფესიული კონტაქტების დიდი ქსელი გვაქვს, ვცდილობთ, რომ მოვიცვათ სხვადასხვა მედიის, ინტერესების, პროფესიის, ასაკის ადამიანები. ყველა, ვისთანაც გვითანამშრომლია “ჩვენი” ხელოვანია, ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ, დავინტერესდეთ, როგორ ვითარდება, რას ქმნის ახალს. მაგრამ შეზღუდვები არ გვაქვს, ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებს ყოველთვის მივუთითებთ, რომ “ობსკურას” მხარდაჭერით შეიქმნა. სხვა შემთხვევაში ხელოვანები თავისუფალი არიან და ნებისმიერ სხვა ინსტიტუციასთანაც შეუძლიათ თანამშრომლობა. “ობსკურას” პროექტები ჩვენი პატარა ჯგუფისთვისაც ხშირად ახალი თანამშრომლობის დასაწყისია.  როგორც კურატორებს და ხელოვანებს, “ობსკურას” პროექტების შემდეგ ბევრი შემოთავაზება მიგვიღია და ზოგჯერ ინდივიდუალურად ვთანამშრომლობთ, ზოგჯერ ჯგუფურად ვერთვებით. 2016-ში მთელი გუნდი ვიყავით მიწვეული რაჭაში, კოტე ჯინჭარაძის რეზიდენციაში, რომელიც ფესტივალ არტრას ფარგლებში ფუნქციონირებს. რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულ ორგანიზაციასთან ერთად “იარე ფეხით”. 2018 წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალეს კურატორული გუნდის წევრებიც ვიყავით.

კვირა დღეების გამოფენების პარალელურად მიმდინარეობს კვლევა, ვაგროვებთ მასალებს ახალი ხელოვანების შესახებ და ვმუშაობთ რამდენიმე ექსპერიმენტულ საექსპოზიციო დანადგარზე. ერთ-ერთი დანადგარი მაისში, სტამბა D ბლოკში “ოქსიჯენზეც” იქნება წარმოდგენილი.  


რეკომენდებული სტატიები
„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში
Play Video

„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში

„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში
პერფორმანსი სათაურით „სინესთეზია“ ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა „ახალ ქიმერიონში“, რომელიც  თბილისის ერთ-ერთი ახლად გახსნილი სახელოვნებო სივრცეა
Window Project - ხელოვნება თბილისის ვიტრინებში

Window Project - ხელოვნება თბილისის ვიტრინებში

Window Project - ხელოვნება თბილისის ვიტრინებში
20 სექტემბერს, Window Project-ის ვიტრინაში წარმოდგენილი იქნება სალომე ჩიგილაშვილის ნამუშევარი „უსათაუროდ“.  ეს არის თაბაშირის ქანდაკება, რომელიც ავტორის ძველი მცირე რელიეფური ქანდაკების გადიდებული ვერსიაა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.