fbpx

საკულტო მოდელის გაუჩინარება – საუბარი ბენედეტა ბარძინისთან თბილისში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინია კაკაბაძე

 

“მიიღეთ ოდნავ გაკვირვებული სახე, ტუჩები წინ წამოსწიეთ და თქვით – იოო, შემდეგ ტუჩები უკან გასწიეთ, გაიღიმეთ და თქვით – გაა. გამოდის იო-გა”. შაყირობს და თან გვასწავლის  ბენედეტა ბარძინი, რაც ახლა cheers-ის ახალი ვერსია ყოფილა ფოტოს გადაღებისას.

11-12 მაისს დოკუმენტური კინოს ფესტივალის – “სინედოკის” ფარგლებში  ბენიამინო ბარეზეს ფილმი “დედაჩემის გაუჩინარება” აჩვენეს. ფილმი იტალიელ მოდელზე, ბენიამინოს დედაზე, ბენედეტა ბარძინიზეა.

 

 

 

ჩვენების შემდეგ მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა სადმე დავმსხდარიყავით და ამ შესანიშნავ, ლამაზ, ჭკვიან ქალზე გვესაუბრა. კინოთეატრიდან წასვლისას ბენედეტას ვკითხეთ, ხომ არ წამოვიდოდა ჩვენთან ერთად. კაფეს სახელი ჩაიწერა და გვითხრა, თუ მოვახერხებ, მოვალო. ცხადია, არცერთს არ  გვქონდა იმედი, რომ მოვიდოდა. მაგრამ ეს საოცარი ქალი ზუსტად ნახევარ საათში შემოგვიერთდა. ბევრი ვისაუბრეთ ფილმზეც და მის გამოცდილებაზეც.

ეს არც ფილმის რეცენზიაა, არც ინტერვიუ, ეს ჩვენი საუბრიდან რამდენიმე პატარა მონაკვეთია, რომელიც მობილურით ჩავიწერე და გავშიფრე.

 

მოდელი ბენედეტა ბარძინი

მის გარეგნულ თვისებებზე ფოტოები მოგიყვებიან, მე მხოლოდ შინაარსზე მოგახსენებთ. დაახლოებით 20 წლის იყო, როდესაც ქუჩაში ვიღაც ბიჭმა გააჩერა და რამდენიმე ფოტო გადაუღო. ისე მოხდა, რომ ბენედეტა სამ კვირაში ამერიკული ვოგის ყდაზე აღმოჩნდა.

რადგან მოდელის პროფესიას გაჰყვა, მას უმაღლესი განათლება აღარ მიუღია. საინტერესო მხოლოდ ის არის, რომ ბენედეტას სძულს ყველაფერი, რაც ამ პროფესიას მოჰყვება.

ფილმში “დედაჩემის გაუჩინარება” ჩანს ეპიზოდი, როდესაც ის და მისი ვაჟი ლონდონის ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს ნომერში შედიან. ათვალიერებს ოთახს, სააბაზანოს და იქვე ამბობს:

“არ მიყვარს ფუფუნება, შეჩვევა იცის”, და უარს აცხადებს სასტუმროს აბაზანაში ბანაობაზე. მისი ჩაცმულობა, მისი სახლი, ვარცხნილობა… ყველაფერი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის შეგნებულად არ გახდა მოდის სამყაროს წევრი და არ მიიღო ყველა ის პრივილეგია, რომელსაც სთავაზობდნენ.

“ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად სიყალბე მძულს. ყველაფერი ყალბია – მიწებებული წამწამები, დახატული თვალები, მაკიაჟით დამალული სახე…”

სწორედ ამიტომ არის მოდელი ბენედეტა ბარძინი უკიდურესად საინტერესო ქალი – 50 წელზე მეტია მოდის სამყაროშია, მოდელის პროფესია აქვს და მუდმივ კონფლიქტშია მასთან. ის დღემდე ამ სამყაროს წარმოადგენს.  2017 წელს, 72 წლის ასაკში, სწორედ ფილმში ასახულ ეპიზოდში ჩანს, რომ ის ლონდონის მოდის კვირეულზე ჩვენებაში მონაწილეობს.

ყველაზე მეტად მეორე პროფესია უყვარს – სტუდენტებთან ურთიერთობა. ის ცდილობს, მათ განსხვავებულად აზროვნება ასწავლოს.

 

ლექტორი

“ნიუ-იორკში როდესაც ვცხოვრობდი, ჩემმა ერთმა ნაცნობმა შემომთავაზა ლექციები წამეკითხა მოდის ისტორიაზე. მითხრა, რომ ლექტორი, რომელიც ამ საგანს კითხულობს, ფეხმძიმედ იყო და ერთი წელი ვერ იმუშავებდა. მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი, საერთოდ არაფერი ვიცოდი მოდის ისტორიის შესახებ.

მაშინ დავიწყე ამ საკითხის შესწავლა და დამაინტერესა, რატომ აქვს კაცს ერთი ჩაცმულობა და ქალს რამდენიმე ათასი? რატომ იყო ყველა ეპოქაში ქალის სადღესასწაულო ტანსაცმელი ასეთი არაკომფორტული? იქნება ეს მჭიდროდ წელზე მოჭერილი კაბები თუ შემდეგ უკვე მაღალი ქუსლები.

იმიტომ რომ, თუკი ქალი გამოდიოდა სახლიდან გარეთ, ის იყო საჩვენებელი ობიექტი, მას ცოტა უნდა ემოძრავა და შეესრულებინა სამუზეუმო ექსპონატის ფუნქცია. მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არ უნდა გასულიყო სახლიდან.  ამისთვის შექმნა პატრიარქალურმა კულტურამ, კაცებმა, ქალის არაკომფორტული ტანსაცმელი.

მაგალითად, ჩინურ კულტურას აქვს პატარა, მოჭერილი ფეხსაცმელი, დასავლურ კულტურას კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მიზანი ორივე შემთხვევაში ერთია – ქალს შეუქმნა ისეთი დისკომფორტი, რომ დიდხანს ვერ გაჩერდეს გარეთ ან კი სულ არ გავიდეს სახლიდან. ასეა დღესაც, თუკი ჩვენ გვინდა ბევრი ვიაროთ, სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვროთ სახლის გარეთ, ფეხზე უნდა ჩავიცვათ კაცის ფეხსაცმლის მოდელი, დავემსგავსოთ კაცებს.

ყველაფერი მოდის ტრადიციიდან, ისტორიიდან მოდის, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ, მე სულ ამას ვუმეორებ ჩემს სტუდენტებს, – ამბობს ბენედეტა. – მაგალითად, პორნოგრაფიის შემქმნელი იყო კათოლიკური ეკლესია და შექმნეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ – რა ცუდია სექსი, რა ბინძურია.

დასავლურ ქვეყნებში ჩვენ ვაშიშვლებთ ქალებს, აღმოსავლურ ქვეყნებში კი პირიქით – ფუთავენ და მალავენ მათ. თუკი ამ ორი სამყაროს ქალების იმიჯებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ქალები ვერასდროს იცვამდნენ ისე, როგორც მათ სურდათ. თუ გინდა, რომ იყო სექსუალური, უნდა დაემორჩილო ამ დასავლურ სტერეოტიპს, შედგე ქუსლებზე, გამოკვეთო მკერდი, გამოაჩინო ფეხი და ა.შ. და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოეწონო კაცს.

სამწუხაროდ ჩვენ კიდევ ბევრი დრო დაგვჭირდება, რომ ვისწავლოთ საკუთარი თავის მოწონება, ისეთის, როგორიც ვართ და არა ისეთის, როგორსაც მოდა და სტერეოტიპები გვკარნახობს.

მე სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ თუკი გინდა იყო ნოვატორი, კარგად უნდა იცოდე ისტორია, უნდა იცოდე ტრადიცია, რომ მოახდინო მისი დეკონსტრუქცია.

რას ნიშნავს ინოვაცია? თუკი შენ ადგები და საახალწლო ნაძვის ხეს სახლში დადგამ ფეხებით მაღლა, ან დაკიდებ ჭერზე, ეს არ არის ნოვატორული იდეა, ეს მხოლოდ ორიგინალური იდეაა. მე სწორედ ვცდილობ, ჩემს სტუდენტებს ვუბიძგო იქითკენ, რომ იყვნენ ნოვატორები.

ჩემთვის ამ საგნის სწავლება გახდა ყველაზე საინტერესო საქმე. ეს უფრო არის მოდის ანთროპოლოგია, სადაც მე ვიყენებ ცოდნას და უპირველეს ყოვლისა პირად გამოცდილებას“.  ბენედეტა ძალიან ბედნიერია, რომ ფილმის ჩვენების შემდეგ სწორედ ამ საკითხებზე საუბრის საშუალება მიეცა.

 

დედა

ფილმში, სადაც ის სტუდენტებს ესაუბრება, ღვთისმშობლის იმიჯებს აჩვენებს. ღვთისმშობელი იესოს გარეშე, სადაც ის წიგნით არის და მეორე, ღვთისმშობელი იესოსთან ერთად.  “ეს არის ქალის ორი სახე, მაგრამ გახსოვდეთ, ჩვენი მთავარი ფუნქციაა დედობა”. ცნობილი ფემინისტისგან მსგავსი სიტყვები, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად ჟღერს. ცხადია, ძალიან მაინტერესებდა და ვკითხე,  ეს ირონიული ნათქვამი იყო თუ სერიოზული, რადგან ჩვენ, ქალებს სწორედ ამას გვეუბნებიან მუდამ, რომ დედობა ჩვენი მთავარი ფუნქციაა. “არა, მე მართლა ასე ვფიქრობ”, –  მიპასუხა ბენედეტამ.

პირველი შვილი 27 წლის ასაკში გააჩინა, ბოლო 43 წლის ასაკში, სულ ოთხი ჰყავს.  ფეხმძიმობა, მშობიარობა და პირველი წლებში შვილების მოვლა მისი პროფესიის ქალისთვის პროტესტის ტოლფასი იყო. მის გარშემო ქალებს ეშინოდათ დაფეხმძიმების, რადგან შეიძლება მათი სხეული დაზიანებულიყო, შეიძლება სამსახური ვეღარ ეშოვათ, მით უმეტეს, რომ მოდელების უმეტესობას სხვა პროფესია არც აქვთ.

ამიტომ ბენედეტასთვის დედობა იყო როგორც მანიფესტი, როგორც დედობის უფლების მოპოვება.  “ჩემი შვილი, რომელიც ახლა 33 წლის არის, დღემდე მელაპარაკება იმაზე, თუ როგორ აკლდა ჩემი ყურადღება.  შენ ჩემთვის არც ერთხელ მოგიკითხავს სკოლაშიო. მე დღემდე მიჭირს ახსნა, თუ რა ძალისხმევად დამიჯდა შვილების გაჩენა და მათი უზრუნველყოფა.

მათი დაბადების შემდეგ ჩემთვის მოდელად მუშაობა მხოლოდ შემოსავლის წყარო იყო, რადგან იქ სხვა არაფერი მაინტერესებდა, ამ შემოსავლით მატერიალურად ვუზრუნველყოფდი მათ. ვცდილობდი ამეხსნა, რომ მე ვმუშაობდი ბევრს, მხოლოდ იმისათვის, რომ გადასახადები, მათი სკოლის ფული გადამეხადა, საჭმელი დამედო მაგიდაზე”.

ბენედეტამ ოთხივე შვილი მარტომ გაზარდა. ორი პარტნიორი ჰყავდა – პირველი 27 წლის ასაკში, ტყუპების დაბადებისთანავე გაუჩინარდა, მეორესთან კი სულ 3-4 წელი გაატარა და მასაც დაშორდა.

“პრაქტიკულად სულ მარტომ ყველაფერი გავაკეთე შვილებისთვის, რაც შემეძლო და ისიც გავიგე, რაც უნდა გააკეთო, შვილებს მაინც აკლიხარ და მაინც უკმაყოფილონი არიან.  მაგრამ მგონია, რომ მთავარი ვასწავლე და ვისწავლე.

დედისა და შვილების სიყვარულის ფორმა განსხვავებულია, ეს ის ფორმაა, სადაც დედამ შვილს უნდა ასწავლოს წასვლა. სიყვარულის ყველა სხვა ურთიერთობა, იქნება ეს საყვარელი, ქმარი თუ მეგობარი, გინდა დაიტოვო და სულ გვერდით გყავდეს, მაგრამ შვილები უნდა გაუშვა. მე ჩემს ოთხივე შვილს ვასწავლე წასვლა. ეს ძალიან რთულია”.  

 

აქტივისტი, ფემინისტი  

ბენედეტამ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა 70-იან წლებში დაიწყო. ჩვენს კითხვაზე, რა შეიცვალა მას შემდეგ იტალიაში, ის პასუხობს, რომ არაფერი. „კაცის ცხოვრებაში დროსთან ერთად არაფერი იცვლება, ის მუშაობს, მთელი დღე გასულია სახლიდან, საღამოს მოდის დაღლილი და „ჯდება ტელევიზორთან“. იცვლება ქალის ცხოვრება, ემატება საქმე, მას ორმაგი და სამმაგი შრომა უწევს გარეთ და სახლში. მხოლოდ ერთი ცვლილებაა, ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის დანახვა და მასზე საუბარი“.  

ფილმში ჩასმულია დოკუმენტური კადრები 70-იანი წლების ერთ-ერთი თოქშოუდან, რომელშიც ბენედეტა მონაწილეობს და სადაც ის აუდიტორიას ეუბნება: “ეს სამყარო შექმნილია იმ არსების მიერ, რომელსაც ჰქონდა მამრობითი სქესი. მხოლოდ ამიტომ არის რელიგია დაფუძნებული კაცზე, პატრიარქატზე”.

“ამ საკითხზე დღემდე ბევრს ვლაპარაკობ და პირველ რიგში – ჩემს სტუდენტებთან. ჩვენ ეკლესიაში არ გვიშვებენ იმავე ადგილას, სადაც კაცებს უშვებენ, ჩვენ ვერ გავხდებით პაპი. ჩვენ სახელთან და გვართან ერთად ვწერთ მამის სახელს. მამის ხაზით გრძელდება გენეალოგია. ეს ნიშნავს, რომ ქალს არასდროს ჰქონდა საზოგადოებრივი როლი, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საზოგადოების სრულყოფილი წევრები.

ქალებს უნდა ესმოდეთ, რომ ამაზე ფიქრი და მსჯელობა აუცილებელია, პირველ რიგში კი მიზეზებზე. რატომ მოხდა ისე, რომ ჩვენ არ გვქონდა მეორეხარისხოვანი როლი? ეს არის პრობლემა, რომ ქალები იღებენ ამ რეალობას, როგორც მოცემულობას და არ ფიქრობენ მიზეზებზე”.

დიდხანს ვისხედით კაფეში და კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მაგალითად, იტალიისა და საქართველოს, მათი და ჩვენი საზოგადოების მსგავსებაზე. იტალიელი ქალებისა და რაც მთავარია,  კაცების ერთნაირობაზე. შესანიშნავი საღამოს შემდეგ ბენდეტას სახლისკენ გაცილება რომ გადავწყვიტეთ, ქუჩაში მისი ვაჟი, ფილმის რეჟისორი ბენ ბარეზე და მისი მეგობრები შეგვხვდნენ, რომლებიც კლუბში მიდიოდნენ დროის გასატარებლად. ბენედეტას შესთავაზეს მათთან ერთად წასვლა და ისიც სიამოვნებით დათანხმდა.

მხოლოდ სხეული შეიძლება დაბერდეს და თან ისე ლამაზად, როგორც ეს ბენედეტა ბარძინის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ  გონება და სიცოცხლის სიყვარული მის შემთხვევაში არ ბერდება, ამიტომ ოცნებობს გაუჩინარებაზე.

“მინდა წავიდე იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ, რაც არასდროს მინახავს, იქ, სადაც ყველაფერი უცხოა, არ არის მობილურები, ტელევიზორი, გაზეთი… იქ, სადაც არ არის არაფერი ის, რაც აქ დამაბრუნებს”, – ამბობს ბენედეტა ფილმში “დედის გაუჩინარება”.

 


რეკომენდებული სტატიები
მეორე მსოფლიო ომში, ოდრი ჰეპბერნი ჰოლანდიური წინააღმდეგობის ჯაშუში იყო

მეორე მსოფლიო ომში, ოდრი ჰეპბერნი ჰოლანდიური წინააღმდეგობის ჯაშუში იყო

მეორე მსოფლიო ომში, ოდრი ჰეპბერნი ჰოლანდიური წინააღმდეგობის ჯაშუში იყო
დღეს ოდრი ჰეპბერნის დაბადების დღეა. თუმცა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს ჰქონდა სხვა როლიც, რომლის შესახებ თითქმის არავინ იცოდა
ვერსალის სარკეებიან დარბაზში რეივი გაიმართება

ვერსალის სარკეებიან დარბაზში რეივი გაიმართება

ვერსალის სარკეებიან დარბაზში რეივი გაიმართება
8 ივნისს ვერსალის სასახლეში დიჯეი და Daft Punk-ის ყოფილი მენეჯერი Busy P და მისი ჩამწერი ლეიბლი Ed Banger Records დიდ რეივს აწყობენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.