უილიამ ეგლსტონი – ფერადი ფოტოგრაფიის „ნათლია“


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე სამყაროში, როცა სმარტფონებში ინტეგრირებული ფოტოკამერები ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერს უპრობლემოდ შეუძლია გადაიღოს ფერადი ფოტო, რთული წარმოსადგენია, რომ ფერად ფოტოგრაფიას ათწლეულები დასჭირდა მუზეუმებსა თუ კოლექციებში თავის დასამკვიდრებლად.

ფერადი ფოტოგამოსახულების ბუმი გასული საუკუნის მხოლოდ 70-იან წლებში დაიწყო. ქიმიური ფოტობეჭდვის ტექნიკის ნახტომისებურმა გაუმჯობესებამ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის დომინაცია დაასრულა და ფოტოგრაფები გამოსახულებასთან მუშაობის სრულიად ახალი, შემოქმედებითი გამოწვევების წინაშე დააყენა.  ამერიკელი უილიამ ეგლსტონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ფერადი ფოტოგრაფია წარმოაჩინა, როგორც დიდი ხელოვნება.

 

  • უილიამ ეგლსტონი

 

უილიამ ეგლსტონმა ჯერ შავ-თეთრი ფოტოგრაფიით დაიწყო, თუმცა 1965-66 წლებში მეგობრის ნაჩუქარი Leica-ს ფოტოაპარატით ფერადზე გადაერთო. ის ძალიან ბევრს მუშაობდა ფოტობეჭდვის ქიმიური პროცესის ინდივიდუალურ მეთოდებზე, ატარებდა ექსპერიმენტებს გამოსახულების ფაქტურაზე: კონტრასტსა და სიმკვეთრეზე.

 

  • უილიამ ეგლსტონი

 

საინტერესოა, რომ ეგლსტონი სრულ იზოლაციაში, დამოუკიდებლად მუშაობდა, არ ურთიერთობდა სხვა ფოტოგრაფებთან და არცერთი შემოქმედებითი გაერთიანების თუ სააგენტოს წევრი არ იყო. 1976 წელს, პირველად ფოტოგრაფიის ისტორიაში, ფერადი გამოსახულებები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაწესებულებაში – ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა.  კურატორმა ჯონ ზარკოვსკიმ გარისკა და საზოგადოებას ყველასთვის უცნობი პროვინციელი ახალგაზრდის 75 ნამუშევარი წარუდგინა. კრიტიკოსებმა უცნობი ფოტოგრაფი არ დაინდეს, დაწერეს, რომ ის დილეტანტი იყო და მისი სტილი 5 წლის ბავშვის ხელწერას შეადარეს. ფიასკოს მიუხედავად, 1976 წლის გამოფენა Photographics by William Egglestone ამერიკული ფერადი ფოტოგრაფიის დაბადების არაოფიციალურ თარიღად ითვლება, ეგლსტონს კი ჟანრის „ნათლიად“ მოიხსენიებენ.

 

  • კარენ ჩეთჰემი და ლესა ოლდრიჯი. მემფისი, ტენესი

  • მარსია ჰარი. მემფისი, ტენესი

  • უსათაურო. მისისიპი

  • დევოი მონი. მისისიპი

  • უსათაურო. მისისიპი

 

„შეცდომის უფლება ყველას აქვს. ორჯერ ერთი და იგივე შეცდომის დაშვება – დაუდევრობაა, სამჯერ – უპატიებელია. მაგრამ შეცდომის შეგნებული, პერმანენტული ხასიათი – გენიალურობისკენ მიმავალი გზაა“, – ამბობდა ჰოლანდიელი მხატვარი ერიკ კესსელსი. ეს ფრაზა კი ზუსტად აღწერს უილიამ ეგლსტონის შემოქმედების ხელწერის თავისებურებას.  

მართლაც, დიდი ხნის განმავლობაში უილიამ ეგლსტონის ნამუშევრებში გამოუცდელი ფოტოგრაფის ბანალურ ხედვას, შეცდომებსა და ტექნიკურ წუნსაც ხედავდნენ. სინამდვილეში კი ე.წ. შეცდომები ფოტოგრაფის მიერ კარგად დაგეგმილი და გააზრებული დეტალები იყო. მისი გამოსახულებების უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ სილამაზეს სრულიად არამომხიბვლელ ობიექტებში, არაფრით გამორჩეულ სიტუაციებში პოულობდა. კამერისკენ გამოქცეული ძაღლი, ქალი, რომელიც სოფლის გზაზე დგას, სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებული საფოსტო ყუთები, მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები – ამ ბანალურ, ჩვეულებრივ სცენებს მის მიერ შექმნილი ფერებით, ფერთა ტონებით, ფერთა გრადაციის უნიკალური მეთოდით სძენდა შინაარსს, მომხიბვლელობას, დამთვალიერებლის ყურადღებას იმ სამყაროსკენ მიმართავდა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვხედავთ, ან განგებ არ ვამჩნევთ.  

 

  • ქალი სოფლის გზაზე. გლენდორა, მისისიპი

  • სწრაფი კვების ობიექტი

  • უსათაურო

 

ეგლსტონი ხშირად იმეორებდა, რომ ის არასოდეს იღებდა ერთი და იგივე სიუჟეტს ორჯერ. საკუთარ მანერას კი თოფიდან სწრაფ გასროლას ადარებდა, როცა  ფიქრისა და დამიზნებისთვის დრო აღარ რჩება.

 

  • უილიამ ეგლსტონი

 

ამგვარი მიდგომის გამო მისი ნამუშევრები  არასრულყოფილი, დაუმთავრებელი კადრის განცდას აჩენს, მეორე მხრივ კი – მნახველს იმაზე ფიქრისკენ, ფანტაზიისკენ უბიძგებს, თუ რამ გამოიწვია ფოტოგრაფის ინტერესი და რაც მთავარია – რა არ მოხვდა კადრში.  

ამ აზრის საილუსტრაციოდ ეგლსტონის  ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, 1973 წლის ფოტო „გრინვუდი, მისისიპი“ გამოდგება.

 

  • „გრინვუდი, მისისიპი“. ავტორი: უილიამ ეგლსტონი

 

ფოტოზე წითელ, თითქმის შინდისფერ ფონზე თეთრი ნათურაა გამოსახული, ხოლო ჭერზე თეთრი მავთულებია გაყვანილი. თითქოს უშინაარსო გამოსახულება უამრავ კითხვას აჩენს. მაგალითად, თუ რა შენობაა? ბარი, რესტორანი თუ მაღაზია? რა ხდება კადრს მიღმა დარჩენილ ოთახში? კედლები პოსტერებითაა სავსე თუ დაცარიელებული საროსკიპოა? წარმოსახვაში ხედავ  აგურის შენობას, მთვარით განათებულ უკაცრიელ ქუჩას, ქალაქს, მთელ შტატს. ფოტო მრავალფეროვანი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, სწორედ ამაში მდგომარეობს ეგლსტონის „ფერადი გენიალურობა“.

 

 

ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფოტოგრაფიის განყოფილების კურატორის, ჯონ ზარკოვსკის თქმით, უილიამ ეგლსტონი არა ამერიკელი, არამედ „ძალიან ამერიკული ფოტოგრაფია“. „თუ მის ნამუშევრებს ისე წავიკითხავთ, როგორც კოდირებულ ტექსტებს, გზავნილებს  – ეგლსტონი საუკეთესო ოსტატია ამერიკის ფენომენის შესწავლისა და ანალიზისთვის. მის ყოველ კადრში ჩანს ამერიკის შინაგანი ხმა, შინაგანი ყოფა და მდგომარეობა. ნაცვლად ცათამბჯენებისა – ერთსართულიანი პატარა მაღაზიები და გარეუბნების ხის სახლები, ინდუსტრიის მაგივრად – პატრიარქალურ სამყაროში გაყინული ადამიანები, კოსმოსში აჭრილი რაკეტებისა და თანამგზავრების ნაცვლად – ძველი, შელახული ავტომობილები. ეგლსტონის შემოქმედება აუცილებელია ამერიკის სრული სურათის დასანახად. დიდი ალბათობით, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკელი ფოტოგრაფია“, – ამბობს კურატორი ჯონ ზარკოვსკი.

 

 


რეკომენდებული სტატიები
პირველი ფილმების სიურრეალისტი ქალი კოლორისტები

პირველი ფილმების სიურრეალისტი ქალი კოლორისტები

პირველი ფილმების სიურრეალისტი ქალი კოლორისტები
კინოხელოვნების პირველ ნიმუშებზე საუბრისას, უმრავლესობას შავ-თეთრი გამოსახულებების ასოციაცია უჩნდება. სინამდვილეში, უძველესი ფილმების უმრავლესობა ფერადდებოდა, ტონები კი ისეთი უჩვეულო იყო, რომ სიურრეალისტურ ეფექტს ქმნიდა.
მარტინ პარის "ბრექსიტი"

მარტინ პარის "ბრექსიტი"

მარტინ პარის "ბრექსიტი"
ბრიტანელმა დოკუმენტალისტმა მარტინ პარმა 2016 წლიდან მუშაობა დაიწყო სერიაზე, რომლის მიზანსაც „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდგომი რეალობის ასახვა წარმოადგენდა
ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა
წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალგაზრდა  ფოტოჟურნალისტსა და ფოტოდოკუმენტალისტ ქალს, რომლებსაც წარმატებული კარიერული სტარტი აქვთ
ამერიკა-მექსიკის საზღვარი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების თვალით - გასული საუკუნიდან დღემდე

ამერიკა-მექსიკის საზღვარი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების თვალით - გასული საუკუნიდან დღემდე

ამერიკა-მექსიკის საზღვარი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების თვალით - გასული საუკუნიდან დღემდე
სანამ “მექსიკის კედლის” მშენებლობის საკითხი საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე წყდება, გამყოფი ჯებირის ფენომენი დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების კვლევისა და დაკვირვების საგანი გახდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.